რატომ მოითხოვს აშშ საქართველოსგან ჩინეთის, რუსეთისა და ირანისადმი დაპირისპირებას, როდესაც თავად მათთან შეთანხმებებს აფორმებს
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 04.06

ცნობილია, რომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო, ეგრეთ წოდებული, მეგობარი აქტი, თუმცა, სახეცვლილი და ის მიმართულია საქართველოში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენის წინააღმდეგ, ხოლო, თუ ამ დავალებას კარგად შევასრულებთ, აშშ-მა შესაძლოა, განიხილოს ვიზალიბერალიზაციისა და ქართული პროდუქციის აშშ-ურ ბაზარზე შეტანის შესაძლებლობა. მეორე მხრივ, აშშ მოლაპარაკებებს მართავს ირანთან, სხვათა შორის, რუსეთის შუამავლობითაც, ჩინეთთან დაარეგულირა ტარიფების თემა და შეხების წერტილებიც მოინახა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტს აშშ-ის პრეზიდენტი ფრიად დიდხანს და ნაყოფიერად ესაუბრა, მათ შორის, თავის მეუღლე მელანიაზეც. შესაბამისად, იბადება კითხვა: თუ თავად სამივესთან აგვარებს ურთიერთობას, ჩვენთვის რატომაა გამოყოფილი ამ სამივესთან დაპირისპირების როლი? – ამ თემაზე სოსო მანჯავიძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.
– თავად იმეგობრებენ ჩინეთთანაც, რუსეთთანაც, ირანთანაც, ჩვენ კი ვიმოქმედებთ პათოსით: „ჩვენი გმირები დასცხებენ ზარბაზნებით, თოფებით და ტანკებით“? ცოტა უცნაური ლოგიკაა.
– მართლაც, გასაოცარი ლოგიკაა. აბსურდულობის ხარისხი, რომელიც არის ამ „მეგობარ აქტში“, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-ის კონგრესი არის აბსოლუტურად კორუმპირებული. შეგახსენებთ, რომ ეს ორპარტიული აქტია და იმ დროს, როდესაც „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის პოლიტიკური ომია გაჩაღებული, ვიღებთ კონსენსუსს საქართველოსთან დაკავშირებით, მხოლოდ 42 დეპუტატი იყო წინააღმდეგი. სხვათა შორის, აშშ-ის მედიაში, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ამ აქტის შესახებ დუმილია. სამაგიეროდ, ქართულ საინფორმაციო საშუალებებში, მათ პროქსი-საშუალებებში ჟივილ-ხივილია ამტყდარი. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ შეერთებულ შტატებს არ უნდა აქ ჩინეთის დაშვება და არც რუსეთის გაძლიერება. აქედან გამომდინარე, მართალია, დიდი ბიჭები ერთმანეთთან თათბირობენ, მაგრამ თითიეული ცდილობს, თავისი საქმე გააკეთოს აქ.
– მე მესმის, რომ აშშ-ის ინტერესია, აქ არ იყოს იმ სამის გავლენა და ეს ლოგიკურია, მაგრამ, როდესაც დოკუმენტის დონეზე მე მაქეზებ და, იმავდროულად, ამით იმ სამსაც ეუბნები, აქ მე შენ მოგიწყობ პროვოკაციებს, როგორ აღიქმება იმ სამის მიერ და მაშინ ჩვენ ვინ გამოვდივართ? არავინ?
– ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ სახელმწიფო, რომელმაც გაბედა და თავის დროზე არ შეასრულა ის ინსტრუქციები, რომლებიც მოდიოდა მათგან და მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ბაიდენის ინსტრუქციები იყო თუ ბაიდენის მოწინააღმდეგის, იმიტომ რომ ისინი ჩვენ კოლონიად აღგვიქვამენ და როგორ გაბედა კოლონიამ ურჩობა. რადგან ურჩობა ამერიკის მიმართ გამოვლინდა, ამდენად, იმ კონგრესმენებმა საქართველოსადმი ეს განწყობა გამოავლინეს. ვიმეორებ, მათ უნდათ, რომ აქ ჰყავდეთ თავიანთი აგენტურა, სხვები არ უნდათ. ანუ ისინი ქართველ ხალხად მიიჩნევენ მათ, რომლებიც მათი აგენტები არიან. დანარჩენები არ უნდათ. ამას არა მარტო ამერიკელი კონგრესმენების ეს ყბადაღებული აქტი ადასტურებს, არამედ ელჩების ქცევაც საქართველოში. ეს არის ევროკავშირის დეგრადირებული პოლიტიკური კლასის ყოვლად აღვირახსნილი ქცევა, რის მიმართაც არნაირი სალანძღავი სიტყვა არ იქნებოდა ზედმეტი. წარმოიდგინეთ გერმანიის ელჩი, სხვა ელჩებთან ერთად, დადის სასამართლოში. ეს არის სრულიად კომიკური, ისევე, როგორც კომიკურია ევროკავშირის ელჩის ქმედებები. მაგალითად, როდესაც საფრანგეთს ისეთი სუბიექტი წარმოადგენს, როგორი ელჩიც ჰყავთ, ჩვენ უნდა სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ იმ მსოფლიოზე, რომელიც ჩვენ გარშემო ჩამოყალიბდა. ისინი სრულად შეესაბამებიან იმ მოპოლიტიკოსო ჯგუფებს, რომლებსაც მხარს უჭერენ. მაგალითად, სრული შესაბამისობაა საფრანგეთის ელჩსა და გრიგოლ გეგელიას შორის და ასე შემდეგ. ისინი ერთი მენტალობის, დონისა და განათლების ხალხია და, ბუნებრივია, მათ აქვთ მიზიდულობა ერთმანეთისადმი. როდესაც მაკრონი იქნება საფრანგეთის პრეზიდენტი, შოლცი – გერმანიის კანცლერი, თავისი ანალენა ბერბოკით, რაზეა ლაპარაკი.
– ბერბოკი თეთრი შარვლით რომ ჩავიდა ალ-ჯულანთან, ეს იყო ჩემთვის აუხსნელი მოქმედება.
– დიახ და ხან ჩინელებს რომ უკითხავს ნოტაციებს და ხან სახალიფოს ყოფილ მებრძოლებს, რომლებიც მას დიდი სიამოვნებით მოჭრიდნენ თავს, უბრალოდ, ახლა პოლიტიკურად არ არის მათთვის მისაღები ასეთი ქცევა. ეს არის დეგრადაცია და როდესაც ღმერთს ადამიანის დასჯა უნდა, მას გონებას ართმევს. ის, რაც ხდებოდა „ევროვიზიაზე“, თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ ვერაფრით გაიგო, რომ იქ გამოსვლა არ შეიძლება; ის, რაც ოლიმპიადის გახსნაზე ხდებოდა; ის, რაც ხდება სრულიად მარგინალური ლიბერალური იდეოლოგიის თავს მოხვევის მცდელობისას, ხომ სრული დეგრადაციაა?! ეს ის არის, რაც ხდებოდა რომის იმპერიაში მისი დაღუპვის წინ; ეს ის არის, რაც ხდებოდა სოდომისა და გომორის დაღუპვის წინ. ისტორიაში აღწერილია ბევრი ასეთი შემთხვევა. წარმოუდგენელ რამეებს ვუყურებთ და უბედურებაა, რომ აქაც გვყავს მათი დეგრადანტები. საქართველოში, ამ უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში, ექვსი გათხოვილი მამაკაცი გამოგვიგზავნეს რევოლუციის მოსაწყობად.
– როდესაც გინდა, რომ ქვეყანას, გინდა კოლონიად აღიქვამდე და გინდა დედოფლად, მოახვიო თავს შენი იდეოლოგია და გავლენა განიმტკიცო, ხომ უნდა გაითვალისწინო, რა მეთოდი გაჭრის იქ, თუ მართლაც მიზნის მიღწევა გინდა?
– ზუსტად ამას ვამბობ, აღარ არის დამახასიათებელი ეს გათვლები და რაციონალური დამოკიდებულება იმ პოლიტიკური კლასისთვის, რომელიც ჩამოყალიბდა ევროპაში. გლობალისტებს გონება აქვთ წართმეული, თავის დროზე შეიმუშავეს დოქტრინები მესამე სამყაროს ქვეყნების გასანადგურებლად, მაგრამ თვითოვე მოექცნენ თავიანთ ხაფანგში. მაგალითად, საფრანგეთში, ისევე, როგორც გერმანიაში, არაჩვეულებრივი განათლების სისტემა იყო. საფრანგეთის კოლონიურ ქვეყნებში, ბუნებრივია, ვრცელდებოდა ფრანგული განათლების სისტემა. კოლონიებში ის სისტემა დარჩა, რეფორმა არ გაუტარებიათ, საფრანგეთში კი ის რეფორმები გაატარეს, რაც ლომაიამ – ის ხომ ევროპული რეფორმების კოპირება იყო?! და გასაოცარი ის არის, რომ საფრანგეთის კოლონიებში კლასიკური ფრანგული განათლების სისტემით მიღებული განათლება გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ის, რასაც დღეს იღებენ ფრანგები რეფორმირებულ განათლების სისტემაში. ანუ თვითონვე მოექცნენ თავიანთი სისტემის ტყვეობაში და ვხედავთ ამის პროდუქტს. დე გოლის, ნაპოლეონისა და დიდი ფრანგი მოღვაწეების შემდეგ საოცარ პერსონებს, რომელთა ქცევა იმდენად ირაციონალურია, რომ ნორმალურ ადამიანს უჩნდება ეჭვი, რომ ეს თამაშის ნაწილია, რეალურად კი ეს არანაირი თამაშის ნაწილი არ არის. ისინი არიან თავისივე იდეოლოგიური გამოთაყვნების პროდუქტები.
– საბოლოოდ, რა შედეგს მოუტანს მათ ეს. საით მიდიან, რისკენ?
– უნდათ, აიღონ ვალი, რომ გააკეთონ მილიტარიზაცა და რისთვის უნდათ მილიტარიზაცია? შექმნეს ილუზია, რომ მათ რუსეთი ესხმით თავს. სინამდვილეში ხომ გასაგებია, რაც ხდებოდა?! მიდიოდა გეოპოლიტიკური ბრძოლა, რის მიზანიც იყო რუსეთის დაშლა. ეს გლობალისტების ცნობილი განზრახვაა და შეიძლება, ადრე თუ გვიან, განხორციელდეს. მე არ ვამბობ, რომ რუსეთი უცვლელი კონსტანტაა და არც თვითონ არიან კონსტანტა. საერთოდ, ყველა სუპერსისტემას აქვს თავისი პრობლემები და ცდილობენ, ეს პრობლემები სხვების პრობლემების ხარჯზე გადაწყვიტონ. რისკენ მიდის ეს პროცესი?! ატომური განადგურებისკენ, მაგრამ ისინი ამ აშკარა პერსპექტივას ვერ ხედავენ. გამოვიდა გერმანიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი და განაცხადა, რომ ბალტიის ზღვა რუსეთისთვის უნდა დაკეტონ, რასაც მოჰყვა ინციდენტები ბალტიის ზღვაში. ხომ ცხადია, რომ ბალტიის ზღვისა და არქტიკის გადაკეტვა პირდაპირი ატომური ომია?! კინაღამ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები და ვინც კითხულობს ანალიტიკოსების წერილებს, შეუძლია, გაეცნოს, სადამდე მივიდა საქმე. აპირებდნენ რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ერთ-ერთი ტანკერის დაპატიმრებას, საპასუხოდ რუსებმა ავიაცია ააფრინეს და ემუქრებოდნენ ცეცხლის გახსნით იმ ნავებისადმი, რიმლებმაც ალყა შემოარტყეს ტანკერს. მეორე ინციდენტიც მოხდა: ის რუსებმა ჩაიდინეს და დროზე რომ არ გაჩერებულიყვნენ, არავინ იცის, სადამდე მივიდოდა პროცესი. გამოკითხვებს ატარებენ, თუ როგორ დაკეტონ ბალტიის ზღვა. გასაგებია, რომ გინდა, დაკეტო, მაგრამ იმაზეც ხომ უნდა იფიქრო, ამას რა მოჰყვება?! ხომ გასაგებია, რომ ისინიც იმავე მოქმედებებს განახორციელებენ და უარესს?! ეს ინფრასტრუქტურული ომია. თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ყველაფერი გადაჯაჭვულია, დიდ ქვეყნებს შეუძლიათ, გამოუსწორებელი ინფრასტრუქტურული ზიანი მიაყენონ მეორე ქვეყანას. იმავე ფინეთის ყურეში იმდენი კაბელია, რომ მთელი რეგიონების პარალიზება შეიძლება, აქედან გამომდინარე შედეგებით. აღარაფერს ვამბობ ტრანსატლანტიკურ კაბელებზე. ვიმეორებ, ესკალაცია უმართავია და ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, წარმოუდგენელი ზიანი შეიძლება, მიაყენო მოწინააღმდეგესაც და საკუთარ თავსაც. ამის მიუხედავად, სრულიად წარმოუდგენელი გეგმები და განზრახვები გვესმის, რომლის საბოლოო შედეგების მოდელირება არ უნდა იყოს ძნელი, მაგრამ, თუ ჩვენ მომავლიდან დავინახავთ წარსულს, ხომ ნათელი იყო, რით დამთავრდებოდა მეორე მსოფლიო ომი?!
– გერმანია რომ ამდენ ქვეყანას ვერ მოერეოდა, ეს იყო ფაქტი.
– რა თქმა უნდა, მაგრამ, როდესაც პროცესის მონაწილე ხარ და თავს გრძნობ ასეთი ძალის პატრონად, გონება გებინდება. ხომ გვახსოვს ცხინვალის ისტორია?! ხომ გასაგები იყო, რა პერსპექტივა გველოდა?! შეიძლება, ორ და ხუთ დღეში არ მოგვემთავრებინა, მაგრამ, ელემენტარული რამ თუ იცი, გასაგები იყო, რომ რუსეთი ვერაფრით დაუშვებდა, საქართველოს ცალმხრივად დაერღვია ხელშეკრულება და იქიდან გამოეყარათ რუსი სამშვიდობოები, დაემარცხებინა მათი კლიენტურა და მათი კლიენტურაა ცხინვალში. ეს გაფორმდებოდა, როგორც რუსეთის დამარცხება. რუსეთი კი აგებულია ძალაზე, ის არის უფროსი ჩრდილო კავკასიაში და ეს გამოიწვევდა ჩრდილო კავკასიის აალებას, რაც რუსეთის საშინელ დამარცხებას ნიშნავდა და ამას, ბუნებრივია, პასუხი მოჰყვებოდა. როდესაც ამაზე ვლაპარაკობთ, პასუხად ისტორიულსა და ზნეობრივ არგუმენტებს იშველიებენ, რაც უადგილოა. იმავე სურათს ვხედავთ ახლაც. ისიც ხომ გვახსოვს, მაშინ რა მოლოდინი იყო?! ბევრ ქართველს ეგონა, რომ შევვარდებოდით, მოვიგებდით ომს და რუსეთს დავამარცხებდით. ეს ემოციურად შეიძლება, გასაგები იყოს და მოსაწონი, მაგრამ რეალურად ასიდან ას შემთხვევაში ის შედეგი რომ იქნებოდა, რაც იყო, ამას ხომ უნდა მიმხვდარიყავი?! სამწუხაროდ, ეს იმის მაგალითია, რომ ურა-პატრიოტული და ემოციური მიდგომა გეოპოლიტიკური კანონზომიერებისადმი დამღუპველ შედეგს იწვევს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან