პოლიტიკა

როგორ აღმოჩნდა, რომ ქართველი ამომრჩეველი იმაზე მეტად დაჭკვიანდა, ვიდრე ის პარტიები, რომლებსაც აძლევენ ხმას

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 27.11

ვაკა გორგილაძე
დაკოპირებულია

ოპოზიციის აქციები გრძელდება (აწ უკვე გრეტა ტუნბერგის მონაწილეობით და იგი გვპირდება, რომ არც წავა და ვერც მოისვენებს, თუკი დემოკრატიას არ აზეიმებს საქართველოში. ბუნებრივია, მე არ ვიცი, ვინ მოიფიქრა, რომ გრეტა ტუნბერგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს საქართველოში, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება); მეტიც, ოპოზიციამ ახალი ნარატივიც შესთავაზა საზოგადოებას: ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ხელისუფლება, რადგან სწორედ ჩვენ ვართ არჩეული ხელისუფლებაო. მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ამ იდეას ის ამომრჩეველი, რომლებმაც ხმა მისცა ოპოზიციურ პარტიებს (და ეს არჩევნებზე მისული ამომრჩევლის მესამედზე მეტია), ქუჩაში არ აქტიურობს, რაც ბადებს კითხვას: რატომ? ამასთან, დღეს მოდურია რუსეთის უარყოფით კონტექსტში მოხსენიება, რა თქმა უნდა, ყვირილითა და პრ. პუტინის სხვადასხვა თიკუნით შემკობა ქართული ტელევიზიებითა და სოციალური ქსელებით, თუმცა ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა ისეთი, ვინც რუს სამხედროებს, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე უკანონოდ დგანან, მაგალითად, კენჭს მაინც ესვრის პირისპირ. რატომ არ გამოდის ოპოზიციის ამომრჩეველი ქუჩაში და რატომ იქცა მოდად მუქარა უსაფრთხო ადგილებიდან და ისიც მხოლოდ სიტყვიერი? – ამ თემაზე სოციოლოგ ვალერიან გორგილაძესთან ერთად ვისაუბრებთ.

– ფსიქოლოგიურად, სოციოლოგიურად როგორ იხსნება ფაქტი, რომ ოპოზიციის ამომრჩეველი მხარს არ უჭერს ქუჩის აქციებს?

– ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. სხვა საქმეა, რატომ მისცეს ხმა ამ პარტიებს, რა ამოძრავებდათ, როგორი მოტივები, მაგრამ მივიდნენ არჩევნებზე. ხოლო, როდესაც არჩევნებზე მიდიხარ, ესე იგი, არჩევნებს ნდობას უცხადებ. სხვა შემთხვევაში, ამბობ, მე არ ვენდობი ხელისუფლებას, არ ვენდობი საარჩევნო ადმინისტრაციას, ბოიკოტს ვუცხადებ არჩევნებს. ლოგიკა და რეალობა კი ამბობს, რომ ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, მისცა ხმა და აღმოჩნდა, რომ „ოცნების“ გარდა, დანარჩენი ოთხი პარტია, რომლებმაც გადალახეს ბარიერი, არის ოპოზიციური. სხვაობაც, ჯამში, ოპოზიციასა და სახელისუფლო პარტიას შორის არც ისე დიდია, დაახლოებით, 10 პროცენტი. მეორე მხრივ, აშკარაა ოპოზიციის ნარატივის დეგრადაციაც: პირველი რეაქცია იყო შოკი: ელოდნენ „ოდირის“ დასკვნას, მაგრამ მან ისეთი დასკვნა გამოაქვეყნა, რითიც არც მწვადი დაწვა და არც შამფური. ოპოზიცია ელოდებოდა გაყალბების ბრალდებას, მაგრამ, რადგან ასე არ მოხდა, გამოვარდა ქალბატონი პრეზიდენტი და ხელისუფლებას ბრალი დასდო ტოტალურ გაყალბებაში. აქაც, ლოგიკას თუ გავყვებით, პრეზიდენტის ნათქვამი არის ალოგიკური, იმიტომ რომ ტოტალური გაყალბება ტოტალიტარულ ქვეყნებში, რომლებშიც ან არ ტარდება არჩევნები, ან ტარდება, რის შედეგადაც მმართველი პარტია იღებს, მაგალითად, 98 ან 99 პროცენტს. ტოტალურად გაყალბებულს ვერ უწოდებ არჩევნებს, რომელშიც ხუთი პარტიიდან ოთხი ოპოზიციურია გასული. შემდეგ ისინიც მიხვდნენ, რომ ტოტალური გაყალბების ბრალდება აღარ იმუშავებდა, ამიტომ ითქვა, რომ 300 000 გაყალბებული ხმაა. შემდეგ დაითვალეს და, ეტყობა, ნახეს, რომ არ ჰყოფნიდათ და ამიტომ თქვეს, რომ 450 000 ხმა გაყალბდა. მაგრამ ამანაც რომ არ გაჭრა, რადგან მტკიცებულებები არავის აღმოაჩნდა, ისინი არავინ გამოაქვეყნა, ამის შემდეგ უკვე დაიწყეს პედალირება, ეგრეთ წოდებულ, ფარულობის დარღვევაზე. ხმის მიცემის ფარულობა თავისთავად გარანტირებულია კონსტიტუციით, მაგრამ აქაც ხომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირია?! ფარულობა არ არის თვითმიზანი, ფარულობა საშუალებაა, რომ ამომრჩეველმა გამოხატოს თავისი ნება და ამ ფარულობის დარღვევას, ლოგიკურად, უნდა მოჰყვებოდეს რეპრესია ამომრჩევლისადმი. ფარულობა არის გარანტია, რომ ამომრჩეველი ხელშეუხებელი იქნება და რეპრესიების ქვეშ არ მოყვება. სად იყო რეპრესია? ვისზე განხორციელდა?! ესე იგი, ამ მარაზმატიკულ ლოგიკაში აღრეულია ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ამომრჩეველმაც დაინახა ამ ოპოზიციური პარტიების მოქმედების არალოგიკურობა და, სხვათა შორის, ვინც სოციალურ ქსელებს ადევნებს თვალს, იცის, რომ მათი ამომრჩეველი აღარ ერიდება, რბილად რომ ვთქვა, სკეპტიკური მოსაზრებების გამოთქმას ოპოზიციური პარტიების მიმართ.

– ოპოზიციის არალოგიკური მოქმედებების გამო აღარ მიჰყვება ამომრჩეველი ქუჩაში?

– ამ ხალხს მათთვის ხმა არ მიუცია იმისთვის, რომ ქუჩაში გასულიყო. მივიდა არჩევნებზე, მისცა ხმა, რომ ის ძალა, ვისაც მხარს უჭერს, პარლამენტში ყოფილიყო და პარლამენტში დაეცვა მისი ინტრესები და არა იმიტომ, რომ უნდა რევოლუცია და დესტაბილიზაცია. ამიტომაც ქუჩაში გამოდის ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური აქტივი და, როგორც ჩანს, ეს პარტიული აქტივიც სრულად არ გამოდის, ვინაიდან, თუკი ამ პარტიებს ჰქონდა თავისი ინფრასტრუქტურა და, როგორც ჩანს, ჰქონდათ, წესით, ბევრად უფრო მეტნი უნდა იყვნენ. ვინ დამაჯერებს, რომ ოპოზიციას, ჯამში, 10 000 ადამიანი მაინც არ ჰყავს პარტიულ აქტივში მთელი ქვეყნის მასშტაბით?! ამდენად, რაც ხდება, სავსებით ლოგიკურია და არანაირი მხარდაჭერა არ ექნება ამ აქციებს, იმიტომ რომ ამომრჩეველი უკვე უფრო ჭკვიანია, ვიდრე ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ხმას აძლევენ.

– რატომ იქცევიან ასე არაადეკვატურად ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების არც თუ დაბალი სტატუსის მქონე დეპუტატები?

– აქაც არაფერია გაუგებარი. უკვე სვამს ჩაილურის წყალს ლიბერალური მოდელი, მაგრამ ცოტა ხანი კიდევ დარჩათ. ამ ეპოქის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს კი ახასიათებს პოლიტიკური ელიტის მკვეთრად გამოხატული დეგრადაცია-დებილიზაცია, რომელიც მოიცავს სრულ საკადრო კრიზისს, გულისხმობს დაბალ კვალიფიკაციას, რის გამოც ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკოსებს, მხოლოდ დაბალი ხარისხის მენეჯერებს ან ვიღაცის ნების აღსრულებას. ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს მაკრონის, შოლცის, ბერბოკის და სხვათა მაგალითებით. საქმე ის არის, რომ დღეს ევროპელთა, როგორც გეოპოლიტიკური ცენტრის, წონა მკვეთრად იკლებს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა უკრაინაში კრიზისის შემდეგ. ევროპელები დღითიდღე კარგავენ ეკონომიკურსა და ფინანსურ ძალაუფლებას, სამხედრო ძალაუფლება კი მათ არც არასდროს ჰქონიათ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მთლიანად დამოკიდებულები იყვნენ სხვებზე: დასავლეთ ევროპა – ამერიკელების, აღმოსავლეთ ევროპა საბჭოელების ქოლგის ქვეშ. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ევროპამ მთლიანად გადაინაცვლა „ნატოს“ ქოლგის ქვეშ, მაგრამ „ნატოში“ მამოძრავებელი და ძირითადი ძალა, რომლის გარეშეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ვერ იარსებებს, არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამდენად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ ევროპის წინაშე მდგარი საფრთხეები გაორმაგდა, ანუ ტრამპი უკვე ემუქრება ევროკავშირს, რომ ტარიფებს გაზრდის, რაც ნიშნავს, რომ ეკონომისტებს უკვე დათვლილი აქვთ მონაცემები და ეს, საშუალოდ, ნიშნავს მთლიანი შიგა პროდუქტის, მინიმუმ, ერთი პროცენტის დაკარგვას, რაც, ევროკავშირში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით – ევროკავშირის უკვე რეცესიული ეკონომიკური ზონაა, საკმაოდ მნიშვნელოვნად აისახება ევროკავშირის ეკონომიკაზე. რაც მთავარია, პოლიტიკური ელიტის დეგრადაცია სინქრონულად ხდება საფრანგეთშიც, გერმანიაშიც და ბრიტანეთშიც. იზრდება მიგრაციული პრობლემები და ამას მოწმობს ბოლო დარბევა ჰოლანდიაში. ამას ემატება სოციალური პრობლემები და ლიბერალური, ულტრამემარცხენე იდეოლოგია, თავისი ამ ჰორმონალური თერაპიითა და ევთანაზიებით, რაც თავისთავად უპირისპირდება ქრისტიანულ ცივილიზაციასა და ეთიკას, იწვევს ამ აბსოლუტურად უსაფუძვლო და უსამართლო კრიტიკას ევროპელების მხრიდან. სპიკერებიც საინტერესოა: კუბილიუსი, იშვიათი ეგზემპლარი, ვინც ახლა ინიშნება ევროკავშირის, ფაქტობრივად, თავდაცვის მინისტრად; ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად ინიშნება. ანუ ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის დეგრადაცია აშკარაა და ეს მხოლოდ დასასრულის დასაწყისია ევროკავშირისთვის.

– ვინ დაასრულებს?

– ამას დაასრულებს ამომრჩეველი, ისევე, როგორც ეს ამერიკაში მოხდა. „ედისონ რისერჩი“ ხომ ცუდი სინოპტიკოსივითაა?! ვერც ერთ კვლევას რომ ვერ უსადაგებს სინამდვილეს. საქართველოს გარდა, ამერიკაშიც იგივე გაიმეორეს. მათი კვლევით, ჰარისი ყველა შტატში იგებდა, მაგრამ აღმოჩნდა პირიქით – ყველა მერყევ შტატში წააგო. სინოპტიკოსებიც კი ბევრად უფრო ზუსტები არიან. ის, რომ ამერიკაში 2024 წელს „დემოკრატებმა“ 10 მილიონი ხმით ნაკლები აიღეს, ვიდრე 2020 წლის არჩევნებში, ხოლო ტრამპმა, პირიქით, გააუმჯობესა თავისი მაჩვენებელი ნახევარი მილიონით, მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკელებიც კი, თუმცა ჰარისს ჰქონდა ორჯერ მეტი საარჩევნო ფონდი, ტრადიციული მედია, ყველაფერი, კამალას მხარეს იყო, ამ პროპაგანდამ არ იმუშავა და ის ამომრჩეველი, რომელიც მანამდე არც კი მიდიოდა არჩევნებზე, მივიდა და ხმა ტრამპს მისცა. ანუ ხმა მისცა ამ მარაზმის დასრულებას. თუმცა სხვა ფაქტორებიც იყო – ტრამპის უსამართლო დევნა. მის მიმართ იმის მსგავსი ბრალდებები, რაც ჩვენც გვესმის ოპოზიციისგან მთავრობისადმი: აგენტები, ფაშისტები, მკვლელები. ჩვენი ოპოზიციაც ძალიან ჰგავს იმ ოპოზიციას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია. შტატების ერთ-ერთ ქალაქში ასეთი შემთხვევაც კი ამოვიკითხე: ოჯახის უფროსმა ჯერ მოკლა ცოლი, შემდეგ – თავისი ორი ქალიშვილი, ბოლოს კი, თავი მოიკლა, იმის გამო, რომ ტრამპმა გაიმარჯვა. ანუ იმ ფსიქოზს, რომელიც დღეს შეიმჩნევა ოპოზიციის აქტივში, იქ ღრმად აქვს გადგმული ფესვები. ვგულისხმობ, იდეოლოგიურ, ბოლშევიკურ თავდაჯერებლობას, რომ შენ ხარ მხოლოდ მართალი და შენი ოპონენტის მოსვლა შენთვის არის ჯოჯოხეთი. ეს აბსოლუტურად ირაციონალური, ბნელ ინსტინქტებზე დაფუძნებული მენტალობა დამახასითებელია როგორც ჩვენი ოპოზიციის, ისე ევროპაში არსებული პოლიტიკური კლასისთვის, რომლებიც ერთმანეთის მონათესავეები არიან.

– ისინი ბუნებრივად დაემსგავნენ ერთმანეთს თუ ერთად გაიარეს ტრენინგები?

– ბუნებრივად, ისევე, როგორც ერთმანეთს ჰგავდნენ სხვადასხვა ეროვნების ბოლშევიკები. ეს ერთი ფსიქოლოგიური ტიპია, დაუნდობელი, რომელსაც მიაჩნია, რომ ის არის ჭეშმარიტების საბოლოო ინსტანცია, სამართლიანობისა და ბედნიერების განსახიერება და ამისთვის უნდა გაწიროს ადამიანები, ცივილიზაციები, ქვეყნები. ეს ერთი ფსიქოტიპია, რომელსაც აგრესიულობის გარდა უკიდურესი გაუნათლებლობა ახასიათებს. მე არ მყავს მხედველობაში ის ინტელექტუალები, რომლებიც ჰყავთ ავანგარდში, მაგრამ, როდესაც ამ ინტელექტუალებს უსმენ, ისეთ სისულელეებს ლაპარაკობენ, რომ ატყობ დეგრადაციას. არ ვიცი, რა არის ამ დეგრადაციის გამომწვევი: ბოღმა, რევანშისტული სურვილი თუ სხვა, მაგრამ, როდესაც ბოღმა, რევანშის სურვილი, ფრუსტრირებული კომპლექსები არ გაძლევს საშუალებას, რომ ობიექტურად, საღად გააანალიზო პროცესი, ინტელექტუალი უკვე არ ხარ.

– ინტელექტის მთელი ხიბლი ისაა, რომ რჩები ინტელიგენტად ნებისმიერ სიტუაციაში.

– რა თქმა უნდა. შენ მაინც ინარჩუნებ უნარს, რომ საღად და ობიექტურად იაზროვნო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა