პოლიტიკა

რატომ ურჩევნიათ ამერიკელებს ქვეყანასთან მოლაპარაკებას იმ ქვეყნის ხელისუფლის დამხობა

№10

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 19.03

ჯეფრი საქსი
დაკოპირებულია

ჯეფრი საქსი მდიდარი ბიოგრაფიისა და გამოცდილების მქონე ადამიანია, თუმცა ჩვენი საზოგადოების ნაწილს, რომლებიც სამყაროს მხოლოდ შავ-თეთრად აღიქვამენ, ის არ ეპიტნავებათ (შესაძლოა, იმიტომაც, რომ მისი მოსაზრებები მათ მოსაზრებებს არ ემთხვევა. ჩვენთან კი მიღებულია, რომ ყველამ ყველაფერი იმაზე უკეთაც კი იცის, ვიდრე საქმის მცოდნემ). ჯეფრი საქსი არც თუ დიდი ხნის წინ ევროპარლამენტში გამოვიდა სიტყვით და რადგან ძალიან ბევრი საინტერესო რამ თქვა და, მათ შორის, ისეთებიც, რაც ჩვენ, ანუ საქართველოს ეხება, ვფიქრობ, ქართველი მკითხველი იმსახურებს, რომ ამ გამოსვლის შემოკლებული ვერსია სწორედ ქართულ ენაზე წაიკითხოს. მით უმეტეს, ეს გამოსვლა საშუალებას გვაძლევს, გავიაზროთ, რომ არავინ არავის ბედნიერებაზე არ ზრუნავს და, განსაკუთრებით, ჩვენი ზომისა და წონის ქვეყნები სხვების მიზნის მისაღწევი საშუალებებია.

ჯეფრი საქსი: „მე გულდასმით ვაკვირდებოდი პროცესებს აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე, რუსეთში, ბოლო 36 წლის განმავლობაში. 1989 წელს ვიყავი პოლონეთის მთავრობის მრჩეველი, ასევე, 1990-1991 წლებში – პრეზიდენტ გორბაჩოვის მრჩეველი; ვმუშაობდი ელცინთან 1991 წლიდან 1993 წლამდე; 1993 წელს ვმუშაობდი უკრაინის პრეზიდენტ კუჩმასთან; 1994 წელს ვეხმარებოდი ესტონეთს შემოეტანათ ნაციონალური ვალუტა; ვეხმარებოდი ყოფილი იუგოსლავიის რამდენიმე ქვეყანას. „მაიდნის“ შემდეგ კიევის ახალმა ხელისუფლებამ მთხოვა, ჩავსულიყავი კიევში და ძალიან ბევრ რამეს პირადად გავეცანი. კავშირი მქონდა რუსეთის ლიდერებთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. კარგად ვიცნობ ამერიკელ ლიდერებს და ზოგიერთს – ძალიან ახლოს. ფინანსთა ყოფილი მინისტრი მიკითხავდა მაკროეკონომიკას, ეს იყო 51 წლის წინათ. 50 წელია, ვიცნობ ყველა ამ ადამიანს და ეს მოგიყევით იმისთვის, რომ ჩემი ნათქვამი ეფუძნება არა იდეოლოგიასა და ვიღაცის აზრებს, არამედ ჩემს პირად დაკვირვებებსა და გამოცდილებას. რამ მიიყვანა ევროპა ამ მდგომარეობამდე? და დავიწყებ არა უკრაინიდან, არამედ 1991 წლის სერბეთიდან, ომებიდან ახლო აღმოსავლეთში, ერაყისა და სირიის ჩათვლით; ომებიდან აფრიკაში, მათ შორის, სუდანსა და სომალიში, ლიბიაში. რასაც მე ვიტყვი, ამან შეიძლება, გაგაოცოთ და თქვენი პროტესტიც კი გამოიწვიოს.

ყველა ეს ომი მოაწყო და წარმართა შეერთებულმა შტატებმა. 1990-1991 წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ მივიდა დასკვნამდე, რომ ახლა მსოფლიოს მართავს აშშ და მათ არ უნდა აინტერესებდეთ არავის შეხედულებები, წითელი ხაზები, ვალდებულებები და გაეროს მოქმედების ჩარჩოები. ბევრმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა დაიჯერა, რომ ამერიკული სამყარო დამყარდა და ახლა შეგვიძლია, გავაკეთოთ ის, რაც მოგვესურვება. ჩვენ გამოვასუფთავებთ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობას, გამოვაცლით ყველა მოკავშირეს და ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სირია, ერაყი და სხვები აღარ იარსებებენ. ეს იყო ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკა, ფაქტობრივად, 33 წლის განმავლობაში და ევროპამ ამ პოლიტიკის გამო მაღალი ფასი გადაიხადა, ვინაიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში ევროპას არ ჰქონდა თავისი ერთიანი პოლიტიკა და არ არსებობდა ევროპული ინტერესები, მხოლოდ – ამერიკის შეერთებული შტატების მორჩილება. რომ გავიაზროთ, რა მოხდა 2008 წელს, უნდა დავიწყოთ 1991 წლიდან, აშშ-მა გადაწყვიტა, რომ ერთპოლუსიანობა ნიშნავს „ნატოს“ გაფართოებას, პირობითად, ბრიუსელიდან ვლადივოსტოკამდე და ამას არ ექნება საზღვარი. იარსებებს ერთპოლუსიანი, ამერიკული სამყარო. ადგილი, სადაც არ დგას ამერიკული სამხედრო ბაზა, არის მტრული ამერიკისთვის, ხოლო ნეიტრალიტეტი – ეს ბინძური სიტყვაა ამერიკულ პოლიტლექსიკონში. თუ მტერი ხარ, ვიცით მაინც, მაგრამ, თუ ნეიტრალური ხარ, ესე იგი, გვიმალავ, ვინ ხარ სინამდვილეში და, ამდენად, ჩვენი მტერი ხარ. ზუსტად ეს გადაწყვეტილება მიიღეს 1994 წელს, როდესაც კლინტონმა მიიღო „ნატოს“ აღმოსავლეთით გაფართოების გადაწყვეტილება.

ეს პროექტი 30 წელია, არსებობს და უკრაინა და საქართველო იყვნენ ამ პროექტის საკვანძო ქვეყნები. აშშ-მა გადმოიღო ბრიტანელების გამოცდილება. ასე რომ, ჩვენ ვბაძავთ ბრიტანეთის იმპერიას, ხოლო, ბრიტანეთის იმპერიის გაგებით, კერძოდ, 1853 წელს ლორდი პალმერტსონი მიიჩნევდა, რომ რუსეთი უნდა ჩაიკეტოს შავ ზღვაში და მას უნდა მოესპოს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გასვლის შესაძლებლობა. ამავე პროექტს მიჰყვება აშშ-ის ოცდამეერთე საუკუნის პროექტიც. ჩანაფიქრი იყო, რომ უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და საქართველო შავ ზღვაში რუსეთისთვის გამხდარიყვნენ ბარიერები. ისინი ჩამოართმევდნენ რუსეთს საერთაშორისო სტატუსს, რაც მას ლოკალურ ძალად აქცევდა. ბჟეზინსკი ამას საკმაოდ ნათლად ამბობდა, მანამდე კი ამბობდა მაკინდერი: ვინც ფლობს კუნძულს, ის ფლობს არქიპელაგს. ასე რომ, ამ პროექტს დიდი ხნის ისტორია აქვს.

„ნატოს“ გაფართოება 1999 წელს დაიწყო უნგრეთიდან, პოლონეთიდან და ჩეხეთიდან. რუსეთი ამით უკმაყოფილო იყო, მაგრამ ეს ქვეყნები მისი საზღვრებიდან შორს იყვნენ. შემდეგ გამოჩნდა ბუში-უმცროსი და, როდესაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მერე პრეზიდენტმა პუტინმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა, შეერთებულმა შტატებმა ჩათვალა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 7 ომი უნდა დაწყებულიყო. მათ შეიძლება, დავარქვათ ნეთანიაჰუს ომები: ჩანაფიქრი იყო საბჭოთა კავშირის მოკავშირეებისა და იმ ქვეყნების ნაწილის განადგურება, რომლებიც მხარს უჭერდნენ „ჰამასსა“ და „ჰესბოლას“. ვინაიდან, ნეთანიაჰუს აზრით, უნდა არსებულიყო მხოლოდ ერთი სახელმწიფო – ისრაელი და ის გააკონტროლებდა სრულ ტერიტორიას, ხოლო ვინც წინააღმდეგი იქნებოდა, მათ პასუხს გასცემდა შეერთებული შტატები. ასეთი იყო აშშ-ის პოლიტიკა ამ მომენტამდე.

„ნატოს“ გაფართოების შემდგომი ეტაპი გაიმართა 2004 წელს და კიდევ შვიდი ქვეყანა გახდა „ნატოს“ წევრი: ბალტიისპირეთი სამი სახელმწიფო, რუმინეთი, ბულგარეთ, სლოვენია და სლოვაკეთი. იმ მომენტიდან რუსეთი საკმაოდ დაიძაბა. 2007 წელს მიუნჰენის კონფერენციაზე პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა: საკმარისია! ეს ითქვა იმის გამო, რომ 2008 წელს აშშ-მა გადაწყვიტა, გაეფართოებინა „ნატო“ უკრაინასა და საქართველოშიც. ეს საკმაოდ დიდი პროექტი იყო. მე მოვუსმინე ბატონი სააკაშვილის გამოსვლას ნიუ-იორკში 2008 წელს, დავურეკე ჩემს ცოლს და ვუთხარი: ეს კაცი შეშლილია და, მართლაც, ამ გამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ დაიწყო ომი. იმიტომ რომ აშშ-მა უთხრა იმ ბიჭს, ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს და მანაც განაცხადა; საქართველო ევროპის ცენტრია. არადა, საქართველო არ არის ევროპის ცენტრი და მოვლენები, რომლებიც ახლა ხდება, არ ეხმარება საქართველოსა და მის უსაფრთხოებას. თქვენი პარლამენტის წევრები, სხვა ევროპელი პოლიტიკოსები იქ ჩადიან და ეს სრულად ანგრევს საქართველოს.

2008 წელს, როგორც ყველამ იცის, ჩვენი სადაზვერვო სამსახურის მაშინდელმა ხელმძღვანელმა გრძელი წერილი გაუგზავნა კონდოლიზა რაისს: არა – გაფართოებას და ჩვენ ეს ვიცით ასანჟისგან. როგორც იცით, იანუკოვიჩი 2012 წელს აირჩიეს უკრაინის პრეზიდენტად და მისი პლატფორმა იყო ნეიტრალიტეტი. რუსეთს არანაირი ტერიტორიული პრეტენზია არ ჰქონია უკრაინისადმი. ეს მე ვიცი, იმიტომ რომ იქ ვიყავი იმ წლების განმავლობაში. ყველაფერი, რაც რუსეთს უნდოდა, იყო სევასტოპოლის სამხედრო ბაზის 25-წლიანი იჯარა. რუსეთი არ აპირებდა ყირიმისა და დონბასის დაპყრობას. ბოდვაა, რომ რუსეთის მიზანია რუსეთის იმპერიის აღორძინება, ეს ბავშვური პროპაგანდაა, თუმცა, როგორც ჩანს, საბავშვო ზღაპრები უკეთ მუშაობს, ვიდრე ზრდასრული საუბარი. 2014 წელს აშშ-ის ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა იანუკოვიჩის ჩამოსაგდებად. ყველამ იცის სატელეფონო საუბრის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტიდან ჩემს კოლეგა ვიქტორია ნულანდსა და უკრაინაში აშშ-ის ელჩს შორის. მე იმ ადამიანებს ვიცნობ და ვიცი, რომ შესრულებული სამუშაოსთვის ისინი დააწინაურეს. როდესაც მაიდანი შედგა, მე დაუყოვნებლივ მიმიწვიეს: უკრაინის ახალ პრემიერს თქვენთან უნდა შეხვედრა, რომ ეკონომიკურ კრიზისზე იმსჯელოსო. მე ჩავფრინდი კიევში და „მაიდანზე“ მაჩვენეს ყველაფერი. მიამბეს, როგორ უხდიდა აშშ ფულს „მაიდნის“ ყველა მონაწილეს. „ღირსების სპონტანური რევოლუცია“?! ძალიან გთხოვთ, ბატონებო! საიდან გაჩნდა ამდენი ჟურნალისტი, ამდენი გამოცემა, ამდენი ავტობუსი და მონაწილე?! ეს ხომ ორგანიზებული აქცია იყო?! არავისთვისაა ეს საიდუმლო, გარდა აშშ-ისა და ევროკავშირის მოქალაქეებისა. შემდეგ კი მინსკის მოლაპარაკებები გაიმართა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „მინსკი 2“. დოკუმენტებში ეწერა, რომ რუსულენოვან მოსახლეობას შეუქმნიდნენ ავტონომიას და გაეროც დაეთანხმა, მაგრამ უკრაინამ და აშშ-მა გადაწყვიტეს, რომ ასე არ უნდა მომხდარიყო. გერმანიამ და საფრანგეთმა, რომლებიც ნორმანდიული პროცესის გარანტორები იყვნენ, თვალები დახუჭეს და ყველაფერი ისევ ამერიკული ერთპოლუსიანი გეგმით წარიმართა, ევროკავშირი კი მას სრულად დაემორჩილა. შემდეგ მოვიდა ტრამპი, 2016 წელს და მან დაიწყო უკრაინის დაფინანსება, რასაც მოჰყვა უამრავი მსხვერპლი დონბასში. არ შესრულდა შეთანხმება. შემდეგ თეთრ სახლში მოვიდა ბაიდენი: მე „დემოკრატიული პარტიის“ წევრი ვიყავი, ახლა კატეგორიულად არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი, იმიტომ რომ ორივე ერთნაირია, მაგრამ „დემოკრატები“ გახდნენ ომის აბსოლუტური გამჩაღებლები. არავის დაუძრავს კრინტი მშვიდობაზე, ისევე, როგორც არც თქვენი პარლამენტარების უმეტესობას. 2021 წლის ბოლოს პუტინმა წარმოადგინა ბოლო მცდელობა მშვიდობისთვის, რომელიც ორ წინადადებაში ჩაეტია. 2022 წლის იანვარში ერთი საათის განმავლობაში ვესაუბრე სალივანს და ვთხოვდი, თავი აარიდეთ ომს, თქვენ შეგიძლიათ ომის თავიდან აცილება; ერთადერთი რამ უნდა თქვათ: „ნატო“ არ გაფართოვდება უკრაინაში. მან მითხრა, არ იდარდო, „ნატო“ არ გაფართოვდება უკრაინაშიო. მე ვთხოვე, საჯაროდ ეთქვა ეს. არა, საჯაროდ ამას არ ვიტყვიო. მაშინ ვკითხე: თქვენ დაიწყებთ ომს იმის გამო, რაც არ მოხდება?! მან ისევ გაიმეორა: არ იდარდო, ჯეფ, ომი არ იქნება. მათ შეადგინეს სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც მისდევდა ბაიდენი: თუ როგორ უნდა გაგვეღიზიანებინა რუსეთი, როგორ გავუკეთებდით პროვოცირებას, როგორ მივაღწევდით არეულობას რუსეთში ან ეკონომიკურ კრიზისს... ჩვენ ვიცით, რა მოხდა ერთ თვეში... მე გეტყვით, რა იყო პუტინის მიზანი, ზელენსკის იძულება ნეიტრალიტეტზე და ეს მოხდა ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მაგრამ მათ ჩაშალეს მოლაპარაკება. პუტინის მიზანი იყო, „ნატოს“ გაჩერება რუსეთის საზღვრებიდან შორს. რატომ? წარმოიდგინეთ, ჩინეთს ან რუსეთს კანადის საზღვარზე რომ გადაეწყვიტა სამხედრო ბაზის მოწყობა, აშშ ათ წუთში დაიწყებდა ომს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა