პოლიტიკა

რატომ შეფასდა ევროკავშირისთვის ზურგის შექცევად ოჯახისა და არასრულწლოვანთა მიმართ პროპაგანდის აკრძალვა

№38

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 25.09

მამუკა გიორგაძე
დაკოპირებულია

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ევროკავშირი, რომელიც ევროპულ ცივილიზაციას წარმოადგენს სამყაროში და ეფუძნება ბერძნულ კულტურას (რის გამოც მიიღეს კიდეც საბერძნეთი ევროკავშირში), რომელიც ანტიკურ ხანაში ცნობდა ერთნაირსქესიანთა ურთიერთობას, მაგრამ ქორწინებად და ოჯახად ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას აღიარებდა (ყველა დიდი ბერძენი მოაზროვნისთვის ჰომოკავშირი აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენა იყო), ამ ეტაპზე ლამის ქალისა და მამაკაცის არა მხოლოდ კავშირის წინააღმდეგია, არამედ სიტყვების „ქალისა“ და „მამაკაცის“. სულ ახლახან ევროკავშირმა დაგმო (დიახ, დაგმო) საქართველოს პარლამენტის მიერ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონის მეორე მოსმენით დაჩქარებულად მიღება და ხელისუფლებას კანონის ფუნდამენტური გადახედვისკენ მოუწოდა. მეორე მხრივ, თანამედროვე დასავლური პოლიტიკის ტენდენციები გენდერულ ნაწილში სულ უფრო და უფრო ემსგავსება გასული საუკუნის ოციანი წლების ბოლშევიკების აღვირახსნილ სქესობრივ პოლიტიკას, თუ რატომ, ამას მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ.

– რატომ იქცა დასავლური სამყაროსთვის ოჯახი, ანუ ქალისა და მამაკაცის კავშირი საფრთხობელად და რატომ შემიძლია, გავხდე ყველაფერი, ტარაკნიდან დაწყებული და კაქტუსით დამთავრებული, თუ ჩავთვლი, რომ ასეთია ჩემი სქესი?

– საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ მსოფლიოში წარმოიქმნა გარკვეული იდეოლოგიური ვაკუუმი. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ალბათ, იმ პერიოდის ყველაზე პოპულარული ნაწარმოები, ფიკუიამას „სამყაროს დასასრული“, რომელშიც ის წერდა, რომ იდეოლოგიური დაპირისპირება დამთავრდა, მაგრამ გავიდა წლები და ავტორმაც აღიარა, რომ მისი თეორია მცდარი იყო. ამ ვაკუუმით ისარგებლა გარკვეულმა, მემარცხენე-რადიკალურმა ჯგუფებმა და ადგილის დასამკვიდრებლად დაიწყეს თავიანთი ხედვების გეგმაზომიერად თავსმოხვევა და ამერიკასა და იმავე ევროპაში მემარჯვენე-ტრადიციული ღირებულებების ჯგუფები ჩანაცვლდა ამ მიმდინარეობის წარმომადგენლებით. თუნდაც, ამერიკაში, თავის დროზე, კლინტონის გამარჯვება და საქმიანობა სოციალ-დემოკრატიული მიმართულება იყო. შემდეგ ობამამ პირდაპირ სოციალისტური მიმართულებით გადადგა ნაბიჯები, უფრო რადიკალური მემარცხენე იყო. ბაიდენი, თავისი იდეოლოგიური ხედვებით, პირდაპირაა დაკავშირებული მემარცხენე იდეოლოგიასთან.

– ეჭვი მაქვს, ჩვენმა პოლიტიკოსებმაც კი ბუნდოვნად იციან, რა არის მემარჯვენე თუ მემარცხენე იდეოლოგია, მაინც განვმარტოთ, რა იგულისხმება მემარცხენე იდეოლოგიაში.

– მემარცხენე მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვა ისეთ აბსურდამდე მივიდა, რომ, თუ მე ჩემს თავს კარტოფილს ვუწოდებ, თქვენ, კეთილი ინებეთ და, მომეპყარით პატივისცემით, როგორც კარტოფილს, მაგრამ ჩემი შეჭმა არ შეიძლება.

– ანეკდოტია ასეთი: პაციენტი ამბობდა, რომ სიმინდია, უმკურნალეს ფსიქიატრიულში და გამოცდაც მოუწყვეს. დაადგინეს, რომ გამოჯანმრთელდა და უკვე იცის, რომ სიმინდი არ არის, მაგრამ, როდესაც გადიოდა, მიტრიალდა და ფსიქიატრებს ჰკითხა, მე კი ვიცი, მაგრამ ქათმებმა თუ იციან, სიმინდი რომ არ ვარო.

– დიახ და დღეს უკვე რეალობაა, ფსიქიატრები ერთმანეთს ეუბნებიან, ადრე რა კარგი დრო იყო, მოდიოდნენ სტალინები, ნაპოლეონები, ჰიტლერები, ახლა ვაშლები და კარტოფილები მოდიანო. დაიწია დონემ... ამდენად, იმ იდეოლოგიური ვაკუუმის დროს წინა პლანზე წამოიწია სხვადასხვა სეგმენტმა, რომლებიც ამა თუ იმ კონკრეტული სექტორის ინეტრესებს იცავენ. მაგალითად, დღეს ცხოველთა უფლებების დამცველები უფრო აქტიურობენ და გახსოვთ, რომ აქ აქციებზე ხალხი დაიღუპა და განცხადებაც არავის გაუკეთებია, მაგრამ, როდესაც თბილისში უპატრონო ძაღლებს უდიერად მოეპყრნენ, რამხელა ამბავი ატყდა, იმიტომ რომ დაინტერესებული ჯგუფები იყვნენ. იცით ბრიჯიდ ბარდოს საქმიანობა და ალენ დელონმაც ისურვა, რომ თავისი ძაღლების გვერდით დაეკრძალათ.

– უცნაურობები ადამიანს ყოველთვის ახასიათებდა, დომინირებს ეს სიგიჟეები და ამიტომაა საყურადღებო.

– ჩვენ ვუწოდებთ მათ უცნაურ ადამიანებს, მაგრამ, მაგალითად, დღეს საერთაშორისო ორგანიზაციები იცავენ „ჰამასის“ აქტივისტებს, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული. იცით, რა ამბავია ამტყდარი ღაზაზე და არავინ იღებს ხმას იმის შესახებ, თუ რა ხდება ავღანეთში.

– რაც იმ მომენტშია მოდური, იმას იცავენ.

– სწორედ ამას ვამბობ. მემარცხენე რადიკალური ჯგუფების დღის წესრიგი შეიცვალა. მაგალითად, იმავე ეკოლოგიის საკითხებში პატარა ბავშვი, გრეტა ტუნბერგი, აზრებს გამოთქვამდა და იმის ნაცვლად, ვინმეს ეთქვა, წადი, სკოლაში ისწავლეო, აქციებზე გამოჰყავდათ და ლამის გმირად აქციეს. ასე რომ, მსოფლიოში არის ეს ტენდენცია, ისევე, როგორც არის მისი საპირისპირო. ამან გამოიწვია, თუნდაც, ევროპაში მემარჯვენეების წარმატება, იტალიაში, საფრანგეთში. გერმანიაში ერთი კვირის წინ იმ პარტიებმა, რომლებიც იმ დღის წესრიგით გამოდიოდნენ, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, მარცხი განიცადა ან, თუნდაც, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებისასაც ვხედავთ ამ დაპირისპირებას. ეს დუღილია მსოფლიოში. ამ პროცესში ყველა ჯგუფი იღებს მონაწილეობას და ჩვენც უნდა მივიღოთ მონაწილეობა.

– გერმანიაში მოსახლეობამ არჩევნებში გამოხატა თავისი დამოკიდებულება, საფრანგეთშიც, იტალიაშიც, მაგრამ ახლა, ვინცაა ევროკავშირის სათავეში, ისინი ამბობენ: თქვენ სცილდებით ევროკავშირს, თუ ოჯახს ერქმევა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი და არასრულწლოვანს სქესს არავინ შეაცვლევინებს.

– არა...

– დაგმო ევროკავშირმა და ბომბებს ხომ არ დაგვაყრის?

– იმავე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარია თემაა აბორტის თემა. ჩვენ ეს პრობლემა სრულად უნდა განვიხილოთ. ვინმემ ისე არ გამიგოს, რომ მე ვამართლებ ასეთ მიდგომებს. საქმე ისაა, რომ პრობლემაა, ჩვენ თვითონ როგორ ვპოზიციონირებთ. ჩვენ არ გამოვდივართ მკაფიო იდეოლოგიური ხედვებით და პოლიტიკური არგუმენტებით არ ვასაბუთებთ.

– უნდა დავასაბუთოთ, რომ ორი სქესია?

– არა, საუბარია სახელმწიფოს მოქმედებაზე ამა თუ იმ ჯგუფის დაცვის საქმეში და როდესაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, არ უზრუნველყოფს ადამიანთა სიცოცხლის დაცვას, პრობლემები იწყება მაშინ. ამის ნათელი მაგალითია, როდესაც რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი აქციის დროს პოლიცია გავიდა ტერიტორიიდან და უდიდესი საფრთხის წინაშე დადგნენ იქ მყოფი ადამიანები. ასეთ მოქმედებებს რომ ხედავენ და იმ ზიზღს, რაც ჩანს, ეს ქმნის პრობლემას. ჩვენ რომ გამოვიდეთ და ნორმალურად ვთქვათ, მე არ ვიზიარებ ამას, ქართულ ღირებულებათა სისტემაში ეს არ ჯდება...

– უამრავი ფაქტორია, მათ შორის რეგიონის დამოკიდებულება. ჩემს პარტნიორს არ უნდა აინტერესებდეს, ჩემს რეგიონში რა იარლიყს მომაკრავენ მისი ამჟამინდელი იდეოლოგიის გამო? ჩვენთან სქესის ან კაქტუსობის გამო კი არ ჩაგრავს ვინმეს, არამედ, ზოგადად, სუსტს, იმიტომ რომ საზოგადოება აგრესიულია. ტესტესტერონია ბუნებრივად მაღალი.

– როდესაც თქვენ იქნებით ისეთი, რომ გამოგიყენებენ პოლიტიკურ საქმეებში, მაშინ შესაძლებელია შურაცხყოფის მოყენება. ეს თემა საქართველოში ხელოვნურადაა წამოწეული ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ. თითოეულმა იცის, კიდევ როგორ უნდა დაასხას ცეცხლზე ნავთი და ისეთ კარზე დააკაკუნოს, რის იქითაც იცის, რა მოხდება. როდესაც ამ თემების ანგაჟირება ხდება, ქართულ სინამდვილეში ეს ზიზღის ფორმით გამოიხატება. არადა საქართველოში ასეთი დამოკიდებულება არ არსებობდა. საბჭოთა კავშირშიც კი არ იყო ასეთი ანტაგონისტური დამოკიდებულება, არც საბჭოთა ციხეში.

– ვიცით, როგორი ჩაცმულ-დახურული დადის გია სურამელაშვილი, მაგრამ ამღერებენ, ქეიფობენ და არავინ ერჩის. ანუ ეს არც დღეესაა პრობლემა.

– მე შემიძლია, თავიდან ბოლომდე მხარი დაგიჭიროთ, მით უმეტეს, ჩემი რელიგიური მრწამსით, ეს ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ მე პასუხისმგებლობით ვსაუბრობ, რომ პრობლემა მოგვარდეს. თორემ, მაგალითად, ქალებისადმი დამოკიდებულება, იაპონიაში რომ არის, არ მგონია, სადმე ცივილიზებულ სამყაროში იყოს, მაგრამ რატომ ვერ უბედავენ ვერაფერს?! იმიტომ რომ იაპონია არ აძლევს საშუალებას, ჩაერიოს ვინმე მის საქმეებში. როდესაც ამ თემის გარდა ოპოზიციას აღარ დარჩა არაფერი, ესაა პრობლემა. წამოწიონ აფხაზეთის თემა?! როდესაც ამ თემით ჩადის ოპოზიცია ამა თუ იმ საერთაშორისო სტრუქტურასთან, მაშინ, როდესაც მეორე მხარე, ხელისუფლება ორბანთან გარბის, შედეგად ვიღებთ, რასაც ვიღებთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ, როდესაც რამდენიმე წლის წინ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანეს, გენდერული თემის შესახებ საკმაოდ მემარცხენე ხედვები იყო. ამდენად, ეს თემა წამოწეულია იმისთვის, რომ ხალხზე იმოქმედონ და არავინ ლაპარაკობს, აფხაზეთს როგორ დაიბრუნებ, სოციალური საკითხები როგორ მოგვარდება, პოლიტიკური სისტემა როგორი იქნება. იციან, ეს ემოციური საკითხია და ცეცხლზე ნავთის დასასხმელად შემოაქვთ, რომ პოლარიზება გაგრძელდეს, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია. ძალიან უპასუხისმგებლოა, როდესაც ხელოვნურად შემოაქვთ ემოციური თემა ერთი-ორი ზედმეტი მანდატის მოსაპოვებლად. რაც შეეხება ცივილიზებულ სამყაროსთან ჩვენს ურთიერთობას, შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ამასთან, როდესაც გექნება ნორმალური სასამართლო, თვითმმართველობა და სხვა, ვერ გაგიბედავენ ასეთ რამეს. ხოლო ახლა იმიტომ გეუბნებიან, რომ ეს საკითხები არ არის მოგვარებული, ადამიანი არ არის დაცული სასამართლოთი და, შესაბამისად, სეგმენტური მიმართულებით წავიდნენ. მეტიც, ჩვენთან, სამწუხაროდ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები არაჯანსაღად გადმოდის. ამ თემაზე ყველგან დაობენ. უბრალოდ, იმ ქვეყნებში ეს ერთ-ერთი თემაა მრავალ თემათა შორის. საქართველოში, სამწუხაროდ, ეს გახდა მთავარი თემა. არადა ეს ტალღური პროცესია, მეოცე საუკუნის დასაწყისში კაცობრიობამ გაიარა ეს ეტაპი და შემდეგ მიხვდა, რომ ასე არ ვარგა. მაგალითად, საბჭოთა კავშირში, პირველ ეტაპზე, ეს საკანონმდებლო დონეზე იყო ასახული. ხოლო, თუ კაცი კაცთან იცხოვრებს და ქალი – ქალთან, გადაშენდება კაცობრიობა და სანერვიულოც არაფერი იქნება. თუმცა ისიცაა, რომ ერთხელაც ჩვენი ამდენი ავხორცობა და უღირსობა ამოუვა უფალს ყელში და დამთავრდება ეს ყველაფერი...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა