პოლიტიკა

რატომ შეიძლება, გადაიზარდოს ირანში მიმდინარე პროცესები რელიგიურ ომში

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00

კოტე ფორჩხიძე
დაკოპირებულია

თეთრი სახლიდან თითქოს გამოჟონა ინფორმაციამ (თითქოს, ვინაიდან მსგავსი ქმედებები არ არის გამორიცხული, მიზანმიმართულიც იყოს), რომ აშშ არ აპირებს ირანზე თავდასხმას (შესაძლოა, ირანის ხელისუფლების ყურადღების მოდუნების იმედით), თუმცა საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, ისევე, როგორც დაკავებები და დაკავებულების სიკვდილით საჯაროდ დასჯაც დაანონსდა. რამდენ ხანს შეძლებს ირანის ხელისუფლება, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ირანი იმ სახით, რა სახითაც დღეს არსებობს? – ამ თემაზე უსაფრთხოების ექსპერტი კოტე ფორჩხიძე გვესაუბრება.

– ახლახან მოვუსმინე ჟირონოვსკის 2012 წლის ჩანაწერს, რომელშიც ის ზუსტად აღწერს იმ მოვლენებს, რომლებიც დღეს ირანში ვითარდება. შეძლებს ირანი, შეინარჩუნოს ქვეყნის მთლიანობა?

– თუ გარედან არ მოხდა ინტერვენცია, ირანის მთავრობას აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა აქვს, ჩააქროს ეს პროცესი. ეს მოხდება, ალბათ, მკაცრი ზომების გატარებით და მე ვფიქრობ, რომ მოვლენები უფრო ასე შეიძლება, განვითარდეს. არ მგონია, ტრამპი ფართომასშტაბიან ინტერვენციას დათანხმდეს ირანში და სამხედრო მოქმედებები დაიწყოს.

– მხოლოდ საავიაციო დარტყმები ირანის ხელისუფლების დამხობას არ ეყოფა?

– არა, ამას სჭირდება ინტერვენცია, იმიტომ რომ ირანის შეიარაღებული ძალები საკმაოდ მრავალიცხოვანია და მისი შეიარაღებული ძალების მთავარი იდეოლოგიური ღერძია ისლამი, ისლამური ფუნდამენტალიზმი. ასევე, ირანს საკმაოდ სერიოზული სპეცსამსახურები ჰყავს საიმისოდ, რომ თავი დააღწიოს შექმნილ კრიზისს, რომელიც გარედანაა ინსპირირებული.

– დღეს რთულია, დაეყრდნო რომელიმე საინფორმაციო წყაროს, მაგრამ ირანის მოსახლეობა, გარედან ჩარევასაც რომ თავი დავანებოთ, კმაყოფილია თავისი ცხოვრების პირობებით?

– ამას განსაზღვრავს ძალიან ბევრი მარკერი. ცხოვრების დონე, ძირითადად, განისაზღვრება იმით, თუ, მაგალითად, როგორ ვითარდება იგივე განათლების სისტემა, როგორია მეცნიერების დონე, სამედიცინო სექტორი, სოციალური დაცვა და ასე შემდეგ. იქ არის გარკვეული ყოფითი პრობლემები, რომელთა შექმნაშიც, ბუნებრივია, ხელისუფლებას მიუძღვის ბრალი და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველა ქვეყანაშია ანალოგიური პრობლემები. დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისთვისაც არ არის უცხო სოციალური პრობლემები და ეკონომიკური კრიზისი. ამდენად, ირანის თემა არ არის მარტივი და არც მარტივად გადასაწყვეტი. აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს ყველა კომპონენტი, რომლებიც განაპირობებენ ირანის სახელმწიფოს არსებობას და იქ ძირითადი წარმმართველი ძალაა ის მუსლიმური მიმდინარეობა, რასაც შიიზმი ჰქვია და ისლამური ფუნდამენტალიზმი, რომელიც საკმაოდ მძლავრადა ირანის, განსაკუთრებით, სამხრეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში. დასავლეთის საინფორმაციო წყაროები ისე წარმოაჩენენ, რომ ამბოხება თითქოს მთელი ირანის ტერიტორიაზეა, მაგრამ ბუნტის ძირითადი ცენტრები ლოკალურია. ბუნებრივია, გამოსვლებია თეირანშიც და ეს ასეც იქნებოდა, იმიტომ რომ ეს წლების განმავლობაში მზადდებოდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ იმისთვის, რომ ირანში სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინათ. ეს დასავლეთის ინტერესებში შედიოდა. ბრიტანეთის ყოფილ იმპერიას დღემდე ვერ მოუნელებია ისლამური რევოლუცია.

– თითქოს, მაშინ შაჰს მაინცდამაინც არც მიეხმარნენ ძალაუფლების შენარჩუნებაში?

– ამბობენ, რომ ეს დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. ადრეც გვისაუბრია ამის შესახებ და მაშინაც ვთქვი, რომ ამაში დიდი როლი მიუძღვის ისრაელის, ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო საქმიანობას ამ რეგიონში, თურქეთის საქმიანობასაც. იმიტომ რომ თურქეთიც ძალიან სერიოზულ სადაზვერვო ღონისძიებებს ახორციელებდა ირანის ტერიტორიაზე. მოგეხსენებათ, ისინი ერთმანეთის ისტორიული მტრები არიან. თურქეთისთვის ნომერ პირველი ქურთისტანის პრობლემა იყო და იცით, რომ ეს ყველაფერი დაიწყო იმ რეგიონებში, სადაც ქურთები არიან კომპაქტურად განსახლებული. ჩვენს პრესაშიც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს, ახლანდელ ამბებში ფერეიდნელი ქართველებიც იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მინდა, დარწმუნებით გითხრათ, რომ ქართველებს არანაირი შეხება არ აქვთ იმ პროცესებთან, რაც დღეს ირანში მიმდინარეობს.

– შესაძლებელია, იმავეს გაკეთება, რაც გაკეთდა ერაყში, ლიბიაში? ირანს, როგორც სახელმწიფოს, ძალიან დიდი ხნის იმპერიული გამოცდილება აქვს.

– ირანი გახლავთ მსოფლიო ცივილიზაციის აკვანი. სპარსული იმპერია, სპარსული ცივილიზაცია საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და, ფაქტობრივად, განსაზღვრავდა მუსლიმური რწმენის გავრცელებას. ვიმეორებ, რომ არა გარედან ასეთი მუდმივი წნეხი და ის პრობლემები, რომლებიც განპირობებული იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის იზოლაციაში მოქცევით, მსგავსი პროცესები ვერ განვითარდებოდა. წლების განმავლობაში ირანს ან ვერ გააქვს, ან თუ გააქვს, ძალიან მცირე რაოდენობით თავისი სტრატეგიული რესურსი ექსპორტზე, რაც აისახება მის შემოსავლებსა და ეკონომიკაზე. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ შევადარებთ საწვავზე ფასებს, ირანში, ფაქტობრივად, კაპიკები ღირს ბენზინი.

– ცხადია, ეღირება.

– დიახ, ზოგ შემთხვევაში სიმბოლური ფასი ადევს და, ფაქტობრივად, უფასოა ირანელი მომხმარებლისთვის. იცით, საწვავი როგორ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე და, ბუნებრივია, ფასების ფორმირებაზეც. ამიტომ გარედან დანახული ანგაჟირებული სურათი, რომ თითქოს ირანი ჩამორჩენილი ქვეყანაა, რომ იქ ეკონომიკა არ ვითარდება, არ არსებობს მეცნიერება, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ზაფრავს თავის მოსახლეობას, აბსოლუტური ტყუილია. ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, შექმნას თანამედროვე ტიპის სამხედრო შეიარაღება, გახსოვთ, რომ კონფლიქტის პირველ ფაზაში და დღესაც ირანი აწვდიდა და აწვდის რუსეთს თავის ტექნოლოგიებს, სამხედრო ტექნიკასაც, ანუ ფლობს მაღალი დონის ტექნოლოგიებს, ვერ იქნება ჩამორჩენილი. ამასთან, ირანი აკონტროლებს ძალიან ბევრ სატრანსპორტო გზას და ეს მას აძლევს დიდ შემოსავალს. ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიმდინარე პროცესები ხელოვნურადაა ინსპირირებული იმისთვის, რომ ირანში განხორციელდეს დასავლეთის ინტერესები, უპირველესად, შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის, რომ მათ ნავთობკომპანიებს ჰქონდეს წვდომა ირანის ენერგორესურსებზე და არ არის გამოწვეული ირანელი ხალხის ბედზე ზრუნვით. მინდა, დანამდვილებით გითხრათ, რომ, რაც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, არის ჩვეულებრივი ბრძოლა გადანაწილებისთვის. ამიტომ ამას შეგვიძლია, ვუწოდოთ ენერგეტიკული ომი და, ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა წერტილში მიდის ამ გადანაწილებისთვის ბრძოლა, თუ ვინ ჩაიგდებს ხელში ენერგორესურსებსა და სასარგებლო წიაღისეულს. სწორედ ამითაა განპირობებული ვენესუელის ამბები, შემდეგ უკვე შეტევა ირანზე, იქით გრენლანდიაა რიგში ჩამდგარი, კოლუმბიაზეა საუბარი და კიდევ სხვა ქვეყნებზეც ორივე მძლავრი იმპერიის მხრიდან.

– აშშ და რუსეთის?

– დიახ. რუსეთიც ფართოდაა ჩართული ამ საკითხებში, მაგრამ ის აძლიერებს თავის გავლენას იმავე აფრიკისა და სხვა ქვეყნებში, იმიტომ რომ მას იქ აქვს დასაყრდენი. ჩემი სიტყვების დასადასტურებლად მინდა, გითხრათ, რომ ავღანეთსა და რუსეთს შორის შეიძლება, განზრახვების მემორანდუმი დაიდოს, რომელიც რუსეთს მისცემს საშუალებას, ისარგებლოს ავღანეთის წიაღისეულით. თუ იქ რუსული კომპანიები შევიდნენ, ეს არის ძალიან დიდი თანხები. ეს არის ის, რისთვისაც შეერთებული შტატები 20 წლის განმავლობაში იყო ავღვანეთში, ვერ მიაღწია შედეგს და იძულებული გახდა, გამოსულიყო. დღეს ეს აღმოჩნდება რუსეთის ხელში და ავღანეთი გახლავთ სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილი, საიდანაც შესაძლებელი იქნება გავლენის სფეროების განვითარება იმ მიმართულებით, რა მიმართულების ინტერესიც აქვს რუსეთს. ავღანეთის კონტროლი ჩაკეტავს შუა აზიის რესპუბლიკებს და შეიქმნება ერთგვარი სანიტარული დერეფანი რუსეთსა და ჩინეთს შორის.

– ირანზე დასავლეთის კონტროლით ხომ ირღვევა იმავე ბრიქსის პროექტი?

– დიახ, მაგრამ პროცესები, რომლებიც ირანში მიმდინარეობს, დროებითი მოვლენაა. ჩემი აზრით, ჩაწყნარდება, ანუ რეჟიმი შეინარჩუნებს თავის ძალაუფლებას. არ არის გამორიცხული, გარკვეული კოსმეტიკური ცვლილებები მოხდეს მთავრობაში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გარედან არ იქნა მძლავრი ინტერვენცია ან პირდაპირი სამხედრო აგრესია ირანის მიმართ. მაგრამ, თუ ინტერვენცია იქნა, მათაც იციან, რომ ეს არ იქნება შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების გასეირნება ირანის ტერიტორიაზე და უცებ ვერ მოხდება ირანის ოკუპაცია და ქვეყანაში შეღწევა, რომ ხელისუფლება დაამხონ. ვიმეორებ, იქ იმდენად ძლიერია რელიგიური გავლენა, რომ შესაძლოა, ჯიჰადი გამოაცხადონ და მორწმუნე მუსლიმები თავს დადებენ იმისთვის, რომ დაიცვან თავიანთი ქვეყანა.

– ერაყში მორწმუნე მუსლიმები არ იყვნენ? იქ რატომ არ დადეს თავი?

– იმიტომ რომ ერაყი ერაყია, ირანი – ირანი. ისლამში არის ორი ძირითადი მძლავრი მიმართულება: შიიზმი და სუნიზმი. სუნიზმი უფრო მოგვიანებით გაჩნდა, როდესაც ოტომანთა იმპერია შეიქმნა, მაგრამ რატომ არის შიიტური ისლამი ფუნდამენტალისტური?! იმიტომ რომ ისინი მისდევენ იმ ძველ დოგმებს, რომლებიც უფრო მკაცრია. თან, ბევრი ქვეყანაა, რომლებშიც შიიზმს მისდევენ, შიიზმის ცენტრად კი ყოველთვის ირანი მოიაზრებოდა. ასე რომ, მუსლიმური სამყაროს ეს სეგმენტი, სადაც შიიზმს მისდევენ, ირანს დაუჭერს მხარს და ეს ბრძოლა, ადრე თუ გვიან, შეიძლება, რელიგიურ ომში გადაიზარდოს. შესაძლოა, მუსლიმები გაერთიანდნენ და საერთო ჯიჰადი გამოაცხადონ, რაც რელიგიურ ნიადაგზე მსოფლიო კონფლიქტის გაღვივებას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე, ვინაიდან, მოგეხსენებათ, თუ რა სიმძლავით არის წარმოდგენილი მუსლიმი მოსახლეობა დღეს ევროპაში და თუნდაც, შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ეს გამოიწვევს ძალიან მძიმე ვითარებას უკვე ამ ქვეყნების შიგნით. გაჩნდება ტერორიზმის საფრთხე, გაჩნდებიან სხვა საშუალებები და ძალები იმისთვის, რომ შიგნიდან, უშუალოდ იმ ქვეყნების ტერიტორიაზე გაუწიონ წინააღმდეგობა და, საბოლოოდ, ეს, ალბათ, საერთაშორისო ტერორიზმის სახეს მიიღებს. ეს იმ შემთხვევაში, თუ დაიწყო ირანის პირდაპირი ინტერვენცია და არ შემოიფარგლა მხოლოდ დაბომბვებით. იმიტომ რომ მხოლოდ დაბომბვებით ირანს ვერაფერს დააკლებენ, ვინაიდან მას აქვს იმის საშუალება, რომ სათანადოდ უპასუხოს ამ დაბომბვებს. საამისოდ ყველა რესურსი გააჩნია, მათ შორის, სამხედრო რესურსი და ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც მას დაეხმარებიან. უპირველესად, დაეხმარება ჩინეთი და დაეხმარება რუსეთიც, რომელიც თითქმის ამთავრებს თავის სამხედრო კამპანიას უკრაინაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი