პოლიტიკა

რატომ ვეღარ ახერხებენ საქართველოს მოქალაქეები თბილისსა და ბათუმში ბინის ქირაობას და როგორ მცირდება წლიდან წლამდე საქართველოს მოქალაქეების წილი

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 18.05, 2022 წელი

სოსო არჩვაძე
დაკოპირებულია

თბილისში ბინის ადგილობრივი დამქირავებლები ბინების მეპატრონეებმა დროზე ადრე გამოყარეს ბინებიდან, იმიტომ რომ რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან ჩამოსულები გაცილებით მეტს უხდიან (რის გამოც სტუდენტებსაც უჭირთ ბინის ქირაობა) და, შესაბამისად, ზოგადად, ბინის ქირის ფასიც გაიზარდა. ბათუმშიც, ფაქტობრივად, შეუძლებელია ბინის დაქირავება (ძვირადაც კი), იმდენად გადავსებულია ეს პატარა ქალაქი. მეორე მხრივ, ვიცით, ჩვენი საზოგადოება აქტიურად აპროტესტებდა აღმოსავლეთიდან ჩამოსულთა რაოდენობას (დემოგრაფიულ სურათს ცვლისო), იგივე პრობლემა კი ნებისმიერი ეთნოსის მრავლად შემოსვლის შემთხვევაში ჩნდება. ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად ვისაუბრებთ უცხო ქვეყნებიდან, მათ შორის, უკრაინაში ომისა და რუსეთსა და ბელორუსიაში ავტორიტარული რეჟიმების გამო ჩვენს ქვეყანაში შემომსვლელთა გაზრდილი რაოდენობის დადებითსა და უარყოფით მხარეებზე.

– გასულ წელთან შედარებით წელს სამშენებლო ნებართვები და სამშენებლო ფართობები 15 და 16 პროცენტით გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეები არც ვეგეტატიური წესით გავმრავლებულვართ და არც გავმდიდრებულვართ. ვისთვის შენდება ამდენი საცხოვრებელი?

– ეს კომპლექსური, მრავალასპექტიანი პრობლემაა, რომელშიც გადაზელილია ეკონომიკური, პოლიტიკური, მენტალური პრობლემები და თითოეულს დამატებით მრავალი სპექტრი აქვს. ბინების ბაზარი საბაზრო ეკონომიკისთვის ჩვეული მოვლენაა და ყიდვა-გაყიდვის აქტი ყალიბდება მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე. საქართველოში, უპირველესად, თბილისში, ბინების მშენებლობა წარმატებული საქმიანობაა, თუ აბსოლუტურ რიცხვებს ავიღებთ და კონტექსტს თავს დავანებებთ. როგორც წესი, ბინები შემოსავლებთანაა დაკავშირებული, სჭირდება საბანკო კრედიტი და თუ შევადარებთ თბილისის მოსახლეობის გადახდისუნარიანობას შემოსავლების მიხედვით, ეს საკმარისია მხოლოდ, თბილისში აშენებული ბინების 40 პროცენტზე რომ იქონიონ პრეტენზია თბილისელებმა. რაც შეეხება დანარჩენ 60 პროცენტს: დაახლოებით, 20 პროცენტს ან უფრო ნაკლებს საქართველოს სხვა რეგიონების მცხოვრებლები ავსებენ, რომლებსაც უნდათ, თბილისში იქონიონ ბინა და მათზე გაცილებით დიდი ხვედრითი წილი უკავიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც თვალი უჭირავთ საქართველოზე, თბილისზე, სხვადასხვა მიზეზით – პოლიტიკური შეხედულების, კლიმატის, ბიზნესის წამოწყების თუ რიგ სხვა მოტივით. ეს დასტურდება სტატისტიკითაც. აჟიოტაჟია, რომ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო საქართველოში გაიზარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეების, კერძოდ, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან შემოსულთა რაოდენობა. ამის სტატისტიკა ჯერჯერობით არ არის, არ მინდა, დავეყრდნო ოპერატიულ სტატისტიკას, იმიტომ რომ კიდევ შეიცვლება, მაგრამ, თუ წინა წლების მაჩვენებლებს ავიღებთ, გნებავთ, 2021 წლისას ან უფრო შორს, დავინახავთ, რომ საკმაოდ ბევრი შემოდის არა მხოლოდ ამ ქვეყნებიდან, არამედ ახლო აღმოსავლეთიდან და, ზოგადად, აღმოსავლეთიდან, როგორც თქვენ ახსენეთ. თუ 2012 წლის შემდეგ პერიოდს გადავხედავთ, 2021 წლის ჩათვლით, რუსეთიდან შემოსულია დამატებით 38 891 ადამიანი; თურქეთიდან შემოსულთა რაოდენობა ამ ხნის განმავლობაში გაიზარდა 16 400-ით, ირანიდან შემოსულთა რაოდენობა – 6 500-ით, აზერბაიჯანიდან – 11 600-ით, ინდოეთიდან – 7 400-ით, უკრაინიდან – 7 700-ით. ვიმეორებ, 2022 წლის მონაცემები არ გვაქვს. იმის თქმა მინდა, რომ საქართველოდან გადიან საქართველოს მოქალაქეები და უარყოფითი სალდო, სამწუხაროდ, სტაბილური გვაქვს: ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველო დატოვა 222 000-მდე საქართველოს მოქალაქემ, მათ შორის, შარშან – 40 825-მა. ხაზს ვუსვამ, ესაა სალდო, თორემ, ზოგადად, საქართველოდან გასულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. ანუ შარშან საქართველოდან გავიდა 40 825-ით მეტი, ვიდრე შემოვიდა. სამაგიეროდ, შემოვიდა სხვა ქვეყნის გაცილებით მეტი მოქალაქე. ესე იგი, საქართველოში საქართველოს მოქალაქეთა წილი, დაახლოებით, 1.8 პროცენტული პუნქტით უფრო დაბალია, ვიდრე იყო ერთი წლის წინათ. ხოლო, თუ ბოლო 9-წლიან პერიოდს ავიღებთ, საქართველოს მოქალაქეთა წილი საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობაში, სამწუხაროდ, თითქმის 5 პროცენტით შემცირდა. ეს იგივეა, ქვევრიდან რომ ნელ-ნელა ამოვიღოთ ღვინო და წყალი ჩავამატოთ, ქვევრში შეიძლება, წყლის მოცულობა არ შეიცვალოს, მაგრამ მისი შემცველობა თანდათანობით კარგავს თავის პირვანდელ თვისებებს.

– ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე შიშობდნენ, რომ ევროკავშირთა უვიზო მიმოსვლა გამოიწვევდა საქართველოდან მოსახლეობის გადინებას. ასე?

– სხვათა შორის, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მკვეთრი გასვლა არ აღნიშნულა. მაგალითად, 2012 წელს საქართველოდან 31 100-ით მეტი საქართველოს მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა; მომდევნო წელს, როდესაც ჯერ კიდევ არ მოქმედებდა ასოცირების ხელშეკრულება – 20 700-ით მეტი გავიდა... 2020 წელს, კოვიდის გამო, ყველამ თავის ისტორიულ სამშობლოს მიაშურა. ბიზნესი გაჩერებული იყო და ამან პირველად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მოიტანა დადებითი ემიგრაციული სალდო – ქვეყანაში 23 300 საქართველოს მოქალაქით მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. რამაც ერთგვარად გაზარდა ქვეყნის მოსახლეობა, მაგრამ, როგორც კი მსოფლიოში კოვიდსიტუაციამ გაუმჯობესება დაიწყო, საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლის დაგროვილი სურვილის გამო უარყოფითი ემიგრაციული სალდო გაიზარდა. თან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამას შორსმიმავალი შედეგები მოჰყვება, იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავიანთი ცხოვრების წესი, სუბკულტურა შემოაქვთ და, თუ ადგილზე არ ხვდება ძალიან მძლავრი, ამერიკულ მაგალითს დავესესხები, ქვაბი, რომელიც გადახარშავს ამას, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი ეთნიკური და პერსპექტივაში რასობრივი მრავალფეროვნების წინაშე დავდგეთ, აქედან გამომდინარე ბევრი სხვა პრობლემით.

– თუ არ დახვდა მძლავრი ქვაბიო, დღეს შევნიშნე, რომ იუსტიციის სახლზე გადმოფენილი იყო უკრაინული დროშა. მე მესმის ჩვენი, მოქალაქეების აქტიურობა, მაგრამ არ მესმის სახელმწიფო დაწესებულების შენობაზე სხვა ქვეყნის დროშის გადმოფენა.

– საერთოდ, ჩვენ ფასეულობების აღრევის პრობლემა გვაქვს. ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ ინსტიტუტებისადმი ორიენტაციას, ვიდრე ფასეულობებისადმი, არადა ევროპა, უპირველესად, ფასეულობებია. ამდენად, თუ ჩვენ გვინდა სოლიდარობის გამოხატვა, იმ ფასეულობებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რაც, ზოგადად, ევროპაშია მიღებული და პასუხობს დემოკრატიას, სამართლიანობას, ადამიანთა უფლებების დაცვას, ჰუმანიზმს და ამის საშუალება უნდა იყოს ინსტიტუტები, ანუ წინა პლანზე უნდა იყოს ფასეულობები და მათკენ სწრაფვა. სხვა საქმეა, ვაკეთებთ თუ არა ამას. სწორად შენიშნეთ, მოდას ვართ აყოლილნი და მეტისმეტი მოგვდის, მით უმეტეს, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა ძალიან შორსაა იდეალურისგან. ბევრს გაცნობიერებული არ აქვს, მაგრამ, ფაქტობრივად, ეს არის ფარული შეტევა საკუთარი სახელმწიფოებრიობისადმი, ამიტომ, როდესაც ტელევიზიებში წამყვანებს გადაცემები მიჰყავთ სხვა ქვეყნის სახელმწიფო დროშის ფონზე, ეს არაადეკვატურობის მაჩვენებლად უნდა ჩაითვალოს. ყველაფერს აქვს თავისი ზომა და წონა, მათ შორის, გლოვასაც. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხი სოლიდარულია უკრაინისადმი.

– ბუნებრივია ან კი როგორ არ უნდა იყო სოლიდარული ადამიანებისდმი, რომლებსაც თავზე ბომბები აწვიმთ. ისევ ჩვენს თემას დავუბრუნდეთ: იმ ბინის ქირა, რაც ღირდა 700 ლარი, გახდა 700 დოლარი, რაკი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მიაქირავებენ ბინებს. მათ, უკრაინის, რუსეთისა თუ ბელარუსის მოქალაქეებს რამდენ ხანს ეყოფათ ქირის ფული?

– ეს ცოტა რთული საკითხია, იმიტომ რომ ხშირად ოჯახის წევრებიც არ უმხელენ ხოლმე ერთმანეთს თავიანთ შემოსავლებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, საქართველოში შემოსული მოსახლეობა არ მიეკუთვნება ყველაზე ღარიბთა კატეგორიას, იმიტომ რომ, მაგალითად, უკრაინიდან ლტოლვილების დიდი ნაწილი შეისრუტა ევროკავშირის სახელმწიფოებმა. რუსეთიდანაც საქართველოში შემოვიდნენ საქართველოს მოქალაქეებზე რამდენადმე მეტი შემოსავლის მქონე პირები, რომლებსაც ჰქონდათ საკმარისი რესურსი და საქართველოს მასშტაბით და ჩვენი ფასების დონითაც კი შეიძლება, ეს საკმაოდ დიდხანს ეყოთ. იმაზე ფიქრი, რომ ეს თანხა ამოეწურებათ ან დარჩებიან არსებობის საშუალების გარეშე, ვფიქრობ, ზედმეტია. ვიმეორებ, აქ არ შემოსულან დაბალი შემოსავლის მქონე პირები. მათ ჰქონდათ შემოსავლის რამდენიმე წყარო და რაკი მაინც არც მთლად სტაბილურ ქვეყანას, თან, რუსეთთან კონფლიქტში მყოფს, მოაშურეს, ესე იგი, ჰქონდათ იმის გარანტია, რომ საქართველოში შეძლებდნენ ცხოვრებას. ყველაზე პრობლემური აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში აღმოჩნდნენ 24 თებერვლამდე, ანუ ტურისტები, რომლებიც საქართველოში მხოლოდ რამდენიმე დღის გატარებას ვარაუდობდნენ. ამ კატეგორიის მოსახლეობისადმი სახელმწიფომ უკვე გამოიჩინა მზრუნველობა: უქირავა ბინები, დაუწესა შეღავათები მათ ბავშვებს, ოჯახებს. ამდენად, ამ კონტინგენტისგან ის საფრთხე, რაზედაც ვსაუბრობთ, ნაკლებად მოსალოდნელია. დანარჩენები პრობლემას ქმნიან, იმ გაგებით, რომ, მოთხოვნა-მიწოდების კანონის საფუძველზე, ბინის ფონდზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბინათმშენებლობა ვითარდება, საქართველოში რამდენიმე ათეულ ათასი ოჯახი ქირაობს ბინას. ამას დავამატოთ მსხვილ ქალაქებში რეგიონებიდან ჩასული სტუდენტები, რომლებიც, ასევე, ქირაობენ ბინას. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. ახლა, ალბათ, განათლების სამინისტრო ნაბიჯს უკან ვერ გადადგამს, მაგრამ მიზანშეწონილი იქნებოდა, თავის დროზე ეს პრობლემაც გაეცნობიერებინათ და აუდიტორიებში სწავლის განახლება გადაედოთ ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, რომ სტუდენტებს მისცემოდათ საშუალება, თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან იტერნეტის მეშვეობით დაესრულებინათ ეს სემესტრი ისე, რომ არ დამდგარიყვნენ ამ პრობლემის წინაშე: მკვეთრადაა გაძვირებული ბინების გაქირავების ფასი და სტუდენტების არც თუ შეძლებულ ოჯახებს მოუწევთ ამ პრობლემის დაძლევა. ესე იგი, ამ პროცესმა ყველაზე მეტად დაარტყა ჩვენს დაბალშემოსავლიან ოჯახებს, რომელთა შვილები განათლებას თბილისში იღებენ.

– და სწორედ მათთვის გვინდა ჩვენ ეს სახელმწიფო. კარგია, რომ სხვა ქვეყნის მოქლაქეებზე ზრუნავს ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვაც არ აწყენდათ.

– ისე არ უნდა გამოგვივიდეს, მამის სული გაეშვა და პაპის სულს იფიცებდაო; ნათქვამია, ჯერ თავო და თავო და მერე, ცოლო და შვილო. ჩვენი ქვაკუთხედი უნდა იყოს ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა. დამოუკიდებელ, სუვერენულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველაზე კომფორტულად თავი უნდა იგრძნონ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა. მოქალაქეობა არა მხოლოდ ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, არამედ ის პრეფერენციაა, რითაც ამ ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, იამაყოს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. ამას ეფუძნება პატრიოტიზმიც და დანარჩენი მოქალაქეობრივი ვალდებულებებიც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი