პოლიტიკა

რატომ ნიშნავს რუსეთთან გაუაზრებელი ომი ქართული სახელმწიფოს დამსხვრევას და როგორ კრძალავს ახლა უკვე დასავლეთი იმ რუს მწერლებს, რომლებსაც კრძალავდნენ საბჭოეთში

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 18.05, 2022 წელი

ვაჟა ბერიძე
დაკოპირებულია

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ იმას გარდა, რომ რფ-ს სანქციები დაუწესა ცივილიზებულმა სამყარომ, რუსული სახელმწიფო დედამიწის კეთროვნად გამოცხადდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროგრამებიდან ამოიღეს რუსი კლასიკოსების ნაწარმოებები და რუსი კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულებაზეც ითქვა უარი. გამომდინარე იქიდან, რომ კლასიკოსს ეროვნება არ აქვს და, ამასთან, ისინი სხვა ეპოქაში ცხოვრობდნენ, ამდენად, არ ვიცით, რა რეაქცია ექნებოდათ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების მოქმედებაზე, პირადად მე ვერ ვხვდები, რა დააშავა ბულგაკოვმა ან ჩეხოვმა, თუმცა მას შემდეგ, რაც „კარმენის“ ფინალი გადააკეთეს (სექსისტურია – რაკი მამაკაცი კლავს ქალსო, არადა ეს, უბრალოდ, დრამატურგიაა), გასაკვირი არაფერია. ყველაფერი კი, ვფიქრობ, იმით დაიწყო, როდესაც აშშ-ში დამფუძნებელ მამებს შეუტიეს და ამერიკის სახელმწიფოს შემქმნელების ძეგლები იავარქმნეს, ანალოგიური რამ მოხდა ევროპაშიც. ხოლო, ვინაიდან გერმანული ფაშიზმი არც ისე შორეული წარსულია (ამ ლოგიკით, გერმანელი ერიც უნდა გაეწყვიტათ, რაკი 2 მსოფლიო ომი დაიწყეს), ვფიქრობ, უსიამოვნო პარალელები ჩნდება. სწორედ ამ თემზე გაგვიზიარებს თავის აზრს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე.

– იქნება ეფექტიანი ასეთი პოლიტიკა – მთელი სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის, მიუხედავად იმისა, როდის ცხოვრობდა, მსოფლიო კეთროვნად გამოცხადება, ეს მხოლოდ რუსეთზე შეჩერდება? ხვალ მეც რომ არ მოვეწონო ვინმეს, ჩემი ერი და სახელმწიფო უნდა ამოძირკვოს? ვიცი, რომ არაპოპულარულ კითხვას ვსვამ, მაგრამ ტენდენცია აშკარად არ მომწონს.

– სერიოზული თემაა და მრავლისმომცველი. ამდენად, დღეს, როდესაც ჯერ კიდევ თითქოს გარდამავალი პერიოდია, ჭეშმარიტებების ძიების თვალსაზრისით, ძნელი იქნება ცალსახა პასუხების მოძებნა. შევნიშნავ, რომ შეუძლებელია, დღევანდელობიდან განსაჯო წარსული, შეაფასო და შეეცადო, ჩაასწორო და დასაჯო მავანი მისი შთამომავლების დასჯით. წარსული იმისთვის გვინდა, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ, ამიტომ ჯობს, ყურადღება დღევანდელობაზე გავამახვილოთ, რომ არც წარსულის შეცდომები გავიმეოროთ და არც საყოველთაო უგუნურების ახალი მაგალითები შევქმნათ. ჩვენ თვალწინ უზარმაზარი ტრაგედია ხდება ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც ერთი სახელმწიფო თავს დაესხა მეორე სახელმწიფოს, დაუნგრია ინფრასტრუქტურა, დაუხოცა ბევრი ადამიანი და თითქოს არც არაფერი; ასე ვიტყოდი: მსოფლიო ამას თანაგრძნობით, მაგრამ მშვიდად უყურებს და ეს წარმოუდგენელი ამბავია. როდესაც ეს პროცესი დამთავრდება, ამის შემდეგ დაიწყებს კაცობრიობა თავში ხელების ცემას, როგორ მოხდა, რომ ორი ცივილიზებული ერი ერთმანეთს გადაეკიდა, გააუბედურა და დაანგრია. დასავლეთი დასაწყისში საუბრობდა სამშვიდობო ინიციატივებზე; რაღაც პირობებით რუსეთი თანახმა იყო, გაეჩერებინა საომარი მოქმედებები; თითქოსდა უკრაინულმა მხარემ შესაბამისი შესაგებელი წარმოადგინა და თუმცა ჩემთვის, როგორც დამკვირვებლისთვის, ორივე პოზიცია არარეალური იყო, ყოველ შემთხვევაში, ამაზე საუბრობდნენ, მაგრამ ამან ერთ კვირას გასტანა და შეწყდა საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე, მშვიდობაზე და იმ პრობლემებზე, რამაც ეს ომი წარმოშვა, მოლაპარაკების მაგიდასთან განხილვაზე. ორივე მხარე განაგრძობს საომარ მოქმედებებს და ცივილიზებული დასავლეთი...

– მე უკვე აღარ ვიცი, რას ნიშნავს ცივილიზებულობა, თანამედროვე გაგებით.

– მესმის თქვენი კრიტიკული პასაჟი... ცივილიზებული დასავლეთი, რომელიც ყველაზე მოწინავეა განვითარებისა და ჰუმანურობის მხრივ, ვინაიდან ყველაფერი შედარებითია, თითქოს ვერ ხედავს ამ ტრაგედიის მშვიდობიანად დასრულების გზას და ერთადერთი ისაა, რომ თანამედროვე იარაღით ეხმარება უკრაინელებს. ჩემი აზრით, წარმოუდგენელი რამ ხდება: ომი კანიბალიზმის გამოვლინებაა ახალ დროში; გამოქვაბულში მცხოვრები ადამიანები მეზობელ ტომს რომ დაესხმებოდნენ თავს, ხოცავდნენ და რიტუალურად ჭამდნენ, დღეს კი გაერთიანებული სახელმწიფოები სხვა ერებს ესხმიან თავს, ხოცავენ ადამიანებს, ოღონდ აღარ ჭამენ, „საკრალური აქტი“ აღარ სრულდება, სამაგიეროდ, ჭამენ მათ სახლკარს, ეკონომიკას, დოვლათს, ნორმალურ ცხოვრებას. აღმოჩნდა, რომ წინ არც კი წავსულვართ გამოქვაბულის პერიოდთან შედარებით: რაც ხდება, ვუყურებთ, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას. მსოფლიო და განსაკუთრებით ჩვენი მედიასაშუალებები გულდამწვრები მოთქვამენ მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ, იგივე მოვლენები ვითარდებოდა სირიაში, ერაყში; იქაც ზუსტად ასეთივე ადამიანები იღუპებოდნენ და ძალიან ბევრნი, ქალაქებია მიწასთან გასწორებული და უფრორე, ვიდრე კიევი და სხვა ქალაქები, გარდა მარიუპოლისა; იქ მოქმედი პირები იყვნენ რუსეთი, სირიის ხელისუფლება, დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებიც და ჩუმად იყო მედია საზოგადოება. ეს ჩემთვის აღმაშფოთებელია. მეორე მხრივ, თავისუფალი უკრაინელი ხალხი დღეს ისჯება თავისი არჩევნისთვის ძლიერი მეზობლის მიერ – ესეც აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელი ამბავია. უკრაინელების მიერ დაშვებული შეცდომები სხვა საუბრის თემაა, ჩვენ რომ მოგვიწოდებენ, ვეკვეთოთ რუსეთს, ამაში რომ აზრს ვხედავდეთ, არც დავიხევდით უკან – ჩვენ ვართ ერი, რომელსაც უბრძოლია უიმედო ბრძოლებში, ლანგ თემურის 8 ლაშქრობაც საკმარისია და, საერთოდაც, ჩვენ წაგებულ ბრძოლებში დაღუპულ გმირებს უფრო ვაფასებთ. ასე რომ, ნურავინ დაგვაყვედრებს, რომ უნდა შევასკდეთ რუსეთს. თუ ჩვენ არ გვექნება წინასწარი გათვლა, რა შედეგს მივიღებთ, რა გამოვა აქედან?! ტერიტორიის 20 პროცენტი იმ უთანასწორო ომში დავკარგეთ და ოკუპირებული აქვს ოკუპანტ ქვეყანას; გვაქვს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საფრთხეები ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში, გვაქვს აჭარა, სხვა რეგიონები, სადაც რუსეთს ნაღმები აქვს ჩადებული.

– მარტო რუსეთს რომ ჰქონდეს, რამენაირად გავუძლებდით. თურქეთიც აქაა და ირანიც, ჩვენი ორი კავკასიელი მეზობელიც.

– თავისთავად ცხადია, მაგრამ ახლა რუსეთის წინააღმდეგ ლაშქრობაში გვიწვევენ და იმიტომ გამოვყავი. რა თქმა უნდა, თურქეთი და მძინარე მძვინვარე ლომი – ირანი. ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, კიდევ ერთხელ რომ შევახეთქოთ რიფებს საქართველო, შეიძლება, მეტიც დავკარგოთ და ჩვენს სახელმწიფოებრიობას შეექმნას საფრთხე. იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებული ყველა ქვეყნის ამოცანაა, დაასაბუთოს, რომ აქვს დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყნად ჩამოყალიბებისა და განვითარების უფლება და უნარი. ამდენად, კოშმარია, როდესაც ამ ყველაფერში გაურკვეველია საზოგადოება. ჩვენი ორ ჯგუფად გაყოფილი პროპაგანდისტული მედია სულ რაღაც სხვა, განყენებულ თემებზე მსჯელობს და საქმეში ჩაუხედავი სუბიექტებისგან გვესმის პროპაგანდისტული ნარატივი, რასაც აზრი არ აქვს.

ჩვენ კარგად ვიცით, რაც არის რუსეთი, მისი ცივილიზაციური პრობლემაც და რამაც გამოიწვია ამ ქვეყნის ასეთი მძიმე ბოლო ორსაუკუნოვანი ისტორია. ეს პრობლემაა და ვერ შეძლო ამ ქვეყანამ მოწინავე, ცივილიზებულ ფარგლებში მოქცევა. თანამედროვე პერიოდში მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი – საბჭოეთი, მაგრამ ისიც მარცხისთვის იყო განწირული, როგორც გადახვევა კაცობრიობის განვითარების ბუნებრივი გზიდან, ახლა დაიწყეს ახალი ცხოვრება და პუტინმა ვერაფერი იპოვა ახალი, გარდა იმპერიული ცხოვრების აღდგენისა სულ სხვა გეოპოლიტიკურ გარემოში. რა თქმა უნდა, ეს საფრთხეა ცივილიზაციისთვის, მეზობლებისთვის, აღმოსავლეთისთვის, დასავლეთისთვის. ასეთ პირობებში, რაც უნდა უმძიმესი იყოს გონიერი ადამიანებისთვის, მასთან საუბარი აუცილებელია, ვინაიდან მას ჰგონია, რომ მართალია, არადა პუტინი არ არის მართალი. მაგრამ მას არავინ ელაპარაკება, უბრალოდ, უღიმიან, როგორც ონავარსა და გონება რომ არ ჰყოფნის, ისეთ ადამიანს. ამ მოფერება-თვალის მოხუჭვაში კი ეს ადამიანი გამძვინვარდა, ეცა უკრაინელებს და უკვირს, ტაშით რომ არ შეხვდნენ. უკრაინელების მხრიდან შეხედეთ: რას სთავაზობს რუსეთი უკრაინელებს?!

– ვერაფერს, ისევე, როგორც ჩვენ.

– დიახ, განვითარების მაღალ დონეს – ვერა. ცივილიზაციას – ვერა, თავისუფლების მეტ ხარისხს – ვერა, პერსპექტივას – ვერა და, აბა რისთვის უნდა დაუკრან ტაში?! პრორუსული, რუსულენოვანი უკრაინაც კი ამასობაში, როგორც შახნაზაროვმა თქვა, ვერ შევნიშნეთ, მაგრამ ერად ჩამოყალიბებულაო. და ახლა ერთ ერად შეკრულები იბრძვიან უკეთესი მერმისისთვის, რაც მათ არ ეგულებათ რუსეთში და ეგულებათ დასავლეთში. ამის გააზრება რუსეთსაც უჭირს და დასავლეთსაც და რაღაც პოლიტიკურ ქულებს აგროვებენ.

– მე ვერ ვიგებ, რას შეცვლის აწ გარდაცვლილი რუსი მწერლებისა და კომპოზიტორების ნაწარმოებების აკრძალვა. სიძულვილზე სიძულვილით პასუხი.

– მე ეს მაინც ემოციური ფონით დაშვებული შეცდომა მგონია. ეს რას ნიშნავს? იმეორებენ იმას, რაც საბჭოთა რეჟიმმა დემოკრატიის შეზღუდვის პირობებში გააკეთა?! ბულგაკოვი უნდა აკრძალონ, რომელიც გასული საუკუნის 30-ან წლებში აკრძალული იყო საბჭოეთში?! ის, ვინც ამხელდა ტოტალიტარულ მმართველობას, მეორედ დასავლეთმა უნდა აკრძალოს, რომ ზუსტად გაიგოს რიგითმა დასავლელმა, რამ გამოიწვია დღევანდელი მოვლენები და რატომ დუმს რუსი ხალხი?! ამას აზრი არ აქვს და იმედი მაქვს, ეს შეიცვლება.

–მე არ მაქვს იმედი, „კარმენის“ ფინალი შეცვალეს; „ოსკარმა“ დააწესა კრიტერიუმები, რა ფერის კანი და ორიენტაცია უნდა ჰქონდეთ ფილმის პერსონაჟებს.

– დასავლეთს აქვს სერიოზული პრობლემები და რადგან ის უკეთესია სხვა პოლიტიკურ სისტემებზე, იქ კეთილდღეობის უფრო მაღალი დონე და თავისუფლების მაღალი ხარისხია, დიდხანს ეს შეუმჩნეველი იყო. ეს პრობლემები ტრამპის მმართველობის ბოლო პერიოდში წამოიწია. ამაზე აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ ჩვენც. მიუხედავად იმისა, რომ მე და თქვენ თითქოს ცივილიზაციის პერიფერიაზე ვცხოვრობთ და იმ წარსულის დაღი გვაზის, რომელსაც საბჭოთა ტოტალიტარიზმი ერქვა, მგონი, ჩვენ იმით ვართ დაწინაურებულები, რომ საღად და კარგად გვესმის, რა იყო ეს ტოტალიტარიზმი, განსხვავებით დასავლეთის ტვინის ტრესტებისა და პოლიტიკოსებისგან, ამიტომ ჯობია, ჩვენც ჩავერთოთ ამ დისკუსიაში, რადგან მათთვის შესაძლოა, რასაც კოელიო ამბობს, უცილობელი ჭეშმარიტება იყოს და რასაც ამბობენ ჩვენი მწერლები, პუბლიცისტები, საზოგადოება სულ არ მიაქციონ ყურადღება. ასეთია დასავლური მიდგომა: ისინი წინ არიან, მაღლა არიან და ჩვენ რა უნდა ვუთხრათ მათ ყურადსაღები?! მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავისუფლების იმ ციტადელს დიდი პრობლემები აქვს და ამ სერიოზულ პრობლემებს ქმნის მათი საზოგადოების ის ნაწილი, რომლებიც არ წარმოადგენენ ელიტას. საოცარი რამ მოხდა, დამფუძნებელი მამების, როგორც შოთა ნიშნიანიძე ამბობს, ძეგლებად ასვეტილი ადამიანების დამხობა დაიწყო. ეს არ არის განსაკუთრებული მოვლენა, შეხედულებების გადაფასება ყველა დროისთვისაა დამახასიათებელი და ცდილობენ, ეს პროცესი მშვიდობიანად წარმართონ, მაგრამ არ გამოვა: სერიოზული კატაკლიზმების წინაშე დადგება დასავლეთიც, თუ მან კრიტიკულად არ გაიაზრა თავისი წარსული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი