რის საფუძველზე ვარაუდობს აშშ-ს პრეზიდენტი, რომ 2022-2025 წლებში დედამიწაზე შიმშილობა იქნება და როგორ აისახება ეს იმპორტდამოკიდებულ საქართველოზე
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 13.04, 2022 წელი

ჩვენი ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის არათუ პრიორიტეტი, შემადგენელიც კი არ არის სასურსათო უსაფრთხოება. თუმცა, თავდაპირველად, კოვიდპანდემიამ აჩვენა, რომ სახელმწიფოები მხოლოდ საკუთარი თავის იმედად დარჩნენ, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომმა უპირობოდ დაადასტურა, რომ სასურსათო უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საკითხია. ეს ორი ქვეყანა დედამიწის ხორბლის მარაგის მეოთხედს აწარმოებს, ხოლო ქატოს - მეხუდეთს. უკრაინაში წელს რა მოსავალი იქნება, არავინ იცის, რუსეთმა კი ივნისამდე შეაჩერა ხორბლის ექსპორტი. ამას ემატება რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები, რაც ზოგადადაც დაამძიმებს ეკონომიკურ ვითარებას და, მათ შორის, სურსათის მხრივაც. საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება, მეტიც, საკმაოდ მნიშვნელოვანი საფრთხე გვემუქრება, ვინაიდან იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ. სულ ახლახან აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადა, რომ უახლოეს წლებში დედამიწას შიმშილობა ემუქრება. რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ საქართველოს მოსახლეობა შიმშილს გადაურჩეს? – ამ თემას დარგის საუკეთესო სპეციალისტთან, პაატა კოღუაშვილთან ერთად განვიხილავთ.
– თქვენგან ვიცი, რომ სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის არარსებობა, ადრე თუ გვიან, როდესაც სურსათის დეფიციტი შეიქმნებოდა დედამიწაზე, სერიოზულ პრობლემად გვექცეოდა. ვამაყობთ ჩვენი მიწის ნაყოფიერებით, მაგრამ მივირთმევთ თურქულ პომიდორსა და ირანულ ნიორს. რა შეიძლება, გავაკეთოთ და რას ვაკეთებთ, რომ შიმშილობის ზღვრამდე არ მივიდეთ?
– ამ საკითხის გადაწყვეტა დიდადაა დამოკიდებული ხელისუფლების ჯანსაღ პოლიტიკასა და ნებაზე და ასახული უნდა იყოს იმ სტრატეგიაში, რომელიც მას უნდა ჰქონდეს ქვეყნის სურსათით უზრუნველყოფისთვის. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც საქართველოს აქვს სურსათის წარმოებაში. მსოფლიოში უკვე დიდი ხანია, საუბრობენ, რომ ქვეყნებმა, რომლებსაც აქვთ შესაბამისი მიწის რესურსი, უნდა აწარმოონ სოფლის მეურნეობის პროდუქცია და საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან, ადგილობრივ ხელისუფლებებთან ერთად, მხარი დაუჭირონ ამ პროგრამების განხორციელებას. კოვიდპანდემიამ და, ბოლოს, რუსეთ-უკრაინის საზარელმა ომმა ახალი ამოცანების წინაშე დააყენა მსოფლიო. პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება სასურსათო კრიზისის შესახებ, განსაკუთრებით, მარცვლეულის წარმოებაში და შემდეგ FAO-ს განცხადება, რომ 2022-2025 წლებში დიდი სასურსათო კრიზისი გველის, საქართველოს ხელისუფლებას უნდა აფხიზლებდეს და აიძულებდეს, სხვაგვარად შეხედოს ამ საკითხს. ის ღონისძიებები და სტრატეგია, რაც საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა 2030 წლისთვის სოფლის მეურნეობაში...
– მანამდე რას ვაკეთებთ? ჰაერით ვიკვებებით?
– საქმეც ესაა. ადამიანი ყველაფერს შეელევა: ლამაზ ტანსაცმელს, ქალბატონები – ლამაზ პარფიუმერიას, მანქანას, მაგრამ საკვებს ვერ შეელევიან. 2030 წლამდე ჩვენ ვერ ვიშიმშილებთ. ისედაც მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს დემოგრაფიის, ჯანმრთელობისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
– ჯანმრთელობის პრობლემები დაკავშირებულია კვებასთანაც, მათ შორის.
– თქვენ გამოაქვეყნეთ ჩემი წერილი, რომელშიც ვწერდი, რომ დაავადებების 95 პროცენტი არასწორი კვების შედეგია. სულ მახსენდება ჰიპოკრატეს ცნობილი სიტყვები: საკვები უნდა მივიღოთ, როგორც წამალი და წამალი – როგორც საკვები. ეს უნდა გავითავისოთ, მით უმეტეს, რომ უმდიდრესი სამზარეულო გვაქვს და საინტერესო ის არის, რომ ქართველმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში შექმნა ისეთი საჭმელ-სასმელი, რომელიც უზრუნველყოფს მის სიცოცხლისუნარიანობასა და ჯანმრთელობას. დღეს კი ჩვენს ბავშვებს აქვთ არ მხოლოდ კვების, არამედ გონებრივი ჩამორჩენის პრობლემები. ამიტომ სწორი კვება სჭირდებათ მეძუძურ დედებს, ფეხმძიმე ქალბატონებს, ჩვენ, ფაქტობრივად, ცილანაკლულ ერად გადავიქეცით და ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა გვჭირდება. გადასახედია კვების ნორმები და ხარისხი და ეს უნდა იყოს სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი. ამაზე არაერთხელ დაგვიწერია და შემოგვიკრავს განგაშის ზარი. საქართველოს ბიოპოტენციალი, დავიანგარიშეთ, მათ შორის, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში: 10-12 მილიონი ადამიანის გამოკვების შესაძლებლობა გვაქვს. მაგრამ, დღევანდელი მდგომარეობით, ეს პოტენციალი შემცირებულია 10 მილიონამდე. ჩვენ კი დღეს ვერ ვაკმაყოფილებთ საქართველოში მცხოვრებ 3.7 მილიონ მოსახლეს და ადგილობრივი წარმოების პროდუქცია ჩვენს შიდა ბაზარზე 3-4 თვის განმავლობაში გვყოფნის, დანარჩენი, 80 პროცენტამდე, იმპორტირებული სასურსათო პროდუქტია. საქართველოს მთავრობამ უნდა იფიქროს, რომ ასეთი დამოკიდებულება იმპორტზე დაუშვებელია და იმპორტის წნეხის შემცირების პირდაპირი ბერკეტი არის მარცვლეულის წარმოება. სასურსათო უსაფრთხოების ორი კრიტერიუმი არსებობს და ორივე დაკავშირებულია ხორბალთან: ხორბლის წარმოების საერთო მაჩვენებელსა და ხორბლის წარმოებაზე მოსახლეობის ერთ სულზე.
– იმიტომ რომ პური ძირითადი პროდუქტია?
– სასურსათო კალათაში, რასაც მოიხმარს ჩვენი მოსახლეობა, პურს უჭირავს 60-62 პროცენტი, რაც კატასტროფული მაჩვენებელია, სიღარიბის მაჩვენებელია. პურის წილი ნორმალურ ქვეყნებში 12 პროცენტია, მაქსიმუმ, უნდა იყოს 15 პროცენტი. ძალიან მნიშვნელოვანია კვებისას მრავლფეროვნება. იმიტომ რომ მხოლოდ პურის ჭამით ადამიანი შეიძლება, მოკვდეს, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვერ ვიღებთ მაღალი ხარისხის ფქვილისგან დამზადებულ პურს. რატომ მოვიხმართ ამდენ პურს? იმიტომ რომ ადამიანი დაბალი ხარისხისა და იაფფასიან პურს თავისუფლად იმეტებს საოჯახო მეურნეობაში ქათმებისა და ღორებისთვის. როდესაც პური იქნება მაღალი ხარისხის და მას ექნება შესაბამისი ფასი, ადამიანი ვერ გაიმეტებს მეფრინველეობისა და მეღორეობისთვის. საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კუჭ-ნაწლავის დაავადებები აქვს და ამის მიზეზია დაბალი ხარისხის ფქვილით გამომცხვარი პური. პური, ჩაი, კარტოფილი, ლობიო - ესაა ძირითადი პროდუქტები, რომლებსაც დღეს მოსახლეობა მოიხმარს. ბავშვებს კი სჭირდებათ სხვა კვება. ამაზე სერიოზული კვლევები ჩატარდა და ისინი მე გამოვაქვეყნე. ბავშვებს ძალ-ღონე არ აქვთ. ამდენად, უპირველესად, უნდა ვიფიქროთ ხორბლის მოკლევადიან, სამწლიან პროგრამაზე. წელს, საშემოდგომოდ, ხორბალი, დაახლოებით, 80 000 ჰექტარზე უნდა დაითესოს. ამისთვის სათესლე ხორბალი უნდა ვთხოვოთ ჩვენს დიდ მეგობრებს, მოკავშირეებს: შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, ევროპაში ხორბლისა და მარცვლეულის ყველაზე დიდ მწარმოებელს – გერმანიას. ჩვენ სათესლედ გვჭირდება, დაახლოებით, 6 000-8 000 ტონა მაღალი რეპროდუქციის ხორბალი. რაც მთავარია, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა აღადგინოს მარცვლეულთა ჯიშთა გამოცდის სამსახური, რომელიც მან გააუქმა. მთელი მაქინაციებია იმ მიწის ფართობების გამო, რომელიც ამ სტრუქტურას ჰქონდა. ეს სახელმწიფო ორგანიზაცია იყო. ეს ისტორიული ორგანიზაციაა, რომელიც არსებობს ყველა ქვეყანაში და ხაზგასმითაა მითითებული ასოცირების ხელშეკრულებაში, რომ ასეთი სტრუქტურა უნდა იყოს საქართველოში. მისი გაუქმება მავნებლობა და უცოდინარობაა.
– ძირითადი აქცენტი გვაქვს ხორბალზე, როგორც მივხვდი. ახლა რომ დავიწყოთ ამ მიმართულებით მუშაობა, შიმშილობის პრობლემას დავძლევთ?
– 2022 წლის საშემოდგომო სამუშაოებისთვის უნდა დავიწყოთ მზადება, წელს ხორბალი უნდა დაითესოს 80 000 ჰექტარზე! ნაცვლად იმ 50 000-სა, რაც ითესება. მინიმუმ, 30 000 ჰექტარზე უნდა დაითესოს ქერი; 80 000 ჰექტარზე – სიმინდი. ახლა ესაა ჩვენი ამოცანა, შემდეგ უნდა ვიფიქროთ საგაზაფხულო სამუშაოებზე და ივლისის თვეში უნდა მივიღოთ მოსავალი. ხორბალში, ჰექტარზე, მინიმუმ, 2.8-3 ტონა უნდა იყოს მოსავლიანობა, რომ ის მომგებიანი გახდეს და არა ის მაჩვენებლები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამაა შესამუშავებელი და ის უკვე შემუშავებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. ამის შესახებ იცის საქართველოს მთავრობამაც. მაგრამ სამინისტროს აქვს არასწორი პოლიტიკა, მისი ხედვა სოფლის მეურნეობის კულტურათა მიმართ არის უვარგისი.
– მხოლოდ პური და მჭადი ხომ არ გვეყოფა?
– გაქვს ხორბალი? გაქვს ხორცი! გაქვს ხორბალი? გაქვს კვერცხი! გაქვს ხორბალი? გაქვს უამრავი რამ. ხორბალი საფუძველთა საფუძველია. ამას მიჰყვება მეცხოველეობის განვითარება. ორი სახელმწიფო პროგრამაა შესამუშავებელი ქვეყანაში: ესაა მარცვლეულისა და მეცხოველეობის დაჩქარებული განვითარების. ტყუილად ხომ არ გაგახსენეთ ილია ჭავჭავაძის სიტყვები?! „საქართველოს მთაში მეცხოველეობის განვითარება, მოსახლეობის დამაგრება-განვითარებისა და თავდაცვის უპირველესი საფუძველია“. ეს 170 წლის წინათაა ნათქვამი. ჩვენს მოშიშვლებულ სასაზღვრო ზოლში პირუტყვმა მესაზღვრის როლიც უნდა შეასრულოს იმავდროულად. საძოვრების პრივატიზაცია წარმოუდგენელი შეცდომაა. ამიტომ გამოსავალი ერთადერთია: სოფელი უნდა გავხადოთ სამართალსუბიექტი და გადავცეთ ეს ტერიტორიები მუდმივ მფლობელობაში უსასყიდლოდ. საქართველოს მთიანეთი ისტორიულად განსხვავებული წესით რეგულირდებოდა. ეს უბატონო ტერიტორიული თემები იყო. ჩვენ გვაქვს სოფლები, სადაც ერთი ძროხა არ დადის! ეს წარმოუდგენელი რამაა. დღეს ქართულ სოფლებს სტატუსი არ გააჩნია, უბრალოდ აბრებია, რომლებზეც წერია სახელები. არის ტერიტორიული ერთეული? არა. ჰყავს ადგილობრივი თვითმმართველობა? არა! აბა, რა არის?! დასახლება, მეტი არაფერი! თუ სოფელი გაქრება, ნორმალური სოფლის მეურნეობაც არ შეგვრჩება, ამიტომ იქ საჭიროა, ისეთივე სოციალურ-კულტურული განვითარება, რაც კეთდება ქალაქში. ამათ ჰგონიათ, რომ სოფელში ვინც ცხოვრობს, ყველა სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. სოფელში ცხოვრობს ექიმი, მასწავლებელი, პოლიციელი, კულტურის მუშაკი, კავშირგაბმულობის მუშაკი, მძღოლი, მელიორატორი, ინჟინერი. სოფლის მეურნეობის მუშაკია ის, ვინც თიბავს, თესავს, საქონელს ამრავლებს, წველის... ისევ ხორბალს რომ დავუბრუნდეთ: უნდა შევეცადოთ, რომ შემოვიტანოთ ხორბალი და არა ფქვილი, რომ გაჩერებული წისქვილკომბინატები ამუშავდეს. ეს ეროვნული საგანძურია; 25 000 ადამიანის დასაქმების ადგილია, ქატოს წყაროა, მეცხოველეობის განვითარების საშუალებაა საოჯახო დონეზე. მე მოვუწოდებ მოსახლეობას: დათესეთ ბოტნეული და ბახჩეული თქვენს მიწის ნაკვეთებზე, ცოტა სიმინდი, მოაშენეთ 20-25 ფრთა ქათამი. ეს ქართველების ძირითადი საკვებია. აგროსასურსათო სექტორი უნდა გახდეს ქვეყნის ძირითადი პრიორიტეტული დარგი, ხოლო რეგიონებში შესამუშავებელია აგრარული დარგების მიზნობრივი მხარდამჭერი პროგრამები და, რაც მთავარია, აუცილებელია, შეიქმნას სურსათის ეროვნული ფონდი. იმიტომ რომ ურთულესი სიტუაციაა ლოგისტიკური პრობლემების გამო. ტრანსპორტირება რთულდება და დიდ ხარჯებს უკავშირდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან