რატომ შეუწყვიტა მოსკოვმა დე ფაქტო აფხაზეთს დაფინანსება გეოპოლიტიკური დაპირისპირების პიკში და რა ტიპის გზავნილი შეიძლება, იყოს ეს თბილისისთვის
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 25.09
უკვე დადასტურდა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა დე ფაქტო აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა და იმასაც ამბობენ, რომ დე ფაქტო აფხაზეთის, ეგრეთ წოდებულ, მაღალჩინოსნებს რუსეთის მოქალაქეობასაც ჩამოართმევენ (ესე იგი, ნეიტრალური პასპორტებისკენ უბიძგებენ). მეორე მხრივ, ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც დაპირისპირებული მხარეები სატელიტებსა და მოკავშირეებს გაცხოველებულები ეძებენ, უცნაურია, რომ რუსეთმა აფხაზების განაწყენება განიზრახა, მით უფრო, რომ დე ფაქტო აფხაზეთისთვის საჭირო თანხა არც თუ მძიმე ტვირთი უნდა იყოს, თუნდაც, ომში ჩაბმული რუსეთისთვის. ამ თემაზე მამუკა არეშიძესთან ერთად ვიმსჯელებთ.
– საეჭვოდ მეჩვენება მოსკოვის უარი სეპარატისტების დაფინანსებაზე. რას ამბობს ამით კრემლი და ვისი მისამართით? დიდი საჭადრაკო პარტიის ერთ-ერთ ფლანგზე მორიგი სვლაა?
– მოდი, ვისაუბროთ აფხაზურ მედიაში გავრცელებული ვერსიებით. ერთი ვერსიაა, რომ ეს მოსკოვის თბილისისადმი გარკვეული ჟესტია, რათა აიძულოს აფხაზები, რომ ქართველებთან მოლაპარაკება დაიწყონ. ამ ვერსიის წიაღში ძალიან ბევრ სვლებს ახმოვანებენ აფხაზი „პოლიტიკოსები“, განსაკუთრებით, ოპოზიციის წარმომადგენლები. მაგალითად, რომ აპარტოტელების თემა ქართული პროექტია, რომელშიც დომინირებს ბიძინა ივანიშვილი, ასევე, ჩამოთვლილია რამდენიმე მოსკოველი ქართველის გვარი, რომლებიც აფხაზეთიდან არიან. ისინი ყიდულობენ ამ მიწებს იმისთვის, რომ მომავალში ჰქონდეთ საფუძველი, რათა უკეთესი პოზიციიდან დაიწყონ ვაჭრობაო. ამას ამბობენ ოპოზიციის წარმომადგენლები და ძალიან აქტიურობს ამ თემით ნატალია სმირი. მეორე ვერსიაა, რომ მოსკოვმა გადაწყვიტა აფხაზების დასჯა.
– თუმცა აშკარად ცუდი დრო შეარჩია.
– საქმე ისაა, რომ მოსკოვის პრესტიჟი სერიოზულ დარტყმას იღებს, რადგან აფხაზები უარყოფენ ყველა იმ პროექტს, რომლებიც მოსკოვს სჭირდება აფხაზეთის ეკონომიკური ექსპანსიისთვის. გავითვალისწინოთ, რომ აფხაზები, „სამხრეთ ოსეთისგან“ განსხვავებით, არც ფიქრობენ რუსეთთან შეერთებაზე. რაც შეეხება მოქალაქეობის ჩამორთმევას: პირველად სამ ოს „დეპუტატს“ ჩამოართვეს, მათ შორის, დავით სანაკოევს, რომელიც რუსეთთან „სამხრეთ ოსეთის“ გაერთიანების აპოლოგეტია. ეს ამბავი რუსეთის ზოგიერთი ნაბიჯის კრიტიკის გამო მოხდა. ერთგვარი რეპეტიცია გაიარეს რუსებმა. ამას გარდა, აფხაზეთში მოჰყავთ ყარაბაღის მაგალითიც, რომ, თუ ყარაბაღი დაუთმო აზერბაიჯანს, რატომ არ შეიძლება, რომ სოხუმი და ცხინვალიც დაუთმოს საქართველოსო. ამაში არის გარკვეული ლოგიკა, ვინაიდან მოსკოვში სერიოზული კამათია, რომ რუსეთმა წააგო სამხრეთ კავკასიური პოლიტიკა აზერბაიჯანთან და თურქეთთან რევერანსების გამო და კრიტიკულად განწყობილი მაღალი დონის ჩინოვნიკები მიიჩნევენ, რომ მოსკოვმა უნდა დაიბრუნოს სამხრეთ კავკასია და ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს როლი იმ პოლიტიკისთვის, რომლის გატარებასაც მოსკოვი მომავალში აპირებს სამხრეთ კავკასიაში.
– გეოპოლიტიკურად რას აძლევს რუსეთს აფხაზების განაწყენება?
– მოვიყვანეთ აფხაზეთში გავრცელებული ვერსიები, მაგრამ მეორეა ის ვერსიები, რაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით აქვთ მოსკოვში და თუ ამ ყველაფერს გავაერთიანებთ, არის ლოგიკა, ვინაიდან ჩანს, რომ მოსკოვი ცდილობს, ურთიერთობის ახალი სისტემა შექმნას საქართველოსთან. მოსკოვმა გარკვეულწილად შეცვალა თავისი მიდგომები, მან აიღო ჩინეთის გამოცდილება – ეკონომიკური ექსპანსია და ფიქრობს, რომ ამ ფორმით შესაძლებელია, მოაგვაროს თავისი პრობლემები, თორემ სამხედრო ძალის გამოყენებით, უცებ შეუძლია, დაამთავროს: არავინაა მისი გამკრიტიკებელი, მაგალითად, აფხაზეთის შემთხვევაში. ეს ყველაფერი ერთ ქვაბში შეგვიძლია, მოვაქციოთ და ვიმსჯელოთ, არის თუ არა მზად მოსკოვი, რომ დათმობის ნაბიჯები გადადგას საქართველისადმი. მე თუ მკითხავთ, მოსკოვის ნდობა არ შეიძლება.
– ეს ჩვენთან ჰგონიათ, რომ პოლიტიკაა, როდესაც გამოვარდები და ვიღაცას შეაგინებ ან სიყვარულს აუხსნი. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ეს ერთგვარი მესიჯია, იმის მოსასინჯად, როგორ ირეაგირებს ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება, ოპოზიცია?
– საქართველოს საზოგადოება იმდენადაა მიჩვეული რუსეთის მუხანათობას, ვიდრე კონკრეტული დაპირებები არ იქნება და ამ „შერიგების“ ფორმა მანამდე აქტიურად არ ირეაგირებს. მაგალითად, აფხაზ საზოგადოებაში იმაზეც მსჯელობენ, თუ როგორი ურთიერთობის დამყარება შეიძლება, აიძულოს რუსეთმა აფხაზეთს თბილისთან და ხშირად ახსენებენ კონფედერაციის თემას. ძალიან მოულოდნელი იყო, ამ მხრივ, შამბას გამოსვლა ორიოდე თვის წინ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შამბამ ეს სპეციალურად თქვა ჩვენი საზოგადოების გასაგონად. ის იხსენებს 1998 წელს, როდესაც პრიმაკოვმა არძინბა თბილისში ჩამოიყვანა შევარდნაძესთან შესახვედრად. შამბაც დელეგაციის წევრი იყო და მოყვა, რომ, როდესაც პრიმაკოვმა შევარდნაძეს ქართულ-აფხაზური პრობლემის გადაწყვეტა კონფედერაციის ფორმით შესთავაზა, ერთი სული გვქონდა, რომ ქართული მხარე დათანხმებულიყოო.
– მე შამბასთან ინტერვიუს აქტიურად ვიწერდი და ამბობდა, რომ ჯერ ფედერაციას ვთავაზობდით თბილისს, უარი თქვაო; შემდეგ – კონფედერაციას და ისევ უარი მივიღეთო. ასევე, ჩაწერილი მყავს ზატულინი, რომელიც ამ თემაზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობაში იყო. მანაც დაადასტურა შამბას სიტყვები. ვკითხე შევარდნაძესაც, მანაც დაადასტურა თავისი უარი და, როდესაც მე დოკუმენტი წავიკითხე, რა პირობებით უნდა დავთანხმებულიყავით, უარი ნამდვილად სათქმელი იყო.
– შამბა ამბობდა, რომ კონფედერაცია ნიშნავდა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას ერთი ქოლგის ქვეშ და, თუ შევარდნაძე დათანხმდებოდა, შეგვეძლო, შევსულიყავით, როგორც აღიარებული სახელმწიფო და შემდეგ გამოვსულიყავითო. ისეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, რომ ეს გახსენება იყო გზავნილი ქართველი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც გაუხარდა, რომ აფხაზეთის პრობლემა შეიძლება, კონფედერაციით მოგვარებულიყო. არადა, ეს გამორიცხულია. ქართული მხარე კონფედერაციას არ მიიღებს: არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია.
– ეს მოდელი არც უნდა მივიღოთ.
– რასაკვირველია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ კონფედერაციული სახელმწიფოები და ფედერაციულებიც და იმ ქვეყნებში სახელმწიფოებრიობის დათქმა არის სხვადასხვანაირი, ჩვენთვის კონფედერაციული მოწყობა მიუღებელია. სხვათა შორის, სოციალურ ქსელებში ქართველმა აქტივისტებმა აფხაზებს უთხრეს, რომ კონფედერაცია გამორიცხულია. მაგრამ ჩვენ არ ვიცით მოსკოვის რეალური გეგმა და ამიტომ ამაზე მსჯელობა ყავაზე მკითხაობა უფროა. ამდენად, სანამ მოსკოვიდან არ იქნება კონკრეტული და გასაგები ნაბიჯები თავისი გარანტიებით, ლაპარაკი იმაზე, რომ მოსკოვი საქართველოსადმი ნაბიჯის გადმოდგმას აპირებს, ზედმეტია. თუმცა მოსკოვის ქმედება იმის საფუძველს მაინც იძლევა, რომ საქმეში ჩაუხედავი ქართველი საზოგადოების მცირე ნაწილს იმედი გაუჩნდეს.
– მაგრამ ქართულ მხარეს, მმართველ რგოლს, შეუძლია, მოსკოვის ეს რევერანსები გამოიყენოს უშუალოდ აფხაზებთან შესახვედრად, რაღაც პროექტების დასამუშავებლად, კონტაქტის დასამყარებლად. ჩვენც მოვსინჯოთ, როგორ ირეაგირებს მოსკოვი.
– რასაკვირველია, ეს შესაძლებელია, მაგრამ ჩემი რეკომენდაციაა, ძალიან ღრმად ნუ შევალთ, თუმცა მოქმედება შესაძლებელია. გეტყვით ერთ რამეს: გარკვეული ეკონომიკური აქტივობა შეინიშნება ზოგიერთი აფხაზური კომპანიის მხრიდან. მათ შორის სამი პროფილური კომპანიაა, რომლებიც ერთსა და იმავე საქმეს აკეთებენ. სხვა ტიპის აქტივობაცაა და განსაკუთრებით აქტიურობენ ის აფხაზები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ. ამას გარდა, ურთიერთობის ნახევრად ღია სისტემა არის ქართველ და აფხაზ ენერგეტიკოსებს შორის. ეს ურთიერთობა სხვა საფეხურზე გადავიდა და აი, რატომ: თუ მოსკოვმა შეასრულა და უკვე ასრულებს მუქარას, რაც ნიშნავს, რომ კრიტიკულ სიტუაციაში აფხაზეთს დენს არ მიაწვდის, აფხაზეთი ზამთარში დენის გარეშე რჩება, იმიტომ რომ ამას ენგური არ ეყოფა. აქედან გამომდინარე, აფხაზი ენერგეტიკოსები ქართულ მხარესთან მოლაპარაკებას ცდილობენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ლაპარაკია ზოგიერთი ისეთი ენერგოსიმძლავრის ამუშავებაზე, რომელიც აფხაზეთის სიღრმეშია, ენგურს მიღმა, მაგრამ დღეს არ მუშაობს.
– საინტერესო იქნება პირობები: თუ ჩვენი დახმარებით ამუშავდება, ეს წილებში ხომ უნდა აისახოს?
– რასაკვირველია. სხვათა შორის, მოფიქრებული პირობებია, ისე არ არის, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, რაც აფხაზებს ახასიათებთ. იმიტომ რომ იციან, ქართული მხარე ცუდ პირობებს არ დათანხმდება. უნდა ითქვას, რომ აღდგა სხვადასხვა დონეზე შეხვედრების სისტემა. მაგალითად, მინიშნებებია აფხაზეთიდან, რომ სამედიცინო სფეროს მუშაკებს უნდათ შეხვედრა ქართველ კოლეგებთან, კონკრეტული დაავადებების პრევენციისთვის. ეს არ იქნება ღია შეხვედრა, მით უფრო, ჩვენ გვქონდა ასეთი შეხვედრები, ონლაინ, კოვიდის დროს. ქართველი სპეციალისტები უხსნიდნენ აფხაზებს, როგორ უნდა ემკურნალათ კოვიდპაციენტებისთვის. იმიტომაც შეარბენინეს მაშინ რუსებმა სასწრაფოდ თავიანთი სამხედრო ჰოსპიტალი, რომ ეს კონტაქტი შეწყვეტილიყო. ახლა ძალიან კარგად იციან რუსებმა ეს ამბავი, მაგრამ ხმას არ იღებენ. ამას გარდა, გაიმართა ყოფილი მეომრების, ვეტერანების შეხვედრა. ასეთი რამ არ ყოფილა ძალიან დიდი ხანია და ადრე მსგავსი შეხვედრები ტარდებოდა გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით. ახლა ეს შეხვედრა შუამავლის გარეშე ჩატარდა.
– ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ყოფილი მეომრები ერთმანეთს უფრო იოლად უგებენ, როგორც წესი.
– დიახ, ანუ მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც გეგმის მიხედვით ვითარდება, მაგრამ არის პროცესები, რომლებსაც არსებული ლოგიკის კონტექსტში ხალხი ქმნის.
– თუ სწორად გავიგე, ამ ეტაპზე ჩვენთვის ყველაზე მომგებიანია, მკვეთრი მოძრაობების გარეშე ვისხდეთ და დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას?
– მე პასიურობის მომხრე არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის ვამბობდი, რომ რბილი ძალა უფრო აქტიურად უნდა ავამუშაოთ და გავააქტიუროთ ის კონტექსტი, რომელსაც ქმნის, თუნდაც, ჯანდაცვის სისტემა. მოგეხსენებათ, აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს ეხმარებიან თბილისსა და სხვა ქალაქებში. ეს მოვლენები შეგვიძლია, ისე განვავითაროთ, რომ ჩვენ სასარგებლოდ იმუშაოს და როდესაც მომწიფდება სიტუაცია, შემდეგ აქტიურად ჩავერიოთ. იმისთვის უნდა ვიყოთ მზად, რომ საჭირო დროს სიტუაცია საჩვენოდ შემოვატრიალოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან