პოლიტიკა

რატომ ურჩევნია ადამიანს, გაამართლოს სისასტიკე და ძალადობა, ოღონდ არ გამოტყდეს, რომ ცდებოდა

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 21.05

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

ჯერჯერობით არ ვიცით, რით დასრულდება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა, თუმცა, რაკი სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ყველას აქვს საშუალება, დაზარალებულების პირიდან მოისმინოს, რა და როგორ ხდებოდა მათ თავს, თუმცა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც მონათხრობებს არ იჯერებენ, რომლებიც ამის შესახებ იცინიან, ანუ დასცინიან მსხვერპლებს, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ეს ფაქტები მეტად უმნიშვნელოა, რაკი სახელმწიფო შენდებოდა (მათი ვერსიით, არც მანამდე და არც შემდეგ საქართველო, როგორც სახელმწიფო, უბრალოდ, არ არსებობდა) და არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველა ღირსი იყო. რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვიმსჯელებთ ამ ფენომენის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე.

– რა ფენომენია, იცინო იმაზე, თუ როგორ აწამებდნენ ადამიანს ან ართმევდნენ ქონებას, ან ემუქრებოდნენ? რამე პრობლემა აქვს ჩვენი საზოგადოების ნაწილს? სულ რომ მოსისხლე მტერი იყოს და გაიგო, როგორ საშინლად მოექცნენ, რატომ უნდა იცინო ამაზე და იფიქრო, რომ ძალიანაც კარგი, ასე რომ მოექცნენ, იმსახურებდაო.

– არ ვიცი, ეს ჩვენი საზოგადოების პრობლემაა, თუ, ზოგადად, ადამიანის პრობლემა. დავუშვათ, ადამიანმა დაინახა საშინელება; მიიღო, რომ ეს საშინელება ხდებოდა, მაგრამ, თუ ამას მიიღებს, მაშინ უნდა უარყოს თავისი მრწამსი. თუ მრწამსს უარყოფს, ხომ უნდა ჩათვალოს, თუნდაც, არ თქვას ხმამაღლა, რომ ცდებოდა და იდიოტია. ნახე, ერთი მარტივი რეაქციიდან მთელი მსოფლმხედველობრივი ხაზი ამოდის და საკუთარი თავის უარყოფის საკითხი დგება. არ უნდა საკუთარი თავის უარყოფა. არ უნდა იმ დასკვნის გამოტანა, რომ ცდებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამიტომაც ურჩევნია, ამ ეტაპზე თავი მოისულელოს ამ მოვლენების შეფასებისას. სამაგიეროდ კი, თავისი ხედვა, მრწამსი, სულერთია, რას დაარქმევ, შეინარჩუნოს. ფსიქოლოგიური ტერმინებით ამას ჰქვია ფსიქოლოგიური თავდაცვა. ასეთი ადამიანები თავს იცავენ და, ამდენად, არ მიჩნდება აგრესია მათდამი, როგორც ფსიქოლოგს, მაგრამ მოქალაქეობრივად ძალიან სამწუხარო და ცუდი ფაქტია. ფსიქოლოგმა შეიძლება, მკვლელი გაამართლოს, მის მოქმედებაში მოტივი დაინახოს, მაგალითად, რატომ მოკლა ოტელომ დეზდემონა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცოლების დახრჩობა კარგი საქმეა.

– მახსოვს, როდესაც ვსწავლობდი, გვიხსნიდნენ, რაც უნდა გიამბოთ ადამიანმა, არ გაიკვირვოთ, მოუსმინეთ ინტერესით, რეაქციის გარეშე, კეთილგანწყობით, რომ მოყოლის სურვილი არ გაუქრეს.

– ეს პროფესიული მოთხოვნაა ამოცანის შესასრულებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს გადარჩენისთვის ასეთი დამოკიდებულება სწორია, სახელმწიფოს გადარჩენისთვის კაცობრიობამ შეიმუშავა ისეთი რამ, როგორიცაა რელიგია. სამასამდე ნორმა ჰქონდა ჩინეთს, ნორმა, ანუ ის, რის დარღვევა ცოდვად ითვლება. ქრისტიანები ვამბობთ, რომ ათი მცნებაა ის ნორმები, რომელთა დარღვევა ცოდვაა. ჩინელების სამასი არ ვიცი, მაგრამ ათი მცნება გვეუბნება, არ იმრუშო, კაცი არ მოკლა, მშობელს დაუჯერე და ასე შემდეგ. ანუ ეს ნორმები ადამიანს საზოგადოების წევრად გადააქცევს. ამ ნორმების გარეშე ადამიანი ცხოველი იქნებოდა. ესე იგი, მეორე მხრივ, ფსიქოლოგის პროფესიული მოვალეობა კი არის, რომ გაგებით მოეკიდოს ყველას, მაგრამ, თუ ყველაფერს გაგებით მოეკიდები, იქ შეიძლება, საზოგადოება დაკარგო. პირობითად რომ ვთქვათ, ექიმმა პაციენტი უნდა გააშიშვლოს და გაგებით მოეკიდოს იმას, რასაც დაინახავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებამ შიშველმა უნდა იაროს და ეს მისაღებია. შესაბამისად, საზოგადოებრივი და პროფესიული ფსიქოლოგიის ამოცანები განსხვავდება ერთმანეთისგან. ის ლოიალობა, რაც ფსიქოლოგიურ მიდგომას აქვს, შეიძლება, არ არის ბოლომდე სწორი, მით უმეტეს, რომ დღეს პრობლემაა ლიბერალური მიდგომა. ლიბერალური და ფსიქოლოგიური მიდგომები ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს. უნდა ვაჟს, რომ სქესი შეიცვალოს? ლიბერალიზმი იტყვის, შეიცვალოს სქესი და შეიძლება, ფსიქოლოგმაც თქვას, რომ შეიცვალოს სქესი, თუ ის უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს, მაგრამ საზოგადოების ორგანიზებისთვის, როდესაც რელიგია ცდილობს, საზოგადოება მოაწესრიგოს (რელიგიის ფუნქცია ხომ ესეცაა?!), ასეთი ლოიალობა მიუღებელია და არის ცოდვა. ჩვენთან, როგორც ტრადიციულ ქრისტიანულ ქვეყანაში, მიჩნეულია, რომ საზოგადოება უფრო მკაცრი უნდა იყოს ადამიანების მიმართ და მარტო სიამოვნების პრინციპი არ უნდა მოქმედებდეს. ლიბერალიზმმა სიამოვნების პრინციპი შემოიტანა: ყველაფერი, რაც ადამიანს სიამოვნებს, კარგია.

– მაგრამ ჰედონიზმმა დაღუპა დიდი ცივილიზაციები, მათ შორის, რომის იმპერია.

– დიახ. მით უმეტეს, როდესაც ასეთ შორ ანალოგიას ემსგავსება ლიბერალიზმი, ესე იგი, ლიბერალიზმმა შეიძლება, საზოგადოება დაღუპოს. ვგულისხმობ საზოგადოებას, როგორც კაცობრიობის არსებობის ფორმა. თუ ყველანი ლიბერალურები გახდებიან, შეიძლება, არც მათგან დარჩეს რამე ხელშესახები და მყარი, როგორც არ დარჩა რომის იმპერიისგან.

– გაუგებარია, სად გაქრნენ ბიზანტიელები. მათი აშენებული არის, ადამიანები – აღარ არიან.

– და რომაულმა ჰედონიზმმა შეიძლება, ხელიც შეუწყო ქრისტიანობის დამკვიდრებას, სწორედ იმით, რომ ქრისტიანობას ათი მცნება მაინც ჰქონდა, რომაულ ჰედონიზმს ესეც არ ჰქონდა.

– თუ გავყვებით ჰედონიზმის პრინციპებს, ვიღაცას შეიძლება, აბედნიერებს, მეორეს რომ წამებით კლავს და შესაძლოა, ითქვას, თუ მეორეს სიამოვნებს, რომ წამებით კლავენ, დაე, ისიამოვნონ.

– დიახ და ხომ ცნობილი დიალოგია სერიულ მკვლელსა და მოსამართლეს შორის?! როდესაც მოსამართლემ ტირადა წაიკითხა, პათოსით, როგორ შეეძლო ამის ჩადენა, მკვლელმა უპასუხა: ბატონო მოსამართლევ, თქვენ რომ იცოდეთ, რა სიამოვნებაა ადამიანის მოკვლა, ამ კითხვას არ დამისვამდითო.

– ფასიან ფსიქოთერაპიულ სეანსზე შეიძლება, მოუსმინო ადამიანს და დაეხმარო ფსიქოლოგიური პრობლემის გადაწყვეტაში, მაგრამ საზოგადოება რომ უსმენს ადამიანს, რომელსაც აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ეს ხომ ქმნის დამატებით პრობლემებს?

– თუკი რელიგიის ხაზს გავყვებით: რელიგიურად სწორი მიდგომაც ის არის, რომ მოვუსმინოთ ადამიანს. ანუ ეს არის გზა იმისკენ, რომ ერთი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში შევიდეს მეორე ადამიანი, აღარების დროს კარს უხსნის სხვა ადამიანს, მაგრამ, თუკი მამაომ მოუსმინა მკვლელს და არ განსაჯა, იმიტომ რომ მისთვის მსაჯული ღმერთია, ეს არ ნიშნავს, რომ ამ მამაომ მკვლელობა დადებით მოვლენად გადააქცია. ეს არის განმასხვავებელი. დღეს ბევრი რამ, რაც სასიამოვნოა, დადებითად ფასდება: ნარკოტიკი, მშობლების უარყოფა, თაობების დაპირისპირება; რაც ლიბერალიზმს მოაქვს, ყველაფერი დადებითია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ეს სახელმწიფოთა დანგრევის პრინციპი იყოს. მეორე მხრივ, ვიცით, რომ არსებობს დოკუმენტები, რომლებსაც იყენებდნენ სხვადასხვა იდეოლოგიები, ფაშიზმიც და ლიბერალიზმშიც ასეა, რის მიხედვითაც, თუ გინდა, ქვეყანა დაიმორჩლო, მას ზნეობრივი საფუძვლები უნდა დაუნგრიო. ასე რომ, სხვადასხვა ქვეყანაში ლიბერლიზმის გავრცელება, თავისთავად, ამ ქვეყნების დამორჩლების მექანიზმად შეიძლება, გადაიქცეს: თქვენი ღირებულებები, ქრისტიანული თუ კულტურული, ტრადიციული, წაშალეთ, ის მავნებელია და მიიღეთ, დავუშვათ, ევროკავშირის მიერ დადგენილი ღირებულებები – „მშობელი 1“ და „მშობელი 2“. ამდენად, ადამიანთა სულების დაპყრობის ერთ-ერთი გზაა უკიდურესი ლიბერალიზმი.

– არის ადამიანების ნაწილი და ზოგიერთს ვიცნობ პირადადაც, რომლებიც ამბობენ, ვისზეც იძალადეს, უნდა ეძალადათ, მათ ეს დაიმსახურეს. მეორე მხრივ, ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ამას არ ეთანხმებიან, ეუბნებიან, აი, შენ უნდა მოგივიდეს იგივე და ვიკეტებით ძალადობრივ წრეში.

– ვფიქრობ, ჩვენ არ გამოგვიტანია ფსიქოლოგიური დასკვნები, ცხოვრების როგორ წესს გვთავაზობს ქრისტიანობა. ბოლომდე რომ გვქონდეს გააზრებული, ათი მცნება არ გეტყოდა, მშობელს დაუჯერეო. იმიტომ რომ პატივისცემა სწორედ დაჯერებას ნიშნავს. ამით ცდილობს ქრისტიანობა მემკვიდრეობითობობის დაკანონებას, რომ ერთი თაობის ზნეობრივ-ფსიქოლოგიური დონე მეორე თაობას გადაეცეს. თუ ახალგაზრდა თაობამ ყოველ ჯერზე უარყო ძველი, მაშინ არც მშობლების პატივისცემა იქნება და ვერც საზოგადოებას ააგებ. ასე რომ, ათი მცნება საზოგადოების აგების ათი მცნებაა. მომინდა ვიღაცის მოკვლა და ის ნამდვილად მოსაკლავია, ჩემი აზრით, მაგრამ რელიგია ამას მიკრძალავს. რატომ მიკრძალავს?! შესაბამისად, ჯერჯერობით ვერ ვხედავ რელიგიური და ლიბერალური ცნობიერების შერწყმის ჰარმონიულ მოდელს. ჩემთვის ჯერჯერობით ეს აღიქმება, როგორც ურთიერთგამომრიცხავი მოდელები.

– პატრიარქმა თქვა ადრე, რომ სუროგაცია დაუშვებელია. თავს დაესხნენ და გალანძღეს. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ არიან ეკლესიურები. შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის, რას იტყვის პატრიარქი ან რას ამბობს წმიდა წერილი. ამდენად, მე ვერ მივხვდი დაპირისპირების არსს და ეს მაგალითი ტიპურია.

– მრავლისმომცველი თემაა, რატომ ლანძღავენ ერთმანეთს ან რელიგიას, ან წარსულს, გმირებს, ისტორიას... ლანძღვის კორიანტელია ყველა მხრიდან. რა აჩენს ამ ლანძღვის სურვილს? იქნებ ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყოს, რომ ადამიანს უჩნდება განცდა, თუ ის ვიღაცას გალანძღავს, თვითონ უკეთესია, ვიდრე ის ვიღაც. ერთგვარი თვითკმაყოფილების განცდაცაა. ერთი პოლიტიკოსი იყო, სახელს არ ვიტყვი. პარლამენტის წევრები ვიყავით და ჩემთან მოვიდა. ეს შენიშვნები რომ მივცე შევარდნაძეს, კარგი იქნება თუ არაო. გადავავლე თვალი და ვურჩიე, ეს არის კონკრეტული მინისტრებისთვის მისაცემი შენიშვნები. დაუძახე ამ მინისტრებს და მიეცი ეს შენიშვნები-მეთქი. კარგი, რა, ვის რაში აინტერესებს მინისტრისთვის მიცემული შენიშნვა, მთავარია, შევარდნაძეს მივცე შენიშვნაო.

– მასკსა და ტრამპსაც ხომ ლანძღავდნენ.

– დიახ და მანიაკებს ახასიათებთ ეს ფენომენი, როდესაც ადამიანს უჩნდება იმის განცდა, რომ მსოფლიოს ცენტრია, ყველაზე ძლიერია, ყველაზე ჭკვიანია და ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა, რომ აკრიტიკებს ვიღაცას. ყველაფრის კრიტიკა ერთგვარი მანიაკალური მიდრეკილებაა და ვაკრიტიკებ ყველაფერს: ჩემს ხელისუფლებას თუ ამერიკის ხელისუფლებას. ხომ გვახსოვს, რა ხდებოდა საქართველოში, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ტრამპს აკრიტიკებდა. არადა მიხედე შენს საქმეს, ამერიკელების მიერ არჩეულ პრეზიდენტთან რა ხელი გაქვს?! მაგრამ ტრამპს თუ გააკრიტიკებს, ხომ ტრამპზე მეტი გამოდის საკუთარ თვალში?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა