პოლიტიკა

რატომ შეიძლება, მორიგდნენ მსხვილი სახელმწიფოები სამხრეთ კავკასიაში მუდმივ არეულობაზე რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებამდე

№38

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 27.09

ვაჟა ბერიძე
დაკოპირებულია

სომხეთის პრემიერი მოულოდნელად კიევსაც ესტუმრა და უკრაინას ჰუმანიტარული ტვირთიც გაუგზავნა, ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნებიც დაიწყო და ისიც განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთის უსაფრთხოების გარანტორი ვეღარ არის. ერთი შეხედვით, რეაქცია თითქოს ბუნებრივია, რაკი რუსეთი განზე გადგა ყარაბაღის ბოლო ომში და აზერბაიჯანს მისცა თავისი ტერიტორიების დაბრუნების უფლება (მანამდე დაკარგული ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილში რჩებიან თვითგამოცხადებული არცახის, ეგრეთ წოდებული, ხელისუფლება და რუსი სამშვიდობოები), თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სამხრეთ კავკასიაში იკვეთება არა მხოლოდ რუსეთისა და დასავლეთის, თურქეთის, ირანის, ჩინეთის ინტერესები და ჩვენს რეგიონზე შუა აზიაცაა მობმული, ვფიქრობ, ფაშინიანის მანევრი არც თუ სასიკეთო მომავალს უქადის სამხრეთ კავკასიას. იმის ეჭვიც ჩნდება, რომ, თუ საქართველოდან მართლაც აპირებდნენ მეორე ფრონტის გახსნას, შესაძლოა, ეს ახლა სომხეთის მეშვეობით გაკეთდეს. სომხეთის მოულოდნელ სვლებსა და ჩვენი რეგიონის მომავალზე პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებებს.

– შესაძლოა, სომხეთი მართლაც ეძებს მოკავშირეს, რომელიც გაუმაგრებს ზურგს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებისას. თქვენ რას უკავშირებთ ფაშინიანის ასეთ დემონსტრაციულ სვლას და როგორ შეიძლება, ამან იმოქმედოს სამხრეთ კავკასიაში არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაზე?

– სამხრეთ კავკასია ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რეგიონია. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც არსებული მსოფლიო წესრიგი მოირღვა, რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური წონასწორობა დაირღვა. ამ წონასწორობას განაპირობებდა ის ფაქტორი, რომ აზერბაიჯანის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორი გახლდათ თურქეთი, სომხეთის იყო რუსეთი, საქართველოსი – შეერთებული შტატები და ევროკავშირი. ყველა ეს მხარე, რომლებიც თავიანთ ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილ სტრატეგიას მისდევს, ასეთ სიტუაციას რეგიონში ეგუებოდა და მიიჩნევდა იმ მოცემულობად, რომლის შეცვლაც ამ ეტაპზე არ ღირდა და უნდა შეგუებოდნენ. განსაკუთრებით რელიეფურად ჩანს ეს დამოკიდებულება აზერბაიჯანის მაგალითზე. ამ ქვეყანამ პირველმა უთხრა ევროკავშირს, რომ არ მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, თუ მას მოუწევს თავისი ეროვნული ინტერესებისთვის მიუღებელი პოლიტიკის გატარება. ეს ალიევს შერჩა, ვინაიდან მის ამ განაცხადს რამე სახის „სანქციები“ არ მოჰყოლია.

– ზუსტად მახსოვს, ბევრი წლის წინ ალიევმა პირდაპირ განაცხადა, ჩვენ დემოკრატიის ჩვენებური გაგება გვაქვს, თქვენ – თქვენებური და ისინი არ ემთხვევაო.

– დიახ, ესეც იყო. დასავლეთს თავისი მკაფიო აზრის გამოხატვა არ გაუჭირდებოდა, მაგრამ ბევრი რამ გაითვალისწინეს: აზერბაიჯანის განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, აზერბაიჯანული გაზისა და ნავთობის მნიშვნელობა, მათ შორის, ევროპისთვის; ცენტრალური აზიიდან მომავალი ენერგორესურსების მაგისტრალების სავარაუდო პერსპექტივა, თუ რუსეთთან საბოლოოდ ჩაიკეტება ის მარშრუტები, რომლებსაც ყაზახეთი თუ თურქმენეთი სარგებლობენ. პრაგმატულ პოლიტიკოს ალიევს ვერაფერი უთხრეს. აზერბაიჯანი დაშორდა ევროპას და ეს სამეული, საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი, რომლებიც ერთად განიხილებოდნენ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, სუამის კონტექსტში და ასე შემდეგ, თანდათან დაიშალა და ამ წონასწორობას ყველა მოთამაშე ეგუებოდა. რა თქმა უნდა, დროებით, რადგან სავარაუდო სცენარი ასეთი იყო: ეს რეგიონი ან რუსეთს უნდა დაეტოვებინა საბოლოოდ, ან დასავლეთს უნდა აეღო ხელი მასზე, რაც ამ არეალში თურქეთის დომინირებას გამოიწვევდა. ეს მდგომარეობა კარგა ხანს შენარჩუნდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ შეესაბამებოდა სომხეთის, სომეხი ხალხის, სომხეთის პოლიტიკური ლიდერებისა და სომხური ლობის თვალსაზრისს, რომლებსაც, თუ დიდი არმენიის აღდგენის იდეაზე ხელის აღება მოუწევთ, ის, რაც დღეს აქვთ, მაინც უნდა შეენარჩუნებინათ. ვგულისხმობ ყარაბაღის პრობლემის ისე გადაწყვეტას, როგორც სომხეთს აძლევს ხელს.

– მარტივად ვიტყვი: სომხეთისთვის ხელსაყრელი იყო, რომ აზერბაიჯანისთვის წაერთმია გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში არსებული ტერიტორია?

– ეს გაეროს მიერ აღიარებული ტერიტორია, სომეხი ხალხის თვალთახედვით, არის ისტორიული სომხეთის, სხვადასხვა ვარიაციის დიდი არმენიის ნაწილი, უპირატესად დასახლებული ეთნიკური სომხებით და მათ ასეთი მიდგომა უსამართლოდ და სომეხი ხალხისთვის მიუღებლად მიაჩნიათ. სამწუხაროდ, ჩვენ არსებული ფაქტების კონსტატაცია გვიწევს ისე, რომ სიღრმეში ვერ შევდივართ, რადგან სიღრმეში შესვლას უნდა დიდი დრო და სხვა მსჯელობა. ასევე იქცევიან დიპლომატიურ წრეებშიც, საერთაშორისო არენაზე და გაეროშიც. ისტორია ისეთი ლაბირინთია, საიდანაც, რომ შეხვალ, გამოსვლა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე მისვლა ახალი ისტორიის განმავლობაში ვერავინ ვერასდროს მოახერხა და დიდ კატაკლიზმებამდეც მივედით. მაგრამ უახლოეს წარსულში ჩახედვა და კიდევ უფრო შორს გახედვა აუცილებელია, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერასდროს ავხსნით, რომ, მაგალითად, ჩვენმა მოძმე ერმა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, ფაქტობრივად, კონფლიქტი არ ჰქონია ქართველებთან, ქართულ სამეფო-სამთავროებთან, 1918 წელს მცირეხნიანი, მაგრამ რეალური ომი დაიწყეს. ამდენად, საერთაშორისო ვითარებასა და პერსპექტივაზე საუბრისას წარსულის იგნორირება არ გამოდის.

– ათი საუკუნე სახელმწიფო არ ჰქონიათ და როგორ იომებდნენ? როგორც კი გაუჩნდათ, პირველად ჩვენთან დაიწყეს ომი, მეორედ – როდესაც აღიდგინეს სახელმწიფოებრიობა, საბჭოეთის დაშლის შემდეგ – აზერბაიჯანთან.

– ეს ცხადია, მაგრამ არც მაშინ ყოფილა მაინცდამაინც მასშტაბური ომები, როდესაც არსებობდნენ დიდი არმენია და იბერია. კრიზისები სომხურ სახელმწიფოს მაშინაც ჰქონდა და ერთ პერიოდში ქართველი უფლისწულებიც კი ისხდნენ დიდი არმენიის ტახტზე. ამიტომ იქითაც უნდა მივიხედოთ. ამ შესავლით იმის თქმა მინდა, რომ, გამომდინარე იქიდან, რაც თქვენ ბრძანეთ, სახელმწიფო რომ არ ჰქონდა სომეხ ხალხს და ერევნის სახანოში უფრო მეტი მუსლიმი რომ ცხოვრობდა, მათ შორის, გამუსლიმებული სომეხი, სომეხმა ხალხმა მოძებნა გადარჩენის გზა – რუსებთან სტრატეგიული მეგობრობა, რასაც მოჰყვა რეგიონში სომხური სახელმწიფოს აღდგენა. რითიც, საბოლოოდ, ერთი შეხედვით, შედეგიც მოინახა. სომხური სახელმწიფო დიდხნიანი პაუზის შემდეგ აღდგა და სომეხი ერის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, რამაც სომხეთი საბჭოთა პერიოდიდან დამოუკიდებლობამდე მიიყვანა და შემდეგ უკვე, სომეხი პატრიოტების აზრით, სტრატეგიულ გეზად დაისახა დიდი არმენიის აღორძინება. მართალია, ეს ყველაფერი სომხეთის ოფიციალური ხელისუფლების სტრატეგია არასდროს ყოფილა, მაგრამ ასეთი განწყობა სომხეთში, დიდი ცივილიზაციის შემქმნელი ერის ინტელექტუალურ ნაწილსა და ხალხში, სერიოზულად არსებობდა და დღესაც არსებობს. ამას მოჰყვა ყარაბაღის ხანგრძლივი, სისხლიანი კონფლიქტი. ეს იყო ისტორიული ცნობიერების გეზის რეალიზების გზა, მაგრამ ეს გზა აღმოჩნდა ძალიან რთული, მით უმეტეს, ისეთ რეგიონში, რომელიც ისედაც ფეთქებადსაშიშია. და ამ დროს ძალიან ორიგინალური ფიგურა – ნიკოლ ფაშინიანი – გამოჩნდა არენაზე. მას ცალსახად არ უთქვამს თავისი მიზნების შესახებ, მაგრამ იგულისხმებოდა, რომ მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობამ ვერ მოუტანა სომეხ ხალხს რეალური შედეგი. ამდენად, ჩანდა, რომ დღევანდელი სომეხი ერის თვალსაწიერში ყალიბდებოდა ახალი პოლიტიკური მიმართულება და მიმაჩნია, რომ ისრაელ ორის შემდეგ ასეთი მასშტაბის მოღვაწე ჩვენს მოძმე სომეხ ერს არ ჰყოლია.

– და რა შანსი აქვთ სომხეთსა და ფაშინიანს – აშშ ყარაბაღს დაუბრუნებს?

– ჩვენ ვნახეთ, რომ კონფლიქტის ბოლო ეტაპზე რუსეთი არ ან ვერ დაეხმარა, უფრორე კი პუტინმა დასაჯა ფაშინიანი დასავლეთისკენ ყურებისთვის და კონფლიქტის ბოლო ნაწილში წარმატებას მიაღწია ალიევმა, რომელსაც ჰქონდა მხარდაჭერა თუ არა გაგება თავისი ინტერესების, თურქეთისგან და რუსეთისგან. ეს უკვე სერიოზული ცვლილებაა რეგიონში, რასაც არანაკლები ცვლილებები მოჰყვება მომავალში და ჩვენ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ რეგიონში კატაკლიზმები არ გაჩაღდეს, რის წინაპირობებსაც ვხედავ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რეგიონში სტაბილური მშვიდობის შენარჩუნება. რასაც საფრთხე ემუქრება. დღევანდელ, სამტროდ ატეხილ მსოფლიოში, იოლია ისეთი კონფლიქტების გაჩაღება, რომლებიც შემდეგ ძალიან დიდხანს გრძელდება და რადგან მთავარი მოთამაშეები ვერ ახერხებენ სათავისოდ სიტუაციის დალაგებას: გავიხსენოთ ავღანეთი, ერაყი თუ ლიბია, ისინი თანხმდებიან ხანგრძლივი, სისხლისმღვრელი კონფლიქტების გაჩაღებაზე, რომლებიც არც ერთ ძლიერ მოთამაშეს არ აძლევს საშუალებას, სათავისოდ დაალაგოს სიტუაცია. აქედან გამომდინარე, ცხადია, აქ სიტუაცია რომ დალაგდეს ისე, როგორც რუსეთს უნდა ან შეერთებულ შტატებს, თურქეთსა და ირანს...

– ჩინეთიც საქმეშია ჩვენს რეგიონში.

– დიახ, ჩინეთის როლიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელსაც ინტერესი აქვს რეგიონში და ასევე, ევროკავშირი. ამ ექვსიდან ხუთისთვის შეიძლება, მიუღებელი იყოს პრობლემის გადაჭრის ნებისმიერი გზა. ამიტომ, როდესაც ძნელია ამ მთავარ მოთამაშეებს შორის კონსენსუსის მიღწევა, რაც აუცილებელია რეგიონის მდგრადი და მშვიდობიანი განვითარებისთვის, ვშიშობ, არ მოიძებნოს მარტივი გამოსავალი: მუდმივი და ხანგრძლივი კონფლიქტის ან კონფლიქტების სახით. თუნდაც, იმ აზრით, რომ, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი არ დამთავრდება და არ გაირკვევა გამარჯვებული, რაც აუცილებლად იქონიებს გავლენას ამ რეგიონის პოლიტიკურ სუბიექტებზე, მანამდე აქ იყოს ეს კონფლიქტი, რომელშიც მთავარი მოთამაშეები არ ჩავერიოთ, მათ კი არკვიონ ურთიერთობა ომებითო. ეს ჩვენთვის მიუღებელია. მართალია, ხალხი ამ ქვეყნებში გადამწყვეტ სიტყვას ვერ ამბობს და მათი მთავრობები განსაზღვრავენ პოლიტიკას, მაგრამ, მოგეხსენებათ, რიმ ჩვენ გარშემო სპეციფიკური რეალობაა. ჩვენს ხალხსა და მედიას ზოგჯერ ხელს არ აძლევს დემოკრატიის არსებული გაგება.

– დემოკრატიის გაგება, მგონი, დასავლეთშიც იკარგება.

– ყალიბდება თურქეული დემოკრატია, ირანული დემოკრატია, აზერბაიჯანული დემოკრატია, რუსული დემოკრატია და ჩვენი დემოკრატიაც საკმაოდ სპეციფიკურია. აქედან გამომდინარე, მექოთნეებისთვის ძალიან ადვილია, საიდანაც უნდათ, იქიდან მიაბან ყური ქოთანს. ფაშინიანი, მე რომ მკითხოთ, ყოველგვარი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს. ის ამბობს, რომ ერთ სტრატეგიულ პარტნიორზე ქვეყნის ინტერესების დაცვის პოლიტიკა სომხეთის მაგალითზე არ ამართლებს. თუმცა ეს თითქოს შეუმჩნეველი რჩება რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, მაგრამ, ვეჭვობ, მის დამთავრებამდე სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია არ აირიოს, რაც იმ სტრატეგიულ წონასწორობას, რაც იყო, დაარღვევს და შეიძლება, არსებითად უარესისკენ წაიყვანოს მოვლენები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №50

11–18 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი