რატომ მოიმატა ფსიქიკურმა აშლილობებმა, დაავადებებმა და დანაშაულმა და როგორაა დაკავშირებული ეს ცვლილებები სამყაროში მიმდინარე მოვლენებთან
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 14.02, 2024 წელი

ანომალიური მოვლენები დედამიწაზე ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ ბოლო დროს ისინი უფრო გახშირდა და ადამიანებიც საკმაოდ უცნაურად ვიქცევით. ამას დაემატა ვირუსების შემოტევაც, რაც, ანომალიური მოვლენების მკვლევართა აზრით, დაკავშირებულია ტრანსფორმაციასთან: დედამიწის სიხშირეც იცვლება, ელექტრომაგნიტური ველიც და, ზოგადად, ყველა ის პროცესი, რაც ჩვენს საარსებო გარემოს ახასიათებდა, შეიცვალა. ეს ცვლილებები ადამიანის სხეულზეც აისახება, ფსიქიკაზეც, ფიზიოლოგიაზეც და საკმაოდ ძლიერ რყევებსაც იწვევს. რა პროცესია ეს და როგორაა შესაძლებელი ამ პერიოდის მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ გადატანა, იმას გარდა, რომ ადამიანებს, თითქოს, არსაიდან უჩნდებათ ახალი უნარები, იწყებენ ხატვას, ლექსების წერას, სიმღერას, მუსიკის წერას და ეს არსად უსწავლიათ – ამ თემაზე ანომალიური მოვლენების მკვლევარი ერეკლე შონია გვესაუბრება.
– ბუნება, სამყარო ყოველთვის ცდილობს, დააბალანსოს ნებისმიერი ცვლილება. ამჯერად როგორ, რის საშუალებით ხდება ეს?
– ანომალიური მოვლენების შესწავლის პროცესში საკმაოდ დიდი ცოდნა დაგროვდა, ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ, ბუნებაში, საზოგადოებაში მიმდინარე ანომალიების შესახებ. იმისთვის, რომ დედამიწის განვითარებაში არ მოხდეს გადახრა და კაცობრიობა თანმიმდევრულად განვითარდეს, არსებობს მომწესრიგებელი ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც აქვთ გარკვეული ნიჭ-უნარები და კავშირი ცასა და მიწას შორის, მარტივად რომ ვთქვათ: მიწაა შიდა სივრცე, სადაც ვცხოვრობთ ჩვენ და ცა – გარე სივრცე, სამყაროს ღვთაებრივი ორგანიზმი. ამ ორსაწყისიან სამყაროში თითოეული სული თავის გარკვეულ წრთობას გადის. აკეთებს საქმეს როგორც საკუთარი სულისთვის, ისე ღვთაებრივი ორგანიზმისთვის. თითოეულ სულს თავისი გზა აქვს და ეს არის საერთო, დიდი, ღვთაებრივი გზის ნაწილი, რომელიც არავინ იცის, სად მიდის. არსებობს ბევრი თეორია, ფილოსოფიური გააზრებები, მაგრამ ჩვენთვის ამ ეტაპზე მთავარია, დავინახოთ ასეთი ადამიანების დანიშნულება. ეს ადამიანები დედამიწის ამა თუ იმ კონკრეტულ რეგიონში ცხოვრობენ, ვინაიდან, თურმე, დედამიწაზე ყველა რეგიონს აქვს თავისი დანიშნულება, მათ შორის, კავკასიას, საქართველოს, ტიბეტს, ბალკანეთს, სამხრეთ ამერიკას, სადაც დიდი მუხტია. ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები შეგუებული არიან აქაურ წესებს, ტრადიციებს, გარემოს და აქვთ თავიანთი ფუნქცია. ზოგს თავისი დანიშნულების მიხედვით აქვს რწმენა-წარმოდგენები და ფუნქციები, მათ შორის, თუ როგორ უნდა ემსახურებოდეს ან სხვა ადამიანს, ან სოციუმს, ან სამყაროს, რომ გადაარჩინოს ის ადგილი, სადაც ცხოვრობს. ეს კონკრეტული ადგილები, რომლებიც ჩამოვთვალე, არ არის იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ იზოლაციაში, არამედ ზოგად დედამიწურ ფუნქციას ასრულებენ. სულებს აქვთ თავიანთი ფუნქცია. ისინი აგროვებენ გამოცდილებას, შემდეგ მათი ნაწილის შეშვება შეიძლება ღვთაებრივ ორგანიზმში, ნაწილის – არა, იმიტომ რომ დავირუსებული არიან და წმენდა უნდა გაიარონ.
– ჩვენ ვიბადებით აქ და არა სხვაგან იმიტომ, რომ აქედან უნდა შევასრულოთ ფუნქცია?
– თუ ჩვენ მოვედით გარკვეულ ტერიტორიაზე, გვაქვს ფუნქცია; და თუ ეს ტერიტორია ჩვენ გვმუხტავს, ასევე, ჩვენც ვმოქმედებთ მასზე და მთლიანად ღვთაებრივ ორგანიზმზე. თითოეულ სულს მიცემული აქვს თავისუფალი ნება და სამყაროსეულ პატარა მონაკვეთში გარკვეული წესები იცავს ამ კონკრეტულ ტერიტორიებსაც და დედამიწასაც. როდესაც კრიზისული პერიოდები დგება და საშიშროებაა, რომ ჩვენ შეიძლება, ერთმანეთი დავხოცოთ, ამის საშუალებას არ მოგვცემენ. ისევე, როგორც იმის საშუალებას, გავაკონტროლოთ, თუ რამდენი სული უნდა დარჩეს დედამიწაზე, მაგალითად, მილიარდი. სამყარო არ ერევა ცალკეული სულის განვითარებაში, იმიტომაც მათ მინიჭებული აქვთ თავისუფალი ნება და არც კაცობრიობის განვითარებაში. მაგრამ, როდესაც მივდივართ იმ წერტილამდე, რომ დგება კაცობრიობის ან პლანეტის განადგურების საფრთხე, იმის დასარეგულირებლად, რომ სამყაროსეული რთული მონაკვეთი იოლად გაიაროს კაცობრიობამ და შეეგუოს ახალ წესებს, რომ არ დაინგრეს, ბევრი სხვადასხვა ძალა მოქმედებს შეთანხმებულად. გვყავს კურატორები, რომლებიც არა მხოლოდ კაცობრიობის გადარჩენას ცდილობენ, არამედ ჩვენ განგვიხილავენ, როგორც სისტემა-სახეობას და ამ დადგენილი წესის მოშლა, თუნდაც, ფუტკრების, მცენარეების, ადამიანების გადაშენება დიდ სირთულეებს გამოიწვევს. ამიტომ ის ძალა, რომელიც კურირებს დედამიწას, ცდილობს, სისტემა-სახეობა გადაარჩინოს, რომ ამ სისტემა-სახეობის წარმომადგენლებმა თავიანთი ნორმალური ევოლუცია გაიარონ და ეს ევოლუცია არა მხოლოდ ბიოლოგიურია, არამედ ზნეობრივი. იგულისხმება, რომ ტექნოლოგიურმა განვითარებამ არ უნდა გადაუსწროს ზნეობრივ განვითარებას. კაცობრიობა ცოტა აგრესიულია, მკაცრ გარემოში ცხოვრობს და რასაც კი ხედავს, ყველაფრისგან იარაღს აკეთებს. ნებისმიერ გამოგონებას ადამიანი იყენებს როგორც დადებითად, ისე უარყოფითად. სანამ ჩვენ ტექნიკური განვითარების დაბალ ზღვარზე ვიყავით, შიდა ომები, გადანაწილებები შიდა სახეობრივ ბრძოლად მიიჩნეოდა, ამიტომ გარე დამკვირვებლები არ ერეოდნენ ან ძალიან ფრთხილად ერეოდნენ, განსაკუთრებით, იმ საზოგადოების დაცვაში, რომლებიც მათი ემისრები იყვნენ. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქ შემოჰქონდათ პროგრესი, სიახლე. პარალელს გავავლებ ტვინთან: შუბლის შუა წილი ლოგიკაზეა პასუხისმგებელი და აქ რომ გადარჩეს, აგროვებს ბევრ ინფორმაციას, მათ შორის, იმახსოვრებს საშიშროებებს. მაგრამ ადამიანს, ასევე, აქვს ნათხემი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის კავშირს სამყაროსთან, ზუსტად არ არის დადგენილი, ნათხემის რომელი ნაწილია ამაზე პასუხისმგებელი, მაგრამ, ზოგადად, ნათხემია პასუხისმგებელი ინტუიციურ წინასწარმეტყველებებზე. მე თუ მარტო ლოგიკას დავეყრდნობი, პროგრესს ვერ განვიცდი. ამ დროს კი, ვისაც ნათხემი უაქტიურდება, ეწყება კავშირი სამყაროსთან, ღმერთთან, როგორც გინდათ, უწოდეთ. ნათხემს აქვს წვდომა უკიდეგანო ინფორმაციასთან. იხსნება ნიჭ-უნარები. ასეთი ადამიანები კაცობრიობას სიახლეებს სძენენ და იგულისხმება ყველა სფერო. ასეთი ადამიანების ერთობა ეშველება კაცობრიობას.
– იგულისხმება ის 144 000, რაც ბიბლიაშიცაა ნახსენები?
– ეს პირობითი რიცხვია, სინამდვილეში ყველა სულია ღვთაებრივი პოტენციალის მატარებელი. ზუსტად არავის დაუთვლია ასეთთა რაოდენობა. კაცობრიობა რომ არ გადაიჩეხოს, ასეთი ადამიანები კაცობრიობას უქმნიან კალაპოტს. მოგეხსენებათ, როდესაც დედამიწაზე გარკვეული სირთულეები იწყება, პლანეტაზე მოდის პოტენციალი და ეს პოტენციალი დაანგრევს თუ ბიძგს მისცემს განვითარებას, დამოკიდებულია ადამიანებზე. პოტენციალის მოსვლისას, როდესაც დედამიწა მძიმე უბანს გადის, ამ დროს მოსული ახალი ვიბრაციები, თუ სწორად ვიყენებ, დიდ ნახტომში მეხმარება და ადამიანი და კაცობრიობა განვითარების სულ სხვა საფეხურზე ადიან; თუ არა, მაშინ ეს მომატებული დაძაბულობა ხდება გეოფიზიკური დაძაბულობის საფუძველი. იწყება დაძაბულობა დედამიწის გულში. აქტიურდება ბუნებრივი კატაკლიზმები: ვულკანების აქტიური ამოფრქვევა, მიწისძვრები, ცუნამები. ეს ახასიათებს მსგავს პერიოდებს და მერე უკვე თავად ეს დაძაბულობა მოქმედებს ადამიანზე. ადამიანი აღგზნებულია, დაძაბულია. ეცვლება ყველაფერი: კვებით დაწყებული და პირადი და სოციალური ცხოვრებით დამთავრებული. იწყება მასობრივი ფსიქოზები, ადამიანი ვერ უძლებს ამ ახალ ვიბრაციებს, შუმანის შკალას ხომ ვაკვირდებით ხოლმე ინტერნეტში, როგორ ნახტომისებურად იზრდება და იცვლება?! ჩვენ შევდივართ ისეთ ფაზაში, როდესაც დედამიწა ძალიან ძლიერადაა დაძაბული, ეს მოქმედებს ჩემზე. მე ვინ ვარ? მე ვარ სული, მოქმედი პირი, ვინც ჩემი არსით, ჩემი აზროვნებით, ვზემოქმედებ გარემოზე. მით უმეტეს, თუ ერთად გვილოცია, ერთად გვივლია მიტინგებზე, ერთად ვმდგარვართ წირვაზე. შემდეგ ამ ისტერიას მედია კიდევ უფრო და უფრო აღვივებს და ზემოქმედებაც უფრო დიდია. დიდი კონცერტების ჩატარებაც, განსაკუთრებით, გეოლოგიური დაძაბულობის ადგილებში, იწვევს კატაკლიზმებს.
– როგორაა შესაძლებელი ამის, თავიდან აცილება თუ არა, შერბილება მაინც?
– მსგავსი დაძაბულობის პერიოდში საჭიროა სიმშვიდე, რომ ზედმეტად არ გავაღიზიანო გარემო. როდესაც ასეთი უკუკავშირია ადამიანსა და გარემოს, ადამიანსა და სამყაროს შორის, ეს მოქმედებს ყველაფერზე, ბუნებაზეც, ადამიანზეც, იწვევს ტექნოგენურ კატასტროფებსაც. რაც მინიშნებაა დაცხრომისკენ. ბოლო პერიოდის დიდი მინიშნება იყო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენა. ფაქტია, მოიმატა ანომალიებმა: მათ შორის, დაავადებებმა, დანაშაულმა და ეს დამაფიქრებელია და მიანიშნებს, რომ უკვე დაიწყო სირთულეების პერიოდი. ასევე, აქტიურდება არამიწიერი კონტაქტებიც.
– რა დანიშნულება აქვს ამ დროს ძალის ცენტრებს, ცალკეულ რეგიონებს, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ?
– ძალის ცენტრებიდან შეიძლება, წაიკითხო ინფორმაცია მთელი დედამიწისა და კაცობრიობის მდგომარეობის შესახებ. კავკასია აღიქმება, როგორც მცირე ლაბორატორია ჩვენთვის, ადამიანებისთვის; გაგახსენებთ დასავლურ არასამთავრობოებსა და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც აქ შემოდიოდნენ სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩასატარებლად, ისე არამიწიერი ძალებიც ამ ტერიტორიას აღიქვამენ, როგორც მოსახერხებელს მთელი კაცობრიობის მდგომარეობის შესამოწმებლად და მიმართულების მისაცემადაც. ამიტომაც ვამბობთ, რომ კავკასია, საქართველო არის პირველადი ინფორმაციის მოსვლის ადგილი. ამ პირველადი ინფორმაციის მოსვლას სჭირდება არა მარტო ტერიტორია, არამედ ადამიანი, თაობები. უკეთ რომ ავხსნა, შედარებას მოვიტან: ეს თაობები ჰგავს ვაზს, ეს არის გარკვეული სულიერი შტო, მაგალითად, „ალადასტური“ და ეს ათასობით თაობა ატარებს გარკვეულ უნარს – ანუ არის „ალადასტური“, მეორეა „საფერავი“ და ასე შემდეგ. თუ ამ ნაკადს არ აქვს მაღალი პოტენციალი, მაშინ მასში რეალიზებულ სულებსაც არ აქვთ მუხტი და მაშინ სამყაროსეული ძალები თავად შეარჩევენ პოტენციალის მქონე ადამიანებს. სამყარო არ ხარჯავს ენერგიას ისეთ ადამიანთან, რომელსაც თაობებით არ აქვს პოტენციალი, იმიტომ რომ შერჩეულ ადამიანთან ადვილი უნდა იყოს კონტაქტი. შერჩევა ხდება აურის ზომით, რასაც ქართულად ვეძახით სხივგარსს. ასეთი ადამიანები ჩანან შორიდან და სწორედ ასეთ ადამიანებს ეძახიან ინდიგო ბავშვებს, რომლებსაც ადრე ვუნდერკინდებს უწოდებდნენ, იმიტომ რომ ასე იყო მოდაში. ასეთ ადამიანებს სახელებს მოდის მიხედვით ვარქმევთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს მარადიული საკითხია, დედამიწაზე ყოველთვის იყო ეს პოტენციალი ამ სულებში. ყოველი თაობა ასრულებს იმ დავალებას, რომელსაც ზეცაში იღებს მისი სული. აქ მოსვლის შემდეგ სული განიცდის ადაპტაციას ოჯახში, საზოგადოებაში და მისთვის ამ საქმიანობაში ხელის შეშლა არ შეიძლება. თავის დროზე სხვაგვარად ფიქრობდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საინტერესოა სწორედ ეს სულები, ადამიანები და არა გარე ძალები, რომლებიც მათთან ამყარებენ კონტაქტს, იმიტომ რომ გარე ძალები ამ სულებს აღიქვამენ, როგორც საკომუნიკაციო, ასევე, გარკვეული ნიჭის მატარებელ საშუალებას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან