პოლიტიკა

როგორ აჯობა საქართველოში „პრაიდის“ რაუნდში რუსეთმა დასავლეთს

№28

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 21.07, 2021 წელი

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

სულ უფრო და უფრო გახშირდა დასავლურ მედიაში ანალიტიკოსთა მოსაზრებები, რომ საქართველოსა და უკრაინას არათუ „ნატოში“ გაწევრიანების, „მაფის“ მიღების შანსიც კი არ აქვთ. ბუნებრივია, დასავლური ტიპის სახელმწიფოს შექმნა, რომელშიც დაცულია ადამიანის უფლებები და უზრუნველყოფილია სოციალური კეთილდღეობა, ჩვენი ინტერესია, მაგრამ არის თუ არა საკმარისი დემოკრატიული მმართველობა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით, ისეთ გარემოში, როგორიც ჩვენ გარშემოა? – ამ თემას რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.

– მაშინ რა უნდა იყოს ჩვენი უსაფრთხოების გარანტი?

– თუ ჩავთვლით, რომ ისტორია მასწავლებელია და თვალს გადავავლებთ დემოკრატიის ისტორიას, ძველი ათენის დემოკრატიას ძალიან ხანმოკლე სიცოცხლისუნარიანობა აღმოაჩნდა, ვიდრე ავტორიტარულ მართვას. მალევე გადავიდა ავტორიტარიზმზე. შორს რომ არ წავიდეთ, დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანია არაძალადობრივი ცხოვრება და ამ პრინციპის გამტარებელი იყო ტიბეტი, რომლის ანალოგი ძნელად თუ მოიძებნება, მაგრამ როგორც კი ტიბეტმა თავისი ძალოვანი სტრუქტურები შეკვეცა, აღარ გვჭირდებაო, ჩინურმა ტანკებმა გადალახა ტიბეტის საზღვრები და დაიმორჩილა ის ტერიტორია. ანუ დემოკრატიულობამ ტიბეტი ვერ დაიცვა, ამიტომ, ალბათ, უპრიანია ჯაბა იოსელიანის ფორმულა.

– დემოკრატია ლობიოობა არ არისო.

– დიახ და ამ მხრივ, უფრო ამერიკული სინამდვილეა სამაგალითო, როდესაც სახელმწიფო ქმნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და იმავდროულად, ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოა, ანუ დემოკრატიის დაცვის უნარი აქვს, თუ თავად არ გაანადგურა დემოკრატია. ეს პრობლემა ამოტივტივდა, სწორედ, ბოლო პერიოდში. როდესაც წინასაარჩევნოდ კერძო სტრუქტურებმა ამერიკის პრეზიდენტს შეუზღუდა სიტყვის თავისუფლება, ეს დემოკრატიაზე გადაბიჯება იყო, რაც შერჩა ამერიკას, იმიტომ რომ ამერიკაა და დიდი ქვეყანაა. ანალოგიური ტიპის სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება, სადაც არის დემოკრატიის პრინციპები და თან ახლავს ძლიერი სახელმწიფო, მაგალითად, გერმანიასა და იაპონიას ძალისმიერი სტრუქტურების განვითარების სურვილი არც კი ჰქონიათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ მათი ეკონომიკური მდგომარეობაა ისეთი, რომ უკვე ეკონომიკა იცავს მათ დემოკრატიას. ანუ რაღაც ძალა უნდა იყოს, რომელიც დაიცავს დემოკრატიას: ან სამხედრო, ან ეკონომიკა და არის მესამე ვარიანტიც, როდესაც შენს დემოკრატიას იცავ სხვა ქვეყნების დახმარებით, ისევე, როგორც ნებისმიერი წყობის დაცვაა შესაძლებელი სხვა ქვეყნის დახმარებით. მაგრამ იმის თქმა, რომ დემოკრატია მხოლოდ თვითდაცვისთვის გვჭირდება, არ მგონია გამართლებული. დემოკრატია გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ადგილი მოვიპოვოთ თანამედროვე მსოფლიოში.

– სწორედ, ეს ვიგულისხმე, დემოკრატია არ არის მართვის საუკეთესო ფორმა, მაგრამ ამაზე უკეთესი კაცობრიობას არ მოუგონებიაო. უსაფრთხოების ელემენტიც თუ არ იქნა, მხოლოდ დემოკრატია თუ დაგვიცავს-მეთქი, ეს ვიგულისხმე.

– ჩვენ დემოკრატიაზე პედალირებით მივილტვით „ნატოსკენ“, რომლისგანაც დაცვას ვითხოვთ, თქვენ, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, დასვით ეს კითხვა. მეორე მხრივ, „ნატო“ სამხედრო თვალსაზრისითაა ძლიერი სტრუქტურა და სამხედრო სტრუქტურა, გინდ დემოკრატიული და გინდ ავტორიტარული ქვეყნისა, ყველგან ავტორიტარულია. ვერტიკალზე აგებული მორჩილებაა სამხედრო სისტემა და ეს სამხედრო სიძლიერე დემოკრატიას სჭირდება თავის დასაცავად. ასე რომ, თავდაცვა ავტორიტარულ ელემენტებს გულისხმობს, თავდაცვა კი დემოკრატიული ვერ იქნება. უბრალოდ, დემოკრატიულ ქვეყანაში ავტორიტარულ პრინციპზე აგებული სისტემები: ჯარი, პოლიცია და ასე შემდეგ, სამოქალაქო, ხალხის მიერ შექმნილი პარლამენტის ნებას ემორჩილებიან და ამითაა დაცული დემოკრატია, თორემ თავდაცვისუნარიანობა დემოკრატიის განსახიერება არ არის. ასე რომ, ჩვენ დემოკრატია კი გვინდა, მაგრამ ამ ჩვენი რესურსებით უნდა ვცადოთ, რომ ძლიერი თავდაცვისუნარიანობა გვქონდეს, რაც არ გულისხმობს მხოლოდ სამხედრო სიძლიერეს, ჩვენ უკვე ვიწვნიეთ ჩვენს სამხედრო ძალაზე გადაჭარბებული წარმოდგენის შედეგი, ეს ეკონომიკაცაა და, თუკი ძლიერი ეკონომიკა ექნება საქართველოს, მისი ძლიერი ეკონომიკა მას დაიცავს. უფრო ზუსტად, სხვა ქვეყნების ეკონომიკური ინტერესები დაიცავს საქართველოს ამ ქვეყნების შემოჭრისგან.

– და ამასთან, დემოკრატია, ანუ ჯანსაღი დემოკრატია იძლევა ეკონომიკის განვითარების საშუალებასაც.

– კონკურენციას იძლევა კერძო სტრუქტურების დემოკრატიზაცია, იმიტომ რომ მეოცეს ბოლომ და ოცდამეერთე საუკუნემ შემოგვთავაზეს პარადოქსი, რომლის თეორიული გააზრება არავის უნდა. ჩინეთი ავტორიტარული ქვეყანაა, მაგრამ მისი ეკონომიკა დაფუძნებულია საბაზრო ეკონომიკაზე და ერთ-ერთი გაუგებარი პრობლემაც კია ჩინეთის ეკონომიკური სასწაული, ვინაიდან თეორეტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ, თუკი სახელმწიფო მთლიანად დემოკრატიული იქნება, ის ეკონომიკურადაც განვითარდება, ჩინეთის მაგალითზე კი ვხედავთ, რომ საკმარისია, ეკონომიკის დემოკრატიზაცია და იდეოლოგია შეიძლება, ისეთი დაჟანგულიც კი იყოს, როგორიც კომუნისტური იდეოლოგიაა. ასე რომ, მსოფლიოს ჯერ კიდევ წინ აქვს აღმოჩენები, თავდაცვისა და სიძლიერისთვის რომელი სისტემა შეიძლება, იყოს უფრო ეფექტიანი და, სამწუხაროდ, ბევრი რამ მიგვითითებს, რომ, ამ მხრივ, ბევრ კითხვაზე პასუხი გაცემული არ არის.

– ჩვენი ეკონომიკა, ძირითადად, დამოკიდებულია რუსეთზე, თურქეთზე, აზერბაიჯანზე, ჩინეთზე, რომლებიც პოლიტიკურად ერთმანეთს უპირისპირდებიან, ანუ ეკონომიკა, როგორც ფაქტორი, მუშაობს, როგორც უსაფრთხოების ფაქტორი?

– შეიძლება, ჩამოყალიბდეს უსაფრთხოების ფაქტორად.

– დაბალანსებით? როგორც სხვადასხვა ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესები აბალანსებს ჩვენს უსაფრთხოებას, ამავეს გულისხმობთ?

– დიახ. თან – მცირე ქვეყანა ვართ და არც ერთ ქვეყანას არ აქვს საქართველოს სრული კონტროლის სურვილი.

– არც ერთი არ მისცემს უფლებას სხვას, რომ სრული კონტროლი დაამყაროს?

– და ამ მხრივ, შეიძლება, ბალანსი მოიძებნოს დიდ ქვეყნებს შორის: შენ გააკონტროლე ეს ნაწილი, მე გავაკონტროლებ – იმას, მე მექნება ასეთი მოგება, ქართული რეალობიდან გამომდინარე, შენ გექნება – ისეთი, ვიმეორებ: იღბლის გარდა, თუ როგორ დალაგდება მსოფლიოს სათამაშო დაფაზე ფიგურები, ჩვენს ნაბიჯებსაც ექნება მნიშვნელობა, მაგრამ ლოგიკა თავისას შვრება, აი, ბნელი 90-იანებისას იაპონელები ჩამოვიდნენ და რაღაცებს ზომავდნენ. ჩვენებმა ჰკითხეს, რა გაინტერესებთო, ქვეყნის პოტენციალიო, მერე რა ნახეთო (ამ დროს დიდი ბათქა-ბუთქია ქვეყანაში), ძალიან დიდი პერსექტივა გაქვთო და მაგალითად მოიყვანეს, როგორც მაღაზია ან ჯიხური, რომელიც გზაჯვარედინზეა, მეტ მოგებას ნახავს, ისე ხართ თქვენცო. ამდენად, საქართველოსთვის მთავარია, ამ მომგებიან ადგილზე შეინარჩუნოს მშვიდობა, რომ ეს რესურსი ამუშავდეს. სხვათა შორის, ეს კარგად იცის რუსეთმა, რომელიც ყოველთვის ცდილობს, ისე აურიოს ვითარება, რომ აქ ვაჭრობა არავის მოუნდეს, ესაა თამაშის თემა, თორემ, თუკი თავისუფალი თამაშის საშუალება მიეცემა, საქართველო პერსპექტიული ქვეყანააო, დაასკვნეს იაპონელებმა და წავიდნენ. თუ პერსპექტიულია, სადღა მიდიხართო, ჰკითხეს, ჯერ ჩვენი აქ ყოფნა ადრეაო. ასეთი საკვანძო ადგილები, ძირითადად, აინტერესებთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც დიდი კომერციული ან სამხედრო მასშტაბები აქვთ და ეძებენ სტრატეგიულ წერტილებს კომერციული და სამხედრო მოქმედებებისთვის. თუ კომერციისთვის იქნა ასეთი სტრატეგიული წერტილი, მაშინ დიდი ქვეყნები უნდა შეთანხმდნენ, რომ არ გამოიყენონ სხვა სტრატეგიული მიზნებისთვის, რადგან მაშინ კომერციისთვის დაიკარგება. იქ, სადაც ზარბაზნები დგანან, სტრატეგიული მიზანი შეიძლება, მიიღწეს, ოღონდ კომერციული მიზანი ძალიან შეზღუდული იქნება.

– აქედან გამომდინარე, შეიძლება, რომ იმ ანალიტიკური მოსაზრებების უკან, რომ საქართველოს „მაპიც“ კი არ უნდა მივცეთო, იკითხებოდეს მიზანი, იქნებ რუსეთმა ქაოსის მოწყობასა და მავთულხლართების გავლებას თავი დაანებოს?

– ერთ-ერთი მიზანი შეიძლება, იყოს, მაგრამ არის, მეორე სტრატეგიაც: უცდიან, რუსეთი როდის შეიცვლება, ანუ დასუსტდება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ბევრმა შეცდომამ განაპირობა რუსეთის გაძლიერება, ახლა უცდიან, როდის დასუსტდება, ძირითადად, მისი ეკონომიკა. რუსეთის ეკონომიკის დასუსტება კი დასავლეთს მისცემს საშუალებას, რუსეთს უკარნახონ თავიანთი პირობები. როგორც კი ეს ეტაპი დადგება, ჩვენი საკითხის მოგვარების შანსი იზრდება და იზრდება, სწორედ, „ნატოს“ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, სწორედ, იმისთვისაა მოწოდებული, რომ სამხედრო საშუალებებით დაიცვას ის ადგილები, სადაც დასავლეთს ეკონომიკური ინტერესები აქვს. ეს არ არის მხოლოდ დემოკრატიის დამცავი ინსტიტუტი, ეს არის იმ ქვეყნების დამცავი ინსტიტუტი, სადაც დემოკრატია ქვეყნის დასავლეთისკენ განვითარების მთავარი მიმართულებაა.

– აქვე ვიტყვი, კატეგორიულად ვემიჯნები ყოველნაირ ძალადობას, მაგრამ, როდესაც ჩვენმა პარტნიორებმა იციან რეგიონის სპეციფიკა (თუმცა ამერიკელებზე უკეთ ბრიტანელებმა, ვინაიდან ერაყის პირველი სამხედრო კამპანიისას, სანამ გენშტაბის ხელმძღვანელად ბრიტანელი არ დანიშნეს, ამერიკელმა ვერაფერი მოახერხა), ამასთან, საქართველოა დასავლეთის ერთადერთი დასაყრდენი კავკასიაში და მათთვის აუცილებელია საქართველოს ავტორიტეტის ამაღლება, ვერ ვიგებ დასავლელი ელჩების დაჟინებას „პრაიდის“ გამო. თითქოს უწყობენ ხელს, რომ რუსეთმა მოახერხოს აქ არასტაბილური გარემოს შექმნა, რაც მოხერხდა. გასაგებია, ჩვენ ცხელთავიანები ვართ, მაგრამ დასავლური დიპლომატია რატომ მოიქცა ტლანქად?

– მიჭირს თქმა, რადგან არ ვიცი, შიგნით რა ხდება, მაგრამ არც მარტივ შეცდომებს გამოვრიცხავ და ასეთი შეცდომები ახასიათებს ამერიკას. ამერიკა და ინგლისი შეადარეთ და ვეთანხმები ამ შედარებას. ამერიკული პოლიტიკის დაჟინებული მოთხოვნა იყო კოსოვოს აღიარება და თვლიდნენ, რომ რუსეთი ვერ გაბედავდა სოხუმისა და ცხინვალის აღიარებას. რუსეთმა გაბედა, ანუ ამერიკამ ვერ გათვალა. ის, რომ ამერიკა ქვეყნების სპეციფიკას ვერ ითვლის, ამის შედეგი იყო ერაყის მაგალითი, იმპერიულ პოლიტიკაში გამოცდილი ინგლისი კი ითვლის. მე მაინც მგონია, რომ ეს „პარადი“, რაც დიპკორპუსმა მოაწყო, იყო პასუხი ბაიდენის განცხადების, რომ „ელ გე ბე ტე“ პირების უფლებების დაცვა უპირველესია ადამიანის უფლებათა დაცვის ნუსხაშიო. ამერიკის ასეთ რადიკალიზმს აუბეს მხარი, როგორც კოსოვოს შემთხვევაში. ამას რა შეიძლება, მოჰყვეს, ეს არ ჰქონდა გათვლილი არც ერთ იმ ქვეყანას, რომლებმაც მხარი აუბეს ამერიკას და კარგი საბაბი მისცეს რუსეთს გამარჯვებისთვის და რუსეთმა ამ რაუნდში გაიმარჯვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი