პოლიტიკა

რით ჰგავს ევროკავშირის სისტემა საბჭოთა კავშირს და რატომ არის ამ ეტაპზე ევროკავშირისთვის საქართველოს გაწევრიანება მძიმე ტვირთის აკიდება

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 11.09

ლია ელიავა
დაკოპირებულია

ყველას მოგვისმენია და წაგვიკითხავს ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნებში პენსიებისა და ხელფასების ოდენობების შესახებ, ბუნებრივია, იმის საჩვენებლად, თუ რაოდენ დაბალია პენსიები და ხელფასები საქართველოში. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ნიშნავს, თუმცა იმავე ევროკავშირის ქვეყანაა რუმინეთი, რომელიც დიდად ვერ დაიკვეხნის ცხოვრების მაღალი დონით. შეესაბამება თუ არა ევროკავშირის წევრობა და ის მოლოდინები, რაც საქართველოს მოსახლეობას აქვს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ? - ამ თემაზე ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა გვესაუბრება.

– ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების სოციალურ მხარეზე. ევროკავშირში გაწევრიანება გულისხმობს საშუალო ხელფასისა და პენსიების ევროკავშირის ქვეყნების დონემდე გაზრდას?

– სამწუხაროდ, საქართველოს სივრცეში იმის შესახებ, თუ რა სარგებელი მოაქვს ევროკავშირს ჩვენისთანა მცირე ქვეყნისთვის, არ საუბრობენ. ამ საკითხის შესახებ არ მსჯელობენ ექსპერტების, სამთავრობო თუ ოპოზიციის დონეზე, ამიტომ მოსახლეობას არ აქვს დანამდვილებითი ინფორმაცია, კარგია თუ ცუდი საქართველოსთვის ევროკავშირი. დავიწყოთ იმით, რომ ევროკავშირის წევრობა ჩვენისთანა მცირე ქვეყნისთვის ნიშნავს ცხოვრებას დოტაციაზე. თუ ევროკავშირში მიგვიღეს, გამოგვიყოფენ გარკვეულ თანხას, ჩვენი ტერიტორიის, მოსახლეობისა და შემოსავლების მიხედვით, იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკის დონე თანდათანობით გაუთანაბრდეს ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკის დონეს. ავიღოთ ესტონეთის მაგალითი: ჩვენნაირად მცირე და ეკონომიკის არმქონე ქვეყანაა. უკვე 20 წელია, რაც ევროკავშირის წევრია და მათ, იმას გარდა, რომ ბევრი წარმოება გაუქრა, მათი ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის ცხოვრების დონეს, მათ შორის, პენსიებითაც. ხოლო ფასები ევროკავშირში გაწევრიანებისთანავე გაუთანაბრდა ევროკავშირის ქვეყნების ფასებს.

– ფასები მაშინვე რატომ თანაბრდება? ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ ერთი და იგივე საქონელი ყველგან ერთი ფასი ღირდეს?

– როდესაც მცირე ქვეყნები წევრიანდებიან ევროკავშირში, მათ ეუბნებიან, თქვენ თავი არ მოგიკლავთ წარმოების განვითარებაზე, ჩვენ ყველაფერს შემოგიზიდავთ ქვეყანაში და მათ ყველაფერი შემოაქვთ თავიანთი ფასებით. შესაბამისად, უცხო ქვეყნის იმპორტი მკვეთრად იკლებს ქვეყანაში და იმპორტი, ძირითადად, ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, რაც ფასების ზრდას იწვევს. ეს ბუნებრივი პროცესია და ყველა ქვეყანამ გაიარა. ფასების ზრდას, სამწუხაროდ, არ მოჰყვება მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. ეს ისევ სახელმწიფოს, მთავრობის საზრუნავია და, ამდენად, საკმაოდ მნიშვნელოვანი დისბალანსი ნარჩუნდება, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითით ჩანს, საკმაოდ დიდხანს. ასე რომ, ვერ ვიტყვით, ხელფასები და პენსიები გაიზრდება, ისევე, როგორც სოციალური გასაცემლები.

– როდესაც გამოკვეთთ მცირე ქვეყნებს, ეს ნიშნავს, რომ ორგვარი მიდგომაა მცირე და დიდი ზომის ქვეყნებისადმი თუ სხვა ნიშნითაა გრადაცია?

– ევროკავშირს აქვს სტანდარტები, რომლებითაც ისინი აფინანსებენ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას. ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარების დონე, ტერიტორია... ძირითადად, ისინი აფინანსებენ გარემოს დაცვას, ეკოლოგიას. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეხმარებიან სოფლის მეურნეობასაც. ეს არის ინვესტიციები, რომლებსაც, მაგალითად, საქართველო ვერ იზიდავს იმ მოცულობითა და რაოდენობით, რაც გაუთანაბრდებოდა ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში მოსალოდნელ ინვესტიციებს. გარდა იმისა, რომ ევროკავშირი აფინანსებს ქვეყნებს, ის აქცენტს აკეთებს არა მარტო იმაზე, რომ გაათანაბროს ეკონომიკის დონე, არამედ სხვა პოლიტიკური მიზნებითაც ხელმძღვანელობს. მაგალითად, პორტუგალიას, ესპანეთს, საბერძნეთს აფინანსებდა საკმაოდ კარგად, ვიდრე, ვთქვათ, აღმოსავლეთ ევროპის ახლად მიღებულ წევრებს. ამის მიზეზია ევროკავშირის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინება. მაგალითად, ეკონომიკური ასპექტი შეიძლება, იმით გამოიხატებოდეს, რომ ქვეყანაში იმ წარმოებას, რომელიც მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევს ევროკავშირის ქვეყნების ანალოგიურ წარმოებებს, ხურავენ, ჩვენ დაგაფინანსებთ ცოტათი და ამ პროდუქციას მიიღებთ ჩვენგან, ასეთი მიდგომაა. მაგრამ არის საწარმოები, რომელთა პროდუქცია ევროკავშირის ეკონომიკას სჭირდება, ამ შემთხვევაში, ის უფრო დიდ თანხას დებს ასეთი წარმოების განვითარებისთვის. ანუ სურვილი იმისა, რომ საქართველო გახდეს მდიდარი ქვეყანა, არავის აქვს. ისინი ყოველთვის იმას უყურებენ, თუ რა სარგებელს მოუტანს მათ ესა თუ ის ქვეყანა, თუ მას გააწევრიანებენ, იმიტომ რომ ნებისმიერი გაწევრიანება ევროკავშირისთვის არის ხარჯი, რომელსაც ის მუდმივად გასწევს ხოლმე. ამიტომაც ჰყავს ევროკავშირს წევრი წვრილ-წვრილი ქვეყნები, რომლებსაც განულებული აქვთ საკუთარი პროდუქციის წარმოება. რაღაცაში რომ იხდი ფულს, უნდა გქონდეს ამ ფულის გადახდის ინტერესი. ერთ მაგალითს მოგიტანთ: იცით, რომ პოლიტიკური მოსაზრებების გამო უნგრეთის პრემიერს საკმაოდ ხისტი პოზიცია ჰქონდა და მისი ეს ხისტი პოზიცია მოტეხეს იმით, რომ შეუჩერეს 9 მილიარდი, რომელიც ევროკავშირს უნგრეთისთვის უნდა მიეცა; თუ არ იქნები დამჯერე, ფულს არ გადაგიხდითო. მოტეხეს უნგრეთის პრემიერი და უნგრეთს მისცეს 9 მილიარდი ევრო.

– საბჭოეთის დაშლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისე იყო განაწილებული ერთი ტიპის წარმოებები რესპუბლიკებს შორის, რომ ისინი ცალ-ცალკე მას ვერ აამუშავებდნენ. საერთო სისტემაში იყო ჩართული და, ამდენად, იყო უსარგებლო. ამას ჰგავს?

– აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის სისტემაა. უფრო ფედერაციას დავარქმევდი, როდესაც შენ, როგორც ქვეყანას, გეკარგება პოლიტიკური, ეკონომიკური დამოუკიდებლობა და სრულად ხარ დამოკიდებული ევროკავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე. მეორე მომენტი არის პირობების წყება, რომლებსაც აყენებს ევროკავშირი გასაწევრიანებელი ქვეყნების წინაშე და ყველაზე მნიშვნელოვანია კანონმდებლობა. ანუ შენი კანონმდებლობა ჰარმონიზებული უნდა იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან და თუ რამე განსხვავებული გაქვს, შენი კანონმდებლობა მეორეხარისხოვანია და უპირატესია ევროკავშირის კანონმდებლობა. აქ ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს, რაც უკავშირდება სექსუალური ორიენტაციის საკითხებს. იცით საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ამისადმი.

– მე სულ ამას ვკითხულობ, თუ აქ ვინმეს ვინმე მოეწონა, განურჩევლად სქესისა, ხომ უნდა ჰქონდეს დაქორწინების უფლებაც? და მეუბნებიან, ცდებიო.

– რა თქმა უნდა, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის მეტი წილისთვის ეს თემა მიუღებელია, ჩვენი გაწევრიანების საკითხი გადაიწევს. ამასთანავე, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა არ წევრიანდება ევროკავშირში, რათა დაიცვას თავისი ეკონომიკა. დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან, რასაც დიდ ბრიტანეთში დიდი ზარ-ზეიმი მოჰყვა, მეტყველებს იმაზე, რომ ზეგავლენის ასეთი სტილი ბევრს არ მოსწონს. ამას გარდა, ევროკავშირის ეკონომიკას ამ ორი წლის განმავლობაში შეექმნა სერიოზული პრობლემები. ეს უკავშირდება საომარი მოქმედებებით გამოწვეულ უზარმაზარ ხარჯს; ეკონომიკის ვარდნას, რაც განსაკუთრებით, იგრძნობა გერმანიაში, რომელიც ევროკავშირის მცირე-მცირე ქვეყნების ძირითადი დამფინანსებელი იყო. დღეს გერმანიის ეკონომიკა მოიკოჭლებს. ამიტომ პერსპექტივა იმისა, რომ ახლად მიღებულ ქვეყანას ფულს დააყრიან თავზე, არიქა, განვითარდი და ბედნიერი იყავიო, ნაკლებად სავარაუდოა. თუ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, მოიზიდოს ინვესტიციები, ეს იქნება ევროკავშირში გაწევრიანების ძალიან კარგი საპირწონე, რაც ეკონომიკას წინ წასწევს. ოღონდ არ ვგულისხმობ ისეთ ინვესტიციებს, რომელთა 90-95 პროცენტი ერთ წელიწადში, ლამის მაშინვე, გადის ქვეყნიდან, არამედ ვგულისხმობ ინვესტიციებს რეალურ სექტორში, რომლებიც აქ დარჩება წლების განმავლობაში და შექმნის სამუშაო ადგილებს. სწორედ სამუშაო ადგილების შექმნა უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას, რომ საქართველოში არ ისწრაფვოდნენ საჯარო სამსახურისკენ, რაკი ეს სტაბილური შემოსავლის წყაროა, არამედ გაჩნდეს წვრილი და საშუ aლო მეწარმეების დიდი ფენა, რომლებიც საკუთარ თავსაც არჩენენ და სამუშაო ადგილებს შექმნიან. ანუ საქართველოში რეალური ინვესტიციების მოზიდვა შეიძლება, გახდეს ევროკავშირში გაწევრიანების საპირწონე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოს მოსახლეობის მოლოდინი – ერთ ან ხუთ წელიწადში მიგვიღებენ ევროკავშირშიო, სამწუხაროდ, არის არარეალური. საქართველოს, როგორც ტვირთის, აკიდება ევროკავშირისთვის საკმაოდ პრობლემურია და, ამდენად, იმის იმედი, რომ რაღაც სწრაფად მოხდება და საქართველო უცებ აყვავდება, ფუჭი იმედია.

– როდესაც ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი ამბობს, რომ მოლდოვამ და უკრაინამ წინ წაიწიეს ევროკავშირთან დასაახლოებლად, ვიდრე საქართველომ, რა გათვლაა, რომ მოლდოვასა და უკრაინაში საქართველოს მოსახლეობაზე ნაკლებად ინფორმირებული მოსახლეობაა?

– ვახსენე, რომ ევროკავშირს აქვს არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მიზნებიც. პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, უკრაინა და მოლდოვა გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. იცით, რომ მოლდოვას ნელ-ნელა რუმინეთი ჩაყლაპავს.

– დიდი ეჭვი მაქვს, რომ დნესტრისპირეთისა და გაგაუზიის ავტონომიების გარეშე.

– გაგაუზიას მოტეხავენ, ალბათ, მაგრამ დნესტრისპირეთის რუსეთის პროტექტორატი ყელში აქვთ გაჩხერილი. თუმცა, სავარაუდოდ, მაგასაც მოუვლიან. ერთი სიტყვით, აქ პოლიტიკური ინტერესებია. ხოლო უკრაინა უმდიდრესი ქვეყანაა, თავისი მრავალრიცხოვანი წიაღისეულით, უნიკალური მიწით. შავმიწანიადაგიანი ქვეყანაა, შავმიწა ნიადაგი კი ძალიან ცოტაა მსოფლიოში. უკრაინა საოცრად მდიდარია და მისი წველაც შეიძლება საკმაოდ ინტენსიურად. ამდენად, აქ სულ სხვა ინტერესები დევს. რაც შეეხება მზადყოფნასა და პირობებს: ეს გამორიცხეთ, თუმცა უკრაინაში მიიღეს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების შესახებ კანონი. ანუ ისინიც ცდილობენ, რომ რაღაცნაირად თავი გადაირჩინონ. ასე რომ, საუბარი, მსჯელობა ევროკავშირში გაწევრიანების სარგებელზე ჩვენნაირი მცირე ქვეყნისთვის საჭიროა. მარტო ლოზუნგები, რომ ევროკავშირის წევრობა კარგია და იქ ჩვენ ავშენდებით, არ კმარა. ხალხს უნდა ავუხსნათ, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება, ჰქონდეს ამ პროცესებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა