რატომ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორია „სამს პლუს სამის“ ფორმატში რუსეთს, თურქეთსა და ირანს
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 15.11

ახლახან თეირანში გაიმართა თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირების შეხვედრა, „სამს პლუს სამის“ ფორმატით და უკვე მეორედ ახსენა ირანის პირველკაცმა საქართველო, რომელსაც ზემონახსენები ხუთი მოიაზრებს ამ ფორმატში, მაგრამ საქართველო, ცნობილ მიზეზთა გამო, უარს აცხადებს მონაწილეობაზე. მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ უშუალო მეზობლებსა და ირანსაც, რომელსაც საკუთარი ამბიციები და ინტერესები აქვს ჩვენს რეგიონში, უნდა ველაპარაკოთ, მაგრამ არ ვიცით, როგორ და რა თემაზე. ამ საკითხზე ზაალ კასრელიშვილი გაგვიზიარებს თავის მოსაზრებებს.
– არის თუ არა სიცოცხლისუნარიანი ეს ფორმატი და ჩვენ რამდენ ხანს ვიქნებით მდგომარეობაში, რომ ვითომ ვერ ვხედავთ ამ შეხვედრებს?
– აშკარაა ხუთეული, რომელიც გვთავაზობს ფორმატს „სამს პლუს სამს“, განცხადების, მიმართვებისა და სურვილების დონეზეა. ოფიციალური მიწვევებიც არ არსებობს.
– მაგრამ ასეც ხომ არ იქნება, ჩამოდი, ნიკოლ, ან, ჩამოდი, ილჰამ?
– რა თქმა უნდა, მიწვევითაა, მაგრამ დღემდე პირადად ვერც მე და, ალბათ, ვერც თქვენ, მოიძიეთ ინფორმაცია, რისთვის იწვევენ და რა საკითხების შესახებ საუბრობენ. შევხედოთ ამ პროცესს გვერდიდან, კავკასიის ფარგლებს გარეთ გავიდეთ: „სამს პლუს სამი“ ფორმატი მიიჩნევა ანტიდასავლურ პერსპექტივად. ჯერჯერობით გაერთიანებად არ აღიქმება. ეს არის ამორფული ჩონჩხი, რომელსაც ხორცი არ ასხია, არ აქვს არც ფორმა, არც სახე და არც შინაარსი. მეორე მხრივ, ხუთივე ქვეყანას აქვს კონფლიქტი და ჩვენც გვაქვს დაკონსერვებული კონფლიქტები. ამ ხუთივე ქვეყნის ინტერესია, შავი ზღვა მოაქციოს თავისი გავლენის ქვეშ და აქციოს სივრცედ, სადაც დასავლურ ინტერესს დაუპირისპირდება, თუმცა ყველას უნდა, რომ ამ გზით, იმავდროულად, ივაჭროს დასავლეთთან. თუ ეს კოალიცია შედგა, რაშიც ჩვენ ეჭვი გვეპარება, ისინი შავი ზღვის დერეფანს – საქართველო-აზერბაიჯანს – მთლიანად ჩაკეტავენ ახლო აღმოსავლეთთან და შუა აზიასთან ურთიერთობისთვის. ანუ ისინი ცდილობენ, რომ ეს მიმართულება გააკონტროლონ როგორც პოლიტიკურად, ისე იდეოლოგიურად და ეკონომიკურად. როდესაც ასეთი ჩანაფიქრები გაქვს, აუცილებელია კონცეფციაც; აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული სტრუქტურა და ყველა ქვეყანამ უნდა იცოდეს თავისი როლი და ადგილი იმ სტრუქტურაში. ასევე, ყველა სახელმწიფომ უნდა იცოდეს, ვის რამდენპროცენტიანი შემოსავალი ექნება. გარდა ამისა, ამ გაერთიანებას წინასწარ უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ურთიერთდახმარების ფონდი, რომელიც გაწერილი უნდა იყოს – რაში შეიძლება, გამოიყენონ ამ სახელმწიფოებმა. რაც ჩამოვთვალე, ასეთი გაწერილ-აწყობილი სტრუქტურა არის ევროკავშირი და როდესაც საქართველოს აქვს გაკეთებული განაცხადი, რომ დალაგებულ-დავარცხნილი კავშირის წევრობა უნდა, მან უკვე იცის, რომ, თუ კანდიდატი გახდა, მილიარდ 200 მილიონი ევროს თანხა მოხმარდება ჩვენს ქვეყანას ინფრასტრუქტურისა და სტრატეგიული დარგების განვითარებისთვის. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, პირველი ტრანში უნდა იყოს 300 მილიონი დოლარი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ისეც არ არის, რომ შეხვალ და მოგცემენ. რომ შეხვალ, პროექტები უნდა წარადგინო.
– რა თქმა უნდა, აბა, რომ დაგვინახავენ, ფულის შეკვრებს ხომ არ გვესვრიან?!
– ტექნიკური დასაბუთების წარდგენაა საჭირო, შემდეგ იქიდან ჩამოვლენ ექსპერტები, შეისწვლიან და 6-7 თვის პერიოდში შეიძლება, ტრანში წამოვიდეს.
– ეს ძალიანაც მოგებიანია ხუთეულისთვის, რომელიც ვახსენეთ. მე არ მიმაჩნია მცდარ ნაბიჯად, რომ ამ ფორმატს არ ვიმჩნევთ, უბრალოდ, როდემდე არ შევიმჩნევთ, თორემ შეიძლება, დაელაპარაკო აქედან იქით და იქიდან – აქეთ.
– ეს სხვა თემაა, ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ რეალურ შესაძლებლობებზე. ეს რომ მიატოვო და თავი შეყო „სამს პლუს სამში“, უნდა იცოდე, იქ რა გხვდება. მოწვევა რომ ყოფილიყო, პასუხიც იქნებოდა ოფიციალური.
– მეც მგონია, რომ ისინიც ხვდებიან, ჩასვლა რომ არ გვინდა.
– ისინი ფიქრობენ. ეს ქვეყანა თუ ევროკავშირის წევრი გახდა, მაშინ ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება საიმისოდ, რომ ევრაზიის დერეფანზე ზეგავლენა მოვახდინოთ. ამ ქვეყნებს ერთმანეთთანაც არ აქვთ გარკვეული ურთიერთობა. მათ არ უთქვამთ ხმამაღლა თავიანთი სურვილები, მიზანი და შესაძლებლობები არ დაუდვიათ მოლაპარაკების მაგიდასთან. უბრალოდ, გეძახიან, მოდიო და ერთადერთი, რაც შეიძლება, იფიქრო, არის ის, რომ გაგიკეთებთ, რაც გინდა; ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაგეხმარებით, მაგრამ როგორ, რა სტატუსით, არც ამაზე ამბობენ არაფერს.
– რომ ვკითხოთ? ჩვენგან ხომ უნდა ჰკითხოს ვიღაცამ, რატომ მეძახი, რას მთავაზობ?
– პოლიტიკურად და იურიდიულად შევხედოთ ამ საკითხს. ოფიციალური განაცხადი გავაკეთეთ ევროკავშირის წევრობაზე. ამ ოფიციალური განაცხადის შემდეგ რა კოალიციას ქმნი, როდესაც ჯერ ევროკავშირში არ გაწევრიანებულხარ?! სტატუსი არ გაქვს.
– კოალიციაზე არ ვლაპარაკობ. ჩვენებმა არ უნდა ჰკითხონ მაინც?
– რა თქმა უნდა, უნდა ჰკითხონ. მე, უბრალოდ, არ ვიცი, ამაზე საუბრობენ თუ არა კულისებში. ჩვენი მთავრობის დელეგაცია ჩინეთშიც იყო, თურქეთშიც, როგორ დავიჯერო, რომ სადილის, საუზმის ან პრივატული შეხვედრებისას ამ თემებზე არ ილაპარაკეს?! ირანის მიერ ნათქვამი კი არ არის ძალიან სასიამოვნო.
– დიახ, მეც ყურში მომხვდა, ორჯერ გვახსენა ირანმა სხვადასხვა ადგილას.
– არ არის ეს სასიამოვნო ამბავი. ირანს აზერბაიჯანთანაც დაძაბული აქვს ურთიერთობა, თურქეთთანაც და ახლა უკვე არაბულ სამყაროსთან დაეძაბა; დასავლეთთან, ხომ, თავისთავად დაძაბული ურთიერთობა აქვს. შეიძლება, ითქვას, რომ, თუმცა ირანი, თურქეთიც და რუსეთიც საქართველოზე დიდი და ძლიერი ქვეყნებია მატერიალურად და არა სულიერად, მათთვის ახლა საქართველო შეიძლება, მაშველი რგოლი იყოს, ევროპის კარი და თუკი საქართველო იქნება მათთან, პირდაპირი გზა ექნებათ ჩვენი ქვეყნის გავლით დასავლეთისკენ. უპირველესად, იგულისხმება ენერგომატარებლები, რომელმაც უნდა გაიაროს საქართველოს ტერიტორიაზე და, ასევე, მათ შეიძლება, შემოგვთავაზონ რეგიონული უსაფრთხოების კონცეფცია: ალბათ, ისინი ჩვენს ქვეყანას შესთავაზებენ უსაფრთხოებას, მაგრამ, თუ ასე მოხდა, მათი ჩარევის გარეშე საქართველოში არჩევნებს ვერც ერთი პარტია ვეღარ მოიგებს.
– არაა ეს კარგი პერსპექტივა. ირანს სანქციები აქვს დაწესებული, რუსეთს ხომ აქვს და აქვს. თურქეთი, „ნატოს“ წევრი, ელაპარაკება რუსეთს, ირანს, აქვს მისვლა-მოსვლა და დასავლეთი დუმს. იმას აღარ გავიხსენებ, როგორ ემუქრება ერდოღანი აშშ-სა და მთლიანად ქრისტიანულ დასავლეთს.
– თუ ისრაელი-ღაზის სექტორის ომის ფონზე თურქეთის პრეზიდენტის განცხადებებსა და თურქეთში მიმდინარე პროცესებს დავაკვირდებით, თამამად შეიძლება, ითქვას, რომ თურქეთს უნდა, იყოს შუამავალი დასავლეთსა და მუსლიმურ სამყაროს შორის. როდესაც აია სოფია მეჩეთად გადააკეთეს, ეს ნიშნავდა, სულიერი ცენტრი გადმოიტანეს თურქეთში და ახლა, როგორც „ნატოს“ წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, თავს უფლებას აძლევს, ისეთი განცხადებები გააკეთოს, როგორ განცხადებებსაც ვერც ერთი მუსლიმური ქვეყანა ვერ გაბედავს. მაგრამ ამას ქმედებები არ მოსდევს. ამდენად, ეს არის განცხადებები იმისთვის, რომ მუსლიმური სამყაროს მებაირახტრე გახდეს, მიიღოს ინდულგენციები მუსლიმური სახელმწიფოებისგან, კოზირები დაიჭიროს ხელში და ამით ელაპარაკოს დასავლეთს. ამით გაუსვას ხაზი თავის, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მომრიგებელი დერეფნის, სახელსა და ავტორიტეტს, რაც ჩვენს ინტერესებს ეკონომიკურადაც ეწინააღმდეგება და მორალურადაც. თუმცა დასავლეთი საკმარისად ელაპარაკება თურქეთს და ჩვენ ეჭვი გვეპარება, რომ თურქეთის ეს აქტივობა მიუღებელი იყოს დასავლეთისთვის. ამ ეტაპზე თურქეთი ერთგვარი მაშველი რგოლია გაღიზიანებული მუსლიმური სამყაროსთვის და იმის იმედიც მუსლიმური სამყაროსთვის, რომ ჯვაროსნული ომი არ იქნება და დასავლეთი არ გაანადგურებს იქ ცხელ თავებს. შეიძლება, დასავლეთისთვის თურქეთი მისაღებიც კი იყოს, იმიტომ რომ „ნატოს“ წევრია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია და ის არასდროს მოსცილდება დასავლეთის ორბიტას, მიუხედავად თავისი მკაცრი განცხადებებისა.
– დასავლეთს მუსლიმური სამყაროს მორევა შეუძლია? ჯვარი გვწერია რელიგიური ომისგან.
– ღმერთმა დაგვიფაროს აპოკალიფსისგან, ეს არ მოხდება. ჯერ ერთი, მუსლიმური სამყარო ორად გაიყო ისრაელის თემაზე, ერთი ნაწილია არაბული სამყარო, რომელიც ამბობს, რომ პალესტინელები არ არიან არაბები, არც პალესტინაა არაბული და ბოლო 70 წელი ყველა პრობლემა ახლო აღმოსავლეთში მათი ბრალია და მეორე მხარეა რელიგიური ნიშნით გაერთიანებულები, რომლებიც ამბობენ, ვინც უნდა იყვნენ პალესტინელები, მთავარია, მუსლიმები არიან. ამას გარდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც შეეძლო, ეს გაეკეთებინა დასავლეთს და გასული საუკუნის 90-იან წლებშიც.
– რას გულისხმობთ?
– აშკარა დაპირისპირებას. ჯვრისა და ნახევარმთვარის თემაც იმიტომ წამოსწია ერდოღანმა, რომ ეს არის გზავნილები დასავლეთისთვისაც და აღმოსავლეთისთვისაც.
– ცოტა კომიკურია, ებრაელები და ჯვარი. ებრაელები იუდეველები არიან.
– გეტყვით, რატომ შემოიტანეს ეს თემა და სწორი გათვლაა, აღმოსავლური დიპლომატიაა: იერუსალიმში უდიდესი მიტინგი ჩატარდა ალ-აქსას მეჩეთთან, ლოზუნგით, არ დაგანგრევინებთ ამ მეჩეთს და მის ადგილას არ აგაშენებინებთ სოლომონის ტაძარსო. ანუ ბიბლიურ წინასწარმეტყველებაზეა ლაპარაკი. ესე იგი, აღმოსავლეთი მიიჩნევს, რომ დასავლეთი ისრაელს იყენებს საბაბად, სინამდვილეში კი უნდა, განავითაროს აპოკალიფსური სცენარი. წმინდანების წინასწარმეტყველება იმიტომ კი არ დაიწერა, რომ აუცილებლად ასე უნდა მოხდეს?! გაფრთხილებენ, ასე მოხდება და აირიდე თავიდან. არ მგონია, ანგლოსაქსებს ომი სჭირდებოდეთ, ტექნოლოგიებიც მათ ხელშია, ფულიც და ჭადრაკის თამაშიც იციან. თუ დავაკვირდებით დასავლეთის რეაქციას, როგორ იცავენ მშვიდობიან მოსახლეობას ღაზის სექტორში და როგორ უტევენ ისრაელის მთავრობას, რომ მეომრები და მშვიდობიანი მოსახლეობა გამიჯნონ ერთმანეთისგან, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ თითიდან გამოწოვილი თემაა ჯვაროსნული ომი. ახალი ტიპის ჯვაროსნული ლაშქრობის თემა გაბერილია. ჩვენ ასე გვგონია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან