რატომ უნდა უგორებდეს დასავლეთი საქართველოს კოჭებს თითების ქნევის ნაცვლად
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 11.12
არათუ სამხრეთ კავკასია, არამედ საქართველოს მოსახლეობაც კი ვერ ჩამოყალიბებულა, რა უნდა და ვისგან და საით, მით უმეტეს, აჭრილი ვითარებაა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკურ კურსებში, რაც არ უნდა იყოს კარგი, იმიტომ რომ ხელს უშლის რეგიონის ინტერგაციას და, შესაბამისად, ხელს უწყობს მის დეზინტეგრაციას, რაც, ცხადია, უპირველესად, სწორედ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ასუსტებს. სამხრეთ კავკასიური სამი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე აკაკი ასათიანთან ერთად ვიმსჯელებთ.
– როგორია ამ ეტაპზე სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური ვექტორები და თუ არის შანსი, რომ ერთი მიმართულებით მივდიოდეთ?
– სომხეთი ნელ–ნელა ცდილობს, დასავლეთისკენ გადაინაცვლოს, რაც მას დაუჯდა ყარაბაღის ფასად. აზერბაიჯანის ვექტორი თურქეთია და, როგორც ჩანს, თურქეთს გაჰყვება ყოველთვის. ერთი ხალხია, ფაქტობრივად. როგორც თურქები ამბობენ: ორი სახელმწიფო, ერთი ხალხი. ბაქო თითქოს ნეიტრალურს თამაშობს, მაგრამ მაინც უფრო რუსეთისკენაა გადახრილი და ზოგიერთი საკითხის გამო პერიოდულად უპირისპირდება დასავლეთს. მაგალითად, საფრანგეთთან ვერ აქვს კარგი ურთიერთობა, რაც გასაგებია, იმიტომ რომ საფრანგეთში დიდი და გავლენიანი სომხური დიასპორაა და საფრანგეთმა პირველმა აღიარა სომხების გენოციდად 1915 წლის თურქეთის მოვლენები. რაც შეგვეხება ჩვენ: ოპოზიცია გაჰყვირის, რომ რუსეთისკენ მივდივართ; ხელისუფლება დაჟინებით იმეორებს, რომ ევროპისკენ მივდივართ. მე კი მგონია, რომ ადგილზე ვდგავართ.
– მე ვფიქრობ, ეს არ არის ცუდი მდგომარეობა.
– აი, ეს მინდოდა, მეთქვა. ამაში არათუ დიდ, ვერანაირ უბედურებას პირადად მე ვერ ვხედავ. ეს არ არის უძრაობა. ეს არის გარკვეული პოზიცია, რომელიც გვინარჩუნებს მანევრის საშუალებას. ყბადაღებული მოსაზრება, რა სისულელეა რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკაო, სინამდვილეში, სულაც, არ არის სისულელე, მით უმეტეს, როდესაც პუტინი დასაბმელი გიჟია უკვე. გიჟია აშვებული ატომური იარაღით და ვინ დააბამს?! ამდენად, არ მგონია, დასაძრახი იყოს არგაღიზიანების პოლიტიკა. დასავლეთთან კი ცდილობს, შეინარჩუნოს ურთიერთობა, მაგრამ დასავლეთი ბრაზობს, როგორ თუ არ მემორჩილები, თითის ყოველ გატკაცუნებაზე სმენაზე არ დგები?! ისინი მართლაც შიშობენ, არ გადავიხაროთ რუსებისკენ და ახლაღა შემოიკრეს თავში, რომ, თურმე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა გეოგრაფიულად და ისედაც. იმიტომ რომ მართლაც ქრისტიანული ცივილიზაციის განუყოფელი და ერთ-ერთი პირველი ნაწილია. სრულიად სულელური ფრაზაა: ვბრუნდებით ევროპაში. ჩვენ ქრისტიანულ ცივილიზაციაში ვართ, რომელიც მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთსა და სამხრეთ ამერიკას და, მაგალითად, ეთიოპიას აფრიკაში და კოლონიზატორების მიერ გაქრისტიანებულ ხალხებსაც. ყოველ შემთხვევაში, ევროპას, როგორც მინიმუმ, ანუ დასავლეთს. რაშიც, ძირითადად, გულისხმობენ ევროპასა და ჩრდილო ამერიკას და, რატომღაც, ყველას ავიწყდება, რომ არის უზარმაზარი რეგიონი, რომელიც იზრდება, ყველა თვალსაზრისით, ლათინური ამერიკა. აი, ამ სამყაროს ნაწილი ვართ. იმათთვის საზღვარი წყნარი ოკეანეა, ჩვენთვის – ისლამი და თავისებური, ავტორიტარული მართვის ქვეყნები. აი, ეს ვართ და ეს ვიქნებით. ასე რომ, თუ ვინმეს ესმის, რა მნიშვნელობა გვაქვს, კი არ უნდა გვიკიჟინებდეს და თითს გვიქნევდეს, არამედ კოჭს უნდა გვიგორებდეს, ვიტყვი პირდაპირ. თორემ, თუ რამ ხარვეზი გვაქვს და ბევრი გვაქვს, ამას დროთა განმავლობაში გამოვასწორებთ.
– სომხეთს ნამდვილად არ ვიცი, როგორი პოლიტიკა აქვს, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ბრიქსის სამიტზე ყაზანში ალიევი ანეკდოტს რომ უყვებოდა ფაშინიანს და გულიანად იცინოდნენ. გინებას სიცილი სჯობია, უბრალოდ, ვერ მივხვდი, რა აცინებდათ.
– ეგ კიდევ სხვა თემაა.
– მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენი, სამივეს, საგარეო კურსები აცდენილია, ქმნის სირთულეს. 1921-ში შექმნა ამან სირთულე და ძალიან იოლად ვიქეცით სამივენი იმ დიდი გადანაწილებისას რუსეთის საკბილოდ.
– არც 1921 წლის გახსენება მინდა და არც მენშევიკების. დააყენეს აქ სოციალ-დემოკრატიული ექსპერიმენტი და იმიტომაც მოხდა, რაც მოხდა. 1921 წელი კატასტროფული იყო 1801 წელთან შედარებითაც კი, იმიტომ რომ მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერია ქრისტიანულ ფასეულობებზე მაინც იდგა, ყოველ შემთხვევაში, ამას ქადაგებდა. ილია, იაკობი, ნიკოლაძე და ვაჟა გაიზარდნენ, ბოლოს და ბოლოს, იმ სკოლებში. ბოლშევიკები რაც იყვნენ, ამაზე არც ღირს ლაპარაკი: ამაზე უარესი ხანგრძლივი მმართველობა კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა. ამიტომ ვიმეორებ: რუსებთან, მინიმუმ, არგამწვავებაა და დასავლეთთან – ურთიერთობის ახლებურად აწყობის მცდელობა, ჩემი აზრით, ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა. თუ დასავლეთის პოლიტიკურ ელიტაში ერთ კაცს მაინც კიდევ შერჩა ჭკუის ნატამალი, მან ეს უნდა დააფასოს, გაიგოს, შეინარჩუნოს და ხელი შეუწყოს ჩვენს ინტეგრირებას, მაგრამ, თუ ჭკუიდან გადავიდნენ და საერთოდ გადაგვარდნენ, რის ნიშნებიც იყო და, საბედნიეროდ, ახლა გაჯანსაღების პროცესი მიდის, ვფიქრობ, ეს შეიძლება, დაემთხვეს, რასაც მე ვამბობ: ცოტა მეტად გაიაზრონ, რა ხდება. თუ მიხვდებიან, რომ ამ, ეგრეთ წოდებულ, პროდასავლურ ოპოზიციას ხალხი მხარს არ უჭერს აქციებით, უნდა იკითხონ, რატომ ხდება ეს. ისინი უნდა მიხვდნენ, რომ ეს მათ მიმართაა პროტესტი.
– დასავლეთის მიმართ.
– დიახ და ადრე, მაგალითად, პოპულარული რომ გახდებოდა ბლოგბასტერი, რომელშიც წარმოუდგენელი რამეები ხდებოდა ხოლმე, მერე თვითონვე იღებდნენ პაროდიას ამ ფილმებზე, რათა ვინმეს მართალი არ ჰგონებოდა, კაცს რომ პისტოლეტში ტყვია უმთავრდება, მტრები მას ტყვიას ვერ ახვედრებენ და ეს მაინც ახვედრებს. ამერიკაში რომ ვიყავი, თუმცა ეს დიდი ხნის წინ იყო, მაღაზიაში იყიდებოდა წიგნები: „რატომ ვძულვართ მთელ მსოფლიოში“; უკეთეს შემთხვევაში, „რატომ არ ვუყვარვართ მთელ მსოფლიოში“ და ეს ანალიზდებოდა. ახლა, როგორც ვატყობ, არც თუ გონიერი ობამასა და „დემოკრატების“ და ბაიდენის ხელში, რომელიც ოდესღაც სენატის ვარსკვლავი იყო და დღეს ჩერნენკოს გადაასწრო, თვითკმაყოფილება და თვითდაჯერება გადაეზარდათ რაღაც დეგენერატობაში. მაგრამ ტრამპმა გაიმარჯვა და ეს ნიშნავს, რიმ ის ქვეყანა და საზოგადოება ჯერ კიდევ არსებობს. იმედი მაქვს, გამოფხიზლდებიან და გაიაზრებენ, რაშია საქმე, იმიტომ რომ მარტო ჩვენთან არ ხდება ეს. რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს უკიდურესი მემარჯვენე და პოპულისტი; ვიცით, რა ტენდენციაა გერმანიასა და საფრანგეთში. გერმანიაში კრძალავენ პარტიას, საფრანგეთში დაჭერას უპირებენ ლიდერს. ავსტრიაში სულ ის პარტია იგებს და ლიბერალური საზოგადოება თავში იცემს ხელებს. ეს ასე იქნება აუცილებლად, თუ ადამიანები დასავლეთში ადამიანებად დარჩებიან, მაგრამ, თუ განწირულია დასავლეთი, მაშინ ასე არ იქნება. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად იქნებოდა რეაქცია ამ ყოვლად უმსგავსო ვითომ ლიბერალურ ტალღაზე, რომლებმაც ძალიან აიშვეს და, საბედნიეროდ, დაკარგეს თვითგადარჩენის ინსტინქტი, იმდენად გათავხედდნენ და უტიფრები გახდნენ. როთს რომ გამოგზავნი საქართველოში?!
– ჩემთვის გაუგებარია ამ გადაწყვეტილების მოტივი.
– გაუგებარი არ არის. ეს უნდა მიიღო. არადა აქაც ყველა ბედნიერია, როთი კი არადა, პირდაპირ მაგ საქმის მიმდევრები გახდებიან, ოღონდ კი ორი კაპიკი იშოვონ და ეგება ხელისუფლებაშიც დაბრუნდნენ. ვის რად უღირს პოლიტიკა, ცხოვრება და თავისი ქვეყანა, ეს კიდევ სხვა თემაა.
– მეც ვატყობ, რომ პოლიტიკური თამაშის სრულიად ახლებური წესი შემოდის ქართულ პოლიტიკაში, თუმცა არ ვიცი, ეს პოლიტიკური თამაში გუნდურია, თუ ერთი ადამიანის სვლებია და თუ ერთი ადამიანისაა, გამოცდილებად მაინც დაგვჩება?
– ერთი ადამიანისაა, თავს ნუ მოვიტყუებთ. კოლექტიური გონი იქ არ არსებობს, აბსოლუტურად წარხოცილია ეს ამბავი, თუმცა, მეორე მხრივ, ამათ ერთი ცენტრი და ერთი მმართველი მაინც ჰყავთ, გინდა ჩრდილოვანი უწოდე და გინდა – ოლიგარქიული. იქით კი, კიდევ კარგი, არ ჰყავთ ერთი მმართველი, თორემ მართლა კატასტროფა იქნებოდა, თუმცა მათთვის და არა ქვეყნისთვის, იმიტომ რომ უშანსოები არიან, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული, როგორც თვითონ ამბობენ, ძალები იარსებებენ და ეს სახელები და გვარები იტრიალებს, როდესაც თავს იტყუებენ თავიანთ ტელევიზიებში. ბოლო წამამდე ამბობდნენ, ვერ გაყალბდება არჩევნებიო და მერე დასჭყივლეს, გაყალბდაო და სად იყო ამ დროს მათი 25 000 დამკვირვებელი და კომისიის წევრი, კაცმა არ იცის. რა თქმა უნდა, ერთი კაცის თამაშია, რომელიც, ჟარგონით რომ ვთქვათ, თავისას აწვება და თანმიმდევრულია. ამას შედეგი მოაქვს ხოლმე. სხვა საქმეა, ახლა რამდენად მოიტანს, შეიძლება, არ მოიტანოს და მეც ვცდებოდე და ისიც, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მოიტანს, თუნდაც, იმიტომ რომ ერთ ხაზს მიჰყვება და შიშისგან იქით-აქეთ არ ეხეთქება კედლებს. თუმცა ხანდახან ტაქტიკურად ესეც უქნია, ერთხელ კიდევ მენდეთო, რომ გამოდიოდა ტელევიზიით და სალომესთან დაკავშირებით, სხვათა შორის.
– სალომეს კანდიდატურა მოთხოვნა იყოო, ახლა ამბობენ.
– ამის თქმა სირცხვილია მათი მხრიდან, ესე იგი, მონა ხარ და მათხოვარი?! ეს დამაძალეს, ის მომთხოვეს... ნუ ამბობ მაინც, თუ ასე იყო. მაშინ ეგებ სხვა რამეც მოგთხოვონ და გთხოვენ კიდეც „ელ გე ბე ტეობას“, მიდი, რატომ არ ეთანხმები?! შეუშვირე უკანალი მაშინ. ვიმეორებ, ეს აწვება თავისას და ამას შედეგი მოაქვს ხოლმე, თუ, ზოგადად, სწორი ორიენტირი გაქვს აღებული. მე, როგორც ვიცი, ბიზნესშიც ასე იქცეოდა და უმართლებდა, მაგრამ ბიზნესი უფრო რაციონალურია და ექვემდებარება რაციონალურ გათვლას, ვიდრე პოლიტიკა. პოლიტიკა ხშირად ირაციონალურია, ვინ მოვა და სად რას იზამს, ვის როგორ გადაუბრუნდება ტვინი, არავინ იცის. ამის საუკეთესო მაგალითია პუტინი: ჩვენ თვალწინ გაგიჟდა და სტალინის კომპლექსი ხრავს, არადა, სტალინი რომ იყოს: უნდა იყოს ქართველი, გორელი, ბანდიტი და განათლებული. ასე რომ, ირაციონალურია პოლიტიკა. აი, ამიტომ სრული გარანტია იმისა, რომ ის გენერალური ხაზი, რომელსაც აწვება ივანიშვილი, არ არსებობს. მე მგონია, რომ გამოვა, მაგრამ ჩემი მგონიათი არ წყდება მსგავსი საკითხები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან