პოლიტიკა

როგორ აღმოვჩნდით დასავლეთსა და რუსეთს შორის გარდაუვლად შესაჭმელის როლში

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 05.09

ზაალ კასრელიშვილი
დაკოპირებულია

ცნობილია, რომ რუსეთი ამდენი საუკუნეა, ცდილობდა ჩვენს ცოცხლად შეჭმას, რაც ობიექტური გამოცდილებაა და, ბუნებრივია, 2008 წელსაც გამოაჩინა ბრჭყალები, ანუ იგივე სურვილი; მეორე მხრივ, დასავლეთიც მზადაა (თუ არც თუ მცირე დასავლელი პოლიტიკოსების გამონათქვამებით ვიმსჯელებთ) ჩვენს შესაჭმელად, თუკი გვერდით არ დავუდგებით, ანუ არ შევაჭმევინებთ თავს რუსეთს. რომ, საბოლოოდ, დასავლეთმა შეჭამოს რუსეთი. ოღონდ აქ არის ერთი წინააღმდეგობა: დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მგელი შეგჭამს თუ შენი მეგობარი მგელი. გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ კი თავის პიკს მიაღწია, როდესაც ყველა და ყველაფერი იქნება გამოყენებული, რომ რომელიმე მხარემ მიზანს მიაღწიოს. ამ რთულ გეოპოლიტიკურ ლაბირინთში ზაალ კასრელიშვილთან ერთად შევეცდებით გარკვევას.

– „არა რუსულ კანონს“ სხვა არაფერია, თუ არა დასავლეთის მესიჯი, რომ ამ ბრძოლაში უნდა წამომყვე ისე, როგორც ჩემთვისაა ხელსაყრელი.

– ერთად ვცადოთ, ობიექტურები ვიყოთ. ეს არ არის არც დღევანდელი და არც გუშინდელი და გუშინწინდელი პრობლემა. რომის იმპერიიდან მოყოლებული დღემდე ყველა დიდი იმპერიის, ყველა დიდი სახელმწიფოს ინტერესები იკვეთებოდა კავკასიაში და თუ გინდოდა, გავლენა კავკასიაზე, ან კარგი ურთიერთობა უნდა გქონოდა ქართველებთან, ან ისინი უნდა დაგეპყრო და არა მარტო პირდაპირ დაპყრობას ვგულისხმობ: მონღოლებმა შემოიტანეს საქართველოს ფეოდალურად დაყოფა და ერთმანეთს დაუპირისპირეს ქართველები. იქიდან მოყოლებული ყველა ამ მეთოდს იყენებს. ქვეყნის დასაპყრობად ფრონტალური ომები აღარ იმართება: ეს ხდება როგორც რეგიონული ფეოდალური ომების, ისე პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დონეზე.

– ერთეულებად დაყოფის მეთოდს იყენებდა რუსეთიც და დასავლეთიც აქვე, უახლეს ისტორიაში: სამეგრელოს ფაქტორს, მაგალითად. სანდრა რულოვსი ტყუილად ხომ არ მღეროდა მეგრულად? ან აფხაზეთის ომის დროს სამეგრელო უმიზეზოდ ხომ არ აწიოკდა ქართველების მიერვე?

– დიახ... ძველ დროში ხომ იყო და იყო. მოკლედ, მონღოლების ბატონობის შემდეგ სამხედრო-პოლიტიკური მეთოდებით ბრძოლის არსენალს შეემატა ეს ყველაზე მზაკვრული და ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი მეთოდი: ერთმანეთთან დაპირისპირება. არა კონკურენცია, არამედ ზიზღი და სიძულვილი. ჩვენს მოსახლეობას თუ ჰგონია, რომ ფსონი იმაზე იდება, ვინც ერთმანეთს უპირისპირებს, ცდება. პატრონები უყურებენ, ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის რომელი გაიმარჯვებს, დამარცხებული ხომ დამარცხებულია და გამარჯვებული კი ისეა დასუსტებული, რომ შემდეგ დამპირისპირებელი მასზე დებს ფსონს. ამით იმის თქმა მინდა, რომ გარე ინტერესებს არც ერთ პოლიტიკოსზე, არც ერთ პოლიტიკურ პარტიასა თუ საზოგადოებრივ გაერთიანებაზე არ აქვს ჯვარი დაწერილი, რომ მარტო მის გამო იბრძოლოს. მის ინტერესს რომელი მხარეც უკეთ დააკმაყოფილებს, იქით გადაიხრება. მით უფრო, რომ ხარბი ქართველების ნაკლებობას არ ვუჩივით: უცბად დაფინანსება, თანამდებობა, კომფორტი, შვილებს, შვილიშვილებს ბინები უყიდოს და სხვისი შვილებისა და შვილიშვილების გაუბედურების ხარჯზე ბედნიერია. ესაა ის პრიმიტიული აზროვნება, რაზეც გარედან იდება ფსონი ყოველთვის. როდესაც ასეთ მძიმე თემებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიაზროთ სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. სავსებით ბუნებრივია, რომ გარე ძალები ცდილობენ, მათთვის მისაღებ ადამიანებსა და ჯგუფებზე დადონ ფსონები და ყველა ის მეთოდი გამოიყენონ, რაც მათ ინტერესებს სარგებელს მოუტანს. მაგრამ ჩვენ როგორ ვხვდებით ამ ყველაფერს?!

– სოციალურ ქსელებში აქტიური რეკლამაა ამერიკელი სენატორების, კონგრესმენების გამონათქვამების და იმ გამონათქვამებზე ჩვენი თანამემამულეების კომენტარები, პათოსით – ამერიკა გადაარჩენს საქართველოს; მანამდე – უკრაინა იბრძვის, თურმე, საქართველოს თავისუფლებისთვის; უფრო ადრე – „ნატო“ დაგვიცავს რუსეთისგან; მანამდე რუსეთი დაგვიცავდა სარსეთისა და ოსმალეთისგან. ასეთი დამოკიდებულება მოგვყვება ბოლო რამდენიმე საუკუნეა.

– დიახ და მაგას ვამბობ მეც. საქართველომ თავისი ისტორიის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და ამ წარმატებების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ წარმატების შემოქმედმა მეფეებმა ერთი იდეოლოგიის ქვეშ გააერთიანეს მთელი საქართველო. საუბედუროდ, 1992 წლის შემდეგ ჩვენ ეს იდეოლოგია არ გვაქვს. ახლა ის ვთქვათ, ჩვენ რა საბაბს ვაძლევთ გარე ძალებს, რომ ალმაცერად გვიყურებდნენ?! ბაგრატიონების გამეფებიდან დღემდე რამდენიმე მაგალითი მინდოდა, მომეტანა, მაგრამ ძალიან ბევრი უწიგნური ადამიანია, არავის ეწყინოს და შეიძლება, ეს მაგალითები ვერ გაიგონ, ამიტომ უახლეს ისტორიას გავიხსენებ. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობის 87.7-მა პროცენტმა ხმა მისცა დამოუკიდებლობას და ზვიად გამსახურდიას, 9 თვის შემდეგ დაამხო გამსახურდიას ხელისუფლება და მისგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანს მისცა ხმა, თუ არ ვცდები, 98.7 პროცენტი დაწერეს. მაშინ, სამწუხაროდ, ამომრჩევლის 30–პროცენტზე მეტს არ მიუღია მონაწილეობა არჩევნებში და სწორედ ამის შემდეგ დააწესეს კანონით, რომ არჩევნების ჩასატარებლად ამომრჩევლის 30 პროცენტის მოსვლაც საკმარისია. ამომრჩეველს კი, როდესაც ვერაფერს გაგებინებს, პროტესტის სხვა ფორმა არ აქვს: ის არ მოდის არჩევნებზე, მაგრამ ესეც გადაუკეთეს. მოკლედ, ამის შემდეგ, მოგეხსენებათ, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც, 1992 წელს რუსეთმა მოაწყო გადატრიალება, დაფიქრდნენ და თქვეს, ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში, რომელიც, ფაქტობრივად, არის ჭიპი, ეს ხალხი გადაწყვეტილებებს იღებს ემოციის დონეზე, არიან სუბიექტურები და მათ შეიძლება, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც ყველას ინტერესებს დააზიანებს. ამიტომ – გასაღიზიანებლად ვიტყვი – ეს ცანცარა ხალხი ამ გადასარევ მიწაზე უნდა ვაკონტროლოთ და დაიწყო კიდეც კონტროლი. ყველამ დაიწყო თავისი ინტერესჯგუფების გაძლიერება. ვიდრე სააკაშვილის დაჭერამდე, დასავლეთი მოქმედებდა კორპორაციული ინტერესებით, ანუ თუ რომელიმე კორპორაციული ინტერესი აქ პოლიტიკურ ძალაზე გავლენას მოიპოვებდა, ის თავის ქვეყანაშიც წინაურდებოდა როგორც პოლიტიკაში, ისე ბიზნესში. ამდენად, ორმაგი სარგებელი ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში გავლენას ახდენდნენ როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს ხდებოდა უკრაინის ომამდე, სააკაშვილის ჩამოსვლა არაფერ შუაშია: ანუ გარე ძალები საქართველოში პოლიტიკურ ელიტას აფინანსებდნენ, მაგრამ პარალელურად ვერ აფინანსებდნენ ოპოზიციას, რომ პოლიტიკური ელიტა ძალიან არ გაძლიერებულიყო. ამდენად, დღეს ჯიქური დაპირისპირებები შედეგს ვერ მოიტანს, საერთაშორისო შეკრებებზეა ჩასვლა აუცილებელი, იქ უნდა ახსნა და დაამტკიცო, რომ დროა, დაეხმარონ საქართველოს, რადგან ხალხისთვის არასასურველი პოლიტიკური ელიტის დაფინანსება აღიზიანებს მოსახლეობას და დამფინანსებლების მიმართ ჩნდება უნდობლობა და, თუ რომელიმე ქვეყანას ჩვენი დახმარება უნდა, პოლიტიკური ელიტა კი არ უნდა დააფინანსოს, არამედ პროცესები: შრომის კულტურა უნდა შემოიტანოს, ტექნოლოგიებით უნდა დაგვეხმაროს და არა ის, რომ ფული მოგვცეს პოლიტიკური ელიტის გასამდიდრებლად.

– მაგრამ რატომ გააკეთებს ამას სხვა ქვეყანა?!

– მაქამდე მივდივარ. გაგიჩნდათ, ხომ, ეს კითხვა?! დიახ, რატომ უნდა გააკეთონ?! ამიტომ შენ იფიქრე, შენ განავითარე შენი ეკონომიკა. შენ დადე პროექტები, შენ მოითხოვე. მაგალითად, 1992 წლიდან დღემდე პირადად მე ვერ დავინახე, რომ გლობალური პოლიტიკური პროცესების არქიტექტორებთან, დიდი შვიდეულის და დიდი ოცეულის ლიდერებთან სერიოზული ქართული ჯგუფი დამჯდარიყოს და მათთვის დაემტკიცებინოს, რომ საქართველოში ესა და ეს პროცესები უნდა დაფინანსდეს იმიტომ, რომ ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანასა და ხალხს და რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს განვითარებულსა და გაძლიერებულ ქვეყანაში თქვენი ინტერესებიც გაძლიერდება. ამის ნაცვლად ყველა ცდილობს, ვიღაც არ გააღიზიანოს, ყველა ცდილობს, ის პერიოდი, რაც მისი მმართველობით განუსაზღვრეს, მაქსიმალურად გამოიყენოს სათავისოდ, მერე გაიწევა. შეჭამს, რაც დაგროვილი აქვს და კიდევ ცდილობს სხვა ფორმით მოსვლას ხელისუფლებაში. ეს არის ის მიზეზები, რის გამოც გარედან არ გვიყურებენ სერიოზულად და ცდილობენ ინტერესჯგუფები გააძლიერონ და არა ქვეყანა.

– ეს არასდროს გაგვიკეთებია და, ამდენად, არ ვიცი, როგორი იქნებოდა ჩვენი მეგობარ-პარტნიორების რეაქცია, მაგრამ, თეორიულად, ასეთი მწვავე დაპირისპირებისას რა პროექტებიც უნდა წარვადგინოთ, ეს რამეს შეცვლის?

– ანუ ჩვენი პატარა ქვეყანა ჩვენი ინტერესებით შეცვლის პროცესებს?! მაგრამ ჩვენი მიზანი ხომ პროცესების შეცვლა არ არის?!

– არა, მაგრამ, ისინი თუ დაეთანხმებიან, რომ, როდესაც ასეთი გამწვავებაა, ჩვენ ვასაბუთოთ, რა არის ჩვენთვის კარგი, თქვენ კი უჩვენოდ მოიგვარეთ თქვენი გეოპოლიტიკური პრობლემებიო.

– ასე არ უნდა დავსვათ საკითხი. ისევ გავიმეორებ: ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად დაიბრუნა საქართველომ თავისი ფუნქცია და დანიშნულება, ანუ მისია. ჩვენ ვჭირდებით აღმოსავლეთსაც და დასავლეთსაც, ჩრდილოეთსაც და სამხრეთსაც. ნუ ვიტყვით, რომ დერეფანი ვართ. დავით აღმაშენებელმა, თავის დროზე, ქარავნები რომ დაბეგრა, პირველად ამით შეავსო ხაზინა და დაიწყო ქვეყნის გაძლიერება. მარტო ტვირთების გადაზიდვაზე არაა ლაპარაკი, არამედ უამრავი კომუნიკაციის განვითარებაზე. ხოლო, რადგან ვჭირდებით, უნდა ჩამოვაყალიბოთ, ჩვენ რა გვინდა, ჩვენ რაში გვჭირდებიან ისინი. იქნებ შევთავაზოთ ჩვენი გეგმა და დავაბალანსოთ სიტუაცია?! იმას არ ვამბობ, რომ ვინმეს უნდა „შევეტენოთ“, მაპატიეთ, უხეში გამონათქვამისთვის, ვიღაცის წინააღმდეგ. ვიღაც რომ ამას გთავაზობს, ჩვენ არგუმენტირებულად უნდა ავუხსნათ იმ ვიღაცას, რომ ამას არ გავაკეთებთ და არც შეკვეთით დავუპირისპირდებით ვინმეს. ჩვენ გვაქვს ესა და ეს ინტერესი. შენ გინდა, რომ შენი ინტერესი გავატარო. კი ბატონო, პრობლემა არ არის, მოდი, შენი სურვილები და ჩემი ინტერესი დავაბალანსოთ. მაგრამ აი, ამ საუბარს სანამ წამოიწყებ, ხომ უნდა დაჯდე სერიოზულ ხალხთან ერთად და გაარკვიო, რა გინდა?! შენ თუ არ იცი, რა გინდა, ის როგორ გაიგებს, რა გინდა?! ჩამოყალიბებული გეგმით უნდა მიხვიდე, მერე დაიწყება კორექტირება და შეთანხმდებით, ხოლო, თუ არ შეთანხმდებით, ცივი წყალი დალიოს ყველამ. ვნახავთ, თუ არ დავჭირდებით: იქნება და, ორ–სამ წელიწადში საქართველოს დროშებს აფრიალებდნენ ყველანი ევროპაშიც და აზიაშიც... საქართველო რამდენჯერმე დაიშალა თავისი რამდენიმე ათასწლიანი არსებობის განმავლობაში, მაგრამ, უფლის ნებით, ფენიქსივით აღდგა. რუსეთის ტერიტორიის მქონე ქვეყნის დაშლა კი, მართალია, იოლი არ არის, მაგრამ მერე ვეღარ აღდგება. ამდენად, კრემლში კარგად გაანძრიონ ტვინი, რომელმა ქვეყნებმა ისარგებლეს რუსეთ-უკრაინის ომით და ამის შემდეგ წაართვან საქართველოს ტერიტორიები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა