პოლიტიკა

რატომ წარმოუდგენიათ ქართველებს თავიანთი ქვეყნის არსებობა მხოლოდ სხვა ქვეყანას ან ქვეყნებს დაქვემდებარებულის როლში

№22

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 05.06

დიმიტრი ნადირაშვილი
დაკოპირებულია

არც ადრე ვუჩიოდით, მაგრამ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით წარმოჩნდა, ერთი მხრივ, ჩვენი ემოციურობა (როდესაც სისხლი ისე გირტყამს თავში, რომ გონება გიბნელდება) და, აქედან გამომდინარე, არაადეკვატურობა. მაგალითად, რომ ბრძოლა წყლის ჭავლის წინ დგომაა, გმირობა – დროშის ფრიალი, ომი – საკუთარ სპეცრაზმთან შებმა და საკუთარი მთავრობების შენობების შტურმი; იმის პარალელურად, რომ წინა პლანზეა „ევროპა მინდა“. ბუნებრივია, ამას არაფერი აქვს საერთო არც რეალურ ბრძოლასთან, არც რეალურ ომთან და არც იმასთან, რასაც გულისხმობს ევროინტეგრაცია (ვინაიდან არც ევროასოცირების დოკუმენტი აქვს ვინმეს წაკითხული). ამ აღრეულ ფასეულობებსა და სინამდვილის დამახინჯებულად აღქმაზე დიმიტრი ნადირაშვილი გევსაუბრება.

– თავის მოგიჟიანება, რეალობის ვერაღქმა, სასურველის სინამდვილედ წარმოჩენა რა ტიპის უბედურებაა?

– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით, გახდეს რეფლექსიით, დიაგნოზით დანახული. ვეცდები, რომ ეს დიაგნოზი დაისვას და იმავდროულად, აღიწეროს, როგორ მოვხვდით ამ რეალობაში და რა ძალები გვმართავს. ჩვენ დღეს ვართ მდგომარეობაში, როდესაც ვერ ვმართავთ ვერც ქვეყანას და ვერც საკუთარ თავს. არც პასუხისმგებლობა გვაქვს, არც ავთენტობაა გამოვლენილი და დანახული, არც თავისუფლება, არც სოციალური ცხოვრების შემოქმედებითად მართვის უნარი გაგვაჩნია, ამიტომაც ერთ წრეზე ვტრიალებთ. და ეს ერთ წრეზე ტრიალი, სოციალური თვალსაზრისით, ნიშნავს, რომ მივდივართ იმ წერტილამდე, როდესაც რევოლუცია ანგრევს ქვეყანას და მერე ისევ თავიდან ვიწყებთ ყველაფერს.

– თავიდან ვიწყებთ, რომ ისიც დავანგრიოთ და ისევ თავიდან დავიწყოთ.

– საუბედუროდ, ეს წრე ერთსა და იმავე წერტილთან მოდის. ჩვენ, მე და ჩემმა კოლეგებმა, მოვახერხეთ და ევროპულ წრეში მოვხვდით პროფესიულად. იმიტომ რომ გარკვეული პროფესიული უნარები გამოვიჩინეთ და ჩავეწერეთ ევროპის თერაპიულ საზოგადოებაში. ეს ის ევროპაა, რომელშიც ვერ ვხვდებით ვერანაირი თვალსაზრისით და რომ გავხდით, დავინახეთ, თუ რა სიძნელეებთანაა დაკავშირებული ასეთი ცხოვრება. მაგალითად, ვართ რამდენიმე კომიტეტში: კვლევით კომიტეტში, ეროვნული ასოციაციების კომიტეტში, აკრედიტებული ინსტიტუტების კომიტეტში. ასევე, გვინდა ურთიერთობა ამერიკულ უნივერსიტეტებთან და ვართ ამ ხაზზე, მაგრამ ეს ხდება ვიწრო პროფესიული თვალსაზრისით, უფრო დიდი ერთობით, როგორიცაა ქვეყანა, იმავეს ვერ ვახერხებთ და რუსეთი, რომელიც, აი, გვმართავდა ორი საუკუნის განმავლობაში, ახლაც იოლად გვმართავს. ის კანონი, რომელიც პროტესტის ქვაკუთხედად იქცა, იმის სიმბოლოა, თუ რამდენად ადვილია, ჩვენ დავკარგოთ საკუთარი თავი.

განწყობის თეორიაში არის ერთი მნიშვნელოვანი მიგნება და პოსტულატი, თუ როგორ დონეზე შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პოზიციური აზროვნებით გამოხატავენ თავიანთ თავს და არა ანალიტიკური აზროვნებით. პოზიციური აზროვნება, ეს არის აზროვნება, რომელიც ჩვენ გარშემოა გამეფებული და გამოიხატება შემდეგნაირად: არის ორი უკიდურესი პოზიცია, ადამიანი დგება ერთ ან მეორე პოზიციაზე და იწყებს არა თავისი თავის გამოხატვას, არამედ იმ პოზიციის გამართლებას, რომლის მხარესაც დგას. იმავენაირად იქცევიან მეორე პოზიციაზე მდგარი ადამიანები, იგივე ხდება მედიაშიც, პოლიტიკურ პარტიებშიც. ეს უკიდურესი პოზიციები განაპირობებს იმას, რომ იქ მისული ადამიანები ხდებიან იმ პოზიციის დამცველები, რასაც ის პოზიცია გულისხმობს.

– მე, ზოგადად, მასალის დაწერამდე ყველაფერს ვკითხულობ, მათ შორის, კანონებსაც. ამ კანონის დაწუნების მიზებებად დასახელებულია ის, რისი უფლებაც აქვს მოქმედ კანონს, რომელიც ეხება, მაგალითად, საგადასახადო შემოწმებას. ანუ ადამიანები არ იცნობენ მოქმედ კანონებსაც კი.

– ეს დამახასიათებელია პოზიციური აზროვნებისთვის. მისთვის არ არის მნიშვნელოვანი, დაინახოს რამე სხვა პოზიციიდან. ასეთი ადამიანების მიზანია, შეაგროვონ ყველანაირი მასალა, რომ თავიანთი პოზიცია განამტკიცონ. ჩვეულებრივ ასეთი პოზიციური დაპირისპირების მიზეზია ერთმანეთის აუტანლობა, როდესაც ყველაფერი გახლეჩილია, ძალა ერთობაში აღარ არის, ძალა ფრაგმენტირებულია. ბრძოლა მიდის შიგნით და არა ერთიანობისთვის. საქართველოს დევიზია: ძალა ერთობაშია, ხოლო, რეალურად, მოქმედებს სლოგანი: ძალა ერთმანეთთან დაპირისპირებაშია. რა არის ამის საპირისპირო? ის, რაც ჩვენი შეგნებისა და სოციალური ცხოვრების დონის მიღმაა. იმ ევროპაში, სადაც 70 წელია, აღარ არის ომი, ანალიტიკური აზროვნებაა. რას ნიშნავს ანალიტიკური აზროვნება? თითოეულ პოზიციას უყურებენ კრიტიკულად. ასეთი დამოკიდებულება ბადებს რეალობის ნამდვილ ხედვას. ანუ თუ არის თეზისი და ანტითეზისი, არის სინთეზი, რაც იძლევა საშუალებას, რომ ადამიანმა გაანგრიოს არსებული ჩიხი და დაინახოს სინათლე ამის იქით.

– ადამიანები ამბობენ, კანონი ახალისებს დასმენას, რადგან შემოწმების საფუძველი შეიძლება, გახდეს სათანადო შეტყობინებაო და ამ დროს თავად ყოველდღიურად აქვეყნებენ ჩანაწერებს, ვინ რა დაარღვია ქუჩაში ან როგორ მოექცა თავის შვილს. ეს დასმენა არ არის?

– პოზიციური აზროვნებით, ეს, რა თქმა უნდა, განიხილება სრულიად სხვაგვარად და არ დაერქმევა თავისი სახელი.

– თუ ვიღაცას მანქანა მწვანე ზოლში აქვს გაჩერებული და აზიანებს და პოლიციას დავურეკე, ესე იგი, დამსმენი ვარ? აი, ასეთი აბსურდებია.

– დიახ, ჩნდება კითხვა, საიდან მოდის თვითშეგნების ასეთი დაბალი დონე?! და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ მემკვიდრენი იმ საბჭოთა სისტემის, სადაც მეფობდა მოსაზრება, რომ, ვინც ჩვენკენ არ არის, ჩვენი მტერია. იგივე პოზიციური ბრძოლა და აქტივობა გრძელდება დღესაც. არ არის დანახული მთავარი, რომ ჩვენ, ყველანი, ვემსახურებით ერთ მთელ სისტემას – საქართველოს. არ არის დანახული ეს ჩვენი მთლიანობა, რომელიც ღირებულია, მოითხოვს განვითარებას და რომელსაც უნდა ემსახურებოდეს ყველა ის ძალა, რომელიც აქ არსებობს და მონაწილეობს ამ ყველაფერში. ის ადამიანი, რომელიც ამ ერთიანობის სიმბოლოა – ილია, გამოხატავდა ამ ძალას. დღევანდელ რეალობაში ჩვენ, ფაქტობრივად, დავკარგეთ ასეთი მთლიანი საქართველოს გამომხატველი ვინმე ან რამე.

– იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ საქართველოს განვიხილავთ ადგილად, რომელიც იქნება კარგად, თუ იქნება რუსეთთან ან იქნება კარგად, თუ იქნება დასავლეთთან. ქართველებმა არ იციან, საქართველო მათი ძალისხმევით როგორ უნდა იყოს კარგად და აპრიორი დაშვებულია, რომ მათ იმედზე საქართველო იქნება ცუდად და ამიტომ ვიღაცის კალთებქვეშ უნდა იყოს.

– ნამდვილად ასეა. ეს მთლიანობა არც განიცდება, არც გაიაზრება და არც გამოიყენება. ამ თვალსაზრისით, ძალიან შევიწროვდა საქართველოს მთლიანობის გამომხატველი არეალი. ილია მეორე, ჩვენი პატრიარქი, გამოხატავდა და დღესაც ახერხებს ამ პოზიციის გამოხატვას და ამიტომაცაა ნომერ პირველი ავტორიტეტი ჩვენს სინამდვილეში. სხვა მხრივ, ეს ასპარეზი, რაც აერთიანებს ქვეყანას, შევიწროებულია. ამ ბოლო დროს მწერალმა აკა მორჩილაძემ გამოხატა თავი ამ მთლიანობის პოზიციიდან, აღნიშნა, რომ ყოველთვის გვიჭირდა, ყოველთვის მძიმე მდგომარეობაში ვიყავით და ერთ წრეზე ვტრიალებდით, მაგრამ ორივე მხარემ „ჩაქოლა“: ჩვენს პოზიციას არ იზიარებს, ეს ვინ ყოფილა?! ჩვენ არ გვემხრობა. ესე იგი, პოზიციური აზროვნების მიხედვით, ნებისმიერი, ვინც შენს პოზიციაზე არ დგას, ცუდია და მტერია. არადა ამ ერთიანობის გამომხატველი შეიძლება, იყოს რაღაც დიდი მოვლენა, დაკარგულის დაბრუნება, რამე ახალი ორიენტირები, ლიდერი.

– ახსენეთ საბჭოეთის მიერ მართვა, მაგრამ, რაც საბჭოთა განათლების სისტემამ მასწავლა, ყველაფერი საწინააღმდეგოდ დავუბრუნე მოსწავლეობის დროსვე. ერთ მაგალითს ვიტყვი, გვასწავლეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ატრიბუტები და გვითხრეს, რომ საქართველო დამოუკიდებელია, მე მოვითხოვე რუკაზე ჩვენება, ანუ საზღვრები. თუ ეს არ არის, ესე იგი, გვატყუებთ-მეთქი. მარტივი რამ ვთქვი ახლა, ამას დიდი მიხვედრა არც სჭირდებოდა. და ახლა რატომ რჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანებს ტვინზე ლიბრი აქვთ გადაფარებული?

– იმ რეალობაში არათუ თვითშეგნება, ტერიტორიაც კი არ იყო დამოუკიდებელი. ეს იმას ჰგავს, როდესაც ბავშვი დედის მუცელში დამოუკიდებელი არ არის არც სხეულებრივად. რომ იბადება, უკვე სხეულებრივად განცალკევებაა, მაგრამ ფსიქოლოგიურად, დამოუკიდებლობის, თავისუფლების თვალსაზრისით, ისევ დედის ნაწილია, როგორც დაბადებამდე იყო. თუ გავაცნობიერებთ, ჩვენ დღეს ვართ მდგომარეობაში, როდესაც სხეული არსებობს, მაგრამ დამოუკდიებლად მართვა არ არსებობს, იმიტომ რომ მთლიანობის განცდა არ არის. დასავლეთში, მაგალითად, ეს მთლიანობა არა მარტო ტერიტორიულად და სახელმწიფოებრივად არსებობს, არამედ გამოიხატება კიდეც. მაგალითად, კონსტიტუციური მონარქი ან დედოფალი გამოხატავს ამ მთლიანობის პერსონიფიცირებას. ეს ცენტრისკენ მიმავალი ძალები ახერხებენ არსებობას, კრავენ მთლიანობას და აერთიანებენ ქვეყანას. ამ კუთხით რომ შევხედოთ ჩვენს თავს, ჩვენს ყოველდღიურობას, რაც ჩვენს ტელევიზიებში, პარლამენტში, ქუჩაში ხდება, ვნახავთ, რომ აზროვნების პოზიციური გახლეჩა და ამ მთლიანობის დაკარგვაა. შედეგიც შესაბამისია – მთლიანობის განცდა არ გვაქვს. ხოლო იმ ქვეყნებში, რომლებიც კეთილდღეობით გამოირჩევიან, მთლიანობაა განცდილი. იქ არსებული პოლიტიკური ძალები ერთმანეთისადმი კრიტიკულად არიან განწყობილი, მაგრამ ერთ მთლიანობას ქმნიან, თვითონ ის საზოგადოება და მისი ნაწილები, ასევე, ერთ მთლიანობას ქმნიან. მათი ტელევიზიებიც კრიტიკულები არიან და მაინც ერთ მთლიან სურათს ქმნიან. ჩვენთან საპირისპირო მდგომარეობაა. პოზიციური აზროვნებაა ჩვენი დიაგნოზი და ასეთი დიაგნოზი, ანუ პოზიციური აზროვნება აუცილებლად მიგვიყვანს სამოქალაქო დაპირისპირებამდე. იმიტომ რომ პოზიციური აზროვნების შემდგომი ნაბიჯია ქვეყნის მთავრობის დანგრევა. ჩვენ ასე თითქოს თავისუფლებისა და ნათელი მომავლისთვის ვიბრძვით, მაგრამ შედეგი იქნება ისეთივე, რაც გასული საუკუნის 90-იანებში გამოვიარეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული