პოლიტიკა

რატომ ცდილობს საფრანგეთი, გაჭრასახალი მაგისტრალები რუმინეთ-საქართველო-სომხეთ-ირანის მიმართულებით

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 27.03

ვაჟა ბერიძე
დაკოპირებულია

ერთ-ერთი გეოპოლიტიკური ვერსიით, ანგლოსაქსებისა და კონტინენტური ევროპის ინტერესები სხვადასხვა რეგიონში ერთმანეთს ეწინააღმდეგება (ეს დაპირისპირება უკავშირდება გავლენის სფეროებსა და ლოგისტიკას). გამონაკლისი არც სამხრეთ კავკასიაა, სადაც უკვე მოქმედებს „ბი პის“, ანუ ბრიტანეთის კონტროლით, საერთაშორისო მილსადენები (აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ევროპა) და ახლა უკვე საფრანგეთი ცდილობს, გაჭრას სამომავლო დერეფანი: კონსტანცა-საქართველო-სომხეთი-ირანი, რათა ძველი დიდება დაიბრუნოსო. მეორე მხრივ, საფრანგეთს ადებენ ხელს აზერბაიჯანი და თურქეთი სომხეთის შეგულიანებაში, მოაწყოს არეულობა (მოტივი გავლენის სფეროს დაბევებაა). ჩვენთვის ორივე მიმართულება მისაღებია (ვინაიდან ჩვენს ტერიტორიაზე უნდა გაიაროს) და, ვფიქრობ, იდეალური ვარიანტი იქნება, თუ ორივე მარშრუტი იმუშავებს. ამ თემას პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად განვიხილავთ.

– მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე ისევ დგას დღის წესრიგშიო, თუმცა ვერ ვიგებ, თუ ტერიტორიის დერეფნად გამოყენება გინდა, არ ჯობია, იქ სტაბილური ვითარება იყოს?

– სხვადასხვა დროს სხვადასხვა ინტერესი აქვთ მთავარ მოთამაშეებს რეგიონსა და მსოფლიოში. შესაბამისად, რაღაც დროს რომელიმე მსხვილ მოთამაშეს ხელს აძლევს სიმშვიდე, ეკონომიკური და სავაჭრო ინტერესების წინა პლანზე წამოწევა, რაღაც მომენტში კი, როდესაც კარგავს გავლენას მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ სივრცეზე, თუ გამოუვა, შეიძლება, იქ ხანგრძლივი და არაპროგნოზირებადი პროცესები წაახალისოს. ამის მაგალითები გვაქვს. გადავხედოთ ბოლო ათწლეულებს, რა მოიმოქმედა შეერთებულმა შტატებმა ლიბიაში, ერაყში, ავღანეთში. თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრები და არეალია სამივე ცალ-ცალკე. ამიტომ მოხსნეს არენიდან კადაფი, სადამ ჰუსეინი და ბევრი ლიდერი – ავღანეთში, ისინი არ იმართებოდნენ ისე, როგორც საჭირო იყო. ვერ ვიტყვი, რომ წინასწარგანზრახულად დატოვეს ასეთ საშიშ მდგომარეობაში ეს რეგიონები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი რეგიონებია და თუ ვერ აკონტროლებ შენი მტრების ინტერესების შესაბამისად დალაგებულ ძალთა განლაგებას, სჯობს, მუდმივი კონფლიქტები იყოს პროვოცირებული. ესეც დიდ ძალისხმევას მოითხოვს მათი მხრიდან, ვისაც მიაჩნია, რომ თავად უნდა აკონტროლოს ვითარება მთელ მსოფლიოში. ახალი მსოფლიო წესრიგი სწორედ ამას გულისხმობდა: ჰეგემონი და ლიდერი იყო შეერთებული შტატები, მოკავშირე ევროკავშირსა და „ნატოსთან“ ერთად და ამ წესით მოქმედებდნენ. სხვა მოთამაშეებს სხვა კოზირები აქვთ. ამ კოზირების განეიტრალება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რა ვითარებაა ერაყში, ლიბიაში, ავღანეთში. 2 ტრილიონი დოლარი დაიხარჯა.

– ჰაერში გაისროლეს, ფაქტობრივად.

– დიახ, მაგრამ თალიბები მობრუნდნენ ხელისუფლებაში და წესიერად და ღირსეულად ვერც გამოვიდა დასავლეთი ავღანეთიდან. ამ პროცესს, სხვათა შორის, ხელმძღვანელობდა ჯონ ბასი, საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი. ეს აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის საქართველო, რაკი ასეთ მნიშვნელოვან ფიგურებს ნიშნავენ აქ ელჩებად. ავღანეთში უამრავი ადამიანი თანამშრომლობდა პროდასვლურ მთავრობებთან და ვერ ვიტყვი, რომ ეს ადამიანები მიყარეს, თუმცა გვახსოვს თვითმფინავს ჩამოკიდებული ადამიანები. ხალხი, რომლებსაც უნდოდათ გამოსვლა, სხვადასხვა გზით გამოვიდა. როგორც ჩანს, ესეც შეთანხმებული იყო თალიბებთან და ისინი სპეციალურ ბანაკებში დააბინავეს დასავლეთში. შედეგი კი მაინც ის არის, რომ 2 ტრილიონი დაიხარჯა და თალიბები თავისი გზით ავითარებენ ხელისუფლებას, არადა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ავღანეთი აღმოსავლეთში ინტერესების გასატარებლად მისთვის, ვისაც მიაჩნია, რომ ძლიერია, თან, ფერადი ლითონების მსოფლიო მარაგის დიდი ნაწილი სწორედ ავღანეთშია, რაც მაღალი ტექნოლოგიების საწარმოებლად სჭირდება დიდ ქვეყნებს.

ჩვენთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასია და უფრო ლოგიკური იქნება, ვთქვათ, კავკასია. გვესმის კონტექსტი და სწორად ვიქცევით თქვენც და ჩვენც, ანალიტიკოსები, რომ ყველა ცვლილებაზე ვრეაგირებთ. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებასთან ერთად უნდა ვიყოთ ფხიზლად. ზემოქმედების სხვა ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს. მაკრონის ხედვა და ინიციატივა ახსენეთ და ეს პოლიტიკოსი, ფრანგი ლიდერების ფონზე, მაინცდამაინც არ გამოირჩევა დიდი გამჭრიახობითა და მიღწეული შედეგებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეუძლია, რაღაცნაირად ორიგინალური აზრები მოგვაწოდოს, მაგალითად, როგორიცაა მისი განცხადება კავკასიის შესახებ, რომ ეს სხვა გეოგრაფიაა. მერე ეს მოსაზრება შეცვალა, ეტყობა, ამაში გარკვეული როლი საფრანგეთის ძალიან ძლიერმა სომხურმა ლობიმ შეასრულა. და აღმოჩნდა, რომ ეს სხვა გეოგრაფია არც ისე სხვაა და აუცილებელია ამ გეოგრაფიის გაკვეთილების სწავლაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე სომხეთი დამარცხებული ერია და მას თანადგომას უწევს საფრანგეთი.

– სომხეთმა როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემსა და რუსეთს, რაც უნდა საფრანგეთი დაეხმაროს? უკრაინა ამხელა სახელმწიფოა, ეხმარება ევროკავშირი, აშშ, „ნატო“, თუმცა ფარავენ ისინი ერთმანეთს, მაგრამ მაინც, სისხლისღვრას ბოლო არ უჩანს. ვერ ვხვდები მაკრონ-ფაშინიანის გათვლის გონივრულობას.

– შედეგებზე ფიქრი უადგილოცაა და ნაადრევიც, იმიტომ რომ რაღაც უნდა მოიმოქმედოს საფრანგეთმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ნაცადი და დიდი ხნის მეგობარია სომხების, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან. საფრანგეთის პარლამენტმაც მიიღო შესაბამისი რეზოლუცია ყარაბაღის ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ: დაგმო ეთნიკური სომხების დე ფაქტო დეპორტაცია. რაც, რა თქმა უნდა, საფუძველს მოკლებული არ არის, მაგრამ, როდესაც 30-35 წლის განმავლობაში იქ იყო ვითარება, რომელსაც ამონახსნი არ ჰქონდა და რის ამოხსნაც ბოლოს პუტინმა გადაწყვიტა, თავისი ჩვეული აგრესიულობითა და გარკვეული თავხედობით, დადგა ის შედეგი, რაც დადგა. ალიევმა შესანიშნავად ისარგებლა ყველა შესაძლებლობით და ამ ეტაპზე შედეგსაც მიაღწია, თუმცა ძნელი სათქმელია, რა შედეგი ექნება საბოლოოდ, იმიტომ რომ რეგიონში ქართული მოსახლეობის აფხაზეთიდან განდევნის შემდეგ ამ მასშტაბის ტრაგედია არ მომხდარა: 100 000-ზე მეტი ეთნიკური სომეხი ომობდა იარაღით ხელში, ისინი გამოიდევნენ იქიდან და არავინ იცის, როგორ უნდა დამთავრდეს ეს ისტორია. თქვენ რაც მკითხეთ, იმის კონტექსტში გავიხსენე, რაც ვთქვი, ვინაიდან გვესმის, რომ, საბოლოო ჯამში, ეს დაპირისპირებები, ადრე თუ გვიან, გადაიზდება სისხლისღვრაში და მაშინ აზრს დაკარგავს ყოველგვარი საუბარი მაგისტრალებზე.

– თუმცა ახლო აღმოსავლეთიც დასერილია მაგისტრალებით და იქ სულ არეულობაა. აი, ეს სცენარი არ მომწონს.

– სხვაგანაც არის მაგისტრალები, საბადოები და რესურსები და დაცულია, მაგალითად, სირიის რეგიონში შეერთებული შტატები აკონტროლებს ბევრ ასეთ ობიექტს, მაგრამ არავინ უწყის, სად რა როდის მოხდება. მაგალითად, ჰუსიტებს შეუძლიათ დააზიანონ კაბელი, რაც „ფეისბუქსა“ და სხვა ქსელებს უზარმაზარ ზარალს განაცდევინებს და არავინ იცის, გამეორდება თუ არა ასეთი რამ და ჰუსიტებს აქვთ თუ არა უნარი, უფრო მასშტაბური ზიანი მიაყენონ, ამ მხრივ, დასავლეთს. ამიტომ ეს კავალკადა ძალიან მნიშვნელოვანია და თვალის ფხიზლად მიდევნება უნდა, განსაკუთრებით, საგარეო ურთიერთობებზე მომუშავე სტრუქტურებისა და ადამიანების მხრიდან, რასაც, მართალი გითხრათ, ვერ ვამჩნევ. ვერსად ვპოულობ ამგვარ განხილვებსა და განსჯებს. ჩვენთან, ძირითადად, პროპაგანდის იქით არ მიდის არც ერთი მხარე. მედიის მეშვეობით გულმოდგინედ ვადევნებდი თვალს, რონდელის ფონდის მიერ ორგანიზებულ ანალიტიკოსების შეხვედრას და იქ ვერაფერი დავინახე ისეთი, რაც ქართველი საზოგადოების გონიერ ნაწილს გაამხნევებდა, ვარიანტებს შესთავაზებდა, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ დასავლეთის აქ გამავალ მაგისტრალებზე გავლენის შესუსტების შეუქცევადი პროცესი შეჩერდეს, რადგან, შესაბამისად, იზრდება რუსეთის გავლენა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ რუსეთ-უკრაინის ომის საბოლოო შედეგზეა დამოკიდებული და ვერ ვიქნებით გულწრფელები, თუ ვიტყვით, რომ ეს სამხედრო ავანტიურა პუტინმა მოიგო. გამარჯვებული პუტინი ძალიან სახიფათო იქნება. ამდენად, მთლიანად დასავლეთია შეშფოთებული, ჩვენი გონივრული ძალებიც, მაგრამ, რაელურად, არ მგონია, რომ ისე მარტივად დასამთავრებელი იყოს ეს ომი, როგორც პაპი ფრანცისკე გვეუბნება, რომ თეთრი დროშით დავიწყოთ მოლაპარაკებები. თეთრი დროშით მოლაპარაკებების დაწყება ნიშნავს...

– კაპიტულაციას.

– რომ დასავლეთი დამარცხდა და არა მხოლოდ უკრაინა, დამარცხებული დასავლეთი კი სადამდე დაიდრეკს ქედს რუსეთისა და მისი მმართველის წინაშე, რთული სათქმელია. არც იმის თქმა შეიძლება, რომ რაღაც ისე შემოტრიალდება ვითარება, რომ პროცესი რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხების გზით წარიმართება. ჩვენ ვხედავთ, რა საოცარი ამბები ხდება: რუსეთში არჩევნები ტარდება და არჩევნები ეწოდება პროცესს, რომელშიც არც ერთ სხვა მონაწილეს შანსი არ აქვს. ამავე დროს, განუკითხაობა, რაც ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას მოჰყვა, ძალიან ფეთქებადსაშიშ ვითარებას ქმნის მთელ მსოფლიოში, ვინაიდან არავის შეუძლია არაფერზე ხმის ამოღება. ორი მხცოვანი ადამიანი საოცარ, ჯერ არნახულსა და არსმენილ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს შეერთებულ შტატებში, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ბევრ ჩვენს თანამემამულეს გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ რაღაც განსხვავებული მოხდება, თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ის ჩვენი გადარჩენის შანსია, ხელს აიღებს შეერთებული შტატების ჰეგემონიაზე და ამით დამთავრდება გლობალიზმი. ტრამპიზმი გლობალიზმის ნაირსახეობაა. ესეც გასათვალისწინებელია. ამ პროცესებს მთელი მსოფლიო ისე შესცქერის, თითქოს ასე უნდა ხდებოდეს. მაგალითად, პრიგოჟინი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ნავალნი, როგორც დასავლეთში ამბობენ, ციხეში მოკლეს, მაგრამ ამაზე არ საუბრობენ. ესე იგი, როდესაც მთელ მსოფლიოში იარაღი ჟღარუნობს, აზრი არ აქვს ვინმესთვის რამეზე პასუხის მოთხოვნას ან დიალოგს, ყველაფერი ისე უნდა წარიმართოს, როგორც ჩვენი თანამემამულე მაიაკოვსკი ამბობდა: სიტყვა თქვენ გეკუთვნით, ამხანაგო მაუზერ. ამ მაუზერისა და შეიარაღების შეჩერების პერსპექტივა კი არ არის. ერთ-ერთი მხარის დამარცხების შემთხვევაშიც კი კატასტროფა მოხდება ბევრი ხალხის, ქვეყნისა და ცივილიზაციისთვის. ამის შებურვა უკვე შეუძლებელი იქნება მარქსიზმის დიადი იდეოლოგიით, არც მართლმადიდებლობის გაიდეალებით მოხერხდება და არც ზნეობის თავგამოდებული დაცვით. საბჭოთა კავშირის მემკვიდრეები ვართ, რომელიც ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი იყო, მაგრამ ათეისტური სახელმწიფო იყო და ღია ცის ქვეშ ბორდელსაც მოგაგონებდათ, ზნეობის თვალსაზრისით. ამ ფონზე კონკრეტული ინიციატივების შემოთავაზება, მაგისტრალებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ნაჩქარევია, პროპაგანდისტული ხრიკია, ვინაიდან დღესდღეობით არაფერზე არაფრის თქმა არ შეიძლება. არავინ იცის, რა მოხდება ამ რეგიონში და რას მოითხოვს, თუ რუსეთი არ დამარცხდა უკრაინაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი