პოლიტიკა

როგორ აბრუნებს ტრამპი იმპერიების ეპოქას და ელის თუ არა ევროკავშირს რომის იმპერიის ბედი

№11

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 26.03

აკაკი ასათიანი
დაკოპირებულია

ისე მოხდა, რომ ევროკავშირი ჩამოაცილეს მიმდინარე მთავარ გეოპოლიტიკურ პროცესს, იმდენადაც კი, რომ ხმის უფლებაც კი არ მიანიჭეს (საუდის არაბეთში რფ-ისა და აშშ-ის დელეგაციები მოლაპარაკებებს მართავენ, რასაც ბოლოს უკრაინის დელეგაციაც შეუერთდა, თუმცა აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკების ფორმატში). მეორე მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ თურქეთის გარეშე ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ მოხერხდება. რატომ დაეცა ასე ევროპა და შეძლებს თუ არა, დაძლიოს ეს რთული მდგომარეობა ისე, რომ არ მოუწიოს რუსეთთან ომი? – ამ საკითხზე აკაკი ასათიანი გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

– აქვს ევროპას თავისი ადგილისა და როლის აღდგენის პოტენციალი თუ გაძლებს იმ იმედით, რომ „ბარტყების“, ანუ ჩვენნაირების გადაგდებით გავა ფონს, მაგრამ როდემდე?

– ეს უნდათ, მაგრამ ამის უნარი თვითონ დაკარგეს თუ წაართვა განგებამ, არ ვიცი. მე მგონია, რომ ჩაიხრჩვნენ ფუფუნებასა და განცხრომაში და ეს მათი პრეტენზიები ამერიკისადმი არის უმადურობის ყველაზე დიდი გამოხატულება. იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომისა და მისი შემდგომი ცივი ომის ხანა ამერიკის ქოლგა ეფარათ, თორემ საბჭოთა კავშირი დედას უტირებდა: პარიზში იქნებოდა „ობკომი“. 2014-ში, ყირიმი რომ გადასანსლა რუსეთმა, ხომ შეიძლებოდა, თავდაცვის ხარჯები 2 პროცენტამდე მაინც გაეზარდათ?! მაგრამ – არა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასე რომ დიდგულობენ, უკრაინას რა დახმარებაც გაუწიეს, თან, კრედიტების სახით?! იმაზე მეტი ფული აქვთ გადახდილი რუსეთისთვის გაზისა და ნავთობისთვის და ეს ხალხი ბევრს ლაპარაკობს. ევროკავშირზე, ევროპარლამენტზე, ანუ ამ უმაქნის სტრუქტურებზე არაფერს ვამბობ, ეს არის კატასტროფა. საბჭოეთზე უარესი და არც მათი საკითხავი იქნება ბარტყების გადაგდება.

– ევროპელების ლოგიკა, იმ ლიდერების, ყოველ შემთხვევაში, რომლებიც ჩანან, ძალიან ჰგავს ჩვენებური სეპარატისტების ლოგიკას: უნდათ რუსული ფული და აღიარება და რუსეთმა უნდა დაიცვას ისინი, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს აძლევენ. ევროპელებსაც უნდათ, რომ იომონ უკრაინელებმა, ფული კი გადაიხადოს აშშ-მა და უზრუნველყონ ევროპის უსაფრთხოება.

– დიახ, იმიტომ ვთქვი, თავად განცხრომაში იქნებიან. ვისაც გამოცდილება აქვს მათთან კაბინეტებში მიღებებზე ურთიერთობის, მან იცის, რომ ეს არის რიტუალური შეხვედრები, წაქეზებები, შეგულიანებები, გამხნევებები. ეტყობოდათ, ერთი სული ჰქონდათ, მალე დამთავრებულიყო, იმიტომ რომ ვალი მოიხადეს და ერთი სული ჰქონდათ, ეს კაცი დროზე წავიდესო. მაშინ, როდესაც საქმიანი ხალხი დაინტერესებით ლაპარაკობს და მათთან საუბარი ყოველთვის საინტერესო იყო, გინდა, ამერიკაში და გინდა – ევროპაში. ცუდი არ იქნებოდა, რამეს რომ წყვეტდეს ევროპა, მაგრამ ეს ეიფორია ევროკაშირთან დაკავშირებით გაიფანტა და არც არის ცუდი. გავიხსენოთ, მანამდე რა ვითარება იყო: ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოები, ერთმანეთთან შეთანხმებით და მომცრო სახელმწიფობის ინფორმირების შემდეგ, იღებდნენ სერიოზულ გადაწყვეტილებებს და ის დრო უნდა დაბრუნდეს, თორემ დღეს ეს არის ამორფული, უპასუხისმგებლო და საოცრად ხარჯიანი დაწესებულებები, არაფრის მაქნისი. ეს რაღაც სასჯელია იმავე ევროპისთვის. მხოლოდ ჩვენნაირ მიამიტსა თუ იდიოტური პოლიტიკურ ელიტას შეიძლება, ჰქონდეს მათი იმედი.

– მე, როგორც ერთ ადამიანს, მენანება ევროპა იმ როლისთვის, რისთვისაც გაიწირა თავი. აღარაფერი დარჩა იმ ევროპისგან, რაც მე ვიცოდი, ალბათ, იმ წიგნებიდან და ისტორიული ფაქტებიდან, რომლებიც წამიკითხავს. ინტელექტუალურადაც დაქვეითდა ევროპა? ჩვენ თვალწინ ევროპა როგორ იქცა მეორე საბჭოეთად?

– იმდენი იომეს საუკუნეთა განმავლობაში, ძლივს რაღაც მშვიდობა რომ დამყარდა შიგნით, მოეშვნენ, თუმცა ვერ იტყვი, რომ ინტელექტუალურად დაეცნენ. მაინც მსოფლიო კულტურისა და აზროვნების ლიდერები არიან. მაგალითად, ფრანგები – ისტორიაში, ფილოლოგიაში, სოციოლოგიაში... აი, ფილოსოფიას ვინც იბრალებს, ის ცოტა სასაცილოა დღეს.

– პლატონის, არისტოტელეს, სენეკას და სხვათა ფონზე, ნამდვილად.

– დიახ... ევროპას მონღოლობა არ უნახავთ და ამიტომ გაგვასწრეს და მათ თემურ ლენგი რომ დასიზმრებოდათ, ამერიკას უფრო ადრე აღმოაჩენდნენ და გადასახლდებოდნენ ყველანი. აქ კი რვაჯერ ილაშქრა იმ შობელძაღლმა, თუმცა, იმ რვიდან ოთხი ჩვენი პოლიტიკის ბრალი იყო. მე ფრანგები ვახსენე მხოლოდ, მაგრამ თუნდაც, იტალიელები, გერმანელები, ინგლისელები ავიღოთ, რომლებიც ყოველთვის ლიდერობდნენ მეცნიერების ამ სფეროებში. განსაკუთრებით, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რასაც დიდ ყურადღებას არ აქცევენ, ნობელის პრემიაც არ არსებობს ამ დარგებში, არადა, კაცობრიობას ისინი ავითარებენ. ტექნიკური მეცნიერებები კომფორტის საშუალებაა და, სამწუხაროდ, იარაღისაც. მეც, ალბათ, ევროპასთან უფრო კულტურული ზიარების მომხრე ვიქნებოდი და პოლიტიკური ილუზიები უნდა მოვიშოროთ. ბალზაკს აქვა რომანი „გამქრალი ილუზიები“. ვისაც ჯერ კიდევ არ გაქრობია, სათაური მაინც გაიხსენონ, თუმცა რომანი სხვა რამეზეა. იმედი მაქვს, რომ ევროპა რაღაც ფორმას მიიღებს, ოღონდ სხვანაირს. მაგალითად, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამბობს, კი ბატონო, იყოს ევროპა, ოღონდ ეს ტუტუცური საერთო სტრუქტურები მოვიშოროთ და სახელმწიფოთა შეთანხმებების გზას დავადგეთო. როგორც ხდებოდა. მით უმეტეს, რომ ტრამპის პოლიტიკა მოსწონს ვინმეს თუ არა – მე მომწონს, უნდა ვაღიაროთ, რომ აბრუნებს იმპერიების ეპოქას, როდესაც ისინი წყვეტდნენ ყველაფერს. ასე რომ, როდესაც რეალური ძალაუფლება არ გაქვს, არ უნდა გეწყინოს, რომ არავინ გპატიჟებს, იმიტომ რომ რამდენჯერაც დაგპატიჟეს, არაფერი გააკეთე. უკრაინის ომში რა გააკეთეს?! სესხი მისცეს უკრაინას და იმაზე მეტი ფული გადაუხადეს რუსეთს, ანუ გადაიხადეს რუსეთის შეიარაღებაში და, ამდენად, საკითხავია, ვის უფრო მეტად დაეხმარნენ: უკრაინას თუ რუსეთს?! არაფერს ვამბობ, რუსულ იარაღში კომპონენტების 60-70 პროცენტი რომ მათთან ვაჭრობის შედეგია. ეს ოფიციალური მონაცემებია. თუ ასე გაგრძელდა, დარჩება ევროპა ლამაზ სახელად და ეს იქნება. მაგრამ მათი ლიტერატურა წარუვალია. სერვანტესს, შექსპირს, დანტეს, რაბლეს, გოეთეს, ბაირონს და რომელი ერთი ჩამოვთვალო, ვინ და რა მოერევა?! ეს მწვერვალებია. მე არ ვიცი, თუ კაცობრიობის რომელიმე წარმომადგენელი მიუახლოვდება მათ და ვფიქრობ, დადგება დრო, როდესაც რუსთაველი მათ ამოუდგება გვერდში და ჯეროვნად დაფასდება.

– მაგრამ წამკითხველი და გამააზრებელი თუ დარჩა ევროპაში?

– ჩვენთან რომ არ დარჩა, ესეც თემაა. რომ გადახედო თარგმანებს, ნახავ, რომ საშუალო დონის, უღიმღამო ლიტერატურა ითარგმნება გაშმაგებით და ეწევა რეკლამა. წაიკითხავ, ქრება, არ გამახსოვრდება. იგივე ხდება მუსიკასა და მხატვრობაში. ამას თავისი ახსნა აქვს და შორს წაგვიყვანს ეს ამბავი. ევროპელი წამკითხველების წრეც ვიწროვდება. ეს ხდება ინტელექტუალთა, სულის არისტოკრატიის კუთვნილება და შეიძლება, კარგიც იყოს, იმიტომ რომ საყოველთაობა, ალბათ, მაინც უფრო ვნებს დიდ შემოქმედებს, ვიდრე სძენს. რომ გადახედო ხალხურ „ვეფხისტყაოსანს“ – „ტარიელიანს“, გული გაგისკდება. კატასტროფაა და იმას აჩვენებს, რა ზომამდე ვერაფერი გაიგო უბრალო ხალხმა. გეგონება, მეზობელ სოფელში მომხდარ ჭორებს ყვებოდეს ვინმე. ანუ გვაქვს მაგალითი, როგორ იაზრებს ხალხის მასა „ვეფხისტყაოსანს“, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ინტელექტუალურმა ელიტამაც, ამ მხრივ, დიდი ვერაფერი ქნა. მაგალითად, მეთვრამეტე საუკუნეში, მართალია, ჯერ კიდევ ბევრი საყვედურობს ვახტანგ მეექვსეს, რომ მთელი ქართველი ელიტა წაიყვანა რუსეთში, თუმცა, მართლაც დიდი კაცი გვყავდა, ამ თვალსაზრისით. „ვეფხისტყაოსნის“ მისეული კომენტარები ადასტურებს, რომ ერუდირებულ ნამდვილ ქართველს და ნამდვილი ქართველი ერუდირებულია, აბსოლუტურად ზუსტად ესმოდა „ვეფხისტყაოსანი“. შეიძლება, ეკამათო, მაგრამ მას ესმის, რას კითხულობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი თანამედროვე სამღვდელო პირი იერუსალიმში მოგზაურობისას რუსთაველს ბოროტი ლექსების შემთხზველს უწოდებს.

– კონკრეტულად ჩვენ რას გვემართლებიან ევროკავშირლები?

– დაბალი ღობე ჰგონიხარ. გაიხედეს, გამოიხედეს, არავინ არაფერს ეკითხება და რაღაც ხომ უნდა თქვან?! გერმანიასა და საფრანგეთს ხომ არ ასწავლიან ჭკუას, ბრიტანეთი გავიდა და იფიქრეს, ამათ რა უნდა დაგვიშავონო და საქმე გაიჩინეს, ისიც ნაწილმა. აქ გაბუქებულად შუქდება, სინამდვილეში კი, ცარიელ დარბაზში გამოდის ვიღაც სულელი, ფურცელზე რაღაც უწერია, წაიკითხავს და წავა.

– ჩვენს თანამემამულეებს, ევროპაში რომ მიდიან, ვინ ახელებს?

– ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, ეს ყველაფერი დაიწყო, ივანიშვილის პრემიერის რანგში ჩასვლით, როდესაც მან დარბაზს მიმართა: ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარი იყო არა თავისი ხალხის გულის მოგება, არამედ აქ რამდენიმე ათეული ადამიანისო. დარბაზში სახეები უნდა გენახათ, იმიტომ რომ ყველზე მეტად არარაობას სწყინს, არარაობას რომ დაუძახებ. აი, ეს დაუმახსოვრეს. ესე იგი, ეს არ აპირებს ჩვენს ჭკუაზე სიარულს, არ აპირებს მასპინძლობას, რომელსაც მარტო პურმარილი კი არ ახლდა, სხვა ფინანსური ამბებიც და არ მინდა, ამაზე ლაპარაკი, მაგრამ დანამდვილებით ასე იყო, თავისი ლაქუცითა და ფიანდაზად გაგებით. ისინიც ჩამოდიოდნენ, როგორც ახლა, ტელევიზიებით გამოჩნდებოდნენ, მაგრამ რეალურად არაფერი ხდებოდა. იგივე ვიზალიბერალიზაციაც, დავუშვათ, მოგცეს, მაგრამ მერე რა?! საქმიანად რომ მიდიოდეს ვინმე, სხვა საქმეა, მაგრამ რისთვის მიდიან ჩვენები იქ, რას აკეთებენ ამ ვიზებით?! შპენგლერმა მეოცე საუკუნის დასაწყისში, პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე დაწერა „ევროპის დაისი“. ეს მაშინ იწინასწარმეტყველა, მე კი მეშინია, უარესი არ მოხდეს, ის, რასაც ნიცშე ამბობდა: როდესაც ადამიანს გართობისა და ჭამა-სმის გარდა არანაირი სხვა ინტერესი არ ექნება და მოახერხეს კიდეც ეს ამ ფსევდო-ლიბერალმა მმართველებმა, იმიტომ რომ ვერაფრით გამოდიან იმ მოჯადოებული წრიდან, რომელიც მათთვის ჯადოსნური წრეა. წინათ კორუფცია მაინც არ იყო, ახლა ესეცაა. არადა არსებობს რომის ისტორია, სხვა მაგალითებიც, მაგრამ არ ითვალისწინებენ, იქითკენ მიდიან თავჩაღუნულები. ვინმე დაგესხა თავს?! შევშფოთდები; მეორედ დაგესხა?! მაშინ აღვშფოთდები; მოგადგა ომით, როგორც უკრაინას?! ფულს მოგცემთ... თორემ როგორ არ შეუძლიათ შეცვლა?! ბოლოს და ბოლოს, რუსეთის ეკონომიკას ევროკავშირის ეკონიომიკა 20-ჯერ აღემატება...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა