პოლიტიკა

რატომ უნდა განიხილონ სამხრეთკავკასია დიდი ფინალური მოლაპარაკებებისას ერთიან პაკეტად

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 07.05

დავით ქართველიშვილი
დაკოპირებულია

ერთი მხრივ, საკუთარ ტყავზე ვიცით, როგორი იყო ჯერ რუსეთის იმპერია, შემდეგ მისი ცენტრი – მოსკოვი, მიმყოლი საბჭოთა კავშირითურთ და, ბოლოს, რუსეთის სახელმწიფო, ზემოხსენებული ორის სამართალმემკვიდრე, მაგრამ, მეორე მხრივ, მიმდინარე გეოპოლიტიკურმა დაპირისპირებამ აჩვენა, რომ ჩვენ და, ზოგადად, ჩვენი მსგავსი სახელმწიფოები მხოლოდ ფიჩხის როლს ასრულებენ დასავლეთისთვის – როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე, განსაკუთრებით, ევროკავშირისა და ბრიტანეთისთვის რუსეთთან დაპირისპირებისა და მსოფლიოს მართვის პროცესში. ეს არც კარგია და არც ცუდი, ეს მოცემულობაა, რომელსაც ვერსად გაექცევი. დავით ქართველიშვილთან ერთად განვიხილავთ, არის თუ არა შესაძლებელი ამ ჩიხიდან უდანაკარგოდ თუ არა, მინიმალური დანაკარგებით გამოსვლა.

– რა სვლა აქვს ქართულ სახელმწიფოს, რომ გადარჩეს?

– მადლობა, რომ ბრწყინვალე შვიდეულში მიწევს ამ საინტერესო თემებზე საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება, ჩვენს მკითხველს უხერხულ რესპონდენტად მოვეჩვენო, რადგან ერთი ურყევი ხაზი მაქვს წლების განმავლობაში. ჩვენი გადარჩენა იმდენად არ არის დაკავშირებული ამ წუთისოფელთან, რამდენადაც მთელი სამი ათასწლიანი სახელმწიფოებრიობის განმავლობაში ჩვენი გადარჩენა თუ განსაცდელის მოვლინება წყდებოდა ზეცაში, უფლისა და ღვთისმშობლის დონეზე. ჩვენ ვართ ერთადერთი სახარებისეული სახელმწიფო მსოფლიოში, რომლის მომავალ ბედზე პასუხისმგებლობა უფალმა მიანდო არა ერთ რომელიმე მოციქულს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხუთი მოციქულია ნამყოფი პირველ საუკუნეში, არამედ დედა ღვთისმშობელს. ვინაიდან საქართველოს განსაკუთრებული მისია და როლი დააკისრა როგორც წარსულსა და აწმყოში, ასევე, სამომავლოდ. აზერბაიჯანს, რუსეთს, ჩინეთს, კუვეიტსა თუ სხვას თავიანთი როლები აქვთ ამ წუთისოფელში, მაგრამ საქართველოს როლი არის, შეინარჩუნოს მართლმადიდებლობა ბოლო ჟამისთვის, ანტიქრისტესთან საბოლოო შებრძოლებისთვის და ამისთვის იბრძოდა ჩვენი წინაპარი 30 საუკუნის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, დღეს, პოლიტიკური თვალსაზრისით, ხელისუფლება შეიძლება, 100 პროცენტით არ იყოს სრულ თანხვედრაში ზეცასთან, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან მიმართებაში უფლისმიერი მიზნებისა და სახელისუფლო მიზნებს შორის თანხვედრამ არა ბნელ, არამედ ნათელ მხარეს გადაინაცვლა, განსხვავებით, 2003-2012 წლებისგან. რომელიც, ასევე, მოგვეცა, როგორც განსაცდელი. რომ დაგვენახა, როგორი არასდროს არ უნდა იყოს საქართველოში ხელისუფლება; როგორი არასდროს არ უნდა იყოს პოლიტიკა საქართველოში. ამ ბრძოლაში ჩვენ ეს განსაცდელი გადავლახეთ და დღეს ვართ აღმავლობის გზაზე, ვინაიდან ამ ხელისუფლების ძალისხმევა გაცილებით უფრო ახლოსაა ღვთაებრივ ამოცანებთან, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს იყო. ამიტომ ამ გზაზეც აუცილებლად გამოჩნდება ის ამქვეყნიური მოკავშირე, პარტნიორი და მეგობარი, რომლის დახმარებითაც, მათ შორის, ჩვენი სანუკვარი მიზნის ასრულება მოგვიახლოვდება.

– ტერიტორიულ მთლიანობას გულისხმობთ?

– ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ არის, მაინცდამაინც, დაკავშირებული კვადრატული კილომეტრების ჩვენს იურისდიქციაში დაბრუნებასთან. ცოტა ზემოდან, 3D ფორმატში რომ შევხედოთ იბერიასა და საქართველოს: ეს არის უძღები შვილების დაბრუნების პროცესი თავის წილხვდომილებაში. მე ხშირად ვეკითხები მორწმუნე აფხაზებს, რომლებთანაც მაქვს კავშირი, გასაგებია, რომ რაღაც სახელმწიფოებრივი ექსპერიმენტი დაუშვით და გამოეპარეთ ერთიან საქართველოს გარკვეული პერიოდით, მაგრამ, როგორც მორწმუნე ადამიანებს, გეკითხებით, ღვთისმშობელსაც გამოეპარეთ მისი წილხვდომილებიდან?! ემალებით ღვთისმშობელს?! აფხაზეთს უმალავთ?! აახიეთ მისი სულიერების განუყოფელი ნაწილი, თავისი ბედიის მონასტრითა და სხვა სიწმიდე- ებით?! ამ შეკითხვაზე ძალიან უჭირთ პასუხის გაცემა. ჩვენ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ყოველგვარი შიშების გარეშე, კარგად გვესმის, რომ, დიახ, ამ ამოცანის გადაწყვეტის გზაზე, უნდა ეს ვინმეს თუ არა, მოგვიწევს, არა მალაიზიასთან და კუვეიტთან, არამედ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.

– ჩვენი დიპლომატიური უნარები, ჩვენი დიპლომატიური სკოლა იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს მოლაპარაკებები ჩვენთვის მომგებიანად და მაღალპროფესიულ დონეზე წარვმართოთ?

– ნელ-ნელა, აუჩქარებლად, ტრადიციული ქართული სულსწრაფობის გარეშე ვუახლოვდებით ამ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს. რაც აუცილებლად მოგვიწევს, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაა, მაგრამ ამ ყველაფერს, განსხვავებით ქართული ტრადიციული სულსწრაფობისა და მოუთმენლობისგან, უნდა მივუდგეთ დაფიქრებით. სულსწრაფობასა და მოუთმენლობაში, ასევე, ვგულისხმობ, ჩვენს აბსოლუტურად გაუაზრებელ წარსულ შეცდომებს. დღემდე გაუგებარია, რა ჯანდაბა გვინდოდა 1989 წლის სექტემბერში ცხინვალში იმდრონდელი ოპოზიციური ძალებით, როდესაც დაიღვარა პირველი ქართული და ოსური სისხლი?! რა ჯანდაბა გვინდოდა 1991 წლის დეკემბერში, როდესაც პუტჩით ვუპასუხეთ ქვეყნის პირველ პრეზიდენტს?! რა ჯანდაბა გვინდოდა 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში?! ამ სულსწრაფობისა და მოუთმენლობის ფონზე, მოდი, ყველა დაუფიქრდეს, კონკრეტულად რა გეოპოლიტიკური ვითარებაა მსოფლიოში. სანამ უკრაინის კონფლიქტი, ომი არ დასრულდება, რუსეთს სათოფეზე არ უნდა გავეკაროთ, არც მილიტარისტული და არც სამშვიდობო თვალსაზრისით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვენი გაკარება რუსეთთან, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინაშია ჩაფლული ომში, არანაირ პრაქტიკულ და ჩვენთვის სასიკეთო შედეგებს არ გამოიღებს, მთელი რიგი მიზეზების გამო. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინის კონფლიქტი დასრულდება, მხოლოდ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს მხრიდან გარდაუვალი იქნება ახალი ურთიერთობების დალაგება, გადაიხედება რუსეთისადმი დაწესებული სანქციები, როდესაც დასხდებიან ძლიერნი ამა სოფლისანი და მსოფლიო გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ახალი რუკების შექმნას შეუდგებიან, აი, მაშინ განიხილება საქართველოს საკითხი პაკეტში სამხრეთ კავკასიასთან ერთად. სამხრეთ კავკასიასთან, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური რეგიონი, არა მხოლოდ თავისი დერეფნით ტოკიოდან ლისაბონამდე, არამედ გზაჯვარედინით – მუმბაიდან არხანგელსკამდეც. მერწმუნეთ, მაშინაც კი საქართველოს არ მოუწევს რუსეთთან პირისპირ საქართველოს პოლიტიკური საკითხების განხილვა. მაშინ დადგებიან ჩვენ გვერდით, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული მეგობრები და მოკავშირეები, რომლებიც აი, ამ გზაჯვარედინით სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებული: ეს იქნება აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ან დამხმარე რგოლი ჩინეთის სახით. როდესაც ასეთი მძლავრი შუამავლების, მოკავშირეებისა და პარტნიორების მონაწილეობით დაიწყება, მათ შორის, საქართველოს პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა, იმავე დღეს, როგორც კი ჩვენი პარტნიორები ამაზე მიგვანიშნებენ, საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება აუცილებლად ჩაერთვება ამ პროცესებში და აუცილებლად იქნება განხილული ეს პროცესები, უპირველესად, საქართველოს სასარგებლოდ და, მთლიანობაში, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების კონტექსტში. ოღონდ დღეს ამის დრო ჯერჯერობთ არ არის. დღეს უნდა განვაგრძოთ ის, რასაც ისედაც ვაკეთებთ წლების განმავლობაში. 13 წელია ვინმეს სმენია ბოლო იმავე რუსეთისადმი აგრესიული, მაპროვოცირებელი რიტორიკა?! ვინმეს სმენია, რომ საქართველო ჩაბმულიყოს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დამღუპველ პროცესებში?! ამიტომ გონივრული პოლიტიკა, რომელსაც ეს ხელისუფლება „აწვება“ დღეს, იმითაც გამოიხატება, რომ ამ ეტაპზე ჩვენ შორს ვართ იმ აპრიორი წამგებიანი პოზიციისგან, რომ რუსეთთან რამის დალაგებაზე ვიფიქროთ, სანამ დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი მსოფლიოსთვის მთავარი პრობლემა – უკრაინაში მიმდინარე ომი.

– მეც ასე ვფიქრობ, ზედმეტი მოძრაობები არ უნდა გავაკეთოთ, რომ არც ერთი მხარე არ გავაღიზიანოთ, ვინაიდან საბოლოოდ მაინც ერთმანეთთან მორიგდებიან, მაგრამ რეგიონში ხომ არ შეიქმნება დისბალანსი, როდესაც ჩვენ ასეთი მომლოდინე პოზიცია გვექნება? შეიძლება, აირიოს ახლო აღმოსავლეთი. სიტუაცია აღმოსავლეთშიც მეტ-ნაკლებად სტაბილური უნდა იყოს, რომ სამხრეთკავკასიურმა გზაჯვარედინმა იმუშაოს.

– ის ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული უკრაინაში ომის დასრულებით, რა თქმა უნდა, დღესაც ცდილობენ ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ კავკასიის აყირავებას. ამის შესახებ გვსმენია და ვისმენთ დღესაც, იმავე მეზობელი აზერბაიჯანისგან, რომლის პრეზიდენტიც დაუფარავად ასახელებს ამ პროცესებში ჩართულ ძალებს და ესენი ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილი სახელებია: სოროსის ფონდი, USAID, NED... ეს ძალები დაინტერესებული არიან ისრაელ-ირანის ურთიერთობების დაძაბვითაც. მოკლედ, ომის პარტია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ატარებს ამ პოლიტიკას. მათ სჭირდებათ ომი, მაშინ, როდესაც დანარჩენი მსოფლიო ელოდება მშვიდობის დამყარებას. ასე რომ, მათია მცდელობა, ჩვენია მოგერიება, მათ შორის, რეგიონულ დონეზე. წინა სააღდგომოდ სწორედ თბილისი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე, იყო ის პლატფორმა, სადაც აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. სწორედ იმის შესახებ იყო საუბარი, რომ დღეს ყველამ ყელზე უნდა დააჭიროს თავის ისტორიულ წყენასა და ამბიციებს და 3D ფორმატში ზემოდან შეხედოს ხვალინდელი მსოფლიოს მოწყობის კონფიგურაციას, სადაც სამხრეთ კავკასია ერთ სამშვიდობო და სტაბილურ პაკეტში განიხილება და არა ცალ-ცალკე, როდესაც საქართველო არის ნაწილობრივ საოკუპაციო, სომხეთი და აზერბაიჯანი კი – გაუთავებელი სამხედრო პროვოკაციების რეჟიმში. იმისთვის, რომ ხვალ ამას წერტილი დავუსვათ, დღეს უნდა დავიწყოთ სერიოზული ფიქრი. ეს ფიქრი დაწყებულია, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის კონტაქტებით იმავე ირანის ხელისუფლებასთან. ტრამპისთვის არ არის ხელსაყრელი რეგიონალური მასშტაბის აფეთქება არც სამხრეთ კავკასიაში და არც ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ვიმეორებ, ამ სამშვიდობო მიდგომას ჰყავს მოწინააღმდეგე და ჩვენ ამ მოწინააღმდეგეს საქართველოშიც კი ვხედავთ. ისინი დღემდე დაგვცინიან, როდესაც ომისა და მშვიდობის საკითხებზე ვსაუბრობთ, ქილიკის თემაა ომი. მაგრამ გავუძლებთ ყველაფერს. მშვიდობა აუცილებლად დამყარდება და მშვიდობის დამყარება გზას გაუხსნის ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს ზესახელმწიფოების ლიდერებს შორის, სადაც ერთ-ერთი საკითხი აუცილებლად იქნება სამხრეთ კავკასია ერთიან პაკეტში, ოღონდ ამ პაკეტში საქართველომაც, აზერბაიჯანმაც და სომხეთმაც საკუთარი ინტერესები მაქსიმალურად უნდა დაიცვან. საპარტნიორო მოლაპარაკების წევრების დონეზე მსოფლიოს უნდა აუხსნან, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასია ერთიანი იყოს, მათ შორის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისით, თუკი მსოფლიოს სურს, რომ გზაჯვარედინმა – ტოკიო-ლისაბონმა და მუმბაი-არხანგელსკმა იმუშაოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა