პოლიტიკა

რატომ უთხრა თათია დოლიძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შემოთავაზებებზე უარი და რატომ არ სჯერა მას, რომ სიყვარული ყველა წინააღმდეგობას გადალახავს

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:59 16.11, 2020 წელი

თათია დოლიძე
დაკოპირებულია

თათია დოლიძემ ძალიან პატარა ასაკში მიაღწია პროფესიულ წარმატებას და დღემდე ძალიან აქტიური წარმატებული კარიერა აქვს. ამასთან ერთად, პატარა თაიას დედაა და მიუხედავად ასეთი აქტიურობისა, ამ ამპლუას თავს არაჩვეულებრივად ართმევს. 
თათია დოლიძე: ამჟამად ევროპის უნივერსიტეტში ვმოღვაწეობ. ვარ, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, იმავდროულად საერთაშორისო ურთიერთობის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და აფილირებული ასისტენტ-პროფესორი. დისტანციურად ვარ ქუთაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე წლებია, ლექციებს ვკითხულობ, მოწვეული ლექტორის სტატუსით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დამაჯილდოეს ევროპის უნივერსიტეტში, როგორც ფაკულტეტის საუკეთესო აკადემიური პერსონალი და საკმაოდ სოლიდური ფულადი ჯილდოც გადმომეცა, ასევე, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ადმინისტრაციულ პერსონალს. პარალელურად, ვაგრძელებ კვლევით საქმიანობას და ამ კუთხითაც დამაჯილდოეს. ამ თვალსაზრისით გამორჩეული პერიოდი მაქვს (იცინის). 
– გქონდა პერიოდი, სანამ ყველა გაგიცნობდა, ასაკის გამო რომ არასათანადოდ გიყურებდნენ?
– პატარა ასაკში უკვე საზღვარგარეთ მქონდა თავი დამკვიდრებული. ისეთ ქვეყნებში ვსწავლობდი და ვმუშაობდი, სადაც ეს მომენტები არაა. უმაღლესი დონის პროფესიონალები იყვნენ ჩემი უფროსები და ყოველთვის თანასწორად მაგრძნობინებდნენ თავს. ძალიან უბრალოდ შეეძლოთ, რჩევა ეკითხათ. ახლაც არ მჯერა, ექსპერტთა მაგიდასთან ისეთი პატარა ვიჯექი ძალიან შემდგარი ადამიანების გვერდით. ამ პრობლემას პირველად აქ დაბრუნებული შევეჯახე. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ჩემი გამოცდილების გამო მიწვევდნენ, მაინც ხაზს უსვამდნენ, რომ ასაკით პატარა ვიყავი. თუნდაც პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ბევრ ისეთ პროფესორს ვხელმძღვანელობ, ჩემი ასაკის რომ მარტო აკადემიური გამოცდილება აქვთ და შენ რა გამოცდილებაც უნდა გქონდეს, ყველასთან პირადად უნდა დაიმსახურო პატივისცემა. 
– პოლიტიკიდან არ გქონია შემოთავაზება?
– რაც თავი მახსოვს, სოციალურად და პოლიტიკურად აქტიური ვარ. ბოლო სამი წელი გადავწყვიტე, რომ ქვეყანაზე ზრუნვა განათლების სფეროდანაც ძალიან მნიშვნელოვანია. მანამდე ბევრ ისეთ აქტოვობაში ვიყავი ჩართული, რომელსაც ჩემი ჯანმრთელობა და ნერვები შეეწირა. კონკრეტული პოზიციისთვის არა, მხოლოდ ქვეყნის სიყვარულისთვის თუ გავაკეთებ რამეს. არსებული ხელისუფლებისგანაც და ოპოზიციიდანაც ბევრნაირი შემოთავაზება მქონია, მაგრამ ჩემს ხედვას არცერთ შემთხვევაში არ დაემთხვა. ამ ეტაპზე აკადემიური სფერო ვარჩიე. ვნახოთ, როგორ შეიცვლება სიტუაცია, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა, საამასოდ მე აუცილებლად უნდა მქონდეს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება, არ მინდა, მხოლოდ ვიღაცის პარტიული დაკვეთის შემსრულებელი ვიყო. ძალიან ხშირად ისინი არ ეძებენ პროფესიონალებს, ინტერესდებიან ადამიანებით, რომლებიც უბრალოდ, მათ მესიჯბოქსს გაატარებს და მე ამაზე არ წავედი. 
– აქტიური კარიერის პარალელურად, დედის ამპლუასაც არაჩვეულებრივად ირგებ. 
– ფეხმძიმედ ვიყავი, როდესაც ქმარს დავშორდი და ამის გამო დეპრესიაში კი არ ჩავვარდნილვარ, კიდევ უფრო გავაქტიურდი. როცა პრობლემა ჩნდება, უფრო შემტევი ვხდები. ცხრა თვე მუშაობა არ შემიწყვეტია. მერე ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავდა, ძიძას მოჰყავდა ჩემთან სამსახურში და ეზოში ვაჭმევდი. სადაც შემეძლო, ყველგან თან დამყავდა. ვცდილობდი, ბავშვისთვისაც არაფერი მომეკლო და მეც აქტიური ვყოფილიყავი ჩემივე ფსიქიკური სიჯანსაღისთვის. 
– თაია მამასთან ურთიერთობას როგორ ახერხებს?
– ჯანსაღი ურთიერთობები გვაქვს. ბავშვს ძალიან უყვარს მამა. არასდროს მიფიქრია, ამ ურთიერთობისთვის ხელი შემეშალა. პირიქით, რაც შემიძლია, ხელს ვუწყობ, მინდა, ჩემი ბავშვი ფსიქიკურად ჯანსაღი გაიზარდოს. მამასთან კვირაში ორ დღეს ატარებს. რაც ცოტა გაიზარდა, ღამეც რჩება. ძიძაც მიჰყვება და ეხმარება. მშობლის პასუხისმგებლობას ვიაზრებ და არასდროს მივცემ თავს უფლებას, ჩემმა პირადმა შვილს რამეში ხელი შეუშალოს. 
– როცა შვილი გყავს, მარტო საკუთარ თავზე აღარ ზრუნავ. რას ფიქრობ დაოჯახებასთან დაკავშირებით?
– ზოგადად, ვფიქრობ, რომ ქალი მარტო არ უნდა იყოს. თუნდაც შვილის გულისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება არასწორი მგონია. ყველა შვილს უნდა, დედა ბედნიერი ნახოს და არც მას ესიამოვნება, როცა გაიზრდება და გააანალიზებს, რომ დედამ მის გამო პირად ბედნიერებაზე თქვა უარი. თან ბავშვები იზრდებიან, თავიანთი ცხოვრება აქვთ და შენ მარტო რჩები. საკუთარი თავი მარტოობისთვის არ მემეტება. სამი წელი გავიდა, რაც დავშორდით, მაგრამ ფსიქოლოგიურად ჯერ არ მაქვს მზაობა ახალი ურთიერთობისთვის. მართლა ძალიან რთულია ამ ნაბიჯის გადადგმა, როდესაც ბავშვი გყავს. არც იმას ვემხრობი, დედამ შვილი მშობლებთან დატოვოს და თვითონ ქმართან წავიდეს, არც იმას, რომ ბავშვი მოწყვიტო მისთვის ბუნებრივ გარემოს და შენთან წაიყვანო. ერთი ვარიანტი ჩემთვისაა ცუდი, მეორე – ბავშვისთვის, მაგრამ ალბათ, როცა სწორი ადამიანი გხვდება, ყველაფერი თავისთავად ლაგდება. დღეს საკითხი ისე არ მიდგას, რომ აქტიურ რეჟიმში ვიფიქრო ამაზე, მაგრამ პასიურ რეჟიმში სულ მაქვს დარდი და შესაძლოა, ამიტომაც არ ვარ ჯერ გახსნილი ახალი ურთიერთობისთვის. ეს სიტუაცია, რაღაც მხრივ, გიცავს კიდეც მორიგი არასწორი გადაწყვეტილებისგან. ბავშვის გამო იმდენად ბევრ რამეზე ფიქრობ, ამ ნაბიჯს თუ გადადგამ, მხოლოდ და მხოლოდ სწორ ადამიანთან. ახლა არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ სიყვარულმა დამაბრმავოს. თუმცა, ნამდვილად არ მაქვს სურვილი სულ მარტო ვიყო. ამ დროს უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენ. თუ მანამდე გულია მთავარი, მერე გონება ხდება, თორემ არა მგონია, ერთმა ცუდმა გამოცდილებამ მეორესგან დაგიცვას. ვცდილობ, ჩამოყალიბებული წარმოდგენებიც არ მქონდეს საპირისპირო სქესისადმი. უკვე ვიყავი ამ სიტუაციაში, როცა ჩემი წარმოდგენები შემიყვარდა და არა რეალური ადამიანი. მთავარი საერთო მსოფლმხედველობა და მორალი მგონია. ოჯახი და მზრუნველობა უნდა იყოს ორივესთვის მნიშვნელოვანი. აღარ მექნება მიამიტური წარმოდგენა, რომ სიყვარული ყველაფერს დაგაძლევინებს. სიყვარულს აუცილებლად უნდა უმაგრებდეს ზურგს კონკრეტული ქმედებები, თორემ ძალიან მალე გრძნობა პოზიტიურის ნაცვლად ნეგატიურში გადადის და აგრესიას ბადებს. სიყვარული არ არის ტანჯვა, ეს ჰარმონიაა, რომელიც უნდა მაბედნიერებდეს. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავდგამ ამ ნაბიჯს, თუ უფრო ბედნიერი ვიქნები, ვიდრე ახლა ვარ. „მიყვარს და რა ვქნა“ – ეს ეტაპი უკვე გამოვიარე. მე, როგორც დედა, თავს ძალიან ბედნიერად ვთვლი, კარიერაშიც შემდგარი ვარ, მაგრამ ვხვდები, რომ ქალური ბედნიერებაც საჭიროა და თავს მარტოობისთვის არ გავიმეტებ. 

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა