პოლიტიკა

რის საფუძველზე გადაიყვანა მსოფლიო ბანკმა რუსეთი საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგიდან მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში

№29

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 24.07

სოსო არჩვაძე
დაკოპირებულია

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლეთმა რუსეთს რამდენიმე ეტაპად დაუწესა ეკონომიკური სანქციები და გვარწმუნებდნენ, რომ ისინი გრძელვადიანია, თუმცა ომის მიმდინარეობის მესამე წელიც დაიწყო, რუსეთის ეკონომიკა კი, ოფიციალური მონაცემებით, უძლებს. ეს ამბავი იმ მხრივაა სავალალო, რომ, ადრე თუ გვიან, ომი დამთავრდება და მხარეები მიღწეული წარმატებების მიხედვით (როგორც სამხედრო–პოლიტიკური, ისე ეკონომიკური) გადაინაწილებენ გავლენებს. გავლენის ერთ–ერთ სფეროდ კი ჩვენც მოვიაზრებით, ამდენად, სანქციების თემა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. თუმცა ის კიდევ ცალკე თემაა, აშშ და რფ ურანით გაცხოველებით რომ ვაჭრობენ და არა მხოლოდ ისინი და არა მხოლოდ ურანით. ამას გარდა, ახლახან შევიტყვეთ, რომ, მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშით, რუსეთი „საშუალო დონის შემოსავლების მქონე ქვეყნების“ კატეგორიიდან „მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების“ კატეგორიაშია გადაყვანილი. სანქციების ეფექტიანობას ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.

– არ არის სასიამოვნო მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. რა ასეთი უძლეველი აღმოჩნდა რუსეთის ეკონომიკა თუ სანქციებია არასწორად შერჩეული? ასახავს რეალობას, რაც რუსეთშია?

– მსოფლიოში სულ რამდენიმე სახელმწიფოა, რომლებსაც რესურსების ისეთი მარაგი და ასორტიმენტი გააჩნიათ, რომ შეიძლება, თვითკმარ სისტემად ჩაითვალოს. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, მათ შეუძლიათ, ჩაკეტონ საზღვრები და თავიანთი რესურსების ხარჯზე იარსებონ და განვითარდნენ, ანუ მათ ფუნქციონირებას წერტილი ამით არ დაესმება. ერთი ხელის თითებზე დაეტევა ასეთი სახელმწიფოების რიცხვი და მათ შორის, ერთ-ერთი რუსეთია. სანქციებს ვამბობთ, მაგრამ ასეთ პირობებში ასეთ სახელმწიფოს რომ უწესებ სანქციებს, ეს არ ნიშნავს, რომ ის კონვულსიებში ჩავარდება და შეწყვეტს არსებობას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სანქციები მოქმედებს იმით, რომ ზღუდავს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს. ფეხბურთის შთაბეჭდილების ქვეშ ვართ და ამიტომ ასეთ მაგალითს მოვიტან: შეამჩნევდით, რომ ზოგჯერ, როდესაც ვერ აჩერებენ ფეხბურთელს, მაისურში წაატანენ ხელს, რომ როგორმე შეაჩერონ მისი წინსვლა. დაახლოებით, ეს დატვირთვა აქვს სანქციებს. მე სპეციალურად შევადარე ერთმანეთს რუსეთის, ამერიკისა და ევროკავშირის მონაცემები და აღმოჩნდა, რომ 2019 წელთან, წინა პანდემიის პერიოდს ვგულისხმობ, იმიტომ რომ შემდეგ ვარდნა იყო 2020–ში, შედარებით წელს რუსეთის ეკონომიკას, დაახლოებით, 2.6-პროცენტიანი ზრდა ექნება; აშშ-ს – 8-პროცენტიანი და ევროკავშირს – 6-პროცენტიანი. განსხვავება სიჩქარეებში ნამდვილად არის. ხოლო, თუ მოსახლეობის ერთ სულზე ავიღებთ აბსოლუტურ მონაცემებს მშპ-ის მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტით, აღმოჩნდება, რომ ბოლო 10 წელიწადში რუსეთში მშპ გაიზარდა მხოლოდ 2 700 დოლარით, ევროპაში – 6 800-ით, ხოლო აშშ-ში – 8 200 დოლარით. ანუ აშშ და ევროკავშირი ისედაც წინ იყვნენ და ახლა უფრო წინ წავიდნენ, ესე იგი, რუსეთი მიდის წინ, მაგრამ დაბალი სიჩქარით.

– უკრაინის ეკონომიკაში რა ხდება?

– უკრაინის ეკონომიკა საგრძნობლადაა შემცირებული. მისი პოტენციალი ნახევარზე დაბლაა დასული და სახელმწიფო ინსტიტუტები ძირითადად გარე დახმარების ხარჯზე ფუნქციონირებენ, მაგრამ აქ კიდევ ერთი მომენტია. თვითონ აღრიცხვიანობის სისტემასაც ბევრი ცდომილება აქვს. მაგალითად, ეკონომიკის ზრდასა და მოცულობაში ქვეყნის მიერ სამხედრო პროდუქციის წარმოებაც იგულისხმება, შესაბამისად, რაც მეტ ტანკს გამოუშვებ, მით მეტი იქნება ქვეყნის მთლიანი თუ სამომავლო პროდუქტი. ამდენად, 24-საათიან რეჟიმზე რომ გადაიყვანა რუსეთის ხელისუფლებამ ბევრი თავდაცვითი სამხედრო წარმოება, ესაა იმ ზრდის განმაპირობებელი. ჩვენ რამდენიმე წლის წინ გვქონდა გათვლები, ქალთა შრომას ეხებოდა და, დაახლოებით, ერთი მეოთხედით გაიზრდებოდა საქართველოს მშპ, ქალთა შრომაც რომ საბაზრო ფასებით ყოფილიყო შეფასებული, ოჯახებში დიასახლისების შრომას ვგულისხმობ. ანალოგიური კაზუსები გვხვდება სხვა მომენტებითაც. გავიხსენოთ, როდესაც 2007 წელს სააკაშვილის რეჟიმმა აქტიურად დაიწყო არა მხოლოდ მიშენებული აივნებისა და ლოჯიების მონგრევა, არამედ კორპუსების დანგრევაც და თანხა, რაც გაიცა აღნიშნული პროცესისთვის, ემატებოდა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს. 7 ნოემბერს რომ აქცია დაარბიეს და პრემიები გამოწერეს, ამითაც გაიზარდა ქვეყნის მშპ. ანუ ამ შემთხვევაში, დოვლათი კი არ იზრდება, არამედ იკლებს – იყო ლოჯია და აღარ არის, შენობა იყო და აღარ არის, მაგრამ მის დანგრევაზე გაღებული ხარჯები მშპ-ს დაემატა. ამდენად, ეს მომენტებიც უნდა გავითვალისწინოთ ეკონომიკის შეფასებისას. ასე რომ, კალამბური გამოდის, მაგრამ, დაახლოებით, ასეთი პრობლემის წინაშე დგას დღეს რუსეთის საზოგადოება: „ტანკები ვჭამოთ“?! ხოლო რეალურ განზომილებაში ამ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა და ეკონომიკა კი არ იზრდება, არამედ მცირდება, მაგრამ თვით იმ ფაქტორების ჩათვლითც კი, რომლებიც ჩამოვთვალე, რუსეთი არის 55-ე ადგილზე, მაშინ, როდესაც ევროკავშირი, მოსახლეობის ერთ სულზე დოვლათის მიხედვით, არის 28-ე ადგილზე, ხოლო აშშ – მერვეზე. განსხვავება მაინც იგრძნობა და თვალშისაცემია.

– როდესაც მსოფლიო ბანკი ასეთ მონაცემს აქვეყნებს, არ შეიძლება, ამას მოჰყვეს განმარტებაც? ჰიბრიდული ომი მოიცავს საინფორმაციო კომპონენტსაც, ეს ინფორმაცია კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

– სასურველი იყო, გაეკეთებინათ, მაგრამ იქ ბიუროკრატია მუშაობს და იმ მეთოდიკის მიხედვით, ასე გამოდის. სხვათა შორის, ეს ბიუროკრატია ბევრგან ქმნის კურიოზულ მდგომარეობას. პირდაპირი კავშირი არ არის, მაგრამ საბჭოთა პერიოდში იყო შემთხვევა, როდესაც მლეთის ტეკთან მანდარინით დატვირთული ტრაილერი გააჩერეს და ჩამოართვეს რამდენიმე ათეული ტონა მანდარინი. მომდევნო წელს კი სტეფანწმინდას დამზადებაში ჩაუწერეს იმდენი ტონა მანდარინი, რის კონფისკაციაც მოხდა. არადა სად არის იქ მანდარინი?! ანუ მექანიკურად მიუდგნენ საკითხს. ბიუროკრატიული სისტემა უფრო საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული, ვიდრე ჭეშმარიტების დადგენაზე. ამ მხრივ, თვით მსოფლიო ბანკიც არ არის გამონაკლისი.

– თუმცა რუსეთის ეკონომიკური მონაცემები ჩამორჩება დასავლეთის ანალოგიურ მონაცემებს, ის ადეკვატურია ასეთი მასშტაბის ომის მწარმოებელი ქვეყნის ეკონომიკისთვის?

– რუსეთმა თავისი სამხედრო ხარჯების წილი საბიუჯეტო ხარჯებში თითქმის 40 პროცენტამდე გაზარდა, რაც უპრეცედენტოა და მშპ-ს თითქმის 10-11-პროცენტიან ნიშნულზე გავიდა, მაშინ, როდესაც აშშ-სა და ევროპის სამხედრო ხარჯი, დაახლოებით, 2-3 პროცენტია. შესაბამისად, შეიარაღებითაა გამყარებული ეს გაზრდილი მაჩვენებელი, რითაც მსოფლიო ბანკს მიეცა ფორმალური საფუძველი, რომ რუსეთი მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში გადაეყვანა.

– 2008 წლის შემდეგ ჩვენ დასავლეთისგან მივიღეთ ოთხ-ნახევარი მილიარდი აშშ დოლარი. თავის დროზე საიამ გამოიკვლია მათი ხარჯვის მიზნობრიობა და, როგორც მახსოვს, იმ თანხის უმეტესი ნაწილი თანხის გამცემმა ქვეყნებმა დახარჯეს, იქ იყო ადგილობრივი კორუფციული სქემებიც. ვიცით ნულანდის მოსაზრება, უკრაინას უნდა დავეხმაროთ, რადგან ამ თანხის დიდი ნაწილი აშშ-ში ბრუნდება და აძლიერებს აშშ-ის სამხედრო წარმოებასო.

– ლაპარაკია 61 მილიარდი დოლარის დახმარებაზე. ეს ნიშნავს, რომ ამ თანხის დიდი ნაწილით შეკვეთა მიეცემა აშშ-ის სამხედრო მრეწველობას, რომ აწარმოოს ის სამხედრო პროდუქცია, რომელსაც ფრონტზე გამოიყენებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები. იგივე პრინციპი იყო თავის დროზე ლენდლიზის დროს, როდესაც სსრკ და სხვა მოკავშირეები იღებდნენ აშშ-დან სამხედრო შეიარაღებას. რაც შეეხება აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენთვის გაწეულ დახმარებას: უკან რამდენი წავიდა, რთული სათქმელია, მაგრამ პირდაპირი დანიშნულებით, ანუ ადგილნაცვალ პირებზე მთელი თანხის 18 პროცენტი დაიხარჯა. მილიარდი დოლარით ბიუჯეტი შეივსო, იმიტომ რომ ომის დროს ბიუჯეტში შემოსავლები არ არის და ხარჯები კი იზრდება; მილიარდი დაიხარჯა საბანკო სექტორის გადასარჩენად და თუ გახსოვთ, მაშინ ერთხანს ლარი კიდევაც გამყარდა. სწორედ ამის ხარჯზე გადარჩა საბანკო სისტემა. დანარჩენი თანხა დაიხარჯა ინფრასტრუქტურასა და სხვა ხარჯებზე; თუმცა დევნილებისთვის, ვიმეორებ, მთელი თანხის – მხოლოდ 18 პროცენტი.

– შეიძლება, უკრაინისთვის გამოყოფილი 61 მილიარდი არ არის დიდი თანხა აშშ-ის ბიუჯეტისთვის, ამის დიდი ნაწილი ხომ უკან ბრუნდება. ეს შედის აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის იმ 2-3 პროცენტში, რომელიც სამხედრო წარმოებას ხმარდება?

– აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტი სხვა რამაა. ის ითვალისწინებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფას ტექნიკით, იქ დასაქმებულ პირთა ანაზღაურებას და ლოჯისტიკის გამართვას. თანხა, რომელიც თქვენ ახსენეთ, დამატებითაა და ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, მეტ შეკვეთებს და იმავე პრინციპით, როგორც იანგარიშება მშპ რუსეთში, იანგარიშება აშშ-ის მშპ-ც და ესეც ახდენს გავლენას აშშ-ის ეკონომიკის ზრდაზე, მაგრამ იმ 61 მილიარდიდან ნაწილი პირდაპირი ფინანსების სახით გამოეყოფა უკრაინას თავისი ფინანსური და სხვა ინსტიტუციური ვალდებულებების შესასრულებლად. ომის პირობებში საკუთარი სახსრებით ამ ხარჯების გასტუმრება უკრაინას არ შეუძლია.

– სანქციებმა ადეკვატურად იმუშავა?

– რა თქმა უნდა. შედარებისთვის გეტყვით: ტრაბახივით გამოგვდის, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 30 და მეტი პროცენტითაა გაზრდილი და რუსეთის ეკონომიკას მხოლოდ 2.6-პროცენტიანი ზრდა აქვს იმავე პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ მშვიდობიან განვითრებას ალტერნატივა არ გააჩნია და ყოველგვარი მოწოდება, რომ რამენაირი გზით მოვინდომოთ ჩვენი სამხედრო ძალის დემონსტრირება, არასწორია. მით უმეტეს, ასეთი მყიფე მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის პირობებში. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის და დეკლარაციის დონეზეც უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველო არ შეუქმნის პრობლემას თავის მეზობლებს და, შესაბამისად, ითხოვს ანალოგიურ პატივისცემას თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი სლოგანი, გასაგებად მიტანილი ყველა მეზობელ თუ არამეზობელ სახელმწიფომდე. ჩვენ, უპირველესად, ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს მეზობლებს ვინმესთან კავშირით ან ალიანსით დამატებით ვუქმნით პრობლემებს პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა