პოლიტიკა

როგორ აღმოჩნდა აკაკი ვასაძე 1921 წლის ბათუმის ბრძოლებში და რამდენი თურქი ჯარისკაცი გაანადგურა მან თავისი ტყვიამფრქვევით

№26

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 06.07, 2022 წელი

აკაკი ვასაძე
დაკოპირებულია

პირველი, რაც აკაკი ვასაძის სახელისა და გვარის ხსენებაზე აუცილებლად გაგახსენდებათ ფილმი „გიორგი სააკაძე“ და მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი – შაჰ-აბასია. ამას გარდა, მას კიდევ უამრავი დიდი თუ მცირე როლი აქვს ნათამაშები კინოში. თეატრში მისი შესრულებული როლები კი, უფრო თეატრალურმა საზოგადოებამ იცის. ახალ თაობას, რა თქმა უნდა, იგი სცენაზე არ ახსოვს. ახლა კი, აკაკი ვასაძის ცხოვრების იმ ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდზე გიამბობთ, რომელსაც იგი თავის დღიურებში ისე გადმოსცემს, როგორც კინოსცენარს და თვალწინ წარმოგიდგებათ კიდევ ერთი ნამდვილი მხატვრული ფილმი მისი მონაწილეობით. ეს არის ეპიზოდი, გზა დიდ სამსახიობო კარიერამდე და მარინე თბილელის მამამთილობამდე (რომელსაც სხვათა შორის, ეს გვარი – თბილელი, მან უბოძა, როგორც ფსევდონიმი. თავად მარინე კი, ოსმალეთიდან გამოქცეული, ეროვნებით სომეხი ექიმის, კარაპეტიანის შვილი იყო, მაგრამ ულამაზესი დედის პირველი, პოლონელი ქმრის გვარს, დამბროვსკის ატარებდა როგორც მისი და-ძმა).

აკაკი ვასაძე 1921 წელს გაიწვიეს შეიარაღებულ ძალების მეცხრე ბატალიონში, რომლის ნაწილიც ბათუმში იყო დისლოცირებული. ვასაძე მონაწილეობდა ბათუმის ბრძოლაში და დეტალურად აღწერს ოსმალებთან გამართულ ბრძოლას, სადაც მან თავი გამოიჩინა.

თეატრიდან ჯარში და მარტის თვის ბათუმის ბრძოლები

„1921 წელი. 12 იანვარს სამხედრო კომისარიატის უწყება ჩამაბარეს და ასპინძის მეცხრე ბატალიონში გამამწესეს. ბატალიონის ადგილსამყოფელი ბათუმში იყო. მატარებლის მოძრაობის ცხრილი საკმაოდ არეული იყო და მგზავრები მოსაცდელ დარბაზში რომ არ ეტეოდნენ, ბაქანზე და მისადგომ ქუჩებში, ღია ცის ქვეშ ეყარნენ. გუნება ამემღვრა, გული დამეწურა და უნებურად შექსპირის ჰამლეტიდან აქტიორის მონოლოგი ჩემთვის ჩურჩულით წარმოვთქვი... ამ ფიქრებიდან უეცარმა ყვირილმა გამომიყვანა. აქლემივით დატვირთული ჯარისკაცი, დალუქული ვაგონის გახსნას არ ანებებდა რკინიგზის მილიციას – მთავარსარდლობის შტაბის დოკუმენტები არისო. როგორც იქნა, ღამის სამ საათზე ბათუმის მატარებლის ტამბურამდე მივაღწიე... დღის ხუთ საათზე ჩავედი ბათუმში და პირდაპირ ყაზარმაზე გამოვცხადდი, სამების ფორტის ძირას. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ყაზარმაში ქუთაისელი თანაკლასელი ამხანაგები ვნახე. პირველ რიგში, გამაცნეს ჩვენი ბატალიონის კაპტინარმუსი პარმენ ლორია და ჩვენი ასეულის ლეიტენანტი ჩიხლაძე, რომელიც კარგი ლეიტენანტი გამოდგა, ნამდვილი ინტელიგენტი. სამსახურში მკაცრი, სამსახურის გარეთ – უებრო მეგობარი. პირველ მეტყვიემფრქვევად ამიყვანა თავის ასეულში.

– ამაზე უკეთეს ადგილს ჩემს ასეულში თუ იპოვით, პატივცემულო, აქტიორო, სიამოვნებით გადაგიყვანთ, – თავაზიანად მითხრა.

– გმადლობთ, ბატონო ლეიტენანტო. რას ბრძანებთ! – ვუპასუხე და ჯარისკაცულად გამოვეჭიმე.

– რა ვქნა, ჩემო ძმაო. სამსახური სამსახურია და მეგობრობა – მეგობრობა, მაგრამ ხუმრობა იქით იყოს და... შენ დიდი სასარგებლო საქმის გაწევა შეგიძლია ჩვენს ასეულში, როგორც მსახიობს და ისტორიკოსს. თქვენისთანა ახალგაზრდის ყოფნა, აუცილებლად უნდა დაეტყოს ჩვენი ასეულის ცხოვრებას. შეიძლება, წარმოდგენაც დავდგათ ჯარისკაცების მონაწილეობით, თუნდაც „სამშობლო“... ასე დაიწყო ჩემი ყაზარმული ცხოვრება. დილის ექვსზე – ვარჯიში, ჩაი სახარინითა და გაფიცხინებული მჭადით, რომელსაც გაუცრელი ფქვილისგან ფურნეში აცხობდნენ. შემდეგ – მეცადინეობა იარაღზე, მწყობრი. პირველ საათზე – სადილი, ლობიო და ისევ გაუცრელი ფქვილისგან გამომცხვარი მჭადი. საღამოს – ჩაი, ისევ სახარინით. ერთ კვირაში ისე გავხდი, რომ ერთხელ მარინის ქუჩაზე მიმავალი, კუკური პატარიძემ ვერ მიცნო.

– რა მოგსვლია აკაკი! ყურებში სინათლე გაგდის! – მითხრა და აცოცხლა ღმერთმა. თავის ნათესავთან დამპატიჟა სადილად... ყაზარმაში გვიან დავბრუნდი და გამიკვირდა, ბიჭები ფეხზე რომ დამხვდნენ. ნაბრძანები გვაქვს, დილის ხუთ საათზე სამებისა და კახაბერის ფორტებისკენ დავიძრათ საჭურველითა და სურსათით დატვირთულიო, – გადმომცეს ბიჭებმა. მართლაც, არტილერისტების ჯგუფი ყველაზე ადრე, უთენია დაიძრა კახაბერისაკენ. მეორე ასეული, რომელშიც ჩემი ტყვიამფრქვევით ვირიცხებოდი, ზუსტად 5 საათსა და 30 წუთზე გავიდა ყაზარმიდან. კაციშვილმა არ იცოდა, რას მოასწავებდა ჩვენი ნაწილების მოძრაობა. დილის ათის ნახევარი იქნებოდა, კახაბერის ვიწროებში, ეგრეთ წოდებულ, „ჟანდარმის ბუტკას“ რომ გავუსწორდით, გაგვაჩერეს. შორიახლო გენერალ მაზნიაშვილს მოვკარი თვალი, ჯოხით ხელში მოაბიჯებდა. უკან ოფიცრები მოჰყვებოდნენ და ერთი მათგანი აქსელბანდებით, ალბათ, მისი ადიუტანტი, ჩემი ნაცნობი გრიგოლ ლორთქიფანიძე გამოდგა. „თავისუფლად ბიჭებო, თავისუფლად!“ – გვითხრა მაზნიაშვილმა და ზემოთ გასწია. გამოვეკიდე გრიგოლ ლორთქიფანიძეს და შევეხვეწე, ორი სიტყვით მაინც ეთქვა, რა ხდებოდა გარშემო.

– აკაკი, ნამეტანი სამიზნე ფიტულივით ნუ გამოეჭიმები ასკერებს, კაი მსროლელები არიან, არ აგაცილებენ. სხვა, რაც მოხდება, მერე გაიგებო, – მხოლოდ ეს მითხრა. ამასობაში სადილის დროც დადგა. ჩემმა „მეორე ნომერმა“, ზემოურმა იმერელმა ქარქაშაძემ, რატომღაც ჩემმა დიდმა პატივისმცემელმა, სადილად დამპატიჟა. იმისთანა ავაშუშხუნე ინგლისური ხორცის კონსერვი, იმისთანა მოვრუჯე მჭადი ცეცხლზე რომ... ყოჩაღ ქარქაშ! ცეცხლზე გაცხელებული კონსერვი კარგი იქნება და გარუჯული მჭადიც, თორემ, ცივად მაგ მჭადის ჭამას, მშიერი დავრჩე, ის მირჩევნია, – ვუპასუხე თუ არა, ზემდეგი დაფეთებული დაგვადგა თავს და გვიბრძანა: მწყობრში სუყველაო!.. ოფიცრების თანხლებით, კვლავ გენერალი მაზნიაშვილი მოგვიახლოვდა, მოგვესალმა, გასცა განკარგულება თავისუფლადო. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. განუყრელი, ხორკლიანი ბზის ჯოხით მძიმედ დააბიჯებდა ტანმორჩილი ჭაღარა გენერალი. თავისი უბრალოებით დავით კლდიაშვილს უფრო მაგონებდა, ვიდრე ჩვენს სხვა ახოვან გენერლებს. წყნარად დაიწყო: დღეს, დილის ათ საათზე საქართველოს ბოლშევიკური პარტიის თხოვნით და ჩემდამი რწმუნებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქმედი არმიის სახელით, ულტიმატუმი წარუდგინეს ოსმალეთის ჯარის სარდლობას, რომ ხვალ ათი საათისათვის, მათ მიერ უკანასკნელად დაკავებული ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფი, კახაბერის სამხედრო სიმაგრეები დატოვონ და გავიდნენ მთლიანად ბათუმის ოლქიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ თვითნებური მოქმედებისათვის, შედეგებზე პასუხს აგებს ოსმალეთის ჯარის სარდლობა. იმედი მაქვს, მხარს დამიჭერთ, მამულიშვილნო! თქვენი ვაჟკაცობა ისე არასდროს სჭირდებოდა ქვეყანას, როგორც ახლა! – დედა შეერთოს ცოლად იმას, ვინც ამ საქმეში უკან დაიხიოს! – საოცარი ხმით დაიბუხუნა ქარქაშაძემ. ამ ბიჭის ხმამ ყველა აგვიყოლია და ერთხმად დავაგრიალეთ – ვაშააა!

იმ ღამით ვერა და ვერ მოვილხინეთ. უგუნებოდ იყვნენ ოფიცრები. ღამის პირველი საათი იქნებოდა, პოსტზე რომ დავბრუნდი. ქარქაშაძე მომიყვა, რომ სათადარიგო ოცეულს მაინც მოუხერხებია ქალაქში გაპარვა საყაჩაღოდ. მწარედ ჩამეცინა – ესეც შენი ჯარი! ესეც შენი მამულიშვილური შეგნება! ამ მწარე ფიქრებში წამოვწექი. მინდოდა, ცოტა მაინც დამეძინა. ქალაქიდან კანტიკუნტად ისმოდა სროლის ხმა... გათენდა კიდეც. ქალაქიდან ცხენოსნური მარშის ხმა მოგვესმა. უცებ ქართული ჰიმნიც აგუგუნდა... უნებურად ავწრიალდი და „ჟანდარმის ჯიხურისკენ“ გავწიე. შევედი. იქ ათიოდე ჯარისკაცს მოეყარა თავი... სახელდახელოდ შეუდგნენ სუფრის გაწყობას კონსერვებითა და მჭადით. ის-ის იყო თითო ლუკმა ჩავიდეთ პირში, ფორტიდან სეტყვასავით წამოვიდა ტყვია. ადგილზე გავქვავდით. ყველას ფერი ეცვალა... სროლა რომ მინელდა, სწორედ მაშინ წამოვვარდით და კარს ვეცით. გაჩერდით! არ გახვიდეთ! – დასჭექა ჭაღარამ, მაგრამ ორმა ჯარისკაცმა მოასწრო კარის გაღება და ის ის იყო, გარეთ უნდა გავარდნილიყვნენ, რომ ორთავე ზღურბლზე დაენარცხა. მე გაოცებული ვიდექი. სხვებმა კი, სასწრაფოდ მიხურეს კარი. საცოდავები სოხანეზე გამოაჩოჩეს და კუთხეში მიაწვინეს ტყვიებით განგმირულები. ჩვენებმა მარცხენა ფრთიდანაც დასცხეს სიმაგრეში ჩამსხდარ ასკერებს. ჭურვებმა ფორტის თავზე დაიწყეს ცვენა და სკდომა. ზარბაზნების ხმამ ჯარი გაამხნევა და „ვაშას“ ძახილით სიმაგრეს შეუტიეს, მაგრამ თურქებმა მოიგერიეს ეს შეტევა. მცირე ხნით ორივე მხარე ჩაწყნარდა. ლეიტენანტმა ჩიხლაძემ ახლა ქვევითკენ დამაგორებინა ტყვიამფრქვევი, ნახნავებში გამატანინა და მითხრა:

– დაიხსომე! სანამ ზევიდან ამ მხარეს იერიშზე არ წამოვლენ, ხმა არ გაიღო. ასკერები ვერც წარმოიდგენენ, რომ ტვყვიამფრქვევით აქედან, ამ გაშლილ ადგილას ჩავუსაფრდებით. ცოტაც და ნახავ მაგათ სეირს... თავდაცვის ინსტინქტი თანადთან მიპყრობდა, ცოტა არ იყოს შიშიც. არა, ეს შიში არ იყო. იყო რაღაც სხვა, გაურკვეველი გრძნობა, რომელიც მხოლოდ თავის გადარჩენაზე მაფიქრებდა, თავის გადარჩენა კი იმით შემეძლო თუ მტერს გავანადგურებდი. ესე იგი, ეს არ იყო იმდენად შიში, რამდენადაც გამწარება, ნერვიული, უაზრო აღტკინება. უნდა დავასწრო და მოვკლა, თორემ ის მომკლავს – ეს არის და ეს, მხოლოდ ამასღა ვფიქრობ...

– ვასაძე ყურადღება! მეძახის ლეიტენანტი ჩიხლაძე.

– არის ყურადღება!

– შეამზადე ტყვიამრფქვევი, შეამოწმე სამიზნე კორა! მოდიან!

– უკვე მეც შევნიშნე, რომ მოდიან და თითქმის ყველა ბრძანებას მექანიკურად ვასრულებ. ასკერები კი კალიებივით მოხტიან ფორტიდან. ხან გაჩერდებიან, დაწვებიან, ხან ისევ მორბიან. თანდათან გვიახლოვდებიან... ტანში სიცივე გამიჯდა, პირი გამიშრა... კიდევ ორი გადმორბენა და ოფიცერი სამიზნეზე „დავაჯინე“. ვუთვალთვალებ, კიდე როდის წამოიწევს გადმოსარბენად... თითქოს, ჩემი ფიქრი შორითვე იგრძნო ლეიტენანტმა და დამიძახა: ვასაძე! ხომ არ დაგეძინა!? ოფიცერმა დიდხანს აღარ მალოდინა და აი, წამოვიდნენ თუ არა ასკერები, მეც ორთავე ცერი „გაშეტს“ დავაჭირე. ოფიცერი და რამდენიმე ასკერი მოცელილივით დაენარცხა. სხვა ასკერები კი, დამფრთხალნი ჩაწვნენ და ხნულებს ამოეფარნენ. უცებ, თვითონაც არ ვიცი საიდან, რამდენიმე ჩვენი ჯარისკაცი მოვარდა ჩვენს ტყვიამფრქვევთან. საიმედო თავშესაფრად თუ იგულვეს ეს ადგილი, მაგრამ ამან უკვე აშკარად გასცა ჩვენი ტყვიამფრქვევის ადგილსამყოფელი. ერთი წამიც და, აფეთქების საშინელმა ხმამ გამაყრუა, დამაბრმავა კიდეც. თვალს ვერ ვახელ, მაგრამ ჩემი ტყვიამფრქვევის კაკანი ცხადად ჩამესმის, მხოლოდ ესღა მამცნობს, რომ ჯერ არ მოვმკვდარვარ. მერე ეს კაკანიც შეწყდა, მაგრამ უცებ ჩვენებური „ვაშას“ ძახილი მესმის. თავს ვერ ვწევ. მარჯვენა მხარეზე კი, რაღაც მაწვება მძიმედ. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, როდესაც ვიღაცამ მხარზე ხელი დამკრა და ფრთხილად მკითხა: ცოცხალი ხარ, ბიჭო? ფრთხილად ავწიე თავი. ზემოდან ლეიტენანტი ჩიხლაძე წამომდგომია. მხარზე დავიხედე, რა მაწვება-მეთქი. ქარქაშაძე ყოფილა. ჩემი როხროხა ქარქაშაძე. ო, რა საშინელებაა. ყუმბარის ნამსხვრევს თავის ქალა გაუჩეხია მისთვის და სახე საკუთარი ტვინით და სისხლით აქვს მოთხვრილი. ჩემდა უნებურად რაღაც ამოვიხროტინე, გიჟივით წამოვარდი, დავწვდი ტყვიამფრქვევს, ავიტაცე, ბეჭზე შევიგდე და წინ გავქანდი, ფორტისკენ. აღმართში, რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ, ფეხი დამიცურდა და დავეცი. მერე როგორ აღმოვჩნდი ფორტის ქონგურაზე, არ მახსოვს. მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, როდესაც ყუმბარით ფეხმოწყვეტილმა აკსერმა ჩემს წინ ჩვენი ჯარისკაცი მოკლა და ადრე ნანახმა ჭაღარა ჯარისკაცმა იმ ასკერს კონდახით თავი გაუხეთქა. მხოლოდ, მაშინ გამახსენდა, რომ ტყვიამფრქვევში ვაზნები აღარ იყო. რა უნდა მექნა ცარიელი „მაქსიმკათი“... გზაზე ლეიტენანტი ჩიხლაძე შემომხვდა.

– ყოჩაღი ყოფილხარ, კაკო! უკანასკნელი ასკერი შენი ტყვიამფრქვევიდან ათ-თხუთმეტ ნაბიჯზე წაიქცა და, სროლის ხმაც შეწყდა! – ისევ შემაქო ჩიხლაძემ.

– მართალი გითხრათ, იმ ოფიცრის დაცემის შემდეგ არაფერი არც დამინახავს და არც გამიგონია.

– რომ დაგენახა, ეგებ უარესიც ყოფილიყო, – ჩაიცინა ლეიტენანტმა, – შენმა ტვყვიამფრქვევმა ისე გაამხნევა ჩვენი ასეული, რომ როგორც ერთი კაცი, ისე წავიდნენ შეტევაზე. ჩვენი ასეულიდან ბევრი არ დაღუპულან. მესაზღვრე ასეულს შეხვდა დიდი ზარალი. ლეიტენანტი ისე გულგრილად ჰყვებოდა ასეულის დაღუპვაზე, ადამიანთა სიკვდილზე, თითქოს შინაური ფრინველები დახოცილანო. ამან გუნება ამიმღვრია და ჩვენ შორის თითქოს ყინულის კედელი აღიმართა. აქამდე სიმპათიური ლეიტენანტი, უსაზიზღრეს კაცად მომეჩვენა. ახლა უკვე ყოველ მის ნათქვამ სიტყვაზე, უაზროდ ვაკანტურებდი თავს... შუაღამით, კოცონის შუქზე ჯარისკაცები დახოცილებისგან წართმეულ ნადავლს ამოწმებდნენ. ამ სანახაობამ კინაღამ გული ამირია, კინაღამ ყვირილი დავიწყე. ძლივს შევიკავე თავი. წამოვდექი, შორიახლო თოქალთო დავაფინე მიწაზე და წამოვწექი. ლეიტენანტი ჩიხლაძე და სხვა ოფიცრები აღარსად ჩანდნენ. ძილი არ მეკარებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ზემდეგი მომიჯდა გვერდით და მეუბნება:

– ვასაძე, ნასწავლი კაცი ხარ შენ და ამიხსენი ერთი, რა ვქენით ჩვენ დღეს?

– ხომ არ შეიშალე, ბიჭო? – გაოცებისგან თვალები დავაჭყიტე, – როგორ თუ რა ვქენით? ბათუმი გადავურჩინეთ სამშობლოს, აი, რა ვქენით.

– მერე, ამისთვის მადლობას, ნეტავი, ვინ გვეუბნება?

– ვინც თავი დასდო ბრძოლის ველზე, ხვალინდელი დღე გვეტყვის მადლობას. პირადად მე, წმინდა მოვალეობას ვიხდი დედა სამშობლოს წინაშე!

– ჰოდა, თუ სასახელო საქმე გააკეთეს, რა მიარბენინებდათ ოსმალეთში, მათ მიერვე დამარცხებულ თურქ ჯარისკაცებთან ერთად?

– არ გადამრიო, ზემდეგო.

– გინდა გადაირიე და გინდა გაცოფდი, ასე კია და!

– თავი დამანებე, თუ ძმა ხარ! ისედაც გული მემღვრევა, შენც გაპარვა გინდა? მოიქეცი ისე, როგორც სინდისმა გიკარნახოს! – ვუთხარი და ზემდეგს ზურგი შევაქციე. უსიამოვნო ფიქრებს მინდა, თავი დავაღწიო. დავიღალე. მინდა, წავთვლიმო, მაგრამ როგორ? თვალს ვერ ვხუჭავ. ქუთუთოების მეწვის, წამწამებს თითქოს ცეცხლი ეკიდება, თითქოს გახურებული ნემსები მაქვს თვალებში გარჭობილი. რა ნივთიერება იყო ხელყუმბარებში, ასე რომ მაჯახირებს? დილისთვის ტკივილი ცოტა ჩაცხრა. თანაც, ერთი სული მაქვს მივუგდო ვინმეს ეს ტყვიამფრქვევი და დაღუპული ბიჭების მშობლებთან ჩაყვანის საქმე ამხანაგებს დავაჩქარებინო. კოჩა პატარიძემ და პარმენ ლორიამ მომძებნეს. ორთავე, როგორც საიქიოდან მობრუნებულს, ისე მომესალმნენ, გადამეხვივნენ. „ბავშმაც კი იცის ვინ არის კაკო“! – ხუმრობს კოჩა.

– მართლაც საზღაპრო რაღაც გაგიკეთებია, ძმაო! ასპინძის ბატალიონის პირველი გმირი ხარ! ხელოვანის სახელს, მეომარის სახელმა გაასწრო!

– ტყვიამრქვევმა გააკეთა ეს ყველაფერი. აბა, მარტო მე რომ ვყოფილიყავი, ისე დაგხვდებოდით, აგერ, ჩვენ წინ ყუმბარისგან თავწაგლეჯილი გვამი რომ აგდია.

– შალიკო ტურაბელიძის გვამის წასაღებად ამოვედით. გვაჩვენე ერთი ის საცოდავი, შენ გცოდნია, სად არის!

– წამოდით. მაგასაც გაჩვენებთ და ჩვენს ქარქაშაძესაც. სახელდახელოდ შეჭედილი ორმოცი კუბო დავასვენეთ აზიზიეს მოედანზე. გადავკოცნე, დავემშვიდობე და იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ ვისთვის უნდა ჩამებარებინა ჩემი ტყვიამფრქვევი.

– ერთ საათში ამოვლენ წითელარმიელები და ხელწერილით ჩააბარებ ამ ტყვიამფრქვევს. ეს ხელწერილი კი, შენი დემობილიზების საბუთია, – მითხრა პარმენ ლორიამ და საბუთი გადმომცა, – მეც მთელი პაკჰაუზი უნდა ჩავაბარო. აბა, კარგად იყავი! ავედი თუ არა ჩემს განლაგებაში წინ წარმომიდგა მორჩილი ტანის ცხვირაპრეხილი წითური ჯარისკაცი. აზერბაიჯანული ჭრელი წინდები და ქალამნები ჯარისკაცს ცოტა უცნაური შესახედაობას აძლევდა, წელზე რუსული ხმალი ერტყა მხარზე კი – ღვედით გადაკიდებული კარაბინი.

– ვინ არის აქ მეტყვიამფრქვევე, ნომერი პირველი ვასაძე?

– პატივცემულო, ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ – ასპინძის მეცხრე ბატალიონის ჯარისკაცი ვასაძე! „მაქსიმეს“ სისტემის ტყვიამფრქვევით, რვა სავსე კასეტით, ექვსი დაცლილი ლენტით, ორი ცხენით, ორი კეხით და თოქალთოთი.

– ოო, თქვენ ალბათ რუსულის მასწავლებელი ხართ, ისე თავისუფლად ლაპარაკობთ ჩვენს ენაზე. ინებეთ თქვენი საბუთი. ჩემი ნივთების ჩანთას დავავლე ხელი და მემძიმა. ნახმარი „ბატინკები“ ამოვალაგე. ვხედავ, წითელარმიელს ნერწყვი მოსდის. „ფეშქეშ’ ვანიშნე ფეხსაცმელზე. როგორ „ფეშქეშ’? უკან იხევს. მიჩუქნია, ჯარისკაცო, მე მაგის თრევის თავი არა მაქვს. ჩაუცმელი ბიაზის საცვლებიც ამოვალაგე და ფეხსაცმელებზე დავაწყვე... რუსი ახლა სულ გაშტერდა.

– რისთვის, ძმაო, რისთვის?

– არაფრისთვის! მე არ მჭირდება და შენ გქონდეს.

– უფროსები არ დამიჯერებენ. ნაძარცვიაო და დამხვრეტენ!

– მაშინ წერილობით საბუთს მოგცემ.

– არა, არა. მხოლოდ ფეხსაცმელს წავიღებ. იქვე გაიძრო ქალამანი და ჩაიცვა.

– ქართველები მაჰმადიანები ხართ?

– ქრისტიანობა ჩვენ თქვენზე ექვსი საუკუნით ადრე მივიღეთ.

– აბა, მაშ ეს მეჩეთი რაღაა ქალაქში?

– ეს ოსმალეთის მიერ ოთხი საუკუნის წინ მიტაცებული მიწებია და ჩვენს ძმებს მაჰმადიანობა მიაღებინეს.

– გასაგებია!..

ჯარს კი გამოვეთხოვე, მაგრამ ჯარისკაცის „გომნასტიორკა“ და მაზარა დიდხანს ვერ მოვიშორე. მთელი ცხრა თვე ვატარებდი ბათუმში. ჯარიდან თავისუფალი მივდიოდი ბათუმში და წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მეკეთებინა...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა