პოლიტიკა

რატომ შექმნეს ადამიანებმა კულტები და რით განსხვავდება ნამდვილი კულტები კულტურული კულტებისგან

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 30.11, 2022 წელი

გაგა ნიჟარაძე
დაკოპირებულია

ტრადიციული ღირებულებები არათუ დაიკარგა და აირია, არც კი ვიცით, რაა ტრადიციული და რა – არატრადიციული, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ინერცია გრძელდება. ასე, მაგალითად, დღემდე მოქმედია (სიტყვიერად მაინც) დედის კულტი, ქალის კულტი, ოჯახის კულტი, ბავშვის კულტი, მიცვალებულის კულტი, მოხუცის კულტი, სუფრის კულტი და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ყველა ზემოჩამოთვლილი პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ საინტერესოა, რას ემსახურება გაკულტება, ანუ ეს დადებითი მოვლენაა თუ უარყოფითი? – ამ თემას ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძესთან ერთად განვიხილავთ.

– კულტებს თავის დროზე თავისი დატვირთვა ჰქონდა კაცობრიობის განვითარებაში. საიდან გაჩნდა კულტები ადამიანის ცხოვრებაში?

– კულტი ნიშნავს თაყვანისცემას და, მათ შორის, უკავშირდება რელიგიასაც. მოხუცების კულტი და საჭმლის კულტი არ არის კულტი, ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობითაა ნახმარი.

– რა თქმა უნდა. აბა, წარმართები ხომ არ ვართ, კერპები, კულტები შეგვექმნა? რატომ დავარქვით კულტი?

– ვიღაცამ დაარქვა. მაგალითად, ფეხბურთელზე ამბობენ, ლეგენდააო. აი, გუნდში სამი ლეგენდა თამაშობს, მეორეში – ორი ლეგენდა. ფაქტია, სისულელეა, მაგრამ ასე ვამბობთ. ვფიქრობ, კულტი წამოვიდა, მაგალითად, როდესაც შემოვიდა ტერმინი საკულტო წიგნი, საკულტო ფილმი, რომლებსაც ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი, ფანატიკოსი, მომწონებელი. მაგალითად, ჩემი თაობის საკულტო ფილმი იყო „შესანიშნავი შვიდეული“.

– და მისაბაძ მაგალითად იქცევიან საკულტო ფილმის გმირები?

– რევოლვერიდან სროლას ვერ დაიწყებ. იგულისხმება, რომ უნდა გქონდეს ნანახი, იცოდე ყველა დიალოგი, ვინ თამაშობს, როგორ თამაშობს და ასე შემდეგ. უცხოეთში შექმნილია რაღაც კლუბები ამა თუ იმ ფილმისა თუ წიგნის, ამა თუ იმ მწერლის. ეს ნორმალურია.

– ნორმალური რატომაა? რატომ იგონებს ადამიანი მსგავს რამეებს?

– ადამიანს სჭირდება ჰობი, სამსახურის გარდა სხვაგანაც რომ გაიხედოს. მაგალითად, არიან ფილატელისტები, კოლექციონერები, ფეხბურთის მოყვარულები... ფეხბურთის მოყვარულებს აქვთ თავიანთი კლუბები, იცვამენ იმ გუნდის ფორმებს, რომლებსაც გულშემატკივრობენ, ლუდს სვამენ და ერთად უყურებენ მათ თამაშებს; თუ შეუძლიათ, დაჰყვებიან იმ თავიანთ გუნდებს სხვადასხვა ქვეყანაში. ესეც კულტად შეიძლება, ჩაითვალოს, ოღონდ გადატანითი მნიშვნელობით. რაც შეეხება კულტურაში არსებულ კულტებს: აგრეთვე, გადატანითი მნიშვნელობით ამბობენ, რომ იაპონიაში არის სისუფთავის კულტი, ისევე, როგორც სინგაპურში, სადაც გადაგდებული საღეჭი რეზინის გამო ლამის ციხეში გსვამენ და უზარმაზარ ჯარიმას გახდევინებენ. ამიტომ მსგავსი სუფთა ქვეყნები და ქალაქები ლამის არსადაა.

– ეს რაღაც იძულებითი კულტი გამოდის, ჯარიმებით გაკულტებული.

– თუ ბავშვობიდან მასწავლეს, რომ სისუფთავე კარგია, ეს უკვე იძულებითი არ არის. მეორე მხრივ, არის ისეთი ჩვევები, რომლებსაც ჯობია, ჯარიმებით ებრძოლო. შეიძლება, რომ კორიდას ეწოდოს კულტი?!

– ალბათ, ესპანეთის საკულტო სანახაობა უფრო.

– დიახ, ესპანური ხალხური სანახაობაა და ძალიან სასტიკი და არაჰუმანურია, მე რომ მკითხოთ, ასეთივე აზრია ესპანეთში, ამიტომაც აკრძალეს და მხოლოდ 2-3 ქალაქში დარჩა. მაგრამ კორიდა, როგორც სუფთა ესპანური საკულტო სანახაობა, დარჩა და არის და, ალბათ, იქნება კიდეც. იყო საკულტო გლადიატორების ბრძოლა რომში?! იქაც ამა თუ იმ გლადიატორს ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, როგორც დღეს ამა თუ იმ ფეხბურთელს ჰყავს. კულტურაში არსებობს რაღაც ღირებულებები, რომლებიც თვითონ ამ კულტიურას ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია. საქართველოში, სასკოლო ინტერპრეტაციით, „ვეფხისტყაოსანში“ ქალის კულტია, თუმცა ეს არ არის უნიკალური ქართული კულტურისთვის, ქალის ასეთივე კულტი იყო შუა საუკუნეების ყველა ევროპულ ქვეყანაში, ქალებს ლექსები, ბალადები ეძღვნებოდათ.

– შოთას გმირებიც ტირიან, არადა იმ პერიოდის ევროპაშიც რაინდების ტირილი, განსაკუთრებით, ქალის გამო, წახალისებულიც კი იყო, არათუ ბუნებრივი.

– ჩვენ ამას ვუყურებთ ჩვენი კულტურიდან, მაშინ კაცისთვის ტირილი არ იყო სირცხვილი, როგორც ახლაა, ამიტომ დაშვებული იყო და ზოგ შემთხვევაში – აუცილებელიც კი. ემოციის გამოხატვაც კი ექვემდებარება დროს, კულტურას და ბევრ სხვა რამეს და, რა თქმა უნდა, იცვლება.

დიახ, მოხუცების კულტიც არის: ჯერჯერობით ტრანსპორტში ახალგაზრდა ხანშიშესულს უთმობს ადგილს. მაგრამ ეს არ არის კულტი. მაგალითად, ნორვეგიაში ადგილი რომ დაუთმო ხანში შესულ ადამიანს, ეწყინება და ჩათვლის, რომ შეურაცხყოფას აყენებენ, ამით ხაზს უსვამენ, რომ ის ბებერი და არასრულფასოვანია. ამდენად, ეს ყველაფერი ძალიან ფარდობითია კულტურიდან კულტურაში.

– მე საჯაროდ ვამბობ, რომ არც ერთ ასაკში არ მეწყინება, რომ ადგილი უნდა დამითმონ. ესეც ერთგვარი კომპლექსია, ალბათ, როდესაც უკადრისობ, თუ გითმობენ.

– შეიძლება, კომპლექსიც იყოს... ის, რაც ხელმოსაკიდია, მისი გაკულტებაა ჩვეული, მაგალითად, ფრანგს უყვარს ფრანგული სამზარეულო და ამბობს, რომ ფრანგისნაირად ვერავინ ერკვევა ღვინოში. არის ეს სუფრისა და ჭამის კულტი?! შეიძლება, მაგრამ ამისთვის ტაძრებს არ აგებენ და მსხვერპლს არ სწირავენ. გადატანითი მნიშვნელობა აქვს და გამოხატავს იმას, რაც ფრანგს მიაჩნია საკუთარი კულტურის მნიშვნელოვან მიღწევად. არის ჩვენთან ვაზის კულტი? ვამბობთ, რომ არის, თუმცა არ არის. არის ბევრი წარმართული, მართლაც, კულტების გადმონაშთები. მაგალითად, ნეანდერტალელთა რაღაც სადგომზე იპოვეს დათვის საფლავი და დაასკვნეს, რომ ნეანდერტალელების ამ ჯგუფს ჰქონდა დათვის კულტი, დათვი მიაჩნდათ წმინდა ცხოველად და ეთაყვანებოდნენ მას. ეს უკვე კულტია. სადღაც არის ცეცხლის კულტი, სადღაც – ძროხის და ასე შემდეგ. ანუ, რასაც ჩვენ ჩვენს სინამდვილეში კულტებს ვუწოდებთ, ეს კულტი არ არის, უბრალოდ, ისაა, რომ დღევანდელ ეტაპზე ესა თუ ის ღირებულება გვეჩვენება ყველაზე მნიშვნელოვნად ქართულ კულტურაში: ეს იქნება უფროსების პატივისცემა, ქალის წინ გატარება თუ ქართული სუფრა.

– მხოლოდ ჰობის გამო შეიქმნა ადამიანმა ეს გადატანითი მნიშვნელობით კულტები თუ ამით საქმეს იჩენს, დროს კლავს?

– სხვადასხვა ფუნქცია შეიძლება, ჰქონდეს. შეიძლება, დროს კლავდეს, შეიძლება, ეს გახდეს იდენტობის ნაწილიც და საკმაოდ სერიოზული ნაწილიც. შეიძლება, ძალიან დიდი როლს ასრულებდეს ვიღაცის ცხოვრებაში, ვიღაცისთვის იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ცოლ-შვილზე მეტად არ უყვარდეს. მაგალითად, შეიძლება, იყოს ძაღლის კულტი? ალბათ, არ შეიძლება, მაგრამ არის ხალხი, რომლებსაც უყვართ ეს ძაღლები, ამრავლებენ, სახლში ჰყავთ, სანადიროდ დადიან მათთან ერთად, ასეირნებენ, გამოფენებზე დაჰყავთ. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ დადებითი ემოციების წყაროა – ესაა ძირითადი მოტივი, ზოგჯერ ფსიქოთერაპიული ეფექტიც აქვს. ვთქვათ, კატას მოვეფერები და ვწყნარდები. სხვათა შორის, არსებობს კატოთერაპიაც. კულტზე თუა ლაპარაკი, რელიგიის თემაც შემოდის.

– ჩვენ მხოლოდ დადებითზე ვილაპარაკეთ, მაგრამ იქნება მეორე მხარეც. რა შემთხვევაში შეუძლია გაკულტებას, შეასრულოს უარყოფითი როლი?

– ერთი მიმართულებით წასვლა ყოველთვის გაკარგვინებს სხვა ალტერნატივებს, თუნდაც, მხოლოდ ერთი გუნდის ფანატი რომ ხარ, სხვა გუნდებს ვერ იტან, უყურებ, როგორც კონკურენტებს. გულშემატკივრის პრინციპია, რომ ჩემი გუნდი კარგია, სხვები კი არიან ცუდები და მტრები, უხეშად რომ ვთქვათ. თუ მარკებს ვაგროვებ, ალბათ, ნუმიზმატი ვერ გავხდები. ანუ შესაძლებლობებს კარგავ ასეთ დროს და, რაც მთავარია, ზედმეტი არაფერი ვარგა. თუ რაღაცაზე გადაირიე, შეიძლება, მანიაკალურ გატაცებაში გადაგეზარდოს, შეიძლება, ქალის კულტი გადააქციო იმად, რომ უნდა მონუსხო ყველა ქალი. ყველას მონუსხვა ძნელია, მაგრამ უნდა შეეცადო.

– მიბრაზდებიან ხოლმე, ამას რომ ვამბობ და ვწერ, მაგრამ ჩვენთან დედის კულტი მარად ბავშვებად დარჩენის ერთგვარ შესაძლებლობად ხომ არ იქცა?

– ეს არის დედის კომპლექსი, ინფანტილიზმი და იცით, ალბათ, ცნობილი ანეკდოტი, რომ ქართველს ცოლიც ჰყავს და საყვარელიც და უყვარს დედა... თუმცა ამ ანეკდოტის ებრაული ვერსიაც გამიგია. ებრაელი დედაც საკულტო დედაა.

არის, მაგალითად, მეცნიერი, რომელიც მთელი ცხოვრება ერთ თემაზე მუშაობს, მაგრამ არაფერი გამოსდის. შეიძლება, ითქვას, რომ ტყუილად დაკარგა ცხოვრება?! არ ვიცი. მაგალითად, მთელი ცხოვრება შეიძლება, შეალიო შვილის აღზრდას და ის შვილი გამოვიდეს ბანდიტი სწორედ იმიტომ, რომ მშობელი მას არანაირ თავისუფლებას არ აძლევდა, ამდენად, ზედმეტი არაფერი ვარგა. უბრალოდ, ძალიან ძნელია იმ ზღვრის დაჭერა, საიდანაც იწყება ზედმეტი.

– გადატანითი მნიშვნელობით, კულტები ერთგვარი თავშესაფარი ხომ არ არის, ვინაიდან მე მეშინია საკუთარი თავის რეალიზების?

- რა თქმა უნდა, ეს დაცვითი მექანიზმია. სხვათა შორის, ახლახან ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩატარდა გამოკითხვა, რომელშიც დასმული იყო შეკითხვა, მიგაჩნიათ თუ არა, რომ თქვენი კულტურა უძველესი და სხვებზე უკეთესია და ქართველები გავედით მეორე ადგილზე, მხოლოდ ბერძნებმა გაგვასწრეს. და ეს, ჩემი აზრით, სირცხვილია.

– რატომაა სირცხვილი, განვმარტოთ.

– იმიტომ რომ თავის მოტყუებაა, არც ყველაზე უკეთესები ვართ და არც უძველესები.

– ზოგადად, ვიღაცაზე უკეთესი რომ გგონია თავი, უკვე პრობლემაა.

– ამას ეგოიზმი ჰქვია, ადამიანის დონეზე – ეგოცენტრიზმი, ეროვნულ დონეზე – ეთნოცენტრიზმი. ესეც არ არის კარგი, მაგრამ იმ გამოკითხვის შედეგი უარესია. იმის გამოცხადება, რომ ყველაზე ძველი და მაგარი ვარ, სარკეში ჩახედვის შიშს ჰგავს.

– ანუ, სომხებსაც ვაჯობეთ?

– დიახ. სომხები გავიდნენ მეოთხე-მეხუთე ადგილზე. თუმცა შეიძლება, უცხოელებმა ჩაატარეს და მათ წინაშე „იმარიაჟეს“, მე არ ვიცი, ვინ ჩაატარა და როგორ, ამდენად, ვერ ვიტყვი, რომ დაცული იყო ყველა წესი, მაგრამ მეორე ადგილი სახარბიელო არ არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი