პოლიტიკა

როდემდე ეყოფა პუტინის რუსეთის დამარცხებას მხოლოდ უკრაინული ცოცხალი ძალა და დასავლეთის შეიარაღება

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 25.05

ზაალ კასრელიშვილი
დაკოპირებულია

უკრაინას, ოფიციალურად, აშშ-მა 33 მილიარდი გამოუყო, რომელშიც 20 მილიარდის მხოლოდ შეიარაღებაა გათვალისწინებული, ეკონომიკისთვის – 11 მილიარდი, ჰუმანიტარული დახმარებისთვის – 3 მილიარდი. უკრაინას სხვა დასავლური სახელმწიფოებიც ეხმარებიან, თუმცა ცოცხალი ძალა მხოლოდ უკრაინულია. შესაბამისად, იბადება კითხვა, როდემდე ან, საერთოდაც, ეყოფიან თუ არა უკრაინელები რუსეთს? – ამ თემას ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.

– თუ რუსეთი მსოფლიო ბოროტებაა, მაშინ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ერთიანად ვეომოთ, ცოტა უხერხული ხომ არ არის, რომ დასავლეთი მხოლოდ ფულს ხარჯავს, საიდანაც ნაწილი ისევ მათ უბრუნდებათ, ხოლო უკრაინელები იხოცებიან; რატომ შეატოვეს რუსეთს უკრაინა ომის მასალად?

– ამის მეასედი დახმარება რომ მიეღო საქართველოს 2008 წელს, არც ტერიტორიებს დავკარგავდით და არც ომს წავაგებდით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკრაინაზე 12-ჯერ მცირეა ტერიტორიულადაც და მოსახლეობის როდენობითაც. ამდენად, უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არაფერი აქვს სასაყვედურო საერთაშორისო საზოგადოებასთვის. ის ციფრები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ზღვაში წვეთია იმ დახმარებასთან შედარებით, რასაც სინამდვილეში იღებს უკრაინა. ერთს დავამატებდი, იმისთვის, რომ მიწასთან გასწორებული უკრაინა ფეხზე დადგეს, საჭიროა 500 მილიარდი დოლარი. რამდენადაც ვიცით, ეს თანხაც მოძიებულია, რომ ომის დამთავრების შემდეგ წელიწად-წელიწად-ნახევარში აღმოიფხვრას ომის შედეგები და ბევრად უფრო კარგი და ლამაზი უკრაინა აშენდეს. ამას გარდა, უკრაინისთვის გამზადებულია 100 მილიარდი დოლარი, რუსეთის აქტივების ნაწილი, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთ იყო განთავსებული. ფული გამოყოფილია მიკროეკონომიკური მაჩვენებლების შესანარჩუნებლად, ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, შეიარაღებისთვის. ახლა უკვე შეტევისთვის საჭირო იარაღი, ტექნიკა და ტექნოლოგიები შედის უკრაინაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება. ერთ მარტივ მაგალითს ვიტყვი: გრივნის კურსი იგივეა, რაც იყო ომამდე.

– გასაგებია, რომ ხელოვნურად უჭირავთ კურსი.

– ისევე, როგორც ჩვენი ლარის. და რატომ იჭერენ ხელოვნურად? იმიტომ რომ, რაც დარჩა, ის ეკონომიკა არ ჩამოიქცეს. ამ ომის პერიოდში ყველაფერი დოტაციაზეა უკრაინაში და თანხების დიდი ნაწილის წარმომავლობა ჩვენ არც კი ვიცით. ეს მცირე შესავალი იმისთვის დამჭირდა, მეთქვა, თუ როგორ ეხმარება დასავლეთი უკრაინას, მეორე საკითხია ცოცხალი ძალა.

– რამდენი ფულიც უნდა გადაიხადოს დასავლეთმა, ერთი დაღუპულიც კი ვერ გაცოცხლდება, მათთვის ომიც დამთავრდა და მშვიდობაც.

– რა თქმა უნდა, ვერავინ გაცოცხლდება. მაგრამ ეს ომი უკრაინას არ დაუწყია და ძალიან უხერხული მომენტია, როდესაც ვლაპარაკობთ მშვიდობასა და სტაბილურობაზე და ამავე დროს ვუსამძიმრებთ უკრაინელებს, რომლებიც თავს იცავენ. მსხვერპლი არის და იქნება, საუბედუროდ, ომს ასეთი შედეგი მოაქვს: ესაა ომის ენა, მაგრამ, როგორც ჩვენ ვიცით, უკრაინაში იბრძვიან მოხალისეებიც, თუმცა წინა ხაზზე აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინელია და, როგორც ჩვენ ვიცით, აკრძალული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტს კონგრესმა მისცა უფლება, „ლენდ ლიზი“ გამოიყენოს უკრაინისთვის ცოცხალი ძალით დახმარებისთვისაც, ანუ ამერიკელებსა და ევროპელებს მიეცემათ საშუალება, ცოცხალი ძალაც შეიყვანონ უკრაინაში. ალბათ, ხვდებით, რა აკრძალულ იარაღზეა საუბარი.

– დიახ. ქიმიური, ბაქტერიოლოგიური, ბირთვული...

– დიახ, მცირემუხტიანი ბირთვული ქობინებიც. ვცდილობთ, გავამართლოთ დასავლეთის დახმარების ხარისხი და სოლიდარობას გამოვხატავთ უკრაინელებისადმი, მაგრამ ვერც ჩვენ და ვერც ბევრი სხვა დანარჩენის ძალისხმევა უკრაინაში ვერც ომს აჩერებს და ვერც მსხვერპლს იცილებს თავიდან. როგორც ჩანს, სხვა ტიპის დახმარებაზე უნდა გადაერთოს დასავლეთი, თუ არ უნდათ, რომ ეს ომი გრძელვადიანი გახდეს. 2014-2015-2016 წლებში ჩვენ მიერ გამოთქმული პროგნოზები გამართლდა: ჩვენ ვამბობდით, რუსეთმა დონბასისა და ლუგანსკის ამბები წინა პლანზე წამოწია, რომ ყირიმის მიერთება გადაფარონ და, თუ ეს არ გამოვა, ომი დაიწყება, რომელიც დაემსგავსება საბჭოეთის შეჭრას ავღანეთში. საბჭოთა კავშირი დღევანდელ რუსეთზე უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა იყო, ეკონომიკურადაც და სამხედრო თვალსაზრისითაც; მას ვერც გაუბედეს და არც დაუპირისპირდნენ ისე მასშტაბურად, როგორც დღეს – რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ სანქციები დაუწესეს, რაც დღევანდელი სანქციების ნახევარიც არ იყო. შედეგად, 6-8 წლის განმავლობაში საბჭოეთი დაიცალა სისხლისგან, ფულისგან, სამხედრო ტექიკისა და აღჭურვილობისგან; ამას დაემატა ნავთობის ფასის დაგდება და საბჭოთა კავშირი გაბანკროტდა, რის შემდეგაც იძულებული გახდა, დასავლეთის მიერ შემოთავაზებული თანამშრომლობის პირობებს დათანხმებოდა და, საბოლოოდ, დაიშლა. რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამაც იცის ეს მაგალითი და, ბუნებრივია, შეეცდებიან, არ ჩაჰყვნენ დასავლეთს გრძელვადიან კონფლიქტში. რაშიც ჩაჰყვნენ, ანუ რა ნაბიჯიც გადადგეს უკრაინაში შეჭრით, სავსებით საკმარისია იმისთვის, დავასკვნათ, რომ რუსეთი აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო პუტინის რუსეთი. ის აუცილებლად შეიცვლება, ლაპარაკია იმაზე, რა დროს მოითხოვს ეს ცვლილება: თვეებს თუ წლებს. ჩვენი პროგნოზით, მაქსიმუმია 2 წელი, რუსეთი ფიზიკურად ვერ გაძლებს მეტ ხანს, თუ პოლიტიკური ვაჭრობა არ დაიწყო.

– პრობლემაც ეს „თუა“. მე ვერ ავხსენი, რატომ დაესხა პუტინი თავს უკრაინას, ამის მიზეზი ის მგონია, რომ სრულ ინფორმაციას არ ვფლობ. უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა თავისი ტერიტორიიდან რომ გაყაროს რუსეთის ჯარი, ეს ხომ მაინც არ ნიშნავს რუსეთის დამარცხებას? დამარცხება ნიშნავს, როდესაც თავდამსხმელი კაპიტულაციას გამოაცხადებს. ამიტომ ვიკითხე, ამისთვის თუ ეყოფა მხოლოდ უკრაინის ცოცხალი ძალა?

– თვითონ ომის სპეციფიკიდან და ამერიკელებისა და ევროპელების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი დოკუმენტებიდან გამომდინარე, ვიმსჯელოთ: წერია, რომ რუსეთი არაპროვოცირებულად დაესხა თავს უკრაინას (ჩვენს ბოსტანშია ნასროლი ქვა) და დღეს უკვე საომარი მოქმედებები გადაიზარდა რაკეტების სროლაში, რაც შედეგს არ მოიტანს. უფრო გულის მოფხანასა და საერთაშორისო საზოგადოების შეშინებას ჰგავს. უკრაინელებს რომ ეს იარაღს არ დააყრევინებს, ფაქტია. სადაც შეძლო შესვლა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, იქ უნდა დაბანაკდნენ. როგორც ჩანს, უკრაინული ჯარის ტაქტიკაც ეგაა: შემოუშვან, დააბანაკონ და შემდეგ შეუტიონ. ვიმეორებ, უკვე მიიღეს და მიიღებენ ისეთ იარაღს, რომელიც თავდაცვის არ არის. რა თქმა უნდა, რუსებს საზღვრებამდე მიჰყვებიან. ეს არ ნიშნავს რუსეთის დაქცევას, მაგრამ, რაკი ეს პოლიტიკური ომია, ანუ უნდა ივაჭრონ, რომ ივაჭრონ, რუსებს უკრაინელებმა უნდა დაატოვებინონ ის ტერიტორიები, რომლებიც დაიკავეს. რუსებმა მნიშვნელოვანი და სტრატეგიული სიმაღლეები ვერ აიღეს, მაგრამ, რაც აიღეს, იმაზეც ივაჭრებენ. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეეცდება, ყველა სოფლისა და მიწის თითოეული გოჯის დათმობისთვის მოითხოვოს სანქციების დაუყოვნებლივ მოხსნა. ასე რომ, ჩვენ ველოდებით უკრაინელების კონტრშეტევას; იმისდა მიხედვით, რა სიმძაფრის იქნება ის და რა პოზიციურ უპირატესობას მიაღწევს უკრაინა, დადგინდება ვაჭრობა-მოლაპარაკების ტემპერატურა, ოღონდ ჩვენ არ ვიცით, ვინ იქნება ამ მოლაპარაკებების შუამავალი.

– დავაზუსტოთ: კონტრშეტევაში ვგულისხმობთ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის შეიარაღებული ძალების რუსეთის ტერიტორიაზე გადარეკვას.

– დიახ. დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ გასცდება იმ ადმინისტრაციულ საზღვრებს, რომლებშიც საერთაშორისო საზოგადოებამ 1991 წელს აღიარა უკრაინა და ამით კიდევ ერთხელ მოიპოვებს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერასა და პატივისცემას. როგორც კი ხსენებულ საზღვრებს გადაკვეთს უკრაინა, მაშინვე გამოჩნდებიან ქვეყნები და ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სტრატეგიული გეგმა რუსეთზე თავდასხმისთვის. ამდენად, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხარისხის ბრძოლა გაიმართება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სისხლისმღვრელი და დაუნდობელი ბრძოლები იქნება, იმიტომ რომ არც ერთ ქვეყანას უკან დასახევი გზა არ აქვს.

– იქიდან რომ ისევ თავის საზღვრებთან მიიყვანონ რუსეთი, რა ხეირი აქვთ უკრაინასა და დასავლეთს? ის, რომ უკრაინა „ნატოში“ გაწევრიანდება?

– მეტსაც გეტყვით, რუსეთის სტრატეგიული მარცხია, კიევი რომ ვერ აიღო და ნახევარი უკრაინა ვერ წაიღო. მეორე, კონტრშეტევის შემდეგ თუ უკრაინა შეძლებს, უკუაგდოს რუსეთის ფედერალური ძალები იმ პოზიციამდე, სადაც ისინი ომამდე იყვნენ, უკვე გამარჯვებულია.

– ცხადია, იმიტომ რომ რუსეთი დაესხა თავს, სხვა რამ ვიკითხე.

– შედეგზე ვამბობ. ომამდე არსებულ პოზიციებამდე რომ დააბრუნოს რუსეთის ჯარი, შეიძლება, ითქვას, რომ უკრაინამ გაიმარჯვა დასავლური ინვესტიციების, დახმარებისა და შეიარაღების ხარჯზე. ეს დასავლეთს საშუალებას მისცემს, უფრო დაამძიმონ სანქციები; მათ მოხსნაზე ლაპარაკიც ზედმეტია და გადაერთონ რუსეთში შიდა პოლიტიკური პროცესების გააქტიურებაზე. უკვე 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა რუსეთი ომის გამო და იმიტომ, რომ რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ. უახლოეს ისტორიაში პირველადაა შემთხვევა, როდესაც საქართველოს აქვს შანსი, მასშტაბური ნგრევებისა და დიდი სისხლის ღვრის გარეშე შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა. უკრაინა და საქართველო იქნებიან ევროკავშირის წევრებიც და „ნატოშიც“ გაწევრიანებაც 90 პროცენტით რეალური გახდა. არავინ იცის, რას მოიმოქმედებს რუსეთი ამ შემთხვევაში, თუმცა დასავლეთი მზად არის, მოიგერიოს რუსეთის ბირთვული შეტევაც კი და ამ კამპანიის სათავეში დგას ინგლისი და არა – ამერიკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...