რატომ მოუტანა დესტაბილიზაციის საფრთხე საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს სამხრეთ კავკასიაში რამდენიმე ქვეყნის ინტერესთა ბალანსმა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 14:47 30.12, 2025 წელი
აქეთ არაბული ინვესტიციის გამო შფოთავს ჩვენი საზოგადოება, იქით – ღია კარის პოლიტიკამ მოამრავლა ყველანაირი წარმომავლობისა და აღმსარებლობის უცხოელები. და ეს ყველაფერი ხდება მიმდინარე გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, როდესაც ჩვენ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის დაკარგულები, სტრატეგიული მოკავშირის გარეშე, თითქოს თავისუფალ ცურვაში ვართ. რის იმედით შეიძლება, გავიდეთ ფონს, როდესაც ამდენი ინტერესი იკვეთება რეგიონში და კონკრეტულად ჩვენს ტერიტორიაზე. მით უფრო, რომ არც ისეთი მოკავშირე ჩანს, ვისთან ერთადაც შევძლებდით რაღაც მიმართულების არჩევას, მიუხედავად იმისა, რომ ვითომ გვემოკავშირებიან კიდეც. ამ თემას უსაფრთხოების ექსპერტ დავით კუხალაშვილთან ერთად განვიხილავთ.
– თითქოს ტრაგიკული სურათი დავხატე, მაგრამ მე ასე ვხედავ. ვაჭარბებ?
– შეკითხვა სწორადაა დასმული. ჩვენ რომ, სავარაუდოდ, გარკვეული სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს სახელმწიფოსთან ან სახელმწიფოებთან, ეს დაგვიდასტურა იმ მოვლენებმა, რომლებშიც ჩვენ ვიცხოვრეთ. ჩვენ, ფაქტობრივად, თავიდან ავიცილეთ ძალიან ბევრი კრიზისი – დაწყებული ყოფილი პრეზიდენტის ფარულად შემოყვანით და სხვადასხვა ტერორისტული საფრთხეებითა და სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობებით დამთავრებული. ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რომ ასეთი პრობლემების გადალახვა საქართველოს დამოუკიდებლად შეეძლო. სავარაუდოდ, არსებობს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო, რომლებთანაც გარკვეული ტიპის კოორდინაცია გვაქვს. მათ შორის, სადაზვერვო და, შესაბამისად, ინფორმაციების გაცვლა საქართველოს შედარებით უმარტივებს იმ ამოცანების გადაჭრას, რაც უკავშირდება არსებული კონსტიტუციური წყობილების შენარჩუნებას.
– ესე იგი, მთლად თავისუფალ ცურვაშიც არ ვართ ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე?
– წარმოუდგენელია, ზოგადად, რომ თავისუფალში ვიყოთ ან, ყოველ შემთხვევაში, უახლეს პერიოდში ვინმემ მოგვცეს იმის საშუალება, რომ თავისუფალ ცურვაში გადავეშვათ. ყველაზე მაღალი დაძაბულობის წერტილად მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის არსებობის პერიოდში ყოველთვის იყო და რჩება საქართველო. რეალურად აქ წყდება ის ძირითადი პრობლემა, რომელიც შემდეგ დომინოს პრინციპით შეიძლება, პირდაპირ გადავიდეს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებზე. ამიტომ აქ არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სათანადო სტრატეგია, სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო ინფორმაციები იმის შესახებ, თუ ვისთან ღირს გარკვეული ტიპის სტრატეგიული ურთიერთობის ჩარჩოზე საუბარი. სასაუბროა იმ შემთხვევაში, თუ ვგულისხმობთ დიდ და პატარა ქვეყანას შორის ურთიერთობებს. შესაძლებელია გარკვეული მიმართულებით სტრატეგიული ინტერესების გადაკვეთის წერტილების მოძებნა და ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის რაღაც გამოსავალი უფრო აშკარა და ნათელი გახდება. საბოლოო ჯამში, მე მაინც ვფიქრობ, რომ მიუხედავად საქართველოში უცხო სახელმწიფოების დიდი კონკურენციისა, ალბათ, მაინც ამოწურვისკენ წავა პროცესი, თუ რომელიმე ქვეყანა მიიღებს სრულ დომინირებას. ყველაფერი დამოკიდებულია იმ პროცესებზე, რაც ქვეყნის გარეთ მიმდინარეობს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ყოველგვარი სისხლის ზღვის გარეშე შეინარჩუნოს, თუნდაც, ის მდგომარეობა, რომელშიც ვართ; შეინარჩუნოს ის სტაბილურობა, რაც აუცილებელია ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის და არა მარტო განვითარებისათვის, ზოგადად, არსებობისთვის.
– ახსენეთ ერთი ძალის დომინირება. ადრე მიიჩნეოდა, რომ სხვადასხვა ინტერესი აბალანსებდა ერთმანეთს და უსაფრთხოების გარანტიებს ქმნიდა რეგიონში და საქართველოშიც. რომელიმე ერთის დომინირება ჩვენთვის პლუსია თუ პირიქით?
– დიახ, ჩვენ გავიარეთ პერიოდი, როდესაც იყო მოსაზრება, რომ რამდენიმე ინტერესით შესაძლებელი იყო სტაბილურობის მიღწევა, მაგრამ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს მიდგომა, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს სტაბილურობისათვის არ აღმოჩნდა ხელსაყრელი პირობა. ამდენად, მე მაინც ვფიქრობ, რომ, ყოველ შემთხვევაში, დღეს ყველაფერი იქითკენაა მიდრეკილი, რომ სამხრეთ კავკასიაზე კონტროლისათვის ემზადებიან სახელმწიფოები: ეს უფრო სრული კონტროლი იქნება, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ აქ ისევ მოხდეს დომინირების გაყოფა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ გაყოფამ ძალიან ბევრი მადესტაბილიზებელი ფაქტორი შეიტანა როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანისა და სომხეთის პოლიტიკური უსაფრთხოების სისტემებში. ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ალბათობის მაღალი ხარისხით – ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გეგმა, რაც ჩანს უცხო ქვეყნების სადაზვერვო ინტერესებში, რომელსაც შესაძლებელია განხორციელება ეწეროს, ეს არის მკვეთრი და მასშტაბური დაპირისპირების ინსპირირება საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ეს მიმართულება განსაკუთრებულად ფეთქებადსაშიშია, თუ გავითვალისწინებთ, რა ტიპის კომპაქტური დასახლებებია საქართველოში და, თუნდაც, საქართველოში არ განხორციელდეს ეს განსაკუთრებული აქტივობები, არც ის არის გამორიცხული, რომ ყარაბაღის თემა კიდევ გადათამაშდეს მადესტაბილიზებელი გარემოების ჩამოსაყალიბებლად.
ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის კონფლიქტი გარკვეულწილად მაინც დასრულების ფაზაში გადადის, ჩვენთან უფრო იზრდება კრიზისის ფაზა, ვინაიდან ყველამ იცის, რომ უკრაინის კონფლიქტის დასრულების შემდეგ ყურადღება გადავა დანარჩენ ტერიტორიებზე. აქაც მხოლოდ ერთი ინტერესია – განხორციელდეს, რაც შეიძლება, მაღალი დონის დომინირება. უნდა შევთანხმდეთ, რომ აი, თითქოსდა დაბალანსებულმა ინტერესებმა და დომინირების ზონების გაყოფამ საქართველოში დესტაბილიზაციის მრავალი ფაქტორი შემოიტანა და ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან კარგად დაგვანახვა, თუ როგორ შეუძლიათ სპეცსამსახურებს საკუთარი ნების აღმსრულებელი, მათ შორის, სადაზვერვო ხასიათის აგენტურული საქმიანობის განმახორციელებელი პირების გამოყენება. ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ მხოლოდ იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც მოხდა და, ალბათობის მაღალი ხარისხით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სტრატეგიული გეგმა იმ მიმართულებითაც, თუ რა არის სახელმწიფოსთვის უფრო მნიშვნელოვანი და უსაფრთხოების გარანტიების შემქმნელი: დომინირების ზონების დივერსიფიცირება ამ ერთი სახელმწიფოს მასშტაბით თუ მხოლოდ ერთი სახელმწიფოს დომინირება და სადაც უფრო მეტი იქნება უსაფრთხოების გარანტია, ვფიქრობ, სახელმწიფომ იმაზე უნდა გააკეთოს აქცენტი.
– უკრაინაში ფინალისკენ წასვლა ავტომატურად ნიშნავს სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის კერების შექმნას და ასეთი სავარაუდო კერებია: ქვემო ქართლი ან სამცხე–ჯავახეთი, ან ყარაბაღი. მეორე მხრივ, არის მოსაზრება, რომ ამ სქემას იყენებდა რუსეთი.
– ამას მარტო რუსეთი არ იყენებდა. თუმცა იყო ეს მოსაზრება, იმიტომ რომ პროპაგანდისტული მანქანა მუშაობდა. ზოგადად, საქართველოში განსაკუთრებული აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ მხოლოდ რუსეთი წარმოადგენს მტრულ სახელმწიფოს და მხოლოდ ის აკეთებს ისეთ რაღაცებს, რასაც სხვა, მაღალი დემოკრატიის მქონე ქვეყნები არ აკეთებენ. მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ მაღალი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოების მართვით, საქართველოში იმ დონის პოლიტიკური დესტრუქცია წავიდა, რომ შესაძლებელი იყო, კონსტიტუციური წყობილება ძალადობრივად დამხობილიყო. ყველაზე ცუდი, რაც ამ პროცესიდან დაგვრჩა, არის ძალიან დიდი განხეთქილება საზოგადოებაში. საზოგადოება ისეთ დონეზეა დაყოფილი, რომ ერთიანობის მიღწევას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დამოუკიდებელ ქვეყანას, წლები დასჭირდება. სამწუხაროდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ კანონის ჩარჩოში მოქცეული რეპრესიული მოქმედებების გარეშე სტაბილურობის მიღწევა ძალიან ძნელი იქნება.
– ბრძანეთ, რომ შესაძლოა, საქართველომ უნდა აირჩიოს ერთი დომინანტი პარტნიორი, მაგრამ ეს არჩევანიც ხომ გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული? როდესაც მთავარი მოთამაშეები მოიცლიან სამხრეთ კავკასიისთვის, მათ შორის, საქართველოზე გავლენის საკითხიც ხომ მათი მორიგების თემაა?
– მე მაინც ვფიქრობ, რომ, როდესაც საკმაოდ დაცულ ტერიტორიაზე შეხვდნენ ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები, იმ სტრატეგიულ გეგმებში, ფაქტობრივად, გაიწერა დომინირების ზონები. ალბათობის მაღალი ხარისხით, აი, იმ დიდ განხილვაზე სამხრეთ კავკასიის საკითხიც არის მოგვარებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშვიდი ცხოვრება მოგვიწევს. ჩემი აზრით, სამწუხაროდ, მოხდება გარკვეული კონსერვაცია იმ ჯაშუშული და აგენტურული აპარატისა, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფომ ბოლო 35 წლის განმავლობაში აქტიურად ჩანერგეს სხვადასხვა სტრუქტურებში. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი საფრთხეა, რომელიც პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხედ უნდა იყოს აღქმული ნებისმიერი ხელისუფლების მიერ. მაგრამ მაინც დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. დღეს მსოფლიოში დომინირებისთვის მებრძოლი ორი სახელმწიფო ჩანს და მათი შეხვედრა სწორედ ამას მიანიშნებდა: ეს არის რუსეთის ფედერაცია და ამერიკის შეერთებული შტატები. და მე კიდევ ერთხელ მივუბრუნდები ერთ მნიშვნელოვან თემას, რომ, როდესაც ასეთი ტიპის სახელმწიფოები ერთმანეთთან მოლაპარაკებებზე სხდებიან, ძალიან კარგად იციან, რომ მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააზიანონ ერთმანეთის ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დომინირებისთვის მებრძოლის როლსაც დაკარგავენ. სავარაუდოდ, ალბათ, ევროკავშირის მიმართულებითაც განხორციელდება ქმედებები, იმიტომ რომ ევროკავშირმა ავტონომიური მოქმედებების ციკლში გადასვლა მოინდომა, რაც, შესაბამისად, უფრო მაღალი სარგებლის მიღებას ნიშნავდა და რამაც გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების გაღიზიანება, ვინაიდან ევროკავშირის არსებობა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების სიძლიერესა და ქმედებებზე და, რა თქმა უნდა, „ნატოზე“ იყო დამოკიდებული.
– ვერ ვიგებ, რატომ ეწინააღმდეგებიან ბოლომდე ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ომის დასრულებას, რატომ მიერეკებიან ადამიანებს სასკლაოზე, რა მოგებას ნახულობენ ამით. რა ბენეფიტი მოაქვთ მათთვის უკრაინელების დაღუპვასა და უკრაინის სახელმწიფოს კიდევ უფრო დაგლეჯვას?
– გითხარით, რომ ევროკავშირს გარკვეული ავტონომია სურს და ამან გააღიზიანა ამერიკის შეერთებული შტატები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება უნდა აღვნიშნოთ: თუმცა ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი მყარი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ამ ეტაპზე შეინიშნება, რომ რაღაც აცდენები აქვთ თავიანთ სტრატეგიებში. ამდენად, ეს გაუგებრობა იწვევს იმ აცდენას, რაც საერთაშორისო არენაზეა ამ სახელმწიფოებს შორის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





