პოლიტიკა

რატომ ოცნებობს არაბული სამყარო ესპანეთის და თბილისის, როგორც მათი წმიდა ქალაქის, დაბრუნებაზე

№34

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 28.08

კობერიძე
დაკოპირებულია

ყველამ ვიცით, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში დასავლურმა სამხედრო კოალიციამ, რომელშიც საქართველოს სამხედრო კონტინგენტიც იღებდა მონაწილეობას, აღმოსავლეთის სახელმწიფოებში რამდენიმე ოპერაცია ჩაატარა დემოკრატიის დასამყარებლად და განსამტკიცებლად: ერაყი, ავღანეთი (სირიის მითვლაც შეიძლება), ასევე, ცნობილია, რა ბედი ეწია ლიბიის პირველ პირს – მოამარ კადაფის და თუმცა აღარავინ ახსენებს ისლამური სახალიფოს მებრძოლებს და არც მათ წინააღმდეგ მებრძოლი ქურთების ბედია აქტუალური, იბადება კითხვა: რა შედეგი მოიტანა ზემოჩამოთვლილ ქვეყნებსა და იმ არეალში, როგორც იყო გაცხადებული, დემოკრატიისთვის ბრძოლამ? – ამ თემაზე თავის მოსაზრებას აღმოსავლეთმცოდნე დავით კობერიძე გაგვიზიარებს.

– რა მდგომარეობაა ამჟამად აღმოსავლეთში, იქ, სადაც წლების წინ და წლების განმავლობაში დასავლეთი დემოკრატიის ექსპორტს ეწეოდა, რაზეც დაიხარჯა უამრავი დრო, რესურსი, ფული, მაშინ, როდესაც ამდენი გაჭირვებული ადამიანია მსოფლიოში და, რაც მთავარია, შეიწირა უამრავი სიცოცხლე? ზოგადადაც, აღმოსავლეთი ამ დასავლური დემოკრატიისთვის თუ არის მზად?

– კარგი შეკითხვაა და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ასეთ შეკითხვებს ჩვენთან არავინ სვამს და, შესაბამისად, პასუხებიც ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. თქვენ ჩამოთვალეთ ქვეყნები, სადაც, ზუსტად რომ, დემოკრატიის ჩამოყალიბების, გაუმჯობესების და ასე შემდეგ მიზნით, გაჩაღდა საომარი მოქმედებები: ერაყი, ავღანეთი, ლიბია და ნუ დაგვავიწყდება, სხვა ქვეყნებიც, გავიხსენოთ ისეთი მოვლენა, როგორიც იყო „არაბული გაზაფხული“.

– გამომრჩა.

– არ გამოგრჩენიათ, „არაბული გაზაფხულის“ შედეგი იყო ლიბიაც, სირიაც, თუმცა ეს ყველაფერი დაიწყო ტუნისიდან, შემდეგ ეგვიპტეში გაგრძელდა, მოჰყვა სირია, იემენი და თუ დავაკვირდებით, აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ „არაბული გაზაფხული“ ჩატარდა არამონარქიულ არაბულ ქვეყნებში. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ არაბულ მონარქიას, სადაც „არაბულმა გაზაფხულმა“ ჩანასახის სახითაც კი იმოქმედა, არათუ წარმატებას მიაღწია, არადა არც ისინი არიან დემოკრატიის ნიშნით გამორჩეულები. იქ რატომ არ მომხდარა მსგავსი რამ? არ იყო საჭირო და იმიტომ არ მოხდა. საჭირო იყო იმ ქვეყნებში, რომლებშიც ურთიერთობა დასავლეთის გარკვეულ წრეებთან იყო გართულებული. ამის კლასიკური მაგალითია ლიბია. მიუხედავად იმისა, რომ ლიბიის მმართველმა მოამარ კადაფიმ ბოლო წლებში გარკვეული დათმობები გასწია დასავლეთის, დემოკრატიული სამყაროს წინაშე, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. პირდაპირი მნიშვნელობით, იხვეწებოდა, დამანებეთ თავი, თორემ პრობლემებს მიიღებთ ევროპაში, ვინაიდან მე ვაკავებ ლტოლვილების უზარმაზარ ნაკადებს, რაც იფეთქებს და წამოვა ევროპისკენო, დღეს ზუსტად ის ხდება, რაც იმ კაცმა იწინასწარმეტყველა, თუმცა ამის წინასწარ განსაზღვრა ძალიან მარტივი იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ეს საკითხი იციან. ზუსტად იგივე ამბავი მოხდა სხვა რეგიონში, უფრო აღმოსავლეთით: როდესაც ერაყის წინააღმდეგ პირველი სადამსჯელო კამპანია ჩატარდა. გახსოვთ, რომ სადამ ჰუსეინი შეიჭრა ქუვეითში. ფაქტობრივად, აიღო, გაძარცვა, დაიწყო საომარი მოქმედება სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ, მაგრამ საკმაოდ უცნაური. ამერიკელებმა შეუტიეს, თითქმის მთლიანად გაანადგურეს ერაყის ჯარი, მაგრამ არც ბაღდადი აუღიათ და არც სადამ ჰუსეინი ჩამოუგდიათ. შემდეგ გადამდგარმა გენერალმა შვარცკოფმა, რომელიც იმ სამხედრო ოპერაციას მეთაურობდა, თქვა, როდესაც საომარი მოქმედებები ტარდება და თავის თავსაც ჯარისკაცს უწოდებდა, სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი და თავისი მიზანი შეასრულოსო. რა მიზანი იყო დასახული? ქუვეითიდან ჰუსეინის გამოდევნა?! ამიტომაც დასჭირდა ამ ოპერაციას გამეორება რამდენიმე წლის შემდეგ. თუმცა მაშინ უკვე ამის მამოძრავებელი აღმოჩნდა 11 სექტემბრის ამბები. მოკლედ, სანამ ნიუ-იორკს არ შეუტიეს ალ–ქაედამ და კიდევ სხვა ძალებმა, მანამდე მივიწყებული ჰყავდათ სადამ ჰუსეინი. ბოლოს რა მოხდა, ყველას გვახსოვს, მისი ჩამოგდების შემდეგ ერაყის სახელმწიფო, ფაქტობრივად, გამქრალია რუკიდან და იქ რა ხდება, არავინ იცის. ხოლო, თუ ვინმეს ჰგონია, რომ იქ ისლამური სახელმწიფო აღარ მოქმედებს და განადგურებულია ან სირიაშია განადგურებული, ძალიან ცდება.

– როდესაც, ალბათ, სჭირდებოდათ, დასავლური მედია აქტიურად აშუქებდა, როგორ ებრძვიან ქურთები სახალიფოს ტერორისტებს, რა საშინელი მდგომარეობაა სახალიფოში, მაგრამ ის ხალხი სად წავიდა? გაქრნენ, ბერად აღიკვეცნენ, მოინანიეს, დაიხოცნენ?

– ნაწილი განადგურდა. ნაწილი ჰყავთ სირიის ტერიტორიაზე გრანდიოზულ ბანაკებში. ქალებისა და ბავშვების ბანაკები ცალკეა და ეს მომავალი ტერიტორისტების კიდევ ერთი ინკუბატორია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ იქ გაზრდილი ბავშვი პოტენციური ტერიტორისტია და ამას მალე იხილავს კაცობრიობა. რაც შეეხება დემოკრატიას: ფრიად სასაცილოა ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის განვითარებაზე საუბარი, ბევრი მიზეზით. ერთ მაგალითს გეტყვით: ჩვენი ერთ-ერთი მეზობლის დასახელება ავიღოთ, ირანს ვუწოდებთ, მაგრამ ჰქვია ირანის ისლამური რესპუბლიკა. ანუ თავად სახელმწიფოს დასახელებაა პარადოქსი: ისლამი და რესპუბლიკა ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. ისლამი არ აღიარებს ხალხის ხელისუფლებას, ხოლო რესპუბლიკაა ხალხის მიერ ხელისუფლების განხორციელება. ისლამი აღიარებს ალაჰის ხელისუფლებასა და მის მიერ დაწესებულ კანონებს, რომლებსაც ჰქვია რა?! შარიათი, რომელიც მოქმედებს იმავე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, საუდის არაბეთში, სხვაგან. ამდენად, იქ დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია. ისევე, როგორც საშინელება განვითარდა ავღანეთში. 20 წლის განმავლობაში და ზუსტად ამდენ ხანს გრძელდებოდა ამერიკული სამხედრო ჩარევა და ყოფნა ავღანეთის ტერიტორიაზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახარჯა ერთი ტრილიონ 300 მილიარდი დოლარი და რას მოხმარდა ეს თანხა?! ერთ დღეში რომ გამოქცეულიყვნენ ავღანეთიდან და ძალაუფლება ხელში ჩაეგდო „ტალიბანს“?! ეს თანხა დაიხარჯა იმ ძალების გასანადგურებლად, რომლებსაც არ ჰყავდათ დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა, არ გააჩნდათ ავიაცია, მაგრამ რამდენიმე დღეში ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება.

– და შეიარაღება, რაც დარჩა, 700 მილიარდისო.

- მაღალტექნოლოგიური შეაიარაღების ნაწილი ამერიკელებმა გაანადგურეს და სწორადაც მოიქცნენ, მაგრამ დღეს ავღანეთში „ტალიბანზე“ უარესი ძალები მოქმედებენ. ეს არის ისლამური სახელმწიფო ხორასანის პროვინცია, რომლებიც ემტერებიან „ტალიბანს“ და ახლა მათ უნდათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება. მოკლედ, კატასტროფული მდგომარეობაა და ეს ჩვენგან არც თუ შორსაა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სირიის, ერაყის მოვლენებში საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ. ყველა არ დახოცილა. ზოგი ისევ იქ არის, ზოგი დაბრუნდა და „მშვიდობიან“ ცხოვრებას ეწევა. თუმცა ისინი მშვიდობიან ცხოვრებას ვეღარასდროს გააგრძელებენ და იმედი მაქვს, ეს ჩვენთან იციან მათ, რომლებმაც უნდა იცოდნენ. იმიტომ რომ ეს დიდი საფრთხეა ქვეყნისთვის.

– ვთქვათ, დასავლეთმა დაანება თავი ამ რეგიონის გადემოკრატიულებას, ისინი დარჩებიან თავიანთ აღმოსავლეთში თუ გადმოსწვდებიან დანარჩენ სამყაროს და შეეცდებიან მასზე გავლენის მოპოვებას?

– არ დაეტევიან თავიანთ ტერიტორიაზე, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო ვინმე ვინმეს უნდა ეომოს. უბრალოდ, უნდა იცოდეს. ამის პრევენციის ცალკე პროგრამა შეიძლება, შედგეს. მაგალითად, თქვენს შეკითხვას ვპასუხობ: ნებისმიერმა მსურველმა გადაშალოს ჩვენი მეზობელი ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუცია, მთლიანად ნუ წაიკითხავს, პრეამბულა წაიკითხოს, მეათე-მეთერთმეტე მუხლები და აღმოაჩენს ძალიან საინტერესო რამეს. თითქმის ზუსტი ციტატა მომყავს: ირანის ისლამური რესპუბლიკის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, ისევე, როგორც ირანის არმია შექმნილია არა მხოლოდ საზღვრების დასაცავად, არამედ ალაჰის მისიის შესასრულებლად – ჯიჰადისთვის. რომც არ ეწეროს, ისედაც ნაგულისხმები იქნებოდა, მაგრამ წერია. ასეთია ჩვენი მეზობელი ისლამური სახელმწიფოების იდეოლოგიაა და ეს არ არის გასაკვირი: არაბების ოცნებაა, სახალიფოს აღდგენა იმ ფარგლებში, რომლებშიც ოდესღაც იყო და რომ ესპანეთი დაიბრუნონ. მე ერთ-ერთმა არაბმა დიპლომატმა განმიცხადა თბილისში, მაინც დავიბრუნებთ ესპანეთსო. შესაბამისად, ესპანეთის დაბრუნებას რომ აპირებს ვიღაც, ვინმე ფიქრობს, რომ თბილისის საამირო დაავიწყდათ, სადაც თითქმის 4 საუკუნე იყვნენ?!

– მომრავლდნენ არაქართველი გიდები, რომლებიც არავინ იცის, რა ისტორიას უყვებიან საქართველოზე სტუმრებს. არ ვიცი, რატომაა ეს სფერო ასე მიშვებული.

– მე ვიცი, იმიტომ რომ საფრთხეს ვერ ხედავენ. არ იციან. უნდა იცოდნენ. მაგრამ ვინ უნდა უთხრას?! თუმცა არის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, უნივერსიტეტები, სადაც კათედრებზე სპეციალისტები მუშაობენ. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა საფრთხეს შეიცავს ეს პერსპექტივაში. ჩვენი ინტერვიუ ძალიან ნიშანდობლივ დღეს იწერება: დიდგორობაა და მკითხველს ვთხოვ, ის სიტყვები, რომლებიც დიდგორის სტელაზეა ამოტვიფრული, წაიკითხონ და გაიაზრონ: რა საფრთხეს ხედავდა დავითი და ეს საფრთხე არსად წასულა, ისევ მახვილივითაა დაკიდებული არა მარტო ჩვენს თავზე.

– გიდები ვახსენე, რადგან არაბი გიდები ამბობენ, რომ თბილისი მათი წმიდა ქალაქია.

– რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თბილისი სახალიფოს ნაწილი იყო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში და ნურავინ იფიქრებს, რომ ეს მათ არ ახსოვთ. თურქებსაც ახსოვთ ბევრი რამ და ბევრ რაღაცაზეც ოცნებობენ.

– ერთმანეთთან როგორ მორიგდებიან, ეს კიდევ ცალკე ტრაგიკომიკური თემაა.

– ღმერთმა ნუ ქნას, აქამდე მივიდეს საქმე, მაგრამ ისინი ერთმანეთთან ყოველთვის მოილაპარაკებენ, იმიტომ რომ მათ ერთი წყარო ასაზრდოებთ და ამ წყაროს ერთი წიგნი ჰქვია, თუმცა დავანებოთ მას თავი. ისინი ყოველთვის შეძლებენ ერთმანეთთან შეთანხმებას, მაგრამ არის ჩვენთვის სასარგებლო მომენტიც – ისლამური სამყაროს დაქსაქსულობა, რითაც ძალიან კარგად სარგებლობს ისრაელის სახელმწიფო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა