როგორ აისახება ვითარების არევა თურქეთში და ტრამპის ულტიმატუმი ირანისადმი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 16.04

ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება თურქეთში: დიდი თურანის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თურქეთის გავლენის აღდგენას ოსმალეთის იმპერიის ძველ საზღვრებში, თითქოს მხარდაჭერილია ბრიტანეთის მხრიდან, სირიაში თანამშრომლობენ აშშ და თურქეთი, თუმცა ის კი აღარ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, თუკი ისრაელი და თურქეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მაგრამ ჯერჯერობით თანამშრომლობენ სირიაში, ამის პარალელურად კი, საპროტესტო აქციების თურქეთში, რომლის მიზანსცენებით თუ ვიმსჯელებთ, ის სცენარია, რომლის წარმომავლობაც ყველამ ვიცით. იბადება კითხვა: არის თუ არა ლოგიკური, ერთი მხრივ, მხარდაჭერას უცხადებდე თურქეთს და, მეორე მხრივ, ერდოღანს არყევდე?! ბუნებრივია, ერდოღანი სტამბოლის მერს ცარიელ ადგილას არ დააკავებდა. სხვა საკითხია, არის თუ არა თურქეთის პირველი პირი დემოკრატი, თუმცა, თუ ალ–ჯულანი დემოკრატია, ერდოღანი სუპერდემოკრატი გამოდის. ამის ფონზე, დაძაბულობა იმატებს ირანის გარშემო. ხოლო, რაკი თურქეთი ჩვენი უშუალო მეზობელია და გავლენაც საკმაოდ დიდი აქვს ჩვენზე, ისლამის სპეციალისტ დავით კობერიძესთან ერთად ვიმსჯელებთ, ჩვენი სამხრეთელი უშუალო და გაშუალებული მეზობლების ბედსა და მომავალზე.
– ახლა სხვა მხრიდან შემოგვიარა საფრთხემ?
– ჩვენ, უპირველესად, ის უნდა გვაინტერესებდეს და ეს თქვენს შეკითხვაშიც ჩანს, რა კუთხით შეიძლება, ნებისმიერმა მოვლენამ, ახლოს თუ შორს მომხდარმა, გავლენა იქონიოს ჩვენზე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რა საფრთხე შეიძლება, შეექმნას ჩვენს სახელმწიფოს ამა თუ იმ მოვლენის განვითარების შედეგად. მით უმეტეს, როდესაც ასეთი მოვლენები ვითარდება ან განვითარდება ჩვენს უშუალო სამეზობლოში, თურქეთში, ირანში და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში. ეს, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოს ინტერესების სფეროა და ბუნებრივია, რომ ძალიან გვაინტერესებდეს ეს თემები. სიტუაციის ნებისმიერი გართულება თურქეთში, ირანში, ჩვენს უშუალო სამეზობლოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთშიც კი – უშუალო გავლენას იქონიებს საქართველოზე. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებმაც თავიანთი კაპიტალი მთლიანად რუსეთში შეიძინეს და იქ ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ, სხვა რამეს ამბობდნენ. მაგალითად, კახა ბენდუქიძე გვეუბნებოდა, წარმოიდგინეთ, რომ კავკასიის ქედის იქით არის ოკეანე და დაივიწყეთ რუსეთიო. თვითონ არ ავიწყდებოდა, მაგრამ ჩვენ უნდა დაგვევიწყებინა. ყოველთვის მახსენდება ხოლმე რუსეთის შესახემ მისი ეს „ბრძნული“ გამონათქვამები, რადგან არავინ იფიქროს, რომ რუსეთში დიდი არეულობა, დაქსაქსვა, რუსეთის ფრაგმენტაცია-დაშლა საქართველოზე სასიკეთოდ იმოქმედებს, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერსპექტივაში. რაც შეეხება უშუალოდ თურქეთში მიმდინარე ამბავს: გავრცელებულია მოსაზრება, რომ დიდი თურანის პროექტს გულმხურვალედ უჭერს მხარს დიდი ბრიტანეთი, თუმცა ეს აზრია და მეტი არაფერი. ამის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს და, ზოგადად, ასეთი საბუთები არ იქმნება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი დოკუმენტები ან არ იქმნება, ან, თუ იქმნება, იმდენი ბოქლომი ადევს, რომ ძალიან ბევრი ათწლეულის განმავლობაში უბრალო მოკვდავები ვერ იხილავენ მას. დიდი თურანი, უპირველესად, არის თურქეთის სახელმწიფოსა და პრეზიდენტ ერდოღანის ინტერესი. თურქეთის ტრადიციული ინტერესი ათა თურქის ეპოქაში სხვანაირი იყო. ათა თურქი, პირიქით, ყველაფერს აკეთებდა, რომ თურქეთი, უხეშად რომ ვთქვათ, დატეულიყო თავის საზღვრებში. ვიღაც მეტყვის, თურქეთი რომ თავის საზღვრებში დატეულიყო, მაშინ უნდა ყოფილიყო ცენტრალური აზიის იქითო, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა. დიდი თურანი, უპირველესად, არის პრეზიდენტ ერდოღანის გეგმა, რომ მას გასასვლელი ჰქონდეს ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, თურქული მოდგმის ხალხთან, რომლებსაც რამდენიმე სახელმწიფო აქვთ, საკმაოდ ძლიერი და ეკონომიკურად გავლენიანი.
– მაგრამ ვიღაცის ინტერესი ხომ ის არის, რომ პროექტი არ განხორციელდეს?
– დიახ, არის რამდენიმე პრობლემა, რომლებიც ხელს შეუშლიან დიდი თურანის პროექტის განხორციელებას, ყოველგვარი „პანის“ გამოყენებით ზესახელმწიფოს შექმნას, თუნდაც, ეკონომიკური თვალსაზრისით. ასეთი ორი დიდი სახელმწიფოა: ერთი ჩვეულებრივად დიდი – ირანი და მეორე, ძალიან დიდი – ჩინეთი. რუსეთის ფედერაციაზე რომ საერთოდ აღარაფერი ვთქვათ, რომელიც ცენტრალური აზიის პოსტაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და ასე მარტივად ვერ დაუთმობს თურქეთს. ჩინეთს კი ისეთი საცეცები აქვს გაშვებული ცენტრალურ აზიაში და არა მხოლოდ ეკონომიკური, რომ მისი შევიწროება რთული იქნება, აქ უნდა ვიგულისხმოთ ჩინეთის ძალიან დიდი გავლენა ავღანეთზე. ავღანეთის მთელი წიაღისეული, ფაქტობრივად, ჩინეთის ხელშია. მათ მოახერხეს ეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ხელისუფლებას დიდი დაპირისპირება აქვს საკუთარ ისლამურ მოსახლეობასთან – უიღურებთან. საკონცენტრაციო ბანაკის დონის ტერიტორიებია, სადაც შეყრიან ხოლმე ყველა უკმაყოფილო უიღურს, უშლიან მუსლიმური დღესასწაულების გამართვას და ასე შემდეგ. მაგრამ ავღანეთის ხელისუფლებასთან, ტალიბებთან – ორთოდოქსული ისლამის „წარჩინებულ მოღვაწეებთან“ – მშვენიერი ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ. ასე რომ, თურქეთის რესპუბლიკის მშვიდობიანად გასეირნებას ცენტრალური აზიისკენ ძალიან ბევრი ნაღმი დახვდება და ეს შეუძლებელია. არავინ იფიქროს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაც კი ტაშით შეხვდება ამას. ძალიან ჭკვიანი პრეზიდენტი ჰყავს აზერბაიჯანს. ბევრად ჭკვიანი, ვიდრე ჩვენთან ჰგონია ზოგიერთს და სხვადასხვა თიკუნით მოიხსენიებენ. უბრალოდ, ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ეს აღმოსავლეთია და აღმოსავლეთში მმართველობის სრულიად განსხვავებული სტილია, რომელიც, ოდნავ თუ მოირყა, ვითარდება საშინელი პროცესები. არაბული ქვეყნები მაქვს მხედველობაში და მსოფლიომ ნახა „არაბული გაზაფხული“. კატასტროფები, უამრავი მსხვერპლი, ლტოლვილების ნაკადები. ტუნისმა დროზე უშველა თავს, ლიბიამ ვერ უშველა. ეგვიპტემ უშველა, სირიამ ვერ უშველა და ასე შემდეგ. სირიაში მიმდინარე მოვლენები ხელისგულზე დევს: რა შედეგი მიიღო ქვეყანამ, რეგიონმა და მთელმა მსოფლიომ. მოიშორა სირიამ დიქტატორი ბასარ ალ–ასადი და მიიღო დემოკრატი ალ–ჯულანი. იქ აირჩიეს ახალი მინისტრთა კაბინეტი, დანიშნეს მინისტრები – დანიშნეს რა, ალ–ჯულანიმ მოიყვანა თავისი ბანდის წევრები.
– ტერორისტული დაჯგუფებების საველე მეთაურები.
– პირწავარდნილი ყაჩაღები, მათი გვარები ცნობილია, რამდენიმე დღის წინათ დაამტკიცეს მთავრობა. მათი პატარა ბიოგრაფიული ცნობების გადახედვაც საკმარისია იმისთვის, რომ წარმოიდგინო, რა ხდება და რა მოხდება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ვიცით, რა მოხდება იქ, სადაც თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის მინისტრები არიან ალ-ქაიდას წევრები. ყოფილი, მაგრამ, მოგეხსენებათ, „ყოფილი“ როგორი სიტყვაა. სულ ახლახან ახალი მუფტი მოევლინა სირიას: მუფტი ნიშნავს რელიგიურ კანონმდებელს, რომელსაც ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს და მის მიერ გამოცემული რელიგიური რჩევები სავალდებულოა. ეს კაცი ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, რაც, ასევე, ბევრი რამის მანიშნებელია, ცნობილი რელიგიური მოღვაწეა და დაველოდოთ მის მიერ გამოცემულ რელიგიურ განკარგულებებს. სირიის ახალი კონსტიტუციის მიხედვით, მის სიტყვას ძალიან დიდი ძალა ექნება.
– ირანს რატომ აწვება ამერიკის შეერთებული შტატები? ირანთან ომი ისეთივე იქნება, როგორიც იყო და არის პალესტილენებთან ღაზაში? როგორიც იყო და არის „ჰამასთან“ და „ჰესბოლასთან“ ბრძოლა?
– თქვენ, ალბათ, გულისხმობთ, რომ ისეთი გამანადგურებელი ეფექტისა და შედეგების მქონე, როგორიც ღაზას სექტორში ახლა მიმდინარე ომს აქვს. ჯერჯერობით შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ როგორი იქნება საომარი მოქმედება. დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებულ შტაბებშიც კი არ იციან. მეტიც, ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა მიღებული გადაწყვეტილება, რომ, ადრე თუ გვიან, უნდა დაარტყან ირანს.
– მაგრამ ულტიმატუმს რომ უყენებ, ეს ხომ ნიშნავს რაღაც ქმედებას იმ ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ?
– ამერიკის არაერთ პრეზიდენტს ჰქონდა გაცხადებული ულტიმატუმის სახით, რომ ირანის მიერ რაღაც ნაბიჯების გადადგმას მოჰყვებოდა მკაცრი რეაქცია, განადგურდებოდა მისი ენერგეტიკული ობიექტები, ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. პრეზიდენტმა ტრამპმა კი კონკრეტულად ახსენა ბირთვული პროგრამა და, გავრცელებული ხმებით, ირანმა თითქოს უნდა გაამდიდროს ურანი უახლოეს მომავალში. სპეციალურდ ვახსენე ურანის გამდიდრება, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ გვეუბნებოდნენ, რომ რამდენიმე თვეში ირანს ექნებოდა ბირთვული იარაღი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, ვინაიდან ირანის ხელისუფლებასაც ესმის, რომ ძალიან ცოტა ძალაა მსოფლიოში, რომლებსაც უნდათ, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი და ძალიან ბევრია ისეთი მძლავრი სახელმწიფო. რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ ირანში ბირთვული შეიარაღების არსებობას. თუნდაც, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების დასახელებაც კმარა, მაგრამ ამას თავისუფლად შეიძლება, დავამატოთ მთელი არაბული სამყარო უკლებლივ. არავინ იფიქროს, რომ რომელიმე არაბული სახელმწიფო, რომელსაც მეტ-ნაკლებად ნორმალური ურთიერთობა აქვს ირანთან, ტაშს დაუკრავს ირანის ბირთვულ პროგრამას. მათ შორის, არც კატარი, არც საუდის არაბეთი, რომლებიც, როგორც ამერიკელებმა გამოაცხადეს, შერიგდნენ ირანთან, არადა საუდის არაბეთი და ირანი არ შერიგებულან, ვერც შერიგდებოდნენ და არც არასდროს შერიგდებიან. ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, უპირველესად, პოლიტიკური და რელიგიური. და ამ ორ სახელმწიფოს შორის ცუდ ურთიერთობას ბევრი ძლიერი მხარდამჭერი ჰყავს.
– როგორც ვხვდები, ახლო აღმოსავლეთში ძალების მოსინჯვაა. რა სცენარი იკვეთება?
– ახლო აღმოსავლეთი მუდმივად არის სცენა: ზოგიერთი მოვლენა ჩვენ თვალწინ ვითარდება, ზოგიერთი კი ხდება იმიტომ, რომ, პირობითად, ხვალ ან ზეგ განვითარდეს. გვახსოვს, ხომ, ალ-ჯულანი დანიშნული არ იყო, რომ ჩააკითხეს ევროპელმა თანამდებობის პირებმა. ვინაიდან იქ უამრავი ინტერესია და საჭირო იყო ამ ყაჩაღების მეთაურთან გასაუბრება. მარტო ეკონომიკური ინტერესები არ არის, ლტოლვილების პრობლემაცაა. ევროპის არაერთ ქვეყანაში ასეულ ათასი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს, რომლებმაც თავი დააღწიეს საომარ მოქმედებებს, მათთვის მოქალაქეობა არ მიუნიჭებიათ, ახლა კი, რადგან სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველაფერი კარგადაა, თუ ყველაფერი კარგადაა, მაშინ დაიბრუნეთ თქვენი მოქალაქეებიო და ეს გეგმა არსებობს. თუმცა, რელიგიურსა და ეთნიკურ უმცირესობებს სირიაში ძალიან ცუდი დღე ელით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან