რატომ შეხვდა ევროკავშირი მშვიდად გერმანიაში 16 პოლიტიკოსის ლამის ერთდროულად გარდაცვალებას
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 24.09

გერმანიაში საკმაოდ შოკისმომგვრელად უცნაური მოვლენა მოხდა: ერთი კვირის განმავლობაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა 16 გერმანელი პოლიტიკოსი და მათგან მხოლოდ ერთის შემთხვევაში ვლინდება სუიციდი. პოლიტიკოსების ნაწილი გერმანიის ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები არიან. მომხდარი და მასზე გერმანიის ხელისუფლების რეაქცია აჩენს კითხვას, თუ მომხდარა მსგავსი ფაქტი მას შემდეგ, რაც დემოკრატია მართვის ფორმად იქცა? – ამ თემაზე დიპლომატ კონსტანტინე ჟღენტს ვკითხეთ აზრი.
– რით შეიძლება, აიხსნას მომხდარი, პოლიტიკური ცხოვრება ახალ ფაზაში შევიდა, როდესაც პოლიტიკოსობა აპრიორი საფრთხის შემცველი საქმიანობაა?
– არათუ დემოკრატიულ ქვეყანაში, საერთოდაც ძნელად მახსენდება ისეთი შემთხვევა, რომ რომელიმე ქვეყანაში არჩევნების წინ ერთ-ერთი პარტიის ამდენ წარმომადგენელს უცებ დაეტოვებინოს სიცოცხლე. ბუნებრივია, არ ვგულისხმობ ისეთ სისხლიან რეჟიმებს, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ თავიანთ მოწინააღმდეგეებს და არა მხოლოდ არჩევნების დროს, არამედ ზოგადად. მაგრამ თქვენც ხაზი გაუსვით და გერმანია ჯერჯერობით დემოკრატიულ სახელმწიფოდ ითვლება, იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება. ამდენად, ცხადია, იქ ასეთი რამ გასაკვირია, მაგრამ ყველაზე უფრო გასაკვირი გერმანიის ხელისუფლებისა და სამართალდამცველების დამოკიდებულება იყო – ამ ფაქტების სრული მიუღებლობა, რაც ბადებს ეჭვს. მაშინვე რომ ეთქვათ, გამოვიძიებთ, დავადგენთ სიმართლეს, გავცემთ ყველა კითხვას პასუხს და ასე შემდეგ, როგორც ეს ხდება ხოლმე დემოკრატიულ ქვეყნებში, ეს სავსებით მისაღები იქნებოდა. რაც წავიკითხე, მათი რეაქცია იყო ხისტი: ჩვენ რა შუაში ვართ, თუ უცბად 16 ადამიანი გარდაიცვალაო. არადა, გერმანია, როგორც ყველა თანხმდება, არის სახელმწიფო, სადაც სამართლებრივი და კანონის მიხედვით ცხოვრება, უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი. გერმანიის ხელისუფლებას, უპირველესად, უნდა ეთქვა, რაღაც საეჭვოა, ჩვენი აზრით და მოდი, გამოვიძიოთ, რა მოხდა. მათმა ამ რადიკალურმა მიუღებლობამ უფრო დამაფიქრა. იმ 16-დან, მგონი, ნახევარია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი, მაგრამ ეს რაოდენობაც ძალიან დიდია. მით უმეტეს, რომ ეს ფაქტი მოხდა ერთ-ერთ ფედერალურ მიწაზე არჩევნების წინ, მით უმეტეს, ისეთ ფონზე, როდესაც ლაპარაკობდნენ ამ პარტიის აკრძალვაზე, მოტივით, ფაშისტების პარტიააო. ეს, რა თქმა უნდა, კითხვებს ბადებს. იმედი მაქვს, რომ გამოიძიებენ და დადებენ დასკვნებს, რის გამო მოხდა, რაც მოხდა.
– როდესაც ფიცოს დაესხნენ თავს და დაჭრეს, არც მაშინ ჰქონდა მძაფრი რეაქცია არც ევროკავშირის და არც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ხელისუფლების წარმომადგენლებს. რით ხსნით ასეთ სიდინჯეს ამ ტიპის დანაშაულისადმი?
– ვხსნი იმით, რომ ევროპაში ძალიან ცუდი მიმართულებით ვითარდება პროცესები. ფაქტებით თუ ვისჯელებთ, ევროპული დემოკრატია ვერ უძლებს ძალიან ბევრ გამოცდას. გამოდის და ამის შესახებ ხშირად საუბრობენ ექსპერტები და სპეციალისტები, რომ მათი პოზიციაა, რაც ჩვენთვის ხელსაყრელია, ის ყურადღებამისაქცევია, ხოლო, რაც არ არის ჩვენთვის ხელსაყრელი, საერთოდ არ მივაქცევთ ყურადღებას. დამეთანხმებით, ეს გვაგონებს ცოტა სხვა რეჟიმებს და არა დემოკრატიულ მმართველობას. მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ დემოკრატიული ქვეყანაა გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნები, მაგრამ ეჭვები იბადება, რომ, როდესაც მათ ინტერესებს ეხება, იქცევიან ისე, რომ სადღაც ქრება სამართლიანობასა და კანონზე დამყარებული წყობა და სისტემა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოჩნდა გლობალური და მსოფლიოში მომხდარი სწრაფი ცვლილებების შემდეგ და ეს ცვლილებები მარტო გლობალური არ არის, ცვლილებებია ცალკეულ ქვეყნებშიც და ის რეგიონებშიც ჰპოვებს თავის ასახვას. შესაბამისად, ჩნდება გრადაციები: აი, ეს ქვეყნები უფრო დემოკრატიულები ჩანან, სხვა ქვეყნების ჯგუფი კი, საერთოდ, არადემოკრატიულები არიან. ევრობიუროკრატებს რომ ჰკითხო, საერთოდ არ არიან დემოკრატიულები არც უნგრეთი, არც სლოვაკეთი, არც სერბეთი, ეჭვებს გამოთქვამენ ავსტრიასა და იტალიაზეც. მოკლედ, იმ ქვეყნებზე, რომლებიც 100 პროცენტით მათი მხარდამჭერები არ არიან და არ იზიარებენ მათ პოზიციებს, რაც არ ჯდება დემოკრატიისა და, რაც მთავარია, კანონიერების პრინციპებში.
– ვერ მოვიძიე ინფორმაცია, თვითონ გერმანიის მოსახლეობა როგორ შეხვდა ამ ფაქტს? დიდი მღელვარება, რატომღაც, არ გამოუწვევია.
– კარგად მოგეხსენებათ, ახლა ვის ხელშიცაა ძირითადი მედიასაშუალებები. მედიასაშუალებები კი დიდი ძალაა, ტყუილად ხომ არ უწოდებენ მეოთხე ხელისუფლებას?! ჰოდა, ვის ხელშიც არის, ისინი უკვეთავენ მუსიკას. ამდენად, რასაც ისინი უკვეთავენ, უმეტესობაც ისე იქცევა. შესაბამისად, რასაც უნდათ, იმას მიაქცევენ ყურადღებას; რაც უნდათ, წამოსწევენ წინ და ეს განსაკუთრებით მწვავდება კრიტიკულ სიტუაციებში. გამოკითხვით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი 19 პროცენტიდან 36 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო „ქრისტიანდემოკრატების“ 6 პროცენტით შემცირდა. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ეშინიათ, რომ, თუნდაც, ერთ ფედერალურ მიწას დაკარგავენ. მმართველი ძალისთვის კოშმარია, რომ, თუნდაც, ფედერალური მიწის პარლამენტში მოვლენ უკიდურესი მემარჯვენეები. მით უმეტეს, თუ ამას მერცის განცხადებებს დავამატებთ, რომლებიც ეხება არ მხოლოდ საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკას. მგონი, მას დაკარგული აქვს რეალობის გრძნობა. სულ სხვა რამეებს ლაპარაკობდა არჩევნებამდე და როგორც კი არჩევნები ჩატარდა და მთავრობა შეიქმნა, მოელაპარაკა თავის მოწინააღმდეგეებს და სრულიად საწინააღმდეგოს ამბობს. ჯერჯერობით მხოლოდ საუბრობენ, რომ აპირებენ, აკრძალონ „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რაც, ასევე, ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს დემოკრატიას. არადა, ჩვენ გვიკიჟინებენ და ამ დროს მათ ქვეყანაში რა ხდება, ვხედავთ. ასე რომ, ჩემი აზრით, ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაბმული. ფედერალურ მიწებზე არჩევნები, ფაქტობრივად, იგივეა, რაც ჩვენი ადგილობრივი არჩევნები, უბრალოდ, სხვადასხვა სისტემაა. ამდენად, გერმანიის შიდა და საგარეო პოლიტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ დასრულდება ეს მოვლენები.
– არ აშუქებენ და ხალხი შფოთავს, თუ გერმანიაში ხალხი არც შფოთავს?
– მე მგონია, რომ არ აშუქებენ საკმარისად. საერთოდ, ძალიან ძნელია, განსაზღვრო, რას ფიქრობს ხალხი, თუნდაც, ერთ ფედერალურ მიწაზე. ამდენად, უფრო ის მგონია, რომ, რაც ხელს აძლევთ, იმის შესახებ ლაპარაკობენ, რაც არა – იმის შესახებ არა.
– სამწუხაროდ, ჩვენთან სრულიად გაკოტრდა არასამთავრობო სექტორიც და დასავლური წარმომადგენლობის სამართლიანობა-დემოკრატიულობაც, რაც ცუდია, იმიტომ რომ კონტროლი სჭირდება ხელისუფლებასაც და, ზოგადად, პოლიტიკურ კლასს. ხოლო, როდესაც ვხედავთ, რა ხდება დემოკრატიის მეტრ ქვეყნებში, გამოდის, რომ სრულიად დაუცველი რჩება მოქალაქე, ვისი უფლებებიც რეალურად ილახება. არ რჩება სივრცე, რომ დაიცვას თავი.
– რატომ არის ასეთი მიუღებელი, განსაკუთრებით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“?! იმიტომ რომ ისინი ძალიან ეწინააღმდეგებიან გერმანიაში მიგრანტების მომრავლებას. იცით, რომ იქ დიდი ხანია, ცხოვრობენ თურქები, ძალიან ბევრნი და ეს დაიწყო მეორე მსოფლიო ომიდან. იქ ჩამოყალიბებულია თურქული დიასპორა. აქვთ თავიანთი მაღაზიები, ტელევიზიები, რადიოები. თუ გახსოვთ, მერკელმა პირდაპირ განაცხადა, სამწუხაროდ, ჩვენ მათი გერმანიაში ინტეგრაცია ვერ შევძელითო. ახლა ამას დაემატნენ, არაბები, ახლო აღმოსავლელები, აფრიკელები, ბოლო დროს – უკრაინელები. საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი და მათ შემდეგ, თანდათანობით, ეძლევათ უფლება, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ეს, რა თქმა უნდა, იმ ქვეყნების არჩევნების შედეგების სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის. ფაქტია, რომ ისინი ხმას არ მისცემენ მემარჯვენე პარტიას. ამდენად, ჩვენ რომელ ხალხზე ვლაპარაკობთ, მოსახლეობის რა ნაწილზე?! დღეს ვკითხულობდი ფრანგების გამოხმაურებას ჩვენების მოგებაზე კალათბურთში და ხაზი გაუსვეს, რაც აჩვენებს, რომ ცოტა სხვანაირად უყურებენ ამ პროცესებს, თეთრების ერთადერთი გუნდია, რომელმაც მოგვიგო ფრანგ ფერადკანიანებსო; ამის შემდეგ ლეპენის პარტია და მომხრეები, ალბათ, საქართველოს დაუჭერენ მხარსო. წარმოიდგინეთ, ასეთი რამ რომ დაიწერება საფრანგეთის ნაკრების წაგების შემდეგ! ასევე, გერმანიაში ვიყავი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის დროს და გერმანელები ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ ნაკრების ყველა ფეხბურთელი ქართველია, რატომ არ გყავთ არც ერთი ფერადკანიანიო. გულშემატკივრების დამოკიდებულებაც მაჩვენებელია, რომ სპორტშიც და სხვა სფეროებშიც ემიგრანტები შემდეგ ხდებიან მოქალაქეები. ვიცით, რომ მათი გამრავლების ტენდენცია გაცილებით მაღალია, ვიდრე, მაგალითად, გერმანელების გერმანიაში. ასევე, რამდენი ხანია, ლაპარაკობენ, რომ საფრანგეთი „გაშავდა“. იგივე ემუქრება ევროპის სხვა ქვეყნებსაც. რას ვუწევდით ჩვენ წინააღმდეგობას და ძალიან სწორადაც?! ევროკავშირი გვავალებდა და ეს არის ერთ-ერთი პირობა, რამდენსაც გეტყვით, იმდენი მიგრანტი უნდა მიიღოთო. ეს საკითხი კიდევ უფრო გამწვავდება.
– მოდელირებულ კითხვას დავსვამ: თეორიულად გამოდის, რომ ევროპის აბორიგენი მოსახლეობა ძალისმიერად თუ რეპრესიულად ან უნდა დაუპირისპირდეს მიგრანტებს, ან მიგრანტები, უბრალოდ, გახდებიან უმრავლესობა და თავის ხელში აიღებენ იმ ქვეყნების მართვას, მიიღებენ კანონებს და იმ კანონებს შესაძლოა, არანაირი კავშირი არ ჰქონდეს ევროპულობასთან.
– ნახეთ, რა ხდება ბრიტანეთში. არ მინდა, გავიმეორო იმ ქალბატონის სახელი, ქართულად უხერხულად წარმოითქმის, თუმცა ჩვეულებრივ მუსლიმური სახელია, რომელიც დანიშნეს შინაგან საქმეთა მინისტრად. გადახედეთ ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერებს, ბოლო სამი ფერადკანიანი იყო. ეს უკვე ტენდენციაა და არ არის ერთეული შემთხვევა. მართალია, ბრიტანეთი არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ევროპის ნაწილია. ამაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა იფიქროს, მაგრამ, თუ მიგრანტებმა, როგორც თქვენ ამბობთ, გადააჭარბეს აბორიგენ მოსახლეობას, შედეგიც შესაბამისი იქნება და ამ შედეგს უკვე ვხედავთ ბრიტანეთში.
– რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო თვითონ მოუვლის თავს, ბრიტანეთიც და ევროკავშირის ქვეყნებიც, მაგრამ მე ამ შეკითხვას იმიტომ ვსვამ, რომ, ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლით, ჩვენი განვითარების ვექტორი დასავლურია, არადა აღმოსავლეთი და სამხრეთია უკვე ლამის ყველა მიმართულებით.
– სამწუხაროდ, ასე გამოდის. ვიმეორებ, თან ეს ტენდენცია მუდმივად იზრდება.
– და ვინღა დარჩება ჩვენს ცივილიზაციურ მოკავშირედ?
– ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხია გასაცემი, მაგრამ ჩვენ იმდენად მცირე ზომის ქვეყანა ვართ და, ამასთან, ისეთ ადგილას ვიმყოფებით, უკვე მერამდენედ უნდა გავიმეორო, რომ ვერ გამოვეყოფით გლობალურ პროცესებს, რომლებიც ვითარდება მსოფლიოში და ასახვას ჰპოვებს ცალკეულ რეგიონებზე, განსაკუთრებით, ისეთ რეგიონზე, როგორიც ჩვენი რეგიონია, რომელიც რელიგიების, კულტურების, ერებისა და ცივილიზაციების საზღვარზე მდებარეობს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან