პოლიტიკა

რატომ ურჩევნია ქართველ საზოგადოებას კერპთაყვანისმცემლობა ლოგიკურ აზროვნებასა და საფრთხეების შეფასებას

№33

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 27.08

სოსო მანჯავვიძე
დაკოპირებულია

მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ტრამპის, ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა, რაც ერთობლივი დოკუმენტის ხელმოწერით დასრულდა (რომელსაც, როგორც, მაგალითად, ლარი ჯონსონი ამბობს, საიდუმლო მუხლებიც აქვს), ჩვენებური პოლიტოლოგებისა და პოლიტიკოსების ნაწილმა, ჩვეულებისამებრ, თავზე ნაცარი დაიყარა და გოდებას მოჰყვა, რომ საქართველომ უსაშველოდ დიდი მარცხი განიცადა: ჯერ ერთი, იქ რომ არ იყო და, მეორეც, სწორედ მას უნდა ეტვირთა მედიატორის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მასშტაბური და მწვავეა დაპირისპირება, უდავოა, რომ საქართველოს ამ პროცესთან არავინ გააკარებდა (იქაც საკუთარი ინიციატივით ვერ მოხვდებოდა), იმას გარდა, რომ სომხეთიცა და აზერბაიჯანიც განხილულია, როგორც მასალა, ისევე, როგორც უკრაინა და, ბუნებრივია, საქართველოც. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა ჩვენებური პოლიტიკოს-პოლიტოლოგები თავს განზრახ იჩურჩუტებენ თუ რა შედეგზე გათვლილ დავალებას შეიძლება, ასრულებდნენ? – ამ თემას სოსო მანჯავიძესთან ერთად განვიხილავთ.

სოსო მანჯავიძე: სხვა საკითხია, არიან თუ არა მართლაც ჩურჩუტები, მაგრამ, როდესაც ადამიანი ასეთ როლს აიწეპებს, ანუ თავს ასეთ მდგომარეობაში იდგებს, რა თქმა უნდა, მას შეიძლება, ეწოდოს ჩურჩუტი. მათი დღის წესრიგი არის ის, რომ ყველა მოვლენა დაინახონ და აჩვენონ ისე, რომ ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ; თითქოს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ საქართველო იღუპება; რომ საქართველომ აირჩია პრორუსული ვექტორი, რუსეთი კი, თავისთავად ცხადია, განწირულია, ისევე, როგორც ყველა მისი მოკავშირე, რადგან აქ უახლოეს მომავალში გაბატონდებიან „ნატო“ და ევროკავშირი; ზოგადად, მთელ მსოფლიოშიც გაბატონდებიან და ისინი დაამყარებენ ლიბერალურ დემოკრატიას.

– დავუშვათ, საქართველო ყოფილიყო მედიატორი, გადააფიქრებინებდა აზერბაიჯანს, რომ გზა არ ჰქონოდა ნახიჭევანის ავტონომიაზე ან თურქეთს უარს ათქმევინებს დიდი თურანის იდეაზე? იმის თქმა მინდა, რომ ხომ არსებობს რაღაც ლოგიკაც, ობიექტური რეალობა?

– ეძებო ლოგიკა, ზოგადად, ქართული ოპოზიციისა და ნგრევის ჟინით შეპყრობილი ქართული საზოგადოების ნაწილის მსჯელობაში, იგივეა, რომ ეძებო ალმასები და ბრილიანტები მტკვრის ხეობაში. როგორ უნდა ეკისრა მედიატორის როლი საქართველოს, როდესაც მედიატორის როლი იკისრა ტრამპმა?! ამას რომ ადამიანი იტყვის, წესითა და რიგით, ის საერთოდ აღარ უნდა ჩნდებოდეს საზოგადოების წინაშე. მათი ლოგიკა დარღვეულია, აგრესია, ფურთხება, გინება, კბენა, ღრენა – აი, ეს ახასიათებს მათ შეპყრობილობას და ეს შეპყრობილობის ტიპური გამოვლინებებია. არ მაქვს იმედი, რომ წიგნებს წაიკითხავენ, მაგრამ არსებობს შესაბამისი ვიდეოები, „ჰორორის“ ჟანრის კინოფილმები. გეგონება, ამ ფილმების პერსონაჟებს განასახიერებენ. განსაკუთრებით, თვალშისაცემია ტელესაგიჟეთები, მაგრამ, იმავდროულად, ეს ახასიათებს მთელ მსოფლიოს. მსოფლიო დეგრადაციის რაღაც საშინელ სტადიაში შევიდა, თუმცა ჩვენთან ეს განსაკუთრებული კომიკურობითა და არტისტულობით ვლინდება. ავიღოთ, მაგალითად, იმავე დოიაშვილის დასის მსახიობები, ასევე, გუბაზ ულუ და გუბაზ ნარინი ან რომელი ერთი ჩამოვთვალო. როგორც ჩანს, ეს პატარ-პატარა დემონები, რომლებიც მათ ათამაშებენ, კარგად ერთობიან.

– თუმცა სომხური პოლიტიკაც საკმაოდ კომიკურად გამოიყურება. პრეზიდენტი ფაშინიანი იქამდეც კი მივიდა, რომ სომხეთის კათოლიკოსს თავისი ასოს ჩვენება შესთავაზა. ჩვენთან მთლად გენიტალიების ჩვენებამდე არ მისულა საქმე.

– სომხები გვისწრებენ, იმიტომ რომ ფაშინიანი, თავისთავად, ისეთი ფიგურაა, როგორიც ჩვენც გვყავდა, სააკაშვილის სახით და, საბედნიეროდ, მოხერხდა, რომ ახლა ის „ვივამედშია“ გამწესებული. თუმცა ის განწყობა და შეპყრობილობის დონე, რომლის შედეგადაც სააკაშვილი აშკარად დაღუპავდა ამ ქვეყანას, შეუმჩნეველი დარჩა ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის, რომლებიც მის მსგავსად შეპყრობილები იყვნენ ნგრევისა და სისხლისღვრის ისეთივე ჟინით, რაც არაერთხელ ყოფილა ისტორიის განმავლობაში. მაგალითად, 90-იანებში. გავიხსენოთ, იმდროინდელი გონების დაბნელება საქართველოში. ეს ხდებოდა ხოლმე პერიოდულად. ავიღოთ იგივე დავით გურამიშვილი, სოციალ-დემოკრატების გაბატონება და მათი ბრძოლა ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. ამას ციკლური ხასიათი აქვს. ვინაიდან ჩვენ დიდ იმპერიებს შორის ვიყავით, ეს საკითხი ნაკლებად შესწავლილია და, ამდენად, უფრო დიდი იმპერიის ნგრევის ციკლებთანაა დაკავშირებული. იგივე განწყობაა დღეს სომხეთში. ფაშინიანი სააკაშვილზე ნაკლები არ არის, ჩემი აზრით, მეტიცაა. გვახსოვს, რომ სააკაშვილი ღრუბელ-ღრუბელ დაფრინავდა და ასე ემალებოდა რუსულ ავიაციას; ზვიგენებს ფეხებს უტყაპუნებდა წყალში და ზვიგენები უყურებდნენ. მეორე მხრივ, ფაშინიანს ჰალსტუხი არ უჭამია და არც კაცობრიობის ისტორიაში უნიკალური გარბენი არ განუხორციელებია, როგორც სააკაშვილმა, სრულიად უმიზეზოდ რომ მოკურცხლა. არც ჰარემი აქვს. ანუ სხვადასხვანაირად ვლინდებიან. ხომ გვახსოვს, სულ ბოლოს იასკოსთან ერთად რომ მოგვევლინა და გვითხრა, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარსო. აღარაფერს ვამბობ მის მრავალრიცხოვან „პასიებსა“ და ქორწინების გარეშე დაბადებულ შვილებზე, ზოგი იცის საზოგადოებამ, ზოგი – არა. და ამის მიუხედავად, მას ჰყავს საკმაოდ მრავალრიცხოვანი მიმდევრები, რომლებისთვისაც ზნეობრივი კატეგორიები საერთოდ არ არსებობს. ეს არის რაღაც არქაული პლასტი კერპთაყვანისმცემლებისა და ისინი ახლა ეძებენ ახალ კერპს, ვინაიდან ძველი კერპი ისე ყოჩაღად ვერ გამოიყურება. მაგრამ ვერ პოულობენ, იმიტომ რომ „ოცნება“ განუწყვეტლივ ახდენს ამ კერპების დესაკრალიზაციას, ამიტომ მათ კერპი მოძებნეს ევროპაში. ეს დეპერსონალიზებული კერპია. ჩვენ ვნახეთ ამ კერპისადმი მიძღვნილი საოცარი რიტუალები რუსთაველის გამზირზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. გავიხსენოთ, ევროპის დროშებით რომ დარბოდნენ რაღაც წრეზე გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფი ქალები, უსქესო პერსონაჟები, პირსინგებითა და ტატუებით და კერპის მიმართ მათ მიერ აღვლენილი რიტუალები, რომელიც ითხოვს მსხვერპლს.

– როდესაც, მტერი იქნება თუ მოყვარე, ამას უყურებს, როგორი შთაბეჭდილება ექმნება? მოუნდება ვინმეს ამ ტიპის საზოგადოებებთან ურთიერთობა და განიხილავს თუ არა ის სერიოზულად ამ ტიპის ქვეყანას, როგორც მტერს, როგორც მოყვარეს, როგორც პარტნიორს, მეგობარს ან როგორც რაღაც გარიგების მონაწილეს?

– როდესაც შიგნით არასტაბილური ხარ, რითიც ქვეყანას ემუქრება საფრთხე და გყავს ისეთი მეხუთე კოლონა ქვეყანაში, რომლისთვისაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შედეგს, არც აინტერესებს და პირიქით, რაც უფრო ცუდი შედეგები დადგება, მით უფრო ხელსაყრელია მათთვის, ესე იგი, შენ ორ რაღაცას ვერ აკეთებ: ვერ უზრუნველყოფ წესრიგს, რომ ასეთი პერსონაჟები არ იყვნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე და ვერ უზრუნველყოფ ისეთ ეკონომიკურ მდგომარეობას, რომ ასეთი ადამიანები რაღაც სხვა საქმით იყვნენ დაკავებული. მესამე პრობლემაა ნგრევისა და რევანშის ჟინით შეპყრობილი ადამიანები, რაც კარგად აღწერა დავით გურამიშვილმა. „დავითიანი“ ყოველდღე უნდა ისწავლებოდეს, რადგან ზუსტად აქვს აღწერილი, როგორ ანგრევდნენ ქვეყანას და შემდეგ სხვას აბრალებდნენ. ხოლო, როდესაც შიგნიდან აირევი, ისეა მოწყობილი სამყარო, რომ ყოველთვის მოიძებნება ძალები, რომლებიც ამით ისარგებლებენ. ეს მარტივი რამ აბსოლუტურად მიუღწეველ სიმაღლედ რჩება ამათი აზროვნებისთვის და ჩვენ ვხედავთ ტელევიზიებით, პრესით, „ტიკ-ტოკით“, „ფეისბუქით“, რომ დილიდან საღამომდე სხედან ადამიანები და ცდილობენ, რაღაცნაირად გადმოაფრქვიონ თავიანთი განწყობები.

– მათთვის უფრო ხელსაყრელია, რაც უარესი შედეგი დადგებაო, მაგრამ რას მიიღებენ ისინი სასარგებლოს სიტუაციის არევით? მათ ვინმე დაინდობს, ისინი საერთოდ ვინმეს სჭირდება, თუ რა წარმოდგენა აქვთ თავიანთ თავსა და მომავალზე?

– არანაირი წარმოდგენები არ აქვთ, საქმეც ესაა. ჩვენ არასწორად ვუდგებით მათ, ჩვენ გვგონია, რომ ისინი ამ კატეგორიებით აზროვნებენ. არადა ისინი აზროვნებენ იმ წუთიერი ბოღმებისა და უარყოფი ემოციების გადმოფრქვევისთვის. ჭკვიანი ადამიანის შეცდომა ის არის, ჰგონია, სხვებიც ითვალისწინებენ იმ შედეგებს რომელიც შეიძლება, დადგეს. მათ არათუ შედეგები არ აინტერესებთ, ვერც კი გაიაზრებენ, რატომ მოხდა, რაც მოხდა. პირიქით, სხვას დააბრალებენ აუცილებლად. ხომ ვხედავთ, როგორ ინტერპრეტაციას უკეთებენ, მაგალითად, 2008 წლის მოვლენებს?! ანუ ჩვენ თვალწინ აყალბებენ ისტორიას, სრულიად გიჟურ რაღაცებს ამბობენ და სხვებს უწოდებენ მოღალატეებს იმის გამო, რაც თვითონ გააკეთეს. მათ პასუხსაც ვერ მოსთხოვ, იმიტომ რომ ამის ცნობიერება არ აქვთ. ისინი ვერც ვერასდროს გაიაზრებენ თავიანთ დანაშაულს. ამდენად, არსებობს მხოლოდ ერთი რამ: კანონის სიმკაცრე, თორემ მათთან საუბარი შედეგებსა და საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეზე იგივეა, მგლის თავზე რომ „სახარება“ წაიკითხო. აზრი არ აქვს. ადამიანები პირდაპირ ეთერში დღეს ერთს ამბობენ, ხვალ – მეორეს, ზეგ – მესამეს და სამივე შემთხვევაში მორალს კითხულობენ ურთიერთსაწინააღმდეგო აზრების გამოთქმისას. მაგალითად, გუბაზ სანიკიძისთვის სააკაშვილი ერთხელ ჯალალედინი იყო, მეორეჯერ – დავით აღმაშენებელი, თან ორივეჯერ ამას ლაპარაკობს სრულიად შეუვალი პედაგოგიური ტონით. რა უნდა ელაპარაკო?! არაფერი.

– ყველას ხომ ვერ დაიჭერ ან ადამიანს იმის გამო თუ დაიჭერ, რომ ვერ აზროვნებს, ცუდად გამოჩნდება. სხვა მეთოდი არ არსებობს, რომ საზოგადოება სრულად ადეკვატური გახდეს, მიუხედავად პოლიტიკური მოსაზრებებისა?

– როგორც ვთქვი, ვერაფერს შეაგნებინებ. თან, კამათს აქვს თავისი პრინციპები. მაგალითად, რომ დასვა აინშტაინი და, დავუშვათ, წითლიძე. მათ შორის კამათი დასრულდება იმით, რომ წითლიძე შეაგინებს და დამთავრდება ამით აინშტაინობა ან, მაგალითად, რომ დასვა პლატონი და რომელიმე აგრესიული „ნაციონალი“, პლატონი წააგებს ამ დისკუსიას, იმიტომ რომ გალანძღავენ. მეორე მხრივ, ხომ ვხედავთ, რომ ალიევმა მოაგვარა ეს საკითხი ქვეყნის შიგნით და არავის აქვს პრეტენზია?! ერდოღანიც აგვარებს; არაბული სახელმწიფოების შესახებ ვინმეს უთქვამს, რატომ არ არის იქ დემოკრატიაო. ან მოლდოვას რატომ არ აკრიტიკებენ? ის ქალბატონი სანდუ რომ ამდენ სპერმას ყიდულობს?!

– მეც მიკვირს, ამდენი სპერმა სხვადასხვა ადამიანის რაში სჭირდება.

– მე ვერ გავცემ პასუხს კითხვას, რად უნდა ქალბატონ სანდუს სპერმა, მაგრამ უკვე შემეპარა ეჭვი, რომ აი, ის პოლონელი რომ ჩამოვიდა სააკაშვილის მოსანახულებლად და ბიოლოგიური მასალა გაჰქონდა ჩუმად, მგონი, ისიც სპერმა იყო. აი, ასეთი საოცრებები ხდება და ამის შესახებ სერიოზულად ლაპარაკიც უკვე არასერიოზული და უხერხულია. ახლა ჩვენ ინერციას მივყვებით. ვიმეორებ, ეს აწყვეტილი გიჟები კანონის ჩარჩოში უნდა მოვაქციოთ. თანამედროვე პირობებში რაც ეკუთვნით, ამას ვერ მივუზღავთ, მაგრამ გარკვეული სიმკაცრე აუცილებელია, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ცდილობენ, რამენაირად აურიონ სიტუაცია და დაპირისპირება გამოიწვიონ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა