პოლიტიკა

რის მიღწევას ცდილობენ ძალები, რომლებიც ჯიუტად მისდევენ მრავალსქესიანობისა და უსქესობის იდეოლოგიას

№29

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 31.07

დავით ქართველიშვილი
დაკოპირებულია

ისე მოხდა, რომ „ელ გე ბე ტე“ დღის წესრიგი დასავლეთის, ლამის, ცენტრალურ საკითხად იქცა. და თუკი აშშ-ში ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ეს საკითხი იმდენად აქტუალური არ არის, ევროკავშირი მას ისევ აქტიურად მისდევს, მათ შორის, ისევ აქტუალურია მათთვის საქართველოს კანონმდებლობაც, კერძოდ, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი. ეს რეალობა ბუნებრივად ბადებს კითხვებს: რატომ გახდა „ელ გე ბე ტე“ თემა, როგორც თანამედროვენი იტყვიან, ტრენდული, რას ჰმატებს ეს ევროკავშირს და რა მიზნის მიღწევას ცდილობენ მრავალსქესიანობისა თუ უსქესობის დანერგვით? – ამ თემას დავით ქართველიშვილთან ერთად განვიხილავთ.

– ევროპას ეს თემა არაფერს აძლევს, მხოლოდ იმ ძალებს, რომლის მძევლობაშიც იმყოფება დღეს მთელი ეს ევროპული კონტინენტი, თავისი მმართველი ორგანიზაციით, ანუ ევროკავშირის სახით და, ასევე, იმ ძალას, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ „დიპ სტეიტს“, რომელიც რეალურად უფრო მძლავრი ძალების ინსტრუმენტია, რასაც შეიძლება, აბსოლუტური ბოროტებაც კი ვუწოდოთ. ეს ძალები ანგრევენ ყველაფერს, რაც უკავშირდება ტრადიციულ წყობას, კონსერვატიულ მიდგომებს, არსებულ ცივილიზაციას. ამით ურტყამენ ეკლესიას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში, ასე თუ ისე, იდგა ტრადიციული, პატრიარქალური, ბიბლიური მიდგომების სადარაჯოზე და საშუალებას არ აძლევდა კაცობრიობას, რომ საბოლოოდ ჩაფლულიყო იმაში, რასაც ჰქვია ცოდვა და უღმერთოება. უღმერთო, ცოდვილი საზოგადოება ძალიან ადვილი სამართავია. იქ, სადაც მორალურ-ზნეობრივი ინსტიტუტები იშლება, დასაშვებია ყველაფერი. აღარ არის საჭირო, დაემორჩილო ორსქესიანობას და გჯეროდეს კაცობრიობის შექმნის ბიბლიური ისტორია, მაშინ, როდესაც გაძლევენ ალტერნატივას, რომ სქესი არის იმდენი, რამდენიც შეიძლება, ადამიანის გაუკუღმართებულ აზროვნებაში დაიბადოს. ასობით და უფრო მეტი გენდერული სახეობა დაადგინეს. ამას მოჰყვება შორსმიმავალი გეგმები: იქმნება ისეთი მოძრაობები, როგორიც „ჩაილდ ფრი“, როდესაც ახალგაზრდა გოგონებს ეუბნებიან, რომ შვილის გაჩენა არის ანაქრონიზმი და შუასაუკუნოვანი ხედვა თავისუფლებისადმი მისწრაფების მქონე ადამიანისთვის; ამას ემატება მეორე უბედურება – აბორტების წაქეზება და არა მხოლოდ აბორტების. კონტრაცეფციის სხვადასხვა სახეობა ნორმად იქცა. ისეთი თითქოს ავტორიტეტული ორგანიზაციაც კი, როგორიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, დაადგა ამ გენდერულ სიგიჟის გზას, „ელ გე ბე ტე“ იდეოლოგიის პროპაგანდას: უწყინარ სამედიცინო წიგნაკებსა და სამედიცინო ხასიათის დოკუმენტებში ის ემხრობა სქესობრივად და გენდერულად ნეიტრალური ტერმინების გამოყენებას და თავისი გაიდლაინებით ამისკენ უბიძგებს მის წევრ ქვეყნებს.

– რა მიზანი შეიძლება, ჰქონდეს ამას?

– ქრისტიანული და ეკლესიური ცხოვრების, „ელ გე ბე ტე“ იდეოლოგიით ჩანაცვლება ძალიან მზაკვრული და მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით აწყდება ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას იმ დონეზეც კი, რომ ამ იდეოლოგიისა და თემის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი საქართველოში. „პრაიდების“ ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია, უბრალოდ, იძულებული გახდა, განეცხადებინა, რომ საქართველოში „პრაიდების“ ჩატარება გაურკვეველი ვადითაა გადადებული. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს ბრიუსელში დამატებით სტიმულს აძლევს ანტიქართული რეზოლუციებით ჩვენს დასასჯელად. ამ პროცესს მეორე სუნთქვა გაუხსნეს, როდესაც ისეთ, თითქოსდა, ტრადიციულ ქვეყნებშიც კი, მაგალითად, როგორიც არის ისრაელი ყოველწლიურად ტარდება ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მასშტაბური და ყველაზე მრავალფეროვანი „პრაიდები“. აი, ასეთ ქვეყნებშიც კი შეაღწიეს, მაგრამ საქართველო კერკეტი კაკალია ამ მხრივ და, მათ შორის, ამის გამოც გვსჯიან.

– ამ იდეოლოგიის ძირითადი გავლენის სივრცეა ევროკავშირი, იყო აშშ-ც, ანუ დასავლეთი, მაშინ, როდესაც აღმოსავლეთი ძლიერდება, კარგად მრავლდება, იქიდან უკანონო და კანონიერი მიგრაციაა ევროპისკენ. მოსახლეობის ჩანაცვლების პრობლემა დგება. ამ საფრთხეს ვერ გრძნობენ? სანამ მამაკაცები დასავლეთ ნახევარსფეროში მოიკაზმებიან და ქუსლებზე ივლიან რხევა-რხევით, შეიძლება, რაღაც ცუდი ამბავი დაემართოთ აღმოსავლეთიდან.

– საქმეც ესაა: ევროპის კონტინენტზე მდებარე ქვეყნებს ხომ ძალიან საინტერესო ისტორია და თვითმყოფადობა აქვს?! აი, ამ საზოგადოებას მოაცილეს ის ცენტრები, რის გარშემოც მრავალი საუკუნის განმავლობაში იქმნებოდა ფრანგული სულისკვეთების ადამიანი, გერმანელი მამაკაცი, რომლებიც პერიოდულად შეიძლება, სხვადასხვა პოლიტიკურ სიგიჟეს სჩადიოდნენ, გვახსოვს გერმანული ფაშიზმი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ყოველდღიურობაში ეს სოციუმები ეფუძნებოდნენ ელემენტარულ ფასეულობებს, დღეს კი იმ დონეზე არიან გამოშიგნულები და გაიმპოტენტებულები საკუთარ ქვეყნებში, რომ იმ ძალებს, რომლებიც რეალურად მართავენ დღეს ევრობიუროკრატიას და ევროპულ კონტინენტზე თავისი თამაშის წესებს ნერგავენ ძალიან უხეში ფორმებით, აძლევენ თავისუფალი მოქმედების საშუალებას. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ რესურსებზე დაყრდნობით რაღაც პროტესტი მაინც გამოხატონ. უკანონო მიგრაციამ ერთ დროს, ევროპული ცივილიზაციის თვალსაზრისით, თითქოს ყველაზე მიმზიდველ ქვეყანაში შვედეთში, ყველაზე მახინჯი ფორმა მიიღო. ეს ქვეყანა წალეკა მიგრაციულმა კრიმინალმა და ადგილობრივ აბორიგენებს 7 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლის ეშინიათ. ისინი დღეს ამ მიზანმიმართული პოლიტიკის ყველაზე თვალსაჩირო მსხვერპლი არიან ევროპის კონტინენტზე. არანაკლებად მძიმე სიტუაციაა დიდ ბრიტანეთშიც და, ზოგადად, ყველა მსხვილ ევროპულ ქვეყანაში, სადაც აი, ამ მიგრაციულმა კვოტებმა და კვოტებს მიღმა კიდევ უკანონო მიგრაციულმა ტალღებმა, უბრალოდ, უკვე ცუნამი გამოიწვიეს. წელიწადი არ გადის, რომ ტერორიზმის ყველაზე უხეშმა ნაირსახეობამ არ იფეთქოს საფრანგეთში, გერმანიასა თუ იმავე შვედეთში, სადაც პერიოდულად ძალიან მანკიერი და ცბიერი ძალები პროვოცირებას უკეთებენ ამ მოვლენებს, როდესაც ვიღაცებს ეუბნებიან და აქეზებენ, რომ საჯაროდ უნდა დაწვან ყურანი და ანტიმუსლიმური პერფორმანსები ჩაატარონ, რასაც შემდგომ მოჰყვება ხოლმე ძალიან ცუდი სიმეტრიული პასუხები.

– თუ ეს ძალები, ფაქტობრივად, მართავენ ევროპას, ესე იგი, მოწადინებულები არიან, რომ ევროპა, როგორც ცივილიზაცია, დაიმცროს და გაქრეს?

– აქ იმდენად ევროპის, როგორც ცივილიზაციის გაქრობაზე არ არის საუბარი, რამდენადაც აქტიური მზადება მსოფლიო სახელმწიფო მმართველობის არსებული ფორმების მოძველებულად გამოსაცხადებლად. ხელოვნურად აკნინებენ ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუციებს, მათ შორის, სასამართლო სისტემას, საარჩევნო სისტემას. ჩვენ თვალწინ აბსოლუტურად არადემოკრატიული ფორმით ებრძვიან ოპოზიციურ პარტიებს, ცალკეულ ლიდერებს, რომლებიც კონკურენციას უწევენ მათ. ისეც არ გვინდა, წარმოვაჩინოთ, რომ ჯანსაღი აზრი, კონსერვატიული აზრი, პატრიარქალური აზრი და ამ აზრის გამომხატველი ამომრჩეველი და სოციუმი ევროპაში არ არსებობს, მაგრამ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მათ წარმოადგენენ, მუდმივად იდევნებიან. ეს სერიოზული ბრძოლაა საიმისოდ, რომ დრომოოჭმულად და გაკოტრებულად გამოცხადდეს დემოკრატიული მმართველობის ფორმები და ისინი ჩაანაცვლონ იმ კორპორაციული მმართველობით, რაზეც უკვე დაუფარავად საუბრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათ სურთ, ოლიგარქიული მმართველობის ელემენტები შემოიტანონ ცალკეული სახელმწიფოების დონეზეც კი, რათა შემდეგ ამ ექსპერიმენტით დანარჩენი სახელმწიფოები დაარწმუნონ, რომ ჯობია, ქვეყანას მართავდეს ტექნოკრატიული მონარქის მსგავსი ლიდერი, რომელიც დაემორჩილება კორპორატიული საბჭოს გადაწყვეტილებებს. ეს არის ის 15 თუ 17 ყველაზე მძლავი ოლიგარქიული ოჯახი და კლანი. ისინი ამ კორპორაციულ საბჭოებში შეიყვანენ თავიანთ წარმომადგენლებს და, საბოლოოდ, მიზანია, რომ გაქრნენ ქვეყნები, სამოქალაქო საზოგადოება, სოციუმი; უნდა გაქრეს ამომრჩეველი, როგორც ცნება; მოქალაქე, როგორც ცნება და ამ ქვეყნებში იქნება ის, რასაც ჩვენ ბიომასას ვუწოდებთ. ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებსაც არ ექნებათ არანაირი უფლებები თუ თავისუფლებები და ექნებათ ერთადერთი ფუნქცია: შეასრულონ ამ კორპორატიული საბჭოს გადაწყვეტილებები და მორჩილად დაექვემდებარონ ტექნოკრატიული მონარქის უზენაეს ნებას. ანუ შექმნან ისეთი მმართველობის სისტემა, რომელიც მართავს, მაგალითად, „ბლეკ როკს“, „გუგლს“, „აპლსს“. ამ ადამიანებს ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ: მასკი, ვენსი. ისინი ამ კორპორაციული მმართველობის იდეის ფუძემდებლის, კურტის იარვინის სწავლების მიმდევრები არიან და ამას არც კი მალავენ. ამდენად, მათი ინტერესია ევროკავშირის დრომოჭმულ ორგანიზაციად გამოყვანა, სადაც დემოკრატია მოკვდა, სადაც სახელმწიფოს მართვის დემოკრატიული ფორმები, უბრალოდ, გაკოტრებულია. ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება და ძალიან შორსაც არ არის ის მომენტი, როდესაც ერთ-ერთ სახელმწიფოში თვითონ სოციუმი და სამოქალაქო საზოგადოება უარს იტყვის, იყოს ევრობიუროკრატიის ნაწილი და დათანხმდება, მონაწილეობა მიიღოს ახალ ექსპერიმენტში, რომელიც შემდგომ შესაძლოა, კულტივირებული იქნას ზუსტად იმ საზოგადოებებსა და სახელმწიფოებში, რომლებშიც წინასწარ მუშაობენ.

– ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როგორ დაიმორჩილებენ, ვთქვათ, მიგრანტებს, რომლებიც ახლა ევროპაში ცხოვრობენ. როგორ მოახვევენ ამას თავს აღმოსავლეთს?

– დღეს ჩვენ თვალწინ მსოფლიო ისედაც ორ ნაწილადაა გაყოფილი: კოლექტიურ დასავლეთად და გლობალურ სამხრეთად. გლობალური სამხრეთის ძირითადი მოთამაშეები, რა თქმა უნდა, არიან ინდოეთი და ჩინეთი. ისინი ცივილიზაციური ცენტრები არიან და იქ ამ ტიპის ექსპერიმენტის ჩატარება და მათში იდენტობისა და რელიგიური წარმოდგენების მოშლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. იმ ტიპის ქმედებების, რისი გაკეთებაც მოასწრეს და განაგრძობენ კოლექტიურ დასავლეთში, დანერგვა და კულტივირება გლობალურ სამხარეთში გამორიცხულია. სხვათა შორის, არის გამორიცხული აფრიკაშიც, რომლის შესახებ ძალიან მცირე ცნობებია საინფორმაციო ველზე.

– საერო თვალსაზრისით რომ შევხედოთ, საქართველოს აქვს ძალა, რომ დაძლიოს ეს ზეწოლა?

– საქართველოს ძალაც აქვს და ისტორიული გამოცდილებაც. თუკი არ განვიხილავთ ჩვენს ყველაზე დიდ ზეციურ მოკავშირეებს, უფლისა და ღვთისმშობლის სახით, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა იმპერიასთან გამკლავების უნიკალური გამოცდილება: როდესაც იქმნებოდა დედამიწის ზურგიდან საქართველოს რეალური გაქრობის საფრთხე, მცირერიცხოვან საქართველოში მაშინვე ჩნდებოდა ის მუხტი და ძალა, რომელიც აძლევდა საშუალებას, მრავალ იმპერიას შებრძოლებოდა და ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოსულიყო. ნურავის ეპატარავება მეფის რუსეთის ან საბჭოთა რუსეთის შესაძლებლობები, მაშინ, როდესაც საქართველომ დაამარცხა ისინი ერთხელაც და მეორედაც მოიპოვა დამოუკიდებლობა. და ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ იმპერიების ნაწილი საერთოდაც გაქრა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა