პოლიტიკა

რატომ შემცირდა ქართველების წილი 18 პროცენტამდე სამხრეთ კავკასიაში, თითქმის გაგვითანაბრდნენ სომხები, ხოლო აზერბაიჯანელების რაოდენობამ გადააჭარბა 10 მილიონს

№27

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 14.07, 2021 წელი

ავთანდილ სულაბერიძე
დაკოპირებულია

როგორ შეიცვალა სამხრეთ კავკასიაში დემოგრაფიული ვითარება ბოლო 200 წლის განმავლობაში, ანუ 1800 წლიდან დღემდე და რა პოლიტიკურ მომავალს უქადის ამ რეგიონს შეცვლილი დემოგრაფიული მდგომარეობა. ამ თემას დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძესთან ერთად განვიხილავთ.

ავთანდილ სულაბერიძე: სამხრეთ კავკასიის მოსახლეობა 1800 წელს მილიონ 400 ათას ადამიანს შეადგენდა, ხოლო, დაახლოებით, 100 წლის წინათ, ანუ 1926 წელს კი 5 მილიონ 793 ათასს, ანუ 4-ჯერ გაიზარდა. ვგულისხმობთ დღევანდელი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებს. დღეისათვის სამხრეთ კავკასიაში მოსახლეობა 1800 წელთან შედარებით 12.5-ჯერ გაიზარდა, ხოლო ბოლო ასი წლის განმავლობაში 3.1-ჯერ. ახლა განვიხილოთ ეროვნული შემადგენლობა: 1800 წელს სამხრეთ კავკასიის მოსახლეობის 43 პროცენტი იყო ეთნიკური ქართველი, აზერბაიჯანელი – 42.6 პროცენტი, ხოლო სომეხი – 6.6. პროცენტი. დანარჩენ 8 პროცენტამდე მოსახლეობას შეადგენდნენ სხვა ეროვნებები. 1926 წელს ქართველთა რაოდენობა სამხრეთ კავკასიაში შემცირდა 31.2 პროცენტამდე, ანუ, 12 პროცენტით, აზერბაიჯანელები შემცირდნენ 30.3 პროცენტამდე, ხოლო სომხების რაოდენობა გაიზარდა 23 პროცენტამდე.

– ეს უკავშირდება რუსეთის იმპერიის მიერ სომხების ჩამოსახლებას კავკასიაში და მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებას?

– დიახ. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიებიდან ჩამოასახლეს სომხები და საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კიდევ დაემატა. გარდა ამისა, სხვა ეროვნებებიც შემოვიდნენ სამხრეთ კავკასიაში და ამ სხვა ეროვნებების წილმა 15 პროცენტს გადააჭარბა საქართველოში. ანუ აჭრელდა საქართველოს მოსახლეობა. 2020 წლის გაეროს მონაცემებით, სამხრეთ კავკასიაში ქართველები შეადგენენ საერთო რაოდენობის 18 პროცენტს, აზერბაიჯანელების რაოდენობა გაიზარდა 58.8 პროცენტამდე, ხოლო სომხების ოდენობა 20 პროცენტია.

– ანუ ჩვენ უფრო მეტად შევმცირდით, ვიდრე სომხეთის მოსახლეობა.

– რა თქმა უნდა, ასევე, ჩვენთან შემცირდა სხვა ეროვნებების წილიც – 5.2 პროცენტამდე. ეს გამოიწვია გასული საუკუნის 90-იან წლებში საკუთარ სამშობლოში დაბრუნების სურვილმა და აქ შექმნილმა რთულმა სოციალურმა ვითარებამ.

– ეს საბჭოთა კავშირის დაშლას უკავშირდება.

– დიახ. აზერბაიჯანელები, ებრაელები, რუსები დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოებს. დღეს კავკასიაში სხვა ეროვნებები, როგორც გითხარით, 5.2 პროცენტია, ამაში შედიან ოსებიც და აფხაზებიც. 1970 წლისთვის საქართველოში ქართველები იყვნენ 66.8 პროცენტი, სომხები სომხეთში იყვნენ 88 პროცენტი, ხოლო აზერბაიჯანელები აზერბაიჯანში – 63 პროცენტი. ოკუპაციისა და მიგრაციის შედეგად, საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველები შეადგენენ 84-86 პროცენტს. ამაში, ერთი მხრივ, გადამწყვეტი როლი შეასრულა მიგრაციამ, რამაც გაზარდა ჩვენი წილი და არა ბუნებრივმა მატებამ. დღეს საქართველოში ცხოვრობს 3 მილიონ 723 ათასი ადამიანი, აზერბაიჯანელი სამხრეთ კავკასიაში არის 10 მილიონ 139 ათასი, სომეხი – 3 მილიონ 717 ათასი. აქ ორი ვარიანტია: თუ ჩვენ ვიანგარიშებთ საქართველოს მოსახლეობას ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, სამხრეთ კავკასიაში, საერთო ჯამში არის, 17 მილიონ 845 ათასი ადამიანი, მათ გარეშე არის 17 მილიონ 573 ათასი. გაერო საერთო მონაცემს აქვეყნებს და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლების რაოდენობას უმატებს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას და ამით ადგენს, რომ საქართველოს მოსახლეობაა 3 მილიონ 989 ათასი. ანუ უმატებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს საქართველოს დემოგრაფიულ სტატისტიკურ მონაცემებს. ამდენად, საქართველოში მოსახლეობა აზერბაიჯანთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა, ხოლო სომხეთთან შედარებით 0.1 პროცენტით გაიზარდა.

– სომხები დაგვეწივნენ ლამის.

– დიახ. საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, ფაქტობრივი მოსახლეობა 3 მილიონ 723 ათასია. ამას ჩვენი სტატისტიკა ანგარიშობს, რასაც გაერო ამატებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებსაც. გავიმეორებ, რომ აზერბაიჯანში 10 მილიონ 139 ათასი ადამიანი ცხოვრობს, სომხეთში – 3 მილიონ 717 ათასი, ანუ სომხეთს ვუსწრებთ 6 000 კაცით. პროგნოზულად, წლის ბოლოს ჩვენთან მოსახლეობის 9 000-ით კლებაა ნავარაუდები. აზერბაიჯანში კი მოსახლეობა გაიზრდება 84 000-ით.

– სომხეთში მოსახლეობის მატება რამ გამოიწვია? კარგად მრავლდებიან თუ სომხები ბრუნდებიან სხვა ქვეყნებიდან?

– სომხეთის მოსახლეობა, პროგნოზით, 12 000-ით გაიზრდება. ჩვენთან კლებაა. 1955-1960 წლების 5-წლიან ინტერვალში სომხეთში ბუნებრივი მატება იყო 29 000, აზერბაიჯანში – 31 000, საქართველოში – 11 000. დღეს 2015-2020 წლების წლიანი პერიოდის საშუალო მაჩვენებლით: სომხეთში წელიწადში ბუნებრივი მატებაა 4.3 პროცენტი, ანუ 1 000 კაცი; აზერბაიჯანში – 10.3 პროცენტი, ანუ 10 300 კაცი საქართველოში – მხოლოდ 700! არსებობს შობადობის ზოგადი კოეფიციენტი, რომელიც ანგარიშობს დაბადებულთა რაოდენობას ყოველ 1 000 კაცზე. ამის მიხედვით: 1955-1960 წლებში სომხეთში ეს მაჩვენებელი იყო 40, ანუ 40 ბავშვი იბადებოდა ყოველ 1 000 კაცზე, დღეისათვის იბადება 14, ანუ შემცირდა სამჯერ და მეტად. აზერბაიჯანში 44.6 ბავშვი იბადებოდა ყოველ ათას კაცზე, დღეისთვის იბადება 17 ბავშვი ყოველ ათას კაცზე. ცნობისთვის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოში ყველაზე დაბალი შობადობა იყო სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით. გასული საუკუნის 1955-1960 წლებთან შედარებით, 2015-2020 წელს საქართველოში შობადობა ყოველ ათას კაცზე გაანგარიშებით შემცირდა 12 ბავშვით.

მაგრამ ყველაზე მთავარია შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი, ანუ რამდენ ბავშვს აჩენს თითო ქალი სიცოცხლის განმავლობაში: სომხეთში იყო თითქმის 5 ბავშვი თითო ქალზე, აზერბაიჯანში – 5.6 ბავშვი, საქართველოში – 2.9. მას შემდეგ დაიკლო სამივე ქვეყანაში და დღეისათვის სომხეთში ერთ ქალზე მოდის 1.7 ბავშვი, ეს არის დეპოპულაცია, აზერბაიჯანში, დაახლოებით – 1.9 ბავშვი, გეუბნებით 2015-2020 წლის საშუალო მაჩვენებელს, საქართველოში – 1.8 ბავშვი. პანდემიამაც თავისი როლი შეასრულა. მაგალითად, 2020 წელს პირველად დაფიქსირდა მიგრაციის დადებითი სალდო, მაშინ, როდესაც მანამდე საქართველოდან უფრო მეტი ადამიანი გადიოდა, ვიდრე შემოდიოდა. 2020 წელს კი შემოსულებსა და გასულებს შორის სხვაობა არის 15 752 შემოსულების სასარგებლოდ, რის შედეგადაც 2020 წელს მცირედით, მაგრამ მაინც – 3 303 კაცით – გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა და შეჩერდა მიგრაციის ხარჯზე მოსახლეობის კლების ტენდენცია. თუმცა იმავე პერიოდში ძალიან შემცირდა შობადობა და მივიღეთ დეპოპულაცია, ანუ 4 017 კაცით გადააჭარბა გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რაოდენობას. შობადობა რომ არ შემცირებულიყო საქართველოს მოსახლეობა, 2020 წლისთვის წინა წელთან შედარებით, გაიზრდებოდა 19 750 კაცით და 2021 წლის პირველი იანვრისთვის 20 000 კაცით მეტნი ვიქნებოდით. საქართველოში 2020 წელს შემოსულთა 90 პროცენტი არის საქართველოს მოქალაქე, რომლებიც პანდემიის გამო დაბრუნდნენ უკან. გასულთა რაოდენობაში კი 60 პროცენტამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ. მაგრამ რთული სავარაუდოა, როგორი იქნება ტენდენცია პოსტპანდემიურ პერიოდში. ამას სპეციფიკური შესწავლა სჭირდება. გავიმეორებ: 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ბუნებრივი მატება შემცირდა 4 000 ბავშვით და ამან გამოიწვია დეპოპულაცია.

– მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურაც მაინტერესებს.

– ასაკობრივი სტრუქტურა საქართველოში თანდათან გაუარესდა, იმიტომ რომ შემცირდა შობადობა და გაიზარდა მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა. შეინიშნება 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ზრდა, ამას ჰქვია ზემოდან დაბერება. მათი წილი თითქმის 16-17 პროცენტია მოსახლეობის საერთო რაოდენობაში. დაბერების შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს აზერბაიჯანს მაღალი შობადობის გამო – დიდია 15 წლამდე ასაკის ბავშვთა რაოდენობა. ასევე, სომხეთშიც, მართალია, შემცირდა შობადობა, მაგრამ, ჩვენთან შედარებით, ახალგაზრდა მოსახლეობა ჰყავთ. რაც შეეხება ქალთა და მამაკაცთა შეფარდებას, ჩვეულებისამებრ, ქალთა რაოდენობა ყოველთვის სჭარბობდა მამაკაცთა რაოდენობას. ერთადერთი ისაა, რომ, მართალია, ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ყოველთვის აღემატებოდა მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობას, მაგრამ საქართველოში ეს უკვე გახდა, დაახლოებით, 8-9 წელი. ეს საშინელი მაჩვენებელია. განსაკუთრებით მაღალია მამაკაცთა გარდაცვალების ოდენობა შრომისუნარიან ასაკში. ეს მოქმედებს სქესთა სტრუქტურაზე, სამუშაო ძალის განაწილებაზე, ქორწინებებზე, შობადობაზე.

მაგალითად, საქართველოში შობადობის დაბალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი გადავადებული ქორწინებაცაა – დღეს, საშუალოდ, პირველი ბავშვის დაბადებისთვის ქალის ასაკი 32 წელია, ასევე, გაიზარდა, შობადობის მაჩვენებელი 35 წლის ზემოთ ქალთა შორის. ეს გამოიწვია ქალთა განათლებამ, კვალიფიკაციის ამაღლებამ, კარიერისკენ სწრაფვამ. ამასობაში გახდა ქალი 40 წლის და გაახსენდა, რომ უნდა გათხოვდეს. თეთრ ცხენზე ამხედრებულ მამაკაცს ვეღარ ნახულობს, იმიტომ რომ ის უკვე დაკავებულია, აქვს ოჯახი და ამიტომ მიყვება ისეთს, რაც დარჩენილია, ანუ, ფაქტობრივად, ქმარს „ყიდულობს“. იმიტომ რომ ყველაფრით უზრუნველყოფილი ქალი თხოვდება ისეთ მამაკაცზე, რომელიც ფინანსურად შეჭირვებულია. საქართველოში ეს ტენდენცია შეინიშნება. იმიტომ რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი მამაკაცები ქორწინდებიან ადრეულ ასაკში, დაუოჯახებელი რჩებიან ისეთები, რომლებიც მიგრაციაში წავიდნენ თანხის დასაგროვებლად ოჯახის შექმნისთვის. ამიტომაც დღეს მამაკაცებში, საშუალოდ, 35 წელია ქორწინების საშუალო ასაკი. წარმოიდგინეთ – შობადობა გაიზარდა 40 წლის ასაკის ზემოთ ქალებში. ამის ერთი მიზეზია გვიანი ქორწინება და მეორე – გადავადებული. გადავადებული ქორწინებების გარდა, არის გადავადებული შობადობაც, ეს იწყება 2007 წლიდან, როდესაც ჩვენი წინადადება მოიწონა პატრიარქმა და მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლაზე განაცხადა და, თუ მანამდე მესამე და შემდგომი ბავშვების წილი 10 პროცენტი იყო ახალდაბადებულთა საერთო რაოდენობაში, პატრიარქის მიერ ნათლობის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა მესამე და შემდგომი ბავშვების წილი და დღეს ეს მაჩვენებელი 22 პროცენტია. თან, არა მარტო ეს წილი გაიზარდა, არამედ ახალდაბადებულთა აბსოლუტურ მონაცემშიც აისახა. ესაა, სწორედ, იმის მიზეზი, რომ არ გვაქვს სრული დეპოპულაცია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა