რით ჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ემზადება რევანშისთვის დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 27.11
იმ მარტივი მიზეზით, რომ ყველას კარგად გვახსოვს აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც კანდიდატი ტრამპი პუტინის კაცად მოინათლა და მის სასარგებლოდ ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევა დასახელდა, ამის შემდეგ კაპიტოლიუმის შტურმი, რის გამოც აშშ-ის მოქალაქეები დღემდე იხდიან სასჯელს; წინასაარჩევნოდ დონალდ ტრამპის სასამართლოში დაბარებები და მისთვის, მათ შორის, თეთრი სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების გატანის ბრალდება, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკითურთ; მაგრამ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა არა მხოლოდ გაიმარჯვა, არამედ ამერიკული დემოკრატიისთვის სახისა და ძველი დიდების შენარჩუნების ინსტრუმენტად იქცა. რას უკავშირდება ეს სახეცვლილება? – ამ თემაზე მამუკა არეშიძეს ვთხოვეთ აზრის გაზიარება.
– ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს მსოფლიოს მმართველების ერთგვარი დიდი ამერიკული სპეცოპერაცია იყო, რატომ გახდნენ იძულებული, რომ ტრამპის ფიგურა ეღიარებინათ და მას გაემარჯვა?
– ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა შეენარჩუნებინა ის ტრენდი, რომელიც არის ჯერ კიდევ ვუდრო ვილსონისა და მისი წინა მთავრობის პრეზიდენტ ტეფტის მიერ საფუძველჩაყრილი და შექმნილი: იგულისხმება მსოფლიოზე ეკონომიკურ-პოლიტიკური პატრონობის ფორმატი, ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოს მართვის ფორმატი. ბაიდენისა და ობამას ადმინისტრაციებმა, ანუ „დემოკრატებმა“, ამ მხრივ, სერიოზულად დაიხიეს უკან. შესაბამისად, პირველი ვერსიაა, რომ არ არის გამორიცხული, პოლიტიკური ძალების ცენტრმა, რომლებიც არსებობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და პოლიტიკურ კლიმატს ქმნიან, გადაწყვიტეს, მიეცათ საშუალება „რესპუბლიკელებისთვის“, რომ მათ საკუთარი შესაძლებლობები ეჩვენებინათ. ყოველ შემთხვევაში, ტრამპისთვის მაინც, ვინც ბევრად უფრო ქარიზმატული პიროვნებაა, ვიდრე მისი კონკურენტები და, ამასთან, მისთვის ხელის შეწმენდაც ბევრად უფრო მარტივია. ეს ვერსიაც არსებობს, რადგან ჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რევანშისთვის ემზადება.
– ვის წინააღმდეგ?
– ჩავთვალოთ, დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ. დღეს აღარ არის ისეთი ვითარება, როგორც ცივი ომის პერიოდში იყო, როდესაც მსოფლიო გაყოფილი იყო ძალის ორ ცენტრად: საბჭოთა კავშირი და მისი მოკაშირეები და ამერიკის შეერთებული შტატები და „ნატო“. აღარ არის, იმიტომ რომ უამრავი პოლიტიკური ძალის ცენტრი გაჩნდა. ზოგიერთი – რეგიონული მასშტაბის, ზოგიერთი – მსოფლიო მასშტაბის, მაგალითად, როგორებიცაა ჩინეთისა და ინდოეთის მზარდი ეკონომიკები; ცალკეა არაბული სამყარო, რომელიც ფინანსური შემოსავლებიდან გამომდინარე, ძალიან გაიმართა წელში და გაუჩნდა პოლიტიკური ამბიციები. ან რომელი ერთი ჩამოვთვალო: ბრაზილია – ლათინურ ამერიკაში და ასე შემდეგ. თან, ამერიკის შეერთებული შტატების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო, რომ მასზე მუდმივად ყოფილიყო მიბმული დანარჩენი ევროპა. ამერიკისთვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო გერმანიისა და საფრანგეთის სავარაუდო დამოუკიდებელი პოლიტიკა. საერთოდ, გერმანიისადმი უნდობლობის ფაქტორი ანგლოსაქსურ სამყაროში სულ მუშაობს და ყოველთვის იდგმებოდა შესაბამისი ნაბიჯები. ერთი სიტყვით ბევრი ფაქტორია, რომლებმაც ამერიკის შეერთებული შტატები აიძულა, გადაეხედა საკუთარი პოლიტიკისთვის, რომელიც ხშირად არაეფექტიანი აღმოჩნდა.
– კარგი და ცუდი პოლიციელის პრინციპიც ხომ არ ამუშავდა? ვიღაცას ხომ უნდა შეეწმინდოს ხელი და ამისთვის იდეალურია ტრამპი: გადასაწყვეტია უკრაინის ომის პრობლემა, ისრაელის საკითხი.
– ეს ვერსია ვთქვი სწორედ.
– და ტრამპიც თანახმაა.
– ტრამპის თანხმობაზე დარწმუნებული არ ვარ, იმიტომ რომ ტრამპი საკმაოდ რთული პიროვნებაა. უადგილო სიჯიუტეც ახასიათებს. ამდენად, როგორი სამართავი იქნება, ამის თქმა გამიჭირდება. დღევანდელ დასავლურ სინამდვილეში საჭირონი არიან პიროვნებები, რომლებიც იოლად იმართებიან კონკრეტული ძალის ცენტრების მიერ. არ ვგულისხმობ მასონებს ან ვინმე სხვას, უბრალოდ, ვამბობ, რომ არსებობს ძლიერი საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც პოლიტიკას ქმნიან საიმისოდ, რომ მოხერხებული იყოს მათთვის სიტუაციის მართვა. ფაქტია, როდესაც იყენებენ ტერმინ „გლობალური ომის პარტიას“, უმეტესწილად არც ტერმინის მომხმარებლებმა იციან, რას ნიშნავს ის და არც მათმა მოწინააღმდეგეებმა, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს არის კრებითი სახელი იმ ინსტიტუტების, რომლებიც, თავიანთი ეკონომიკური მოგებიდან გამომდინარე, ქმნიან პოლიტიკას და მართავენ დანარჩენ სამყაროს. ეს არის ის ტენდენცია, რომელიც დაიბადა პრეზიდენტ ტეფტის მმართველობისას 1900-ან წლებში. მაშინ, როდესაც სამხედრო ძალის გამოყენების მიღმა მთავარი ფუნქცია ენიჭებოდა ეკონომიკურ ნაბიჯებს, დოლარის ფაქტორს. ფედერალური სარეზერვო ფონდის შექმნამ გამოიწვია ის, რომ დოლარი გახდა დომინანტი ვალუტა მსოფლიოში და პირობითად, დოლარის მეშვეობით იმართებოდა დანარჩენი ეკონომიკები.
– თან, ამ დოლარს, რომელსაც ბეჭდავს ფედერალური სარეზერვო ფონდი, კერძო ორგანიზაცია, ვერ აკონტროლებს ამერიკის ვერც მთავრობა და ვერც პრეზიდენტი.
– დიახ, ნაკლებად აკონტროლებს. სულ მახსენდება ასეთი ფაქტი: პირველ მსოფლიო ომში ამერიკამ, საერთო ჯამში, იბრძოლა, ალბათ, ექვსი თვე, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს დალაგების სათავეში იდგა ამერიკის პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი. მაშინდელი ევროპელი ლიდერები, ფაქტობრივად, შეურიგდნენ აზრს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ახალი მოთამაშეა მსოფლიო ასპარეზზე, მოთამაშე, რომელსაც ეკუთვნის თავმჯდომარის სავარძელი და ასე გრძელდებოდა დღემდე. დოლარისა და ეკონომიკური აქტივობების მეშვეობით ამერიკის შეერთებული შტატები მართავს დანარჩენ მსოფლიოს. ყოველ შემთხვევაში, თავის პრობლემებსაც აგვარებს და ცდილობს, რომ არც დამატებითი პრობლემები შეექმნას. მოქმედების ზუსტად იგივე ფორმა გადაიღო ჩინეთის დღევანდელმა ხელისუფალმა. არც ისინი ცდილობენ, გამოიყენონ ძალა ან პოლიტიკური ზეწოლა, მათი მთავარი არგუმენტია ეკონომიკური ექსპანსია. და დასავლურ, ამერიკულ ექსპანსიას ხიფათი ზუსტად იმის გამო შეექმნა, რომ მოქმედება ხდებოდა ინერციით და არა ინოვაციებით. შესაბამისად, მიიღეს ის შედეგი, რომ ბევრ ადგილას ამერიკის ჰეგემონიის პრინციპები შეირყა. ამას დაემატა, რომ არაეფექტიანი გახდა სამხედრო ძალის გამოყენება. ეს არაპოპულარული აღმოჩნდა როგორც საკუთრივ ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ და, საბოლოოდ, პოლიტიკური სურათი გაიდღვიბა, რომლის მთავარი შემოქმედები იყვნენ „დემოკრატები“. ახლა საჭიროა ისეთი ფიგურა, რომელსაც ნაწილობრივ ხელი შეეწმინდება, მაგრამ, რომელიც ნაწილობრივ მოახერხებს ავგიას თვალების გაწმენდას. მეორე საკითხია, რის და რა ტიპის დანაკარგების ხარჯზე. ამ შემთხვევაში შეიძლება, ტრამპს შეაწმინდონ ხელი, რომ ცუდად მოქმედებდა, მაგრამ შედეგი აუცილებელია: მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონიას სერიოზული პრობლემები შეექმნა და ამისთვის ხდება ეს ყველაფერი.
– ვფიქრობ, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ევროკავშირს დიდი პრობლემები შეექმნება, მაგრამ, ამის მიუხედავადაც, ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი იცლის, აქ ჩამოვიდეს და მოგვიწოდონ ლამის სახელმწიფო გადატრიალება. ესეც მსოფლიო ელიტების ჭიდილის გამოძახილია, თუ საქმე არ აქვთ?
– ბევრი ფაქტორი მუშაობს. მაგალითად, საკუთარი თავის პიარი, მაგალითად, როთისთვის ეს არის მისი პოლიტიკური კარიერის ზეობის მომენტი: მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ ის იბრძვის დემოკრატიისთვის ერთ შორეულ ქვეყანაში, რომელსაც ევროპისკენ სვლა უნდა და გამოდის, რომ საქართველოში ევროპულ ფასეულობებს მხოლოდ როთი ინახავს მთელი დასავლეთის სამარცხვინოდ. რასაკვირველია, ისიც არის, რომ ის კოალიცია, რომელიც დღეს გერმანიის სათავეშია, ბოლო დღეებს ითვლის. ვერაფერი გააკეთეს და ვერც ვერაფერს გააკეთებენ, იმიტომ რომ არ აქვთ გერმანიაზე მორგებული პოლიტიკა. დღევანდელი კანცლერი უფრო ევროკავშირის პოლიტიკური მოღვაწეა, ვიდრე გერმანიის. ამაზე გერმანიის მოსახლეობა ლაპარაკობს. იქ გააფთრებული ბრძოლაა კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის, რომელსაც წარმოადგენენ „მწვანეები“ და „სოციალ-დემოკრატები.“ კონსერვატორებს კი წარმოადგენენ ლატიფუნდისტები. ესენი არიან ძველი არისტოკრატიული გვარების წარმომადგენლები, რომლებიც გერმანიაში ძალიან დიდ მიწებს ფლობენ და მათ გარშემო თავმოყრილნი არიან კონსერვატიული განწყობის ადამიანები. იქ გააფთრებული ბრძოლაა და ზუსტად იმიტომ, გერმანია გადავარჩინოთო. მას შემდეგ, რაც გერმანიაში შეწყდა რუსული იაფი გაზის მიწოდება, გერმანიის ეკონომიკა ყოველდღიურად უკან-უკან მიდის, ქარხნები იკეტება და კიდევ ბევრი დაიკეტება. ამას პროგნოზირებენ ადგილობრივი ეკონომისტები. ეს იმ ხელისუფლებების ბრალია, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ მიეჩვიათ გერმანული წარმოება იაფი რუსული გაზისთვის და, შესაბამისად, ყველაფერი აწყობილი ყოფილიყო ამ დაბალ ფასებზე. ეს მდგომარეობა რუსეთისთვისაც მომგებიანი იყო და ახლა, როდესაც რუსულ გაზი აღარ არის, გერმანია მძიმე მდგომარეობაშია. ამდენად, ახლა მოდიან ის პოლიტიკური ელიტები, რომლებიც ოპოზიციაში იყვნენ. იმის თქმა მინდა, რომ აქ ჩამოსული პიროვნებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში თავის გამოჩენა, ბალტიისპირეთიდან იქნებიან ისინი, გერმანიიდან თუ სხვა ქვეყნებიდან და, რასაკვირველია, გარკვეულწილად მიმდინარეობს ბრძოლა იმისთვის, თუ ვინ გააკონტროლებს რეგიონს მთლიანად.
– და ევროკავშირს აქვს ვინმეს კონტროლის თავი?
– არა, მაგრამ ევროკავშირის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არიან, იგივე „სახალხო პარტია“, ატარებენ კონკრეტული ფინანსური ძალის ცენტრების ინტერესებს. ზოგ შემთხვევაში, ისინი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ვერ იცავენ ისე, როგორც იცავენ მათი დამკვეთების ინტერესებს და არაერთი შემთხვევა მინახავს, როდესაც კონკრეტული ევროპული ქვეყნის, ეკონომიკის იქნება თუ ფინანსთა მინისტრი, საყვედურობს ევროდეპუტატებს თავისივე ქვეყნიდან იმის გამო, რომ ისინი თავიანთი ქვეყნის ინტერესებს არ იცავენ. ჰოლანდიის ჯანდაცვის მინისტრის ბოლო გამოსვლაც ამ კონტექსტის იყო: კორონავირუსს უკავშირდებოდა და, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა თავისი გუშინწინდელი, გუშინდელი და დღევანდელი ხელისუფლებები და მიაყოლა მათ ევროკავშირის ხელმძღვანელობაც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან