რატომ მიიჩნიეს ნეპალის მაგალითი საქართველოსთვის ნიმუშად და რა ოპერატიული თამაში განახორციელა ხელისუფლებამ
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 29.10
4-მა ოქტომბერმა ჩაიარა, მაგრამ მისი ექო, ვეჭვობ, კარგა ხანს გაჰყვება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. თუმცა, უკვე ჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა ბევრ რამეს მოჰფენდა ნათელს. კერძოდ, რატომ იყო ოპოზიცია დარწმუნებული (ყველა, როგორც ერთი, იმეორებდა ამ ფრაზას სატელევიზიო ეთერებში), რომ ოთხში ნეპალის სცენარი გამეორდებოდა, ვისი იმედითა და რისი გავლენით. იმავდროულად, გავრცელდა მოსაზრება, რომ ყველაფერი ხელისუფლების დადგმული იყო. ამ საკითხებს უსაფრთხოების ექსპერტ დავით კუხალაშვილთან გავარკვევთ.
– რატომ მაინცდამაინც ნეპალი, რით ჰგავს საქართველო ნეპალს?
– როგორც ეტყობა, ნეპალში პროცესების ორგანიზატორებთან საკმაოდ ახლო კავშირები აქვს იმ მხარეს, ვინც ოცნებობდა დესტაბილიზაციასა და ხელისუფლების ძალადობრივ დამხობაზე. ალბათ, ეს არის ამ ტერმინოლოგიის გამოყენების ძირითადი მიზეზი. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა დადგმული: ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ის შინაარსობრივი დატვირთვა, რაც ამ აქციას ჰქონდა და ყველა ის პროცესი, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს, მათ შორის, უცხო ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის აქტიური ჩართულობით, შეიცავს უცხო ქვეყნების სადაზვერვო საქმიანობის ნიშნებს. შესაბამისად, ვიმეორებ, კატეგორიულად გამოვრიცხავ ინსცენირებას, მხოლოდ ერთ რამეს გამოვკვეთდი: ალბათობის მაღალი ხარისხით, პროცესები იმართა ძალიან ლოგიკურად და ალბათობისვე მაღალი ხარისხით, ჩანს აგენტურული ოპერატიული საქმიანობის ნიშნები. როგორც ეტყობა, სახელმწიფომ, მაღალი ალბათობით, იცოდა იმ გეგმის შესახებ, რაც ჰქონდა ოპოზიციას და ნაწარმოებია ოპერატიული თამაშები. ასეთი ელემენტები ჩანს იმ პროცესებში, რაც განვითარდა. ეს კონტრსადაზვერვო უწყების საქმიანობის მიღებული ფორმაა, ახალი არაფერია. მთავარია, რომ ყველაფერი გონივრულად იყო დაგეგმილი და რეალურად მოხდა როგორც დანაშაულის დროული გამოვლენა, ისე მისი დროული აღკვეთაც.
– შეიძლება, ორგანიზატორი ერთი იყოს, მაგრამ რა ნიშნითაა ავტორიტეტული ან ის სახელმწიფო, ან იქ არსებული სამხედრო-პოლიტიკური ძალები? რაღაც თვისებრივი მსგავსება ხომ უნდა იყოს იმ ქვეყანასთან, რომლის მაგალითიც მოგყავს?
– ძირითადი იგულისხმებოდა შედეგი, რაც უნდა მიღწეულიყო საქართველოში და მე ვფიქრობ, სწორედ ამ მიზნით შეირჩა ნეპალის მაგალითი. შედეგზე იყვნენ ორიენტირებული: როგორც იქ ვითარდებოდა პროცესები, მასშტაბითაც და შედეგითაც, უნდოდათ, რომ აქაც გამეორებულიყო. უბრალოდ, აქ აღმოჩნდა, რომ სახელმწიფომ, ალბათობის მაღალი ხარისხით, იცოდა გეგმაც, როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები და აგენტურულ-ოპერატიული საქმიანობით სწორად მართა ყველა ის პროცესი, რაც საქართველოში განავითარა პოლიტიკური დესტაბილიზაციით დაინტერესებულმა ჯგუფებმა.
– ვერ ვხსნი, ვინ შეარჩია პაატა ბურჭულაძე და დანარჩენი ოთხი პერსონა ლიდერებად. დამხობის, გადაბარებისა თუ რევოლუციის დროს მნიშვნელოვანია ლიდერის თვისებები და მისი ავტორიტეტი. რა კრიტერიუმით შეირჩა ლიდერთა ავანსცენაზე წარმოდგენილი ადამიანები?
– თუ დავაკვირდებით ადამიანებსა და მათ რაოდენობას რუსთაველის გამზირზე, რომლებიც შეიკრიბნენ, ვფიქრობ, თავმოყრილთათვის ის ლიდერები მისაღები იყვნენ. მაგრამ კითხვაზე, თუ რატომ შეირჩნენ ეს ლიდერები, ამ წუთას პასუხი ვერ მექნება. მაგრამ, სავარაუდოდ, სქემა ასეთია: იყო ლიდერთა კატეგორია, რომლებიც ღია პროცესებში მონაწილეობდნენ, მაგრამ, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ასევე, იყო, ეგრეთ წოდებული, საფარქვეშ მოქმედი ლიდერები და მათ შორის ერთის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დგება კიდეც. მაგრამ, ალბათობის მაღალი ხარისხით, კიდევ არსებობდნენ სხვა ლიდერებიც, რომლებიც ჯერჯერობით დღის სინათლეზე არ გამოსულან. ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ასეთი მასის თავმოყრა არ არის დამოკიდებული მხოლოდ იმ განწყობაზე, რომელიც შეესაბამება ობიექტურ რეალობას. ალბათობის მაღალი ხარისხით, ყოფილი ხელისუფლების პირობებში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი იყო კომპრომეტირებული და, ვფიქრობ, ამ მაკომპრომეტირებელ ელემენტებს ისინი ძალიან კარგად იყენებენ. ეს არის როგორც სამეცნიერო ინტელიგენცია, ასევე სხვადასხვა მიმართულების ჯგუფები, რომლებზეც ყოფილ ხელისუფლებას გააჩნია საკმაოდ მაღალი დონის მაკომპრომეტირებელი მასალები და, ალბათობის მაღალი ხარისხით, ისინი იძულებული არიან, რომ მოხვდნენ ამა თუ იმ ტიპის სხვადასხვა შეკრებაზე, მათ შორის, ისეთ შეკრებებზე, რომელიც მიმართულია პოლიტიკური დესტაბილიზაციისაკენ. ამდენად, პროცესი, რომელიც ჩვენ წარვმართეთ და რომელიც, როგორც ჩანს, მარტო ჩვენზე არ იყო დამოკიდებული, ვგულისხმობ სადაზვერვო კოჰაბიტაციას, რის შედეგადაც 2012 წელს გავანადგურეთ მაკომპრომენტირებელი მასალები, შემობრუნდა. ალბათობის მაღალი ხარისხით, მასალები იყო დაკოპირებული და საზღვრის გარეთ გატანილი. სწორედ ამ ინფორმაციული ნაკადებით ხდება დღესაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილით მანიპულირება.
– ჩემთვის დღემდე აუხსნელია, რატომ დათანხმდა ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას, რატომ გაანადგურა ნივთმტკიცებები? სხვათა შორის, ძალიან აქტიურობდა „ენ ჯეო“ სექტორი და დაჟინებით მოითხოვდნენ ამ მასალების განადგურებას.
– როდესაც ვსაუბრობთ სადაზვერვო კოჰაბიტაციაზე, ამით ყველაფერია უკვე ნათქვამი. მე მაინც ვფიქრობ, რომ შეცდომაში შეიყვანეს ხელისუფლება. საინტერესოა ის ჯგუფი, რომლებიც ეს წინადადება მოამზადეს. ვინ არიან ეს ადამიანები, რა ინტერესი ჰქონდათ მათ, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებამ არ მოგვცა ის შედეგი, რაც იყო გათვლილი. მესმის, რომ ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ იყო შეცდომა, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი ტიპის მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია, მტკიცებულებითი დოკუმენტი ყოველთვის გამოიყენება კონკრეტული აუცილებლობის შემთხვევაში, მათ შორის, სპეცსამსახურების მიერ და ამას სჯობდა, გაანალიზებულიყო ყველაფერი და ყველა ადამიანს სცოდნოდა, რას აკეთებდნენ მის მიმართ. ჩათვალეთ, რომ 13 წლის წინ ჩვენ გვექნებოდა რეალური საფუძველი იმისა, რომ ეს პოლიტიკური პარტია და, ზოგადად, მოძრაობა აღკვეთილიყო მხოლოდ ამ საქმიანობის გამო, სხვა რამეზე რომ არაფერი ვთქვათ. მათ ქმედებებში არ იკვეთებოდა კონტრსადაზვერვო უწყების საქმიანობა, ასე მოქმედებენ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები სამიზნე სახელმწიფოს მიმართ. ფაქტობრივად, საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი მოსახლეობის კომპრომეტირებაზე იმუშავეს და ამით დამაზიანებელი შედეგი მოუტანეს საკუთარ სახელმწიფოს. ასე რომ, ვფიქრობ, საინტერესოა ის ჯგუფი, რომლებმაც მიაწოდეს იმ პერიოდის ხელისუფლებას რეკომენდაცია, რომ მაკომპრომეტირებელი მასალების განადგურებით საფრთხე შემცირდებოდა. მოხდა პირიქით: ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი საფრთხე იქმნება იმის გამო, რომ არსებობს იმ მაკომპრომეტირებელი მასალების სავარაუდო დუბლიკატები.
– პროტესტის მონაწილეების ქცევა არ ტოვებს ადეკვატური ადამიანების შთაბეჭდილებას. რა მიზანს შეიძლება, მიაღწიო ისტერიულობითა და თავის მოგიჟიანებით? ვინ დაადგინა, რომ ამ ტიპის ადამიანების მოწოდება იმუშავებს და ეს გაჭრის? თუ ისინი, უბრალოდ, ვალს იხდიან, რაკი დაგეგმილია, პირობაა მიცემული, თანხა გადახდილი?
– ყველაფერი ერთად უნდა განვიხილოთ, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მაგრამ, ნახეთ, რა არის მთავარი: როდესაც ბოლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ნიშნები იყო დღის წესრიგში, ასეთი რეკლამა კეთდებოდა, რომ ეს იყო უწყვეტი აქცია, პროტესტის სამასრომელიღაც დღე. ამდენად, ვფიქრობ, ეს განგრძობითი ციკლი კიდევ რაღაც ახალი, დამატებითი დესტაბილიზაციის მომასწავებელი ღონისძიებაა. სახელმწიფო მაინც უფრო აქტიური უნდა იყოს და, როდესაც თქვენ უსვამთ ხაზს, რომ აქციებზე ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის ჯანსაღი, ჩემი აზრით, ჩვენ გვყავს საკმაოდ მაღალი დონის ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და უნდა გაკეთდეს შესაბამისი დასკვნა, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ დესტაბილიზაციის სხვადასხვა მცდელობის ნეიტრალიზაციისათვის. როგორც მახსოვს, ჯერ კიდევ არ არის გაუქმებული კანონი, რომ საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს და მასთან მიახლოება ისჯება. ამდენად, ვფიქრობ, სახელმწიფოს მართებს მეტი აქტიურობა. იმიტომ რომ ერთი ნაწილი დგას აქციებზე, მაგრამ მეორე ნაწილი სოციალური ქსელებით უტევს საქართველოს სახელმწიფოებრიობას; ამას ემატება გამოხმაურებები უცხო ქვეყნებიდან და ადგილზე დიპლომატიური კორპუსის აქტივობა. შესაბამისად, თუ არ გადავალთ აქტიურ მოქმედებებზე, შედეგი ვერ იქნება, ვინაიდან დათმობის რეჟიმი ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. ვიმეორებ: პროცესის განგრძობითობა მიანიშნებს, რომ ისინი რაღაც ჯგუფით და, ჩემი აზრით, ეს არის უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები, აპირებენ მოვლენების უფრო სხვაგვარად განვითარებას.
– ესე იგი, არაფერი დასრულებულა და მოსალოდნელია გაგრძელებაც და მასშტაბის გაფართოებაც?
– არანაირი პროცესი არ დასრულებულა. საერთოდ, როდესაც სახელმწიფოში უცხო ქვეყნების მიერ იგეგმება პოლიტიკური დესტაბილიზაცია, შეიძლება, ერთი ვარიანტი არ გამართლდეს და იმოქმედონ მეორე ვარიანტით; თუ იმანაც არ გაამართლა, მესამე ვარიანტი გამოიყენონ. სანამ არსებობს ინტერესები და ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ისეთი ინტერესები, რომლებიც საქართველოსთვის მაინცდამაინც ხელსაყრელი არ არის, ის ძალა, რომელიც დაინტერესებულია ამ მიზნების აღსრულებით, არასოდეს მოისვენებს. ამიტომ ჩვენ ბევრი რაღაც გვაქვს დასაჩქარებელი: სტრატეგიული პარტნიორის პოვნა, რუსეთის ფედერაციიდან საფრთხის შემცირება, რომელიც შესაძლებელია, მიღწეული იქნას მხოლოდ გარკვეული მოლაპარაკების ციკლის აღდგენით და ბევრი ისეთი ნაბიჯია გადასადგმელი, რაც ამ დესტაბილიზაციის მუხტს გაანეიტრალებს. ჩვენ არხეინად არ უნდა ვიყოთ იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაცია ახლა გასულია ამ სივრციდან და არაფერს აკონტროლებს. ალბათობის მაღალი ხარისხით, რუსეთის ფედერაცია ძალიან კარგად და სიღრმისეულად, მათ შორის, სადაზვერვო აქტივობებით, აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ამიტომ გვმართებს საფრთხის, რაც შეიძლება, მაღალი დონით ნეიტრალიზაცია.
– ფაქტია, ხალხის აყოლიება ვერ ხერხდება, ამ კომპონენტის გარეშე შესაძლებელია, მცირე ჯგუფმა მაინც მოაწყოს გადატრიალება?
– ჩემი ანალიზით, თუ დაიკავებდნენ პრეზიდენტის სასახლეს, შესაძლებელია, ხალხის მასა გაბევრებულიყო და მაღალი ალბათობით, სახელმწიფო სტრუქტურებში ჩაბუდებული ცხვრის ქურქში გახვეულები დაიკავებდნენ ანტისახელმწიფოებრივსა და ანტისახელისუფლებო პოზიციას. ამდენად, არსებული საკადრო პოლიტიკით, შორს ვერ წავალთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





