რატომ ურჩევნია ჩვენი საზოგადოების ნაწილს, შეეწიროს საკუთარ განწყობებს, ოღონდ არ აღიაროს, რომ შეცდა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 26.03

მართალია, ცხოვრებაც პრაგმატულია და, მით უმეტეს, პოლიტიკა და გეოპოლიტიკა, მაგრამ ჩვენთან ისევ რომანტიკულად და ვარდისფერი სათვალეებით არა მარტო უყურებენ, არამედ აფასებენ კიდეც მოვლენებს. შესაბამისად, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების შეფასება არ სცდება ლოგიკას, რუსეთი ხომ დაესხა თავს უკრაინას, აბა, არ დაეცვა თავი?! ეს ხომ ჩვენი მიწაა და მისთანანი, თუმცა გეოპოლიტიკა სრულიად სხვა წესებით იმართებოდა და იმართება. ეს ყოველივე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ომებსა და პოლიტიკურ ინტერესებს, სადღაც, შუა საუკუნეების გადასახედიდან ვაფასებთ, როდესაც პერსონალური გმირობა და ხმალდახმალ ბრძოლა რაღაც ბენეფიტს მაინც იძლეოდა, რაც სრულიად გამოუსადეგარია თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარე ომებში, როდესაც ბრძოლაში წამყვანი როლი ხელოვნურ თანამგზავრებს, ანუ ცას ენიჭება (აღარაფერი რომ არ ვთქვათ ავიაციასა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე). რატომ დავრჩით მოძველებული, მეტიც, ყავლგასული ლოზუნგების ტყვეობაში? – ამ თემას სოციოლოგ ვალერიან გორგილაძესთან ერთად განვიხილავთ.
– რას უკავშირდება ჩვენი საზოგადოების სამკვდრო-სასიცოცხლო პროცესების რომანტიზებული აღქმა, რასაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, იოლად და საკუთარი სურვილით ვიქცეთ საზარბაზნე ხორცად? როგორ გადავცვივდით სრულ ინფანტილიზმში, როდესაც ჩვენი დამოკიდებულებაა: კანფეტი მინდა და არ გვაინტერესებს, ეს კანფეტი არის თუ არა და გვაქვს თუ არა ამ კანფეტის შესაძენად ფული?
– ეს თემა აქტუალურია და სულ უფრო და უფრო ღვივდება და აშკარავდება გარკვეული ჯგუფების მიერ გამოვლენილი ინფანტილიზმი, ირაციონალიზმი, უცოდინრობა, რაღაცების აკვიატება. თანაც, ეს ახასიათებს არა მხოლოდ ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფს, რომლებსაც არ აქვთ სათანადო ცოდნა და გამოცდილება და მათ ეპატიებათ კიდეც, იმიტომ რომ ახალგაზრდობაში მეტ-ნაკლებად ყველანი ასეთები ვიყავით, არამედ მათაც, ვინც კვებავს, მათ შორის, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებსაც. ანუ ინტელექტუალურ ელიტას, რომლებიც რაღაც ტრენდებს ქმნიდნენ ამ 30 წლის განმავლობაში, თავიანთი ნარატივებით. მაგალითად, რომ „ნატო“ არის ღვთაებრივი აბსოლუტი, რომ ეს საშუალება კი არ არის, არამედ მიზანი; ეს არის ბედნიერება, ოქროს ხანა, რასაც თაობები სიცოცხლესაც კი უნდა სწირავდნენ. შეიქმნა ერთგვარი თავისუფლების კულტი, რომელიც მოდის წინა საუკუნის 80-ანი წლებიდან. 80-ანების მეორე ნახევარში, საბჭოთა დროს, პარადოქსია, რომ პარტიული ნომენკლატურის შვილები აქტიურად გამოხატავდნენ თავიანთ მისწრაფებას დასავლეთისადმი, იქაური ცხოვრების წესისადმი. ეს მაშინ გამართლებული იყო, ვინაიდან არსებობდა კონტრასტი: დასავლეთი ძალიან კარგად იყენებდა ყველა იმ ტექნოლოგიას, რაც ეხმარებოდა დასავლური ცხოვრების წესის მხარდაჭერას. აქ იგულისხმებოდა სიმბოლოები: „კოკა-კოლა“, ჯინსები, „მაკდონალდსი“, „ჰოლივუდის“ ფილმები, სამომხმარებლო კულტურა... რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქმნიდა კონტრასტს დეპრესიულ საბჭოთა კავშირთან, რომელშიც იყო საბარათე სისტემა სურსათზე, პროდუქციის მწვავე დეფიციტი და ასე შემდეგ და ეს დეპრესიული ხატი უკავშირდებოდა ცხოვრების ყველა სეგმენტს. მაგრამ საქმე ის არის, რომ იმ თაობის ნაწილი ჩარჩა იმ ნარატივებში, რომლებიც თავად შექმნეს. როდესაც შენ გჯერა და რელიგიის რანგში გაქვს აყვანილი შენი ცხოვრებისეული ფილოსოფია, ის კი შენ თვალწინ ირღვევა, ძალიან რთულად ეგუები ამას.
– ეს ძალიან მტკივნეულია, იმიტომ რომ ადამიანისთვის სიკვდილის ტოლფასია, აღიაროს, რომ შეცდა.
– დიახ, ჯერ ერთი, ამ დროს რაციონალურად ვერ აღიქვამ სიგნალებს, რაც გარედან მოდის და მიანიშნებს შენ მიერ შექმნილი სისტემის რღვევაზე; მეორე – ეძებ გამართლებას და მესამე – ეძებ მტრებს. მტრები, ბუნებრივია, არიან ისინი, რომლებიც ადამიანს უნგრევენ მის მიერვე შექმნილ სისტემას. თუმცა მტრების სიაშიც ბევრი ირაციონალური ფაქტორია: გასაგებია, რომ პუტინი არის პუტინი, მაგრამ შემდეგ პუტინის აგენტი არის ივანიშვილი, ორბანიც პუტინის აგენტია, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტრამპიც აგენტია, მასკი საერთოდაც კრემლის მიერაა მოსყიდული და იპარავს ფულებს. ანუ რაციონალური ფაქტორი, რომ მასკის კაპიტალი ნახევარი ტრილიონია, არ მუშაობს; არც ის, რომ ყველა ადამიანი, რომლებიც ტრამპის გუნდის ბირთვს ქმნის, ახალი ელიტაა, რომლებიც თავად ქმნიან ტექნოლოგიებს და აცხადებენ პრეტენზიას მსოფლიოს მართვაზე. მათ თავიანთი კონსპირაცია აქვთ. თან, ძველი კონსპირაციაც ინგრევა, რადგან შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ ყველა ძველი კონსპირაციული თეორია არის ნამდვილი და ამიტომ შენ უკვე იძულებული ხარ, შენი საკუთარი კონსპირაცია შექმნა, რითიც ცდილობ, გაამართლო, რატომ ინგრევა შენ მიერ 30-35 წლის განმავლობაში რუდუნებით შექმნილი მსოფლიო მოდელი და ქმნი საკუთარ კონსპირაციას, რომელიც გაამართლებს ამ რღვევას ან არ აღიარებს, რომ ეს რღვევაა და დაიჯერებს, რომ ეს არის მიზანმიმართული დივერსია მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვრცელდება, განსაკუთრებით, იმ ნაწილში, რომელსაც აქვს პასიონარული ენერგია. ის დებს ამ თავის ენერგიას ამ პროტესტში, რაც აისახება მათ სულისკვეთებაზე, მათ ფსიქოლოგიურ განწყობაზე. ამდენად, ძალიან ადვილი გასათვლელია მოვლენების შემდგომი განვითარება. ეს სტადიებია: მიუღებლობა, დეპრესია, აგრესია და ვაჭრობა, ხოლო დასასრულია ამ გარდაუვალი პროცესის მიღება, მაგრამ სხვადასხვანაირია შეგუების მექანიზმი ამ გარდაუვლობასთან. მე ვფიქრობ, რომ დიდი ნაწილი გაიაზრებს ამას, რაღაც ნაწილი წავა ემიგრაციაში.
– ჩვენი სეპარატისტები ამბობენ, რომ რუსეთში უნდათ, ჩვენი არასეპარატისტი თანამემამულეების ნაწილი ამბობს, რომ ევროპაში უნდა, შეიძლება, გამოსავალიცაა, ისინი წავიდნენ რუსეთში, ესენი – ევროპაში. ფაქტია, აქ არ უნდათ.
– დიახ და ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს ხდება მთელ მსოფლიოში. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში „ჰოლივუდი“ დემონსტრაციულად აცხადებს, რომ ვერ შეეგუება ვერც ტრამპიზმს, ვერც ამ მმართველობას და ტოვებს ამერიკას. ყოველდღიურად ქვეყნდება, თუ როგორ ეცემა უძრავი ქონების ფასი შტატებში, იმიტომ რომ ყველა რაღაცას ყიდის და უკვე მასობრივად იყიდება უძრავი ქონება 20-30-პროცენტიანი ფასდალებით. ასევე, არის შიდა მიგრაცია: მოლიბერალო ტიპები გადადიან ლიბერალურ შტატებში – ნიუ-იორკში ან კალიფორნიაში და პირიქით. თუმცა, ეს უკვე დიდი ხანია, ხდება შტატებში და მსოფლიო პროცესიც მიდის. მაგალითად, ბოლო მონაცემებით, კანადელები, არსებული დაძაბულობის ფონზე, სულ უფრო იკავებენ თავს შტატებში მოგზაურობისგან. ბევრი ამერიკელი გადადის ევროპაში, რომელიც ლიბერალიზმის ბასტიონად იქცა. მაგალითად, ამერიკიდან რამდენიმე ათასი ადამიანი გადასახლდა რუსეთში, მრავალშვილიანი ქრისტიანი ოჯახები. მეორე მხრივ, რუსეთის ურაინაში შეჭრის შემდეგ, დაახლოებით, მილიონმა ადამიანმა დატოვა რუსეთი. ეს გადაადგილება კულტურული პრეფერენციების მიხედვით, უფრო გახშირდება და ესეცაა ამ თანამედროვე პროცესისთვის დამახასიათებელი.
რაც შეგვეხება ჩვენ: როგორც ვთქვი, ნაწილი წავა, ნაწილი შიდა ემიგრაციაში იქნება, ანუ დარჩება თავისი მსოფლმხედველობრივი პატერნების ტყვეობაში და როგორც კი მიეცემა საშუალება, აღმოაჩინოს მსგავსი აქტივობა, მაშინვე მიიღებს მონაწილეობას. ჩაძინებულ მდგომარეობაში იქნება და როგორც კი რაღაც საბაბი მიეცემა, ისევ გამოვა. თუმცა ესეც მცირე ნაწილი იქნება. ნაწილი გადაიქცევა ანტისოციალურ ელემენტად, თუმცა ყველა ჯგუფშია მიდრეკილება ასოციალური და ანტისოციალური ქცევისადმი. სხვათა შორის, ევროპაში ფიქსირდება ძლიერი ალკოჰოლისადმი ლტოლვა, ღვინის მოხმარება მცირდება და იზრდება ძლიერი ალჰოკოლური სასმელების მოხმარება და ეს მაშინ, როდესაც ეს თაობა, ჯენზი, საერთოდაც, ნაკლებად მიირთმევს ალკოჰოლს და მთელი ალკოჰოლური ინდუსტრია შეწუხებულია ამით. ეს არის მოდელების მსხვრევა, რომლებზეც დამაჯერებელი პასუხი არ არის თვით ამერიკაშიც, რაც პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს მანიფესტანტებზე, რომლებიც პროტესტის ბირთვს შეადგენს. ეს არის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ირაციონალიზმსა და ინფანტილიზმს და ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ოღონდ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვიმკით იმ პოლიტიკის შედეგებს, რომელიც ტარდებოდა ამ ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
– უნებლიეთ მეც ვატარებდი ამ პოლიტიკას, რომ დასავლური არჩევანი უალტერნატივოა, თუმცა ერაყის პირველმა ომმა და 2008 წელმა საბოლოოდ მიმახვედრა, რომ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც მეგონა.
– ეს არის განათლების სისტემის დემონტაჟის შედეგი. შეიცვალა კონცეფცია, იმიტომ რომ განათლების არსებული სისტემა ორიენტირებულია მოხმარებაზე. მაგალითად, ტესტების ფილოსოფიაც, რომ მოცემული პასუხიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიო, მომხმარებლური დამოკიდებულებაა, რომელიც ორიენტირებულია არა ცოდნაზე, არამედ არჩევანზე. ამას ემატება, ჩვენს შემთხვევაში კი განსაკუთრებით, მედიის აქტივობა. მე არ ვახდენ მედიის დემონიზაციას, მაგრამ აშკარაა, რომ მედიამ უკიდურესად ნეგატიური როლი შეასრულა ამ პატერნების ჩამოყალიბებაში. თუმცა, მთლიანად მედიასაც ვერ დააბრალებ, იმიტომ რომ მედია ამ საშუალებად იქცა იმ მიზეზით, რომ პოლიტიკოსები თავის დროზე ცდილობდნენ მედიის გამოყენებას და მიიღეს ის, რაც მიიღეს. მედიამ დაარღვია ყველა დაუწერელი თუ დაწერილი კანონი, ყველას დაავიწყდა, რომ მედია ობიექტურად თანაბრად უნდა იყოს დისტანცირებული ყველა პოლიტიკური ძალისგან და ფაქტებს უნდა კონსტატირებდეს. არადა ვხედავთ უხეშ მანიპულაციებს. როდესაც გამოდიან და პირდაპირ სდებენ ბრალს.
– არადა იმპერატიული მსჯელობა არაჟურნალისტურია, ჟურნალისტი არ შეიძლება, ლაპარაკობდეს და წერდეს მტკიცებით ფორმაში.
– დიახ, მედია ბრალს სდებს მძიმე დანაშაულში, როგორიცაა ქვეყნის ღალატი და ნებისმიერი არსებული და არარსებული დანაშაული. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის სისტემის დაშლა და გვესმის, რომ ასე ვერ გაგრძელდება. აშკარაა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება არსებული სისტემის დემონტაჟი და ისიც, რომ, თუ ეს შეუქცევადი პროცესი არ გახდება, ამ სისტემის გადატვირთვის ავტორები შეეწირებიან ამ ამბავს. ამიტომაც ვვარაუდობ, რომ ეს გაგრძელდება არა მხოლოდ ტრამპის მმართველობის დასრულებამდე, არამედ შემდეგაც.
– მთავარია, ამ სისტემის ნანგრევებში არ მოვყვეთ. იმიტომ რომ, ფაქტია, სახელმწიფოებიც გაქრებიან და ხალხებიც.
– და ჩვენც უნდა დავიწყოთ მორგება ახალ სისტემასთან. ბოლოს და ბოლოს, 30-წლიანი გამოცდილება გვაქვს და ეს ქვეყანა თავად უნდა ხვდებოდეს, რა არის მისთვის მისაღები და ოპტიმალური, ყოველგვარი იდეოლოგიური საფუძვლების გარეშე. ვხედავთ, რაც ხდება მსოფლიოში, ამდენად, ახალი სისტემა უნდა პასუხობდეს რელევანტურ საფრთხეებს და უნდა ვეძებდეთ ამ ოპტიმალურ სისტემას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან