პოლიტიკა

რატომ ნიშნავს უკრაინის ომის ფინალისკენ წასვლა ომის სიმძიმის ცენტრის კავკასიაში გადმონაცვლებას

№40

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

კოტე ფორჩხიძე
დაკოპირებულია

ბოლო პერიოდია, აქტუალურია სამხრეთ კავკასიიდან მეორე ფრონტის გახსნის საკითხი და, სავარაუდოდ, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ აზერბაიჯანის მიერ რუსეთთან ურთიერთობის მოულოდნელად დაძაბვა, ვინაიდან, მაგალითად, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაზე თავდასხმამდე, ალიევი მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთთან ხელი მოაწერა საკმაოდ მოცულობით ხელშეკრულებას. ამის შემდეგ, უკვე რუსეთ-უკრაინის ომის მიმიდნარეობისას, პუტინი ჩავიდა ბაქოში და დიდი ზარზეიმითაც მიიღეს. მაგრამ ხანი გამოხდა და ალიევი უცებ რუსეთს დაუპირისპირდა. ბუნებრივია, აზერბაიჯანი და რუსეთი თავად მოაგვარებენ თავიანთ უთანხმოებას, ისევე, როგორც უჩვენოდ დაუტკბნენ ერთმანეთს, ოღონდ, რაკი საქმე რეგიონს ეხება, რომელიც ჩვენი საცხოვრებელი გარემოა, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტ კოტე ფორჩხიძესთან ერთად განვიხილავთ ამ პროცესის დინამიკასა და შესაძლო შედეგებს.

– ჯერ რატომ დაუტკბა, ანუ გამოიყენა აზერბაიჯანმა რუსეთი ყარაბაღისთვის და შემდეგ რა მოტივითა და ვისი გავლენით დაუპირისპირდა? ან ახლა რატომ მიჩუმათდა ეს ამბავი?

– რა თქმა უნდა, იმ მომენტში ერთი ამოცანა ჰქონდა აზერბაიჯანს, ის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და სწორედ რუსეთი თამაშობდა უდიდეს შემაკავებელ როლს, რის გამოც აზერბაიჯანი სამხედრო გზით ვერ ახერხებდა, დაებრუნებინა თავისი ტერიტორიები. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, რომ ამით იყო განპირობებული რუსეთისადმი დატკბობა,. თან, საკმაოდ ზუსტად შეირჩა ისეთი დრო, როდესაც სომხეთში არ იყო, ეგრეთ წოდებული, პრორუსული მთავრობა. ეს პერიოდიც შესანიშნავად გამოიყენა აზერბაიჯანმა. სწორედ ამ დათბობის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებამ განაპირობა ის, რაც შემდგომში მოხდა. მაგრამ, საერთო ჯამში, იმდენად მტკიცე არის თურქეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა, იმდენად მტკიცეა ისრაელისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა, რომ აზერბაიჯანი იძულებული იყო, ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ დაპირისპირებოდა, ანუ კონფრონტაციის ფაზაში გადასულიყო რუსეთთან. ეს უმეტესწილად არა აზერბაიჯანის, არამედ დასავლეთის პოლიტიკის ნაწილი გახდა და საკმაოდ ძლიერი. იმიტომ რომ უკრაინაში კონფლიქტი, ფაქტობრივად, დასასრულის ფაზისკენ მიდის. დაახლოებით, ერთი წელიწადი მაინც დასჭირდება ამ კონფლიქტის დასრულების ნიშნების გამოკვეთას და სწორედ ეს პერიოდი აქვს დასავლეთს იმისათვის, რომ ახალი კერა გახსნან კავკასიაში. რუსეთს ამაზე ჰქონდა შესაბამისი რეაქცია და საკმაოდ ძლიერიც...

– ალიევი ვერ ხვდება, რომ კავკასიაში ახალი კერის შექმნა აზერბაიჯანსაც უდიდეს პრობლემებს შეუქმნის?

– ალიევი თავის თავს არ ეკუთვნის, ის კავკასიაში თურქული პოლიტიკის გამტარებელია. ის არ აწარმოებს დამოუკიდებელ პოლიტიკას და ამიტომ სწორედ ამითაა განპირობებული ეს პრობლემატიკა. გახსოვთ მისი პათოსი, როდესაც 3 000 ჯარისკაცი გადაისროლეს ესკალაციის დაწყების მომენტიდან რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის და შემდეგ ვნახეთ, როგორ მიჩუმათდა ეს ყველაფერი. მიჩუმათდა იმის გამო, რომ საკმაოდ ძლიერი პასუხი გასცა რუსეთმა როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი სამხედრო ძალების მობილიზაციით, ასევე გიუმრის ბაზის გადაიარაღებისთვის გადადგმული ნაბიჯებით. ალიევი ახლა ორ ცეცხლს შუაა მოქცეული, მან არ იცის, რა ნაბიჯები გადადგას. აქვს ვალდებულებები დასავლეთთან, მაგრამ ამავე დროს რუსეთი ძლიერ ეკონომიკურ დარტყმას აყენებს ყოველდღიურად და ეს მილიარდობით დოლარია. ავიღოთ, თუნდაც, ნავთობის მიწოდების შეწყვეტა აზერბაიჯანისთვის; თუნდაც, აზერბაიჯანულ დიასპორაზე განხორციელებული შეტევა, რაც მილიარდობით დოლარის დანაკლისია აზერბაიჯანისთვის და საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეიძლება, მოუტანოს მის ეკონომიკას სამომავლოდ. უმთავრესი, რამაც განაპირობა ამ დაპირისპირების მიჩუმათება, გახლავთ რუსეთის პრეზიდენტისა და ფაშინიანის ბოლო შეხვედრა.

– ჩვენს მედიას დიდად ინტენსიურად არ გაუშუქებია ეს თემა, არადა საკმაოდ მნიშვნელოვანია.

– ფაშინიანთან შეხვედრის შედეგად მიღწეულ იქნა თანამშრომლობის შეთანხმება და არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომ ფაშინიანმა წაუყრუა რუსეთის ბაზასთან დაკავშირებით გიუმრიში. წაუყრუაში ვგულისხმობ იმას, რომ მიმდინარეობს გიუმრის ბაზის გამსხვილება. იქ შედის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემები, მათ შორის, ისეთი სისტემა, როგორიც არის „ეს 350 ვიტიაზი“; ასევე შეჰყავთ, ეგრეთ წოდებული, „კრასუხა ოთხი“ – ეს გახლავთ რადიოელექტრონული ბრძოლის ულტრათანამედროვე საშუალება, რომელიც განკუთვნილია საჰაერო თავდაცვისა და კონტროლისათვის. აგრეთვე, შეაქვთ სისტემები, რაც საშუალებას მისცემს რუსეთს, სრულად გააკონტროლოს კავკასიის საჰაერო სივრცე, ანუ ის საჰაერო დერეფანი, რომელსაც შეერთებული შტატები თავისი ავღანული კამპანიის პერიოდში საკმაოდ კარგად იყენებდა, მას იყენებდნენ თურქეთიც და ისრაელიც. მათი საჰაერო მარშრუტებიც ამ მიმართულებით გადიოდა. ამდენად, რუსეთის ასეთი მძლავრი ნაბიჯი ერთგვარად შემაკავებელ ფაქტორად იქცა იმავე თურქეთისა და ისრაელისთვის. ჩვენ ვიცით, რომ მთელი ეს საჰაერო ლოჯისტიკა თურქეთიდან საქართველოს გავლით ჩადიოდა ხოლმე ბაქოში. აი, ეს მარშრუტები აბსოლუტურად გაკონტროლდება. განვმარტოთ, რა სისტემებია ეს: ეს სისტემა თიშავს და მთლიანად აკონტროლებს საჰაერო საფრენი აპარატების მთელ ელექტრონიკას, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს დიდი ქაოსი საჰაერო სივრცეში.

– შეიძლება, მარშრუტებიც დაკარგონ და ერთმანეთსაც დაეჯახონ?

– მარშრუტებიც დაკარგონ და საფრენი აპარატები ჰაერში იქცევა როგორც ბრმად მფრინავი საშუალება, რომელსაც გამორთული ექნება დამიზნების სისტემა. ძალიან რთული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა რუსეთმა ამით კავკასიაში. გაჩნდა მოლაპარაკების ახალი თემა, ანუ რუსეთი დაუბრუნდა, ეგრეთ წოდებული, არცახის, ანუ ყარაბაღის საკითხს, რამაც უდიდესი დარტყმა მიაყენა აზერბაიჯანს. იმიტომ რომ აზერბაიჯანისთვის ეს საკითხი დახურული იყო.

– რუსეთს რა შეუძლია, გააკეთოს მთიან ყარაბაღში?

– რუსეთს შეუძლია, სომხეთის მხარდაჭერით მოითხოვოს სამშვიდობო მისიის განხორციელება, იმავე სომეხი ეროვნების ადამიანების უკან დაბრუნება და ეს გაამართლოს სამშვიდობო მისიით. ამის გამო პანიკაა აზერბაიჯანში და აზერბაიჯანის ოპოზიციამაც აიტაცა ეს საკითხი. დღეს აზერბაიჯანში არ არის ერთგვაროვანი ვითარება. იმ ბიზნესმენებს, რომლებზეც მოქმედებენ რუსეთში, ვგულისხმობ მილიარდერების მთელ კასტას, რომლებიც აკონტროლებდნენ რუსეთის ეკონომიკის ნაწილს და ფლობენ ძალიან დიდ ფინანსურ სახსრებს, რუსეთი აიძულებს, რომ ჩამოაგდონ აზერბაიჯანის ხელისუფლება. ანუ აიძულონ ალიევი, წავიდეს ხელისუფლებიდან. ალბათ, ეს იქნება აზერბაიჯანში დესტაბილიზაციისკენ მიმართული შემდგომი ნაბიჯი. დღეს აზერბაიჯანია სამიზნე იმავე რუსეთისთვის, იმიტომ რომ იმ ნაბიჯებმა, რომლებიც ალიევმა გადადგა უკრაინისადმი – უკრაინისთვის მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას ვგულისხმობ და, მათ შორის, სამხედრო თანამშრომლობის კომპონენტსაც – ძალიან გააღიზიანა რუსეთი და რუსეთმა, ფაქტობრივად, მოიცალა კავკასიისათვის. ზოგიერთი ელოდა, რომ რუსეთი უკრაინაში განაგრძობდა სვლას დასავლეთის მიმართულებით, მაგრამ მე, სანამ ეს კონფლიქტი დაიწყებოდა, ვთქვი, რომ რუსეთი არ გადავა მდინარე დნეპრის საზღვრებს და ვთქვი, სად განვითარდებოდა ეს მოვლენები და ზუსტად ამ სცენარით მიმდინარეობს პროცესი. რუსეთს არ სურს მთელი რესურსების ჩაყრა იმისთვის, რომ მოახდინოს მთელი უკრაინის ოკუპაცია. ეს კონფლიქტი ნელ-ნელა გადავა კონსერვაციის ფაზაში. ამას დასჭირდება დრო, როგორც ვთქვი, ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდება მოლაპარაკების კონტურები რუსეთსა და უკრაინას შორის.

– და ეს ნიშნავს, რომ იმ მომენტისთვის სიმძიმის ცენტრი გადმოინაცვლებს კავკასიაში?

– რა თქმა უნდა, უნდა ველოდოთ სიმძიმის ცენტრის გადმონაცვლებას კავკასიის მხარეს. ეს შეიძლება, ნაკლებად შეეხოს საქართველოს: შეეხება იმ შემთხვევაში, თუ რადიკალური და ექსტრემისტული ძალები შეძლებენ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას. რუსეთს ამაზე ექნება მძლავრი რეაქცია: ის არავის არაფერს შეეკითხება, იმიტომ რომ მისი ჯარები იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 50 კოლომეტრში საკმაოდ მძლავრი ბაზა აქვს და არც არაფერი განსაკუთრებული არ დასჭირდებათ, რომ თბილისამდე ჩამოაგრიალონ თავიანთი შეიარაღებული ძალები და ჯავშანტექნიკა. ამის მაგალითი გვახსოვს 2008 წელს. რატომღაც გაჩერდნენ და აღარ შემოვიდნენ თბილისში. რუსეთი იძულებული გახდა, ვინაიდან ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაშინ თბილისში დანაღმული იყო საცხოვრებელი კორპუსები. ამას მოჰყვებოდა დიდი მსხვერპლი და დაბრალდებოდა რუსეთს. დღესაც არ ასვენებთ მსგავსი აზრები ვიღაც-ვიღაცებს. იცით, რომ ამოიღეს ასაფეთქებლების დიდი ოდენობა და არავინ იცის, კიდევ რამდენია შემოტანილი. ამდენად, დღეს კავკასიაში ვითარება დიდწილად რუსეთის აქტივობაზეა დამოკიდებული. კავკასიაში ჩვენ ვხედავთ ამის ნიშნებს და ჩანს, რომ გიუმრის ბაზის ასეთი გადაიარაღება მიმართულია როგორც აზერბაიჯანის, ისე თურქეთის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ გიუმრის ბაზის გაძლიერება თურქეთსაც შეუქმნის პრობლემებს, სამხედრო თვალსაზრისით.

– როგორ ამარაგებენ გიუმრის სამხედრო ბაზას რუსეთიდან?

– თვითმფრინავებით, დღეში რამდენიმე რეისი სრულდება. ძირითადად, კომპლექტაციის მასალები შეაქვთ და შემდეგ ადგილზე ამონტაჟებენ.

– ცხინვალისა და აფხაზეთის დაჯგუფებებსაც აძლიერებს?

– რა თქმა უნდა, თუმცა იქ ისედაც გაძლიერებული ჰქონდათ. იქ უკვე კარგა ხანია, დგას საჰაერო თავდაცვის სისტემები – „ეს 300-ები“. იგივე აქვს განლაგებული რუსეთს ცხინვალის რეგიონშიც და „ეს 300“ ნიშნავს, რომ ისინი, ფაქტობრივად, სრულად აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს 200-300 კილომეტრის მანძილზე. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ გიუმრის ბაზაზე ისეთი მძლავრი საჰაერო სისტემების შეტანა, რაზეც ვილაპარაკე, მათ საშუალებას აძლევს, რომ ამიერკავკასიის მთელი საჰაერო სივრცე გააკონტროლონ.

– ზანგეზურის დერეფნის იდეა, ამ ეტაპზე მართლა ჩაიშალა?

– ზანგეზურის დერეფნის პროექტს ფაშინიანისა და პუტინის შეხვედრითა და ფაშინიანის ბოლო განცხადებებით გაეროს ტრიბუნიდან, ფაქტობრივად, წერტილი დაესვა. თუმცა, ამ პროექტს პერსპექტივა არც თავშივე ჰქონდა. ეს იმთავითვე გაკეთდა პოლიტიკური მოხმარებისთვის, რომ შეერთებული შტატების შუამავლობით, ერთად დაესვათ აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელმძღვანელები და ამით დაენახვებინათ მსოფლიოსთვის თავიანთი მშვიდობის მისია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა