რატომ ურჩევნია ადამიანს გარანტია ზიარებისა და მარხვის სახით, ვიდრე ქრისტესავით ცხოვრება
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერი გარანტირებული ურჩევნია, მათ შორის, ცხონება, რის გარანტიასაც ვხედავთ სიკეთის კეთებაში, აღსარებაში, ზიარებასა და საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნაში, ისევე, როგორც, ეგრეთ წოდებული, მკრეხელური აზრების უარყოფაში. და არავინ თქვას, რომ ერთხელ მაინც არ დაეჭვებულა ღმერთის არსებობაში, სწორედ ამ ეჭვებზე გვესაუბრება დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია).
მამა გურამი: ჩვენ, ადამიანები, ქრისტიანებს ვგულისხმობ, ხშირად გავურბივართ ხოლმე გაურკვევლობას და გარანტიებს ვეძებთ. მაგალითად, მოძღვარი ავიყვანოთ, ვეზიაროთ, მარხვა დავიცვათ, რაღაც-რაღაცები გავაკეთოთ, რომ სტაბილურად ვიყოთ. თუ ასე მოვიქცევით, მშვიდად ვართ, იმიტომ რომ გვეშინია ეჭვებში ყოფნის. შეიძლება, ზოგიერთს ცოდვაც კი ჰგონია ეჭვის დაშვება. არადა, სანამ რწმენა არის, ეჭვი ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ რწმენა ჯერ კიდევ გზაში ყოფნაა. პავლე მოციქული ამბობს: რწმენაც დამთავრდება, ცოდნაც გაქრება და სიყვარული დარჩება. ეს ყველაფერი რწმენამდე მიმყვანია. ეჭვი რწმენის მეორე მდგომარეობაა. ეჭვი ჩვენიანია, რატომ?! იმიტომ რომ არ გაჩერებს. ეჭვი გეხმარება შენ, რომ სიყალბეში არ დარჩე, თავი არ მოიტყუო. ეჭვს ვერ მოატყუებ. ის მიგერეკება, როცა ნებით არ მიდიხარ, არ მოგასვენებს. აბა, თავს ხომ ვერ მოიტყუებს?! ეჭვი ეს არის ნაკლებობა. თორემ სისავსეში ეჭვი გაქრება, დაისვენებ და მაშინ მადლობას გეტყვის შენი ეჭვი. მაგრამ, სანამ ნაკლებობაში ხარ, არ მოგშორდება, რადგან გეხმარება. გაიძულებს, რომ კიდევ და კიდევ გაჩხრიკო ყველაფერი, რათა სიმშვიდეს ეწიო, სიმრთელეს ეწიო, სისავსეს ეწიო. აი, ამის შემდეგ ისვენებ. რა არის დასვენება? დასვენება არის სისრულე. მანამდე ვერ ისვენებ, იმიტომ რომ ხელოვნურად ვერ დაისვენებ. აქედანაა მეშვიდე დღე, მშვიდი, მშვიდობა, სიმშვიდე. რატომ არის მშვიდობის, სიმშვიდის ფუძე შვიდი?! იმიტომ რომ ღმერთმა მეშვიდე დღეს დაასრულა თავის საქმე და ეს უკვე სისრულეა. ჯვარზე იესო ბოლო სიტყვას რას ამბობს? აღსრულდა. ესე იგი, რა ყოფილა ჯვარი?! წვა შიში, ეჭვი, მამაო, რატომ მიმატოვე! თავად იესო ამბობს ამას თავის კაცურ ბუნებაში და ჩვენც ხომ იმავე გზას გავდივართ?!
არ შეგეშინდეთ ეჭვების, არ შეგეშინდეთ ნაკლებობის, არ შეგეშინდეთ გაორების, არ შეგეშინდეთ ტკივილების, ჩვენ აქედან ვიბადებით, სხვა გზა არ გვაქვს. სწორედ ეს არის იაკობის გზა და ზედმეტად პატიოსანი რომ ყოფილიყო იაკობი, გავიმეორებ: იქ დარჩებოდა და საერთოდ არ განვითარდებოდა ისტორია. არც მესია დაიბადებოდა. ამიტომ ჩვენ ამ მატერიაში თავიდან ფეხებამდე ვართ ჩაყრილი, მაგრამ ვინ გვიცავს?! სულიწმიდა, ქრისტეს სული ჩემში, რომელმაც ეს გზა უკვე გაიარა. ნახე, რა უპირატესობა გვაქვს?! რწმენა ზოგს ჰგონია აღიარება, რომ ქრისტე აღდგა. რწმენა ჰგონიათ სამების დოგმატის ზეპირად ცოდნა, იმაზე დათანხმება, რასაც ეკლესია ასწავლის. სინამდვილეში კი, რწმენა არის ცხოვრება ისე, როგორც ქრისტემ იცხოვრა. რწმენა არის ქრისტეს სულის ჩემში მიღება და გგონია, ქრისტეს სულის მიღება იოლია?! ჩვენ ამით სიკვდილს ვიღებთ, ხელს ვაწერთ, რომ მე, როდესაც ქრისტეს სულს ვიღებ, მე ვიღებ იმ სულს, რომელმაც სხეული სიკვდილამდე მიიყვანა და შემდეგ აღადგინა. თანახმა ხარ ამაზე?! ეს რთულია და ამიტომ ჩვენ, ქრისტეს სულის ნაცვლად, ვიღებთ რელიგიურ გადმოცემას, უბრალოდ, ვუერთდებით ეკლესიას და ნათლობა ჩანაცვლებულია რიტუალის აღსრულებით. ყველა საიდუმლოებას გარეგნულად ვიღებთ. აღდგომის სიხარული, ჯვარცმა გაიგივებულია გარდამოხსნასთან. წელიწადში ერთხელ, სამ საათზე ეკლესიაში ვესწრები ქრისტეს დატირების რიტუალს, მომდის ცრემლები, მაწვება ემოციები, მაგრამ სადაა თანამონაწილეობა?! თუ შენ არ თანამონაწილეობ ჯვარცმაში, აღდგომაში როგორ დაემსგავსები?! ჯვარცმა არ გინდა, მაგრამ აღდგომა გინდა, აღდგომა კი ჯვარცმის გარეშე მხოლოდ წითელი კვერცხებია. ჩვენ 40 დღის განმავლობაში ვიმეორებთ, რომ ქრისტე აღდგა. ამ ამბავში კარგი ის არის, რომ ხსოვნა გვაქვს და კარგია, რომ ეკლესიამ დღემდე მოიტანა ეს ხსოვნა, მაგრამ მთავარი სხვა რამაა. ჩვენ უნდა შევიდეთ იმ განცდებში, იმიტომ რომ ქრისტეს რწმენა ნიშნავს ქრისტეს სულის მიღებას რწმენით, როგორც აბრაამმა მიიღო ისაკი. აბრაამს, ხომ, ისააკი რწმენით შეეძინა და არა მამაკაცობრივი ნებით?! მაქსიმე აღმსარებელიც იმავეს ამბობს, როგორც მარიამ ღვთისმშობელს არამამაკაცობრივი ნებით, არა სისხლითა და ხორცით, არამედ სულიწმიდისგან ჩაესახა ძე ღვთისა და შობა. იმავეს ამბობს იოანე მახარობელი: თქვენ ძე ღვთისები ხართ, რომლებიც არამამაკაცობრივი ნებით, არა სისხლითა და ხორცით, არამედ უფლისგან იშვით. და მაქსიმე აღმსარებელი გვეუბნება, რომ ზუსტად ასევე უნდა ვშვათ ჩვენ რწმენით ქრისტე.
ქრისტეს მოსვლა, მისი ჯვარცმა და აღდგომა სწორედ იმიტომ იყო, რომ მან თავისი თავი, როგორც მარცვალი, ძე კაცისა და ძე ღვთისას კონცენტრატი, მოიტანა, როგორც რწმენა. თვითონ ქრისტეა რწმენა, ამიტომაც ითქვა, ძე კაცისა რომ მოვა, ნახავს კი რწმენას დედამიწაზე?! არ წერია, მორწმუნე, წერია – რწმენა. იმიტომ რომ რწმენაა ქრისტე, ვინც გაიარა ეს გზა, სულიწმიდა არის მისი მარცვალი, უკვე მისი მყოფობა ჩვენში. სულიწმიდით შემოდის ჩემში ქრისტე, რომ იგივე გზა გაიაროს ჩემში ამ სულმა, ანუ რწმენამ, რაც მან იესოს სხეულში გაიარა. იგივე თუ არ მოხდა ჩემში, მარტო ისტორიაში ქრისტეს თაყვანისცემა, პარაკლისების გადახდა, დაუჯდომელების კითხვა, ხატების კოცნა-მთხვევა რას გვაძლევს?! ეს საჭიროა, მაგრამ იმისთვის, რომ ერთხელაც იქნებ შევიდეთ ამ ჯვარცმაში. რომაელთა მიმართ მეექვსე თავში პავლე მოციქული წერს: ჩვენ თუ დავემსგავსეთ მას ჯვარცმაში, აღდგომაშიც დავემსგავსებით. ამიტომ, თუ გინდა აღდგომა ქრისტესავით, დაემსგავსე ჯვარცმაში მას. რა არის ჯვარცმა?! როდესაც კი არ გაურბიხარ წუთისოფელს, კი არ ებრძვი, წუთისოფელს, კი არ უარყოფ და ცაში მიდიხარ, არამედ იაკობივით შიგნით შედიხარ. და ვინ გიცავს ამ დროს? აი, ის აღთქმა, კურთხევა, რომელიც უფალმა მოგვცა, ქრისტეს სული. როგორც მან სძლია ქრისტეს ძეკაცობრივ სხეულში ამ წუთისოფელს, ზუსტად ისეთივე მძლეველი რწმენა მოგვცა ჩვენ. ქრისტეს სული ისევე დაძლევს ჩვენში წუთისოფელს და ამით დასრულდება ისტორია. უფრო მეტიც, ის ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ შენში ეს აღსრულდეს. თუ შენში ეს არ აღსრულდა, რად გინდა, ისტორიაში რომ მოხდა?! შენ რას მოგიტანს?! არც არაფერს. და სწორედ იმისთვისაა ეკლესია და სულიწმიდის მადლი. იმის გააზრებაში უნდა დაგვეხმაროს, რომ, რაც მოხდა, რაც გვესმის და რასაც „ბიბლიაში“ ვკითხულობთ, სულიწმინდამ ეს ჩვენში მოახდინოს და ჩვენ გაგვახსენოს. ამიტომ ამბობს ქრისტე, სულიწმიდა რომ მოვა, გაგახსენებთ ყველაფერს, ხოლო გახსენებაში კი არის ხსნა, რადგან დავიწყება არის სიკვდილი. ჩვენ კითხვაში ვართ იმიტომ, რომ ჯერ არ ვიცით პასუხი, მაგრამ პასუხი კითხვაშია. თუ კითხვას არ გაექცევი, პასუხად აქცევ. პასუხი არის შინ დაბრუნება და სწორედ ესაა მონანიება. ამდენად, უპირველესად უნდა გავიხსენოთ და როდესაც გაიხსენებ, უკვე ქრისტე ხარ. რას ამბობს პავლე მოციქული?! მე არ ვცხოვრობ უკვე, ჩემში ქრისტე ცხოვრობს. და ვინ არის ქრისტე? ჩემი ნამდვილი მე. ჩემი თავის გახსენება. პავლე მოციქულივე ამბობს: ჩემი თავი ქრისტეა. ჩვენ აი, ამ სათავეს მოვწყდით დავიწყებით, მაგრამ გახსენებით ისევ ვბრუნდებით. ამის შემდეგ დასრულდება ჩვენი ქმნადობისა და ხეტიალის ისტორია და იაკობიდან ვიქცევით ისრაელად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან