პოლიტიკა

რატომ უკრძალავდა აშშ-ს ყველა ხელისუფლება საქართველოს ანაკლიის პორტის ჩინური ფულით აშენებას და არც თავად აპირებდა პროექტის ინვესტირებას

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 19.06

სოსო არჩვაძე
დაკოპირებულია

ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში გვეწვია მაიკლ პომპეო და მკაცრად აგვიკრძალა ანაკლიის პორტის ჩინური ფულით აშენება, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გვაქვს უკვე მოქმედი სამი პორტი (ბათუმი, ფოთი, ყულევი), რომლებიც სრულად არ არიან დატვირთულნი, ბუნებრივია, იბადება კითხვა, თუ ჩინური არა, მაშინ რომელი ქვეყნის ტვირთებმა უნდა გაიარონ ანაკლიის პორტში, რომ დანარჩენ სამ პორტს არ წაართვას ტვირთები (და ისეც არ გამოვიდეს, თხა ვიყიდე, თხა გავყიდეო). იმას გარდა, რომ ანაკლიის პორტის ადგილმდებარეობა საკმაოდ საფრთხიანია (სიახლოვეს ოკუპირებული აფხაზეთია და რფ-ს დიდად არ უნდა ეპიტნავებოდეს იქ გაცხოველებული მისვლა-მოსვლა). ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ თემას – რომელი ქვეყნების ტვირთებისთვის შენდება ანაკლიის პორტი და აქვს თუ არა საქართველოს ტერიტორიას ის გამტარუნარიანობა, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ყველა პორტის სრულფასოვნად მუშაობას.

– გაირკვა, რომ ანაკლიის პორტს ჩინური კომპანია ააშენებს. გარდა ჩინეთისა, რომელი ქვეყნის კომპანია შეიძლებოდა, დაინტერესებულიყო ამ პორტის აშენებით, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა?

– ამერიკა ახსენეთ და გამახსენდა ძველი რომაული გამონათქვამი, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარსო. თავად ამერიკის შეერთებული შტატების კრედიტორებს შორის ჩინეთი მეორე ადგილასაა, პირველ ადგილზეა იაპონია და ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთის ვალი 859 მილიარდი დოლარი აქვს და ეს არის სამთავრობო ვალი. ესე იგი, აშშ უარს არ ამბობს ჩინური ფინანსური რესურსებით სარგებლობაზე, იმისდა მიუხედავად, ეს სავაჭრო დეფიციტის ხარჯზეა ჩამოყალიბებული თუ ჩინური კომპანიების მიერ ამერიკის ფასიანი ქაღალდების შეძენით. კაპიტალის მოცულობა, რაც ანაკლიის პორტის მშენებლობას სჭირდება, გაცილებით მოკრძალებულია, სულ რაღაც, რამდენიმე მილიარდი დოლარი. რაც შეეხება პორტის დატვირთვას: არც ერთი ქვეყანა არ აგებს პორტის განვითარების პერსპექტივას მხოლოდ საკუთარი წარმოების ექსპორტზე. ეკონომიკურ თეორიაში ცნობილია ტერმინი ავტარკია, მაგრამ, რეალურად, ისეთი ჩაკეტილი სისტემაც კი, როგორიც ჩრდილო კორეაშია, ვაჭრობს თავის მეზობლებთან თუ არამეზობლებთან ლეგალური თუ არალეგალური გზებით. პორტის ფუნქციონირება აპრიორი გულისხმობს, რომ ამ პორტით გადაიზიდება როგორც ამ ქვეყნის, ისე სხვა, მეზობელი და არამეზობელი, ქვეყნების ტვირთები. მეტიც, რაც მეტი ქვეყნის ტვირთი გადაიზიდება, მით მეტი სარგებლის მიღება შეუძლია ქვეყანას: ფართოვდება მომსახურების ექსპორტი და ქვეყანა რჩება მოგებული. მეორე მხრივ, საკუთარი პორტით საკუთარი ტვირთის ტრანსპორტირება არ უკავშირდება ეგოისტურ დამოკიდებულებას, აქ არის წმინდა ეკონომიკური გათვლა და მიზანშეწონილობა, რომ დაცული და უსაფრთხო იყოს ის ლოგისტიკური არხი, რის მეშვეობითაც ტვირთი წარმოების ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე მიეწოდება. ჩინეთის კაპიტალის მონაწილეობა კი დამატებით ვალდებულებას, პასუხისმგებლობას აკისრებს ჩინურ მხარეს, რომ ამ მიმართულებით, ყველაფერი იყოს დაცული, რომ არ მოხდეს გაუგებრობა, რადგან, ხატოვნად რომ ვთქვათ, არა მხოლოდ ზღვის, სახმელეთო ჰუსიტების შემოტევისგან იყოს დაცული და თავის ეკონომიკურ სიძლიერეს ჩინეთი ამ მხრივაც გამოიყენებს.

– ანაკლიის მდებარეობა საკმაოდ მოწყვლადია, იქვე დგას რუსეთის საოკუპაციო ძალები და რუსეთს შეუძლია, უცებ იქცეს „სახმელეთო ჰუსიტებად“. არაჩინელ ინვესტორს ეს ფაქტი არ დააფრთხობდა?

– საქმე ის არის, რომ ძალა მორევაზეა. მორევას კი განსაზღვრავს ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო სიძლიერე. თვით ის ფაქტი, რომ ამ დღეებში ჩინური კოსმოსური ხომალდი მთვარის უკანა პოლუსზე დაჯდა, გრუნტი აიღო და მალე უკან დაბრუნდება, ნიშნავს ჩინეთის ეკონომიკურ გარღვევას. მეტიც, მაგალითად, 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის მომდევნო წელს, რუსეთის ეკონომიკა ჩინეთისას 10 პროცენტით აღემატებოდა; 2000 წელს რუსეთის ეკონომიკა ჩინეთის ეკონომიკის მხოლოდ 42 პროცენტი იყო, ხოლო ამჟამად, 2023 წლის მონაცემით, მხოლოდ 15.1 პროცენტია. ამდენად, თავაზიანი მიღება-გასტუმრების საპროტოკოლო ცერემონიალის მიღმა ჩინეთი მიზანმიმართულად, ყინულმჭრელივით აღწევს თავის მიზნებს და ამ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან საფრთხე მომეტებულად მეჩვენება.

– დიახ, სწორედ ეს ვიგულისხმე: ჩინეთის გარდა-მეთქი. არა ჩინური ფული ზრდიდა საფრთხეს.

– კიდევ ერთ ანდაზას გავიხსენებ: ცუდი არ გაკადრე და კარგი არ გაღირსეო. ასე რომ, ჩვენ მზად ვიყავით, კარი გაგვეღო, გინდა, ამერიკული, გინდა, ევროპული კაპიტალისთვის, მაგრამ, როდესაც არ გამოჩნდა, ჩინურ კომპანიაზე ორიენტაცია არა მარტო წმინდა ფინანსური საინვესტიციო დატვირთვისაა, არამედ ამას ერთგვარი უსაფრთხოების ქოლგის ფუნქციაც აქვს. ერთგვარი პატრონაჟია, რომ არაფერი დაემუქროს პორტის მშენებლობას. სწორედ ჩინური ტვირთების გატარება იქნება ამ პორტის ერთ-ერთი მსხვილი დატვირთვა. თორემ ჩვენ საკუთარი რესურსებით პორტს ვერ შევავსებთ. როდესაც დასრულდება ანაკლიის პორტის ყველა ეტაპის მშენებლობა, თავისი ინფრასტრუქტურით და საპროექტო სიმძლავრეებს მიაღწევს (დღეს ჩვენი ტვირთების გადატანის მოცულობა 80-85 პროცენტის დონეზეა), პორტის მშენებლობის პოტენციალი მოგვცემს საშუალებას, გავზარდოთ ტვირთების მოზიდვა. პირადად მე ამ პორტის მშენებლობას სხვა რამესაც ვუკავშირებ: რადგანაც რამდენიმეწლიანი პროექტია, ამ ხნის განმავლობაში უნდა შევძლოთ, რომ ისე განვავითაროთ ჩვენი რეალური სექტორი, მრეწველობა, გადამმუშავებელი, რომ ტვირთების სტრუქტურაში საქართველომაც დაიკავოს თავისი ნიშა. ამ მიმართულებით, საკმაოდ პერსპექტიული იქნებოდა მუშაობის ახლავე დაწყება იმისთვის, რომ მსოფლიო ბაზარზე გავიტანოთ ჩვენი მტკნარი წყალი. მსოფლიოს მოსახლეობა იზრდება, ეკონომიკური კეთილდღეობა მატულობს, წყალი კი უპირველესი სამომხმარებლო რესურსია, განსაკუთრებით, ეკვატორთან ახლოს მყოფსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ნავთობის ჩანაცვლებაზე სერიოზულად მიდის საუბარი, წყლის ჩამნაცვლებელი კი კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონებია. ამდენად, წყალზე მოთხოვნილება გაიზრდება და ჩვენ, როდესაც პორტი ამუშავდება, არა მარტო ტრანზიტული ტვირთების მოზიდვაზე უნდა ვიფიქროთ, არამედ იმის შესახებაც, თუ როგორ მოვიპოვოთ ნიშა მსოფლიო ბაზარზე მტკნარი წყლის რესურსის რეალიზაციისთვის და ამისთვის მუშაობა ჯერ კიდევ გუშინ უნდა დაგვეწყო.

– გარდა ჩინურისა, რომელი ქვეყნების ტვირთი შეიძლება, გაატაროს ანაკლიის პორტმა და თურქეთის პორტებზე როგორ იმოქმედებს ანაკლიის ამუშავება?

– ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორია თურქეთისთვის საინტერესო შეიძლება, იყოს იმ თვალსაზრისით, რომ იმოძრაოს ტვირთებმა აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის მიმართულებით, თუმცა ამისთვის სხვა მარშრუტებიც არსებობს და, რა თქმა უნდა, რუსეთის მიმართულებითაც. რუსეთისა და თურქეთის ხელმძღვანელობა შეთანხმდნენ, რომ უახლოეს წლებში მათ შორის საქონელბრუნვა გაიზრდება, დაახლოებით, ორნახევარჯერ და გადააჭარბებს 120 მილიარდ დოლარს. ვფიქრობ, ამ ვითარებაში არა მარტო შავი ზღვის, ნოვოროსიისკისა და სხვა რუსული პორტების, არამედ საქართველოს სახმელეთო-სატრანსპორტი დერეფნის გამოყენებაც იქნებოდა მიზანშეწონილი და პორტზე მეტად ქვეშეთი-კობის გვირაბისა და საქართველოს სამხედრო გზის თანამედროვე სტანდარტებზე გადაწყობაც შეასრულებდა თავის მნიშვნელოვან როლს, ისევე, როგორც რუსეთ-ირანს შორის ეკონომიკურ ურთიერთიობებში. თუმცა აქ იგულისხმება, რომ უნდა დალაგდეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რუსეთის მხრიდან იმის გაცნობიერებით, რომ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთიობა გაცილებით მეტი ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნებოდა მისთვის, ვიდრე კონფრონტაცია. აბორდაჟზე აყვანილი ცხინვალისა და სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებები რუსეთს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი უჯდება, ხოლო, ჩვენი გაანგარიშებით, წმინდა ექსპერტული შეფასებით, საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობის პირობებში, პირველ ეტაპზე, რუსეთის ეკონომიკური სარგებელი წელიწადში, სულ მცირე, 4-5 მილიარდი დოლარი იქნებოდა. მთელი მსოფლიო პრაგმატული გახდა და, რა თქმა უნდა, რაციონალიზმის ძიება და მოლოდინი რუსეთის მხრიდან ნაკლებ სავარაუდოა, მისი უკრაინაში მოქმედების გათვალისწინებით, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მაგიდაზე ასეთი კონფიგურაციაა: რა ურჩევნია რუსეთს, დაძაბულობა თუ ის, რომ ნორმალური ურთიერთობით აფხაზეთიც განვითარდება, ცხინვალის რეგიონიც და თავადაც მიიღებს სარგებელს აი, ამ სავაჭრო ურთიერთიბებისგან, საქართველოს ტერიტორიის გამოყენების შემთხვევაში.

– დავუშვათ, რუსეთი რაციონალური გახდა და მიხვდა, რომ ჩექმის ჩაზელას სჯობს, ვითანამშრომლოთ, დასავლეთს რა ხეირი, თუ ჩვენ დავლაგდებით?

– ჩვენ, უპირველესად, უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესებით...

– რა თქმა უნდა, უბრალოდ, კითხვას ვსვამ, იმიტომ რომ დასავლეთსაც ჰყვარებია, რუსეთის არ იყოს, თუ არ ემორჩილები, თავში წამოთაქება.

– სერიოზული კონკურენციაა. საქართველოს გარკვეულწილად პრიზი ეკუთვნის მიშიკო აბაშვილის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის გეოპოლიტიკურ სპექტაკლში „კავკასიური ცარცის წრე“, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, გრუშე იქ არ არის, რამდენიმე ნათელა აბაშვილია ჩაფრენილი და ყველა თავის მხარეს ექაჩება. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ერთიანი სხეულის შენარჩუნება ასეთი გადაქაჩვის პირობებში. უნდა მოვახერხოთ ჩვენი ინტერესების ისე დაბალანსებულად შეთავაზება მეზობლებისა და არამეზობლებისთვის, დიდი მოთამაშეებისთვის, რომ ეს ბალანსი დაცული იყოს და ჩვენც მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული