რატომ უარყო ქართველმა საზოგადოებამ მარქსიზმ-ლენინიზმი, როგორც იდეოლოგია, მაგრამ დაიტოვა ბოლშევიკური აზროვნება
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 15.01
პირადად მე ყოველთვის მიკვირდა, რატომ მოიკიდა საქართველოში ფეხი ბოლშევიზმმა არათუ საფუძვლიანად, საკმაოდ მძიმეწონიანი ბოლშევიკებიც გვყავდა და თუმცა ბოლშევიკები ებრძოდნენ ტროცკიზმს, ბოლშევიზმზე უარეს ფორმას, ვხედავთ, რომ დასავლურ სამყაროში აშკარად იკვეთება ტროცკიზმის ნიშნები. მეტიც, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხალხისთვისაც ორგანულია ტროცკისტული მიდგომები. მეორე მხრივ, ბოლშევიზმის გავლენის სხვა ნიშანიცაა: გამუდმებით პატრონებს ვეძებთ და, რაოდენ უნდა შეიფუთოს დემოკრატიის სიყვარულით, აშკარაა, რომ „ევროპა მინდას“ დაჟინება ახალი და მდიდარი პატრონის ხელმძღვანელობის ქვეშ მოხვედრის დაუოკებელი მოთხოვნილების დაკმაყოფილების გამოვლინებაა. რატომ იქცა მამადავიწყებულობა ნორმად? – ამ თემას მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ.
– ვფიქრობ, ევროკავშირის დროშის გაკერპება ქლესობის ერთგვარი მძაფრი გამოვლინებაა. რატომ ვერ წარმოგვიდგენია არსებობა ვინმეს გარეშე, ვინც შეგვაქებს და დაგვაპურებს? მცდარია ჩემი შეფასება?
– მცდარი არ არის. სწორად დააკვირდით მოვლენებს, მაგრამ ეს პროცესები საქართველოში დაიწყო, როდესაც ჩვენ დავკარგეთ ქართული სახელმწიფოებრიობა. მანამდე ჩვენ ვებრძოდით იმპერიებს: არაბებს, მონღოლებს, სპარსელებს, ოსმალოებს, მაგრამ შიდა მოწყობაში გვქონდა თვითმმართველობა და, ფაქტობრივად, თავისუფლება.
– როდესაც ვებრძოდით იმ დიდ იმპერიებს, ვიცოდით, რა გვინდოდა ჩვენ.
– დიახ, ამას მოგახსენებთ. მაგალითად, დავობდნენ, პირობითად, ირანი თუ მონღოლები ვის დასვამდნენ ტახტზე, მაგრამ თავისუფალი ვიყავით შიდა მოწყობაში. თანამედროვე ენაზე რომ გადმოვიტანოთ, სამოქალაქო საზოგადოების არსებობაში. რა თქმა უნდა, მოღალატეებიც იყვნენ, დიდი მამულშვილებიც, მაგრამ შიდა ცხოვრებაში გვქონდა თავისუფლება. მტერი არ ერეოდა, არ ვრევდით მტერს შიდა საქმეებში, ვდავობდით, იყო ყველაფერი, რაც დამახასიათებელია ფეოდალური პერიოდის ქრისტიანული ცივილიზაციის ქვეყნებისთვის. ეს ყველაფერი ჩვენი შიდა ცხოვრების წესი იყო და ამდენად, ყოველთვის არსებობდა ის სუბიექტი, რომელიც ქართველი ერის საუკეთესო თვისებებსა და მისწრაფებებს გამოხატავდა. ვითარება შეიცვალა 1801 წლიდან: ჩვენ დავკარგეთ სახელმწიფოებრიობა. მანამდე, შეიძლება, დაშლილ-დაქუცმაცებული ვიყავით, მაგრამ 1801 წლიდან სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან ერთად ჩვენ დავკარგეთ სუბიექტობა.
– მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, იმას რომ ამდენი საუკუნის განმავლობაში გონებაც უნდა დაგვეკარგა?
– ეს უკვე მოჰყვა სუბიექტობის დაკარგვას. თუკი მანამდე სუბიექტები ვიყავით, შეიძლება, სუსტი, შეიძლება, ძლიერი, სხვაზე დამოკიდებული, შიდა მოწყობაში თავისუფალი ვრჩებოდით, რუსეთის იმპერია, გააუქმა რა ჩვენი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, ამავე დროს ჩაერია ჩვენს შიდა მოწყობაში და რუსი ჩინოვნიკი მართავდა საქართველოს.
– ირანსაც საკმაოდ მკაცრი მმართველობა ჰქონდა ქართლ-კახეთში.
– მმართველობაზე არ არის საუბარი. როსტომ ხანი დანიშნა მეფედ, მაგრამ არ მიიღო ეს ქართველმა ერმა და შესაბამის სახელს უწოდებდა. ამიტომ როსტომ ხანი იძულებული იყო, თავისი ცოლისთვის, მარიამ დედოფლისთვის, მიეცა უფლება, აეშენებინა ეკლესიები, შეენარჩუნებინა ქართული ყოფის ელემენტები. ჩვენ შედარებითი თავისუფლება გვქონდა შიდა მოწყობის განსაზღვრაში. რა თქმა უნდა, ვიღაც ჩალმით დადიოდა, ვიღაცას სპარსულსა თუ მონღოლურ ყაიდაზე ეცვა, მაგრამ საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა ჯგუფი, რომელიც ამ საუკეთესო მისწრაფებებს აერთიანებდა და იცავდა ქართული ცხოვრების წესს. 1801 წლიდან რომ დაიწყო პროცესი, ფაქტობრივად, 1832 წლის შეთქმულების შემდეგ ჩვენი ყოფა-ცხოვრება გახდა რუსული მმართველობის ყოფა-ცხოვრების მსგავსი და ჩვენი საუკეთესო წარმომადგენლებიც კი იყვნენ რუსეთის ჩინოვნიკები.
– ეს გავიგე, მაგრამ მე ის არ მესმის, ისევ უმცროს ძმებად რამდენ ხანს უნდა დავრჩეთ მოსკოვი ჩავანაცვლეთ ბრიუსელით და იმავე აღტკინებით მივილტვით.
– ეს შემდეგ გაჯდა ხასიათში. ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მამულიშვილებმა ქალიშვილი ჩაუწვინეს იმპერატორს ლოგინში. სასამართლო, მმართველობა გახდა რუსული. თვითმმართველობა საერთოდ წაიშალა და ამ მოდელზე კიდევ უფრო მეტად გადაგვიყვანა ბოლშევიზმმა. სოციალ-დემოკრატიამ ევროპაში შეიძლება, დადებითი როლი შეასრულა, მაგრამ ამ სივრცეში განიცადა მუტაცია და მივიღეთ ბოლშევიზმი, კლასთა ბრძოლის თეორია. ცხოვრების ის წესი, რაც შეუთავსებელი იყო ცხოვრების ქართულ წესთან. როგორც ჩვენი უფროსი მეგობრები მეუბნებოდნენ, ძველი დისიდენტები, როდესაც 1956 წელს ქართველები დახვრიტეს, ერთი კვირის თავზე რუსთაველის თეატრში „პეპო“ ჩაატარეს და ანშლაგი იყოო. ანუ სახელმწიფოებრიობასთან ერთად დავკარგეთ ღირსება. ამას დაემატა ის, რომ, თუკი 1801 წლამდე საქართველოს ეკლესია იყო სუბიექტი რომელიც ინარჩუნებდა, ინახავდა ქართულ ღირებულებათა სისტემასა და ყოფა-ცხოვრების წესს, ეკლესიაც გადაიყვანეს რუსულ მოდელზე და მხოლოდ თითო-ოროლა ცნობილი მოღვაწე ცდილობდა, რომ ამ მძიმე ძილისგან გამოეყვანა ქართველები. ბოლშევიზმმა კიდევ უფრო გააღრმავა ეს პრობლემა და დღეს, როდესაც ვამბობთ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, ეს არის ბოლშევიკური ცნობიერების გამოვლინება. კორუფცია ხომ პატივსაცემი მოვლენა იყო?! ჩვენ ხომ დღემდე პატივს ვცემთ იმ ხალხს, რომლებმაც საქართველოში კორუფცია დანერგეს?! ჩვენ ხომ დღესაც ვამბობთ, რა კარგი იყო 70-ანი წლები, ფული იშოვებოდაო?!
– ჩემ გარშემო ასეთ ხალხს არ ვიცნობ, რომლებიც ამას ამბობენ და ეს მოსწონთ.
– ჩვენ ვსაუბრობთ მასაზე და ძალიან ხშირად გვესმის მედიით ნოსტალგია საბჭოთა სისტემის მიმართ. შემდეგ გაჩნდა ძლიერი ხელის მოთხოვნა და საბოლოოდ, ჩვენ ამ ბოლშევიკური წესებით ვმოქმედებთ. უკუვაგდეთ მარქსიზმ-ლენინიზმი, როგორც იდეოლოგია, მაგრამ დავიტოვეთ ბოლშევიზმი, როგორც ცხოვრების წესი და, ნახე, რა ხდება?! როგორც იყო საბჭოთა დროს, დღესაც მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფმა ერთმა ჯგუფმა იცის, რა არის ქართველებისთვის კარგი, მხოლოდ ის მიდის პროგრესის გზაზე, დანარჩენი კი ყველა მტერია და ასეთი იყო და არის ყველა ჩვენი ხელისუფლება.
– ჩვენ, კარგი, წყალწაღებულები ვართ და ვიცი, რაც დაგვემართა. ბოლოს და ბოლოს, იმ 37 წელსაც ჩვენი საზოგადოების მორიგი საუკეთესო ნაწილი გაანადგურეს, დამოუკიდებლობის შემდეგ ომებშიც საუკეთესოები დაიხოცნენ და კი ვხედავთ, ვინც დავრჩით და როგორებიც. მაგრამ ამ დასავლეთს რა მოუვიდა, გაქანებულ ტროცკისტებად რომ იქცნენ?
– ჩვენ ჩვენს თავზე ვთქვათ...
– ჩვენს თავზე უნდა ვთქვათ, მაგრამ ჩვენ სულ სხვას ვაბრალებთ, რომ მისი ბრალია, ასეთები რომ ვართ. დასავლეთში რაც ხდება, ვისი ბრალია? მით უმეტეს, რომ, დასავლეთში თუ ტროცკიზმი არ მოიკიდებდა ფეხს, ვერც ეს იდეოლოგია მოძლიერდებოდა.
– რაც შეეხება დასავლეთს: ეს არის ძალიან ცვალებადი პროცესი. იქ, ბუნებრივია, მიმდინარეობს ჯანსაღი იდეოლოგიური დაპირისპირება.
– ის თუ ჯანსაღია, რომ ალ-ჯულანი, თურმე, დემოკრატიისთვის იბრძვის, მაშინ მე არ მცოდნია, რა არის სიჯანსაღე.
– ჩვენ თუ სადმე უბიწოებას ვეძებთ, ამას ვერსად ვნახავთ. თუ მივიჩნევთ, რომ სადღაც ვიღაც წმიდანია, ესეც გამორიცხულია. როდესაც ვსაუბრობ ჯანსაღ პროცესზე, ვგულისხმობ, რომ იქ არავინ მეორე ადამიანს არ უყურებს, როგორც კლასობრივ მტერს. ჩვენთან კი პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთს უყურებენ, როგორც კლასობრივ მტრებს. ვერც ილია ჭავჭავაძემ შეძლო ამის გარღვევა, ვერც სხვა საუკეთესო შვილებმა. იქ ბევრი ნაკლოვანების მიუხედავად, იმდენად ძლიერია სამოქალაქო საზოგადოება და ინსტიტუტები, რომ კლასთან ბრძოლამდე არ მისულა საქმე, თუმცა ამის ნიშნები იყო კამალა ჰარისის ქმედებაში, მაგრამ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი შეიკრა და ასეთი გამარჯვება დიდი ხანია, არ მოუპოვებია არც ერთ პოლიტიკურ ფიგურას. ეს ტრამპის დამსახურება კი არ არის, არამედ ეს არის კამალა ჰარისისა და „დემოკრატების“ რადიკალური მემარცხენე ნაწილის მოქმედებების შედეგი. რიგით ამერიკელს ამოუვიდა ყელში, რომ მისმა ბავშვმა შეიძლება, ისე შეიცვალოს სქესი, რომ მშობელს არ გააგებინოს. იმავე გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა გადადგეს უკიდურესი მემარცხენე ნაბიჯები?! ავტომატურად გაჩნდა მემარჯვენე ჯგუფები, რომლებმაც, ფაქტობრივად, დაშალეს მთავრობა. იქ მექანიზმები არსებობს და ყველა ჯგუფს აქვს თანაბარი განვითარების საშუალება. ჩვენთან ბოლშევიზმში ვართ და ეს არის საშიში. რომ მხოლოდ ერთი ჯგუფია, რომელსაც პროგრესისკენ მივყავართ, დანარჩენი მტერია. განა ის, რომ კონკურენტია, განსხვავებულია, თუნდაც, მოწინააღმდეგეა. შესაბამისად, ხდება ხელოვნური პოლარიზაცია, კლასთა ბრძოლის პრინციპებით, თორემ პოლარიზაცია ამერიკაშიცაა, ისრაელშიც. ეს მომენტები დარეგულირებულია მექანიზმებით. ჩვენთან ეს არ არსებობს და ამიტომაა საშიში, ვინც გინდა, ოღონდ ეს არა. ჩვენ ხომ ყველა მთავრობა ასე გამოვცვალეთ?! ოღონდ ეს არა და ვინც გინდა, ის. ანუ თუ ბოლშევიზმი სულიდან არ განვდევნეთ, კლასთა ბრძოლაზე უარი თუ არ ვთქვით, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. თორემ კარგი ადამიანები ყველგან არიან როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობები ყველგანაა როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. მაპატიე და, „გოთვერნებიც“ ყველგან არიან როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, მაგრამ ეს ადამიანური მომენტებია. ინსტიტუციურად არსებობს ისეთი დაწესებულებები, რომელთა გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გადახედვას არჩევნებამდე. ჩვენთან კი 30 წლის განმავლობაში არ მინახავს, რომ არჩევნებმა შეგვაკავშიროს, პირიქით, არჩევნები გვყოფს. მე არ მინახავს საარჩევნო პროცესი, რომ საზოგადოება შეიკრა რაღაც იდეის გარშემო. მე არ მომისმენია აფხაზეთის თემა პოლიტიკურ ბრძოლაში...
– საზოგადოების უმეტესობა მოწადინებულია, ყელი გამოღადროს აფხაზებს, სხვა ვარიანტს არ განიხილავს.
– მთელი უბედურება ისაა, რომ საზოგადოების ის ნაწილი ფიქრობს ასე, რომელიც, რამე თუ მოხდა, საბრძოლველად წამსვლელი არ არის, ხოლო მეორე ნაწილი მზად არის, საერთოდ დაივიწყოს აფხაზეთი, ოღონდ თვითონ იყოს კარგად. პრობლემა ის არის, რომ არც სამოქალაქო საზოგადოება მიდის სწორი მიმართულებით და არც პოლიტიკური სპექტრი გამოირჩევა ამით და ვართ ემოციაზე, ვიღაცის წინააღმდეგ ბოღმაზე აწყობილები, რაც შედეგს არ მოიტანს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან