პოლიტიკა

„რკინის ფარდის“ დეჟავუ

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 07.07

ამბები
დაკოპირებულია

ანუ საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს...

იმის პარალელურად, რომ ბალტიისპირეთიდან ევროდეპუტატები ერთობ მოცლილების შთაბეჭდილებას ტოვებენ, იმ მარტივი მიზეზით, რომ დღენიადაგ საქართველოს საკითხს განიხილავენ და ხან რას მოითხოვენ და ხან – რას (პათოსით: ამას დახვრეტა, იმას ჩამოხრჩობა), რაკი „ნატოს“ წევრები ბრძანდებიან, როგორც The Telegraph გვაუწყებს, „ნატოს“ ხუთი ქვეყანა მზადაა, ევროპაში ახალი „რკინის ფარდის“ შესაქმნელად, სახელდობრ, რუსეთთან საზღვრის გასწვრივ ტერიტორიები დასანაღმად (თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე ომები სულ სხვა ტექნოლოგიებით იმართება და მიმდინარეობს, სიმართლე გითხრათ, ვერ ვიგებ ამ გადაწყვეტილების მოტივს).

მაგრამ, მე ვერ ვიგებ თუ სხვა იგებს, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი აქტიურად ემზადებიან რუსეთისგან თავის დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ რფ არ აპირებს არავისზე თავდასხმას – ცხადია, უკრაინისა და, სავარაუდოდ, იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა, რომლებიც დასავლეთისკენ მიიწევენ.

მოკლედ, ზემონახსენებმა ხუთმა სახელმწიფომ უკვე გვაუწყა, რომ ოტავის კონვენციიდან გასვლას აპირებენ. რატომ? იმიტომ რომ ოტავის კონვენცია კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას, ისინი კი აპირებენ. მართალია, ნაკლებად სავარაუდო მგონია, რფ თავს დაესხას ამ ხუთიდან რომელიმეს (მათ ხომ „ნატოს“ მეხუთე მუხლი იცავს, რომლისადმი ერთგულებაც ნატოელებმა „ნატოს“ ბოლო – ჰააგის სამიტზე დაადასტურეს ერთხმად და გულმხურვალედ?!), ყოველ შემთხვევაში, ტანკებით, მაგრამ, ვფიქრობ, ნათელი ხდება, რატომ აქტიურობს საქართველოსთვის სანქციების დაწესებასა და უვიზო მიმოსვლის გაუქმების საქმეში ზემოხსენებული ხუთიდან ოთხი განსაკუთრებით (ანუ ფინეთის გამოკლებით).

ბუნებრივია, მათ ურჩევნიათ, ჩვენ შეველეწოთ, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ამ მზის ქვეშ რამდენიმეათასწლიანმა ყიალმა დაგვასწავლა, რომ, თუმცა მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს – ასე განსაჯეთ – კარგისა მამაცისგანაც კი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა