რატომ მიიჩნევიან რუსეთი, თურქეთი და ირანიც კი სამხრეთ კავკასიურ სახელმწიფოებად
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 31.07, 2024 წელი

სამს პლუს სამის ფორმატის შესახებ საუბრები მინელდა, თუმცა ამ ფორმატის ინიციატორი ირანი და მას დათანხმებული მსხვილი რეგიონული სახელმწიფოები – რუსეთი და თურქეთი – აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან. მეტიც, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილსაც გამოთქვამს ორივე, თუმცა შიიტური და სუნიტური, მაგრამ ისლამური სახელმწიფო. როგორია სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსი როგორც მცირე ზომის, სამი სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოს, ისე მათზე გავლენის მქონე და მოსურნე დიდ სახელმწიფოებს შორის? – ამ თემას კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე რუსეცკისთან ერთად განვიხილავთ.
– საქართველო-აზერბაიჯან-სომხეთს შორის როგორია ძალთა ბალანსი ამ ეტაპზე?
– თუ სამხრეთ კავკასიას მიმოვიხილავთ, სამი კი არა, ექვსი სახელმწიფოა, ემატებიან თურქეთი და რუსეთი და ირანსაც აქვს პრეტენზია. სტერეოტიპია, რომ სამხრეთ კავკასიაში სამი სახელმწიფოა, იმიტომ რომ არსებობდა ინსტიტუციური სტრუქტურები: ამიერკავკასიის სეიმი, ამიერკავკასიის კონფედერაცია... მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ 1918-1919 წელს აქ არსებობდა ყარსის სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკა. შესაბამისად, თურქეთის აღმოსავლეთ-ჩრდილოეთ ნაწილი სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაა, რუსეთის ფედერაციის კუთვნილი სოჭისა და მიმდებარე ტერიტორიები, ასევე, სამხრეთ კავკასიურია და, როგორც გითხარით, ირანს აქვს პრეტენზია, რომ იწოდებოდეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნად, თუმცა ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა.
– გეოგრაფიულად აქვს საფუძველი ირანის ამ პრეტენზიას?
– გეოგრაფიულად არსებობს კავკასიის ზუსტი საზღვრების განსაზღვრის პრობლემა. 2010 წელს გამოვეცით წიგნი: „არქიპელაგი კავკასია: მითები და რეალური პოლიტიკა“, რომელშიც კავკასიის საზღვრებსა და უსაზღვროობაზე ვამახვილებ ყურადღებას. არსებობს მოსაზრება, რომ კავკასიონის ცნება უკავშირდება წარღვნას; იმას, რაც წყლის ზემოთ დარჩა. რეალურად, რაც კავკასიაში კამათს არ ექვემდებარება, არის ის მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს და ჩვენ, ფაქტობრივად, ვართ კავკასიის ცენტრი. ამდენად, როდესაც ვსაუბრობთ კავკასიისა და სახელდობრ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე, რეალურად, უნდა მოვიხსენიოთ ხუთს პლუს ერთი ქვეყანა. რაც შეეხება ხვედრით წონასა და შესაძლებლობებს: ჩვენ მოვახერხეთ რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ბრენდირება. იგულისხმება პროექტი „გიტარა“ – ეს არის ექვსი სახელმწიფოს ინგლისურენოვანი დასახელებების პირველი ასოებისგან შემდგარი აბრევიატურა. „გიტარა“ არის თანამშრომლობის ექვსქვეყნიანი სისტემა. სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს ომი შეჩერდა ერდოღანი-მედვედევის მოლაპარაკების შედეგად, რომელიც გაიმართა მოსკოვში და ამ შეთანხმების ფორმატი იყო: ორს პლუს სამი. რუსეთის ფედერაცია და თურქეთი ინაწილებდნენ გავლენის ზონებს კავკასიაში და, შესაბამისად, შავი ზღვისპირეთში. ამან შემდგომში შექმნა გეოპოლიტიკური პრეცედენტი: კავკასიაში შემოვიდა ცნებები რეგიონული და არარეგიონული პოლიტიკური მოთამაშეები, ანუ სამი ქვეყანა, რუსეთი, თურქეთი, ირანი, დარჩა რეგიონულ მოთამაშედ, დანარჩენები კი: ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი და ასე შემდეგ, დარჩნენ არარეგიონულ მოთამაშეებად. ესენი არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, რაღაც გავლენები ჰქონდეთ რეგიონში. ჩემი მოსაზრებით, 2008 წლის ომი არ ყოფილა რუსეთ-საქართველოს ომი, ეს იყო „ნატო“-რუსეთის ომი.
– დიახ, გეოპოლიტიკური პრელუდია რუსეთ-უკრაინის, ანუ რუსეთ-„ნატოს“ ომის.
- იმ ომში საქართველო იყო ამ დაპირისპირების მსხვერპლი და ომი დაიწყო არა საქართველოს, არამედ თურქეთის ტერიტორიაზე და არა 7-8 აგვისტოს, არამედ 5-6 აგვისტოს, როდესაც აფეთქდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. ეს ნავთობსადენი იყო ამ გეოპოლიტიკური კონფლიქტის ერთ-ერთი ობიექტი. შესაბამისად, რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. რუსეთის ფედერაციის გეგმა იყო, რომ ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ ბორჯომის ხეობის გავლით სომხეთში შესულიყვნენ. აქედან გამომდინარე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მათი კონტროლის ქვეშ მოექცეოდა. ეს რომ არ დაეშვა, ამიტომაც შეუთანხმდა თურქეთი რუსეთს. მეტიც, შეთანხმდნენ იმაზეც, რომ ზეგავლენას ეს ორი ქვეყანა შავი ზღვის და შემდეგ კასპიის ზღვის რეგიონზე გაინაწილებდა და შემდეგ, როგორც რეგიონული მოთამაშე, ირანიც შეუერთდა მათ სამი პლუს სამის ფორმატით და ეს ფორმატი თავიდან ირანის ინიციატივა იყო. ანუ რეალურად გამოვიდა, რომ რეგიონულმა მაკროქვეყნებმა გადაწყვიტეს, სამხრეთ კავკასიაში მოეშალათ არეარეგიონული მოთამაშეების ზეგავლენა. უპირველესად, ეს შეეხებოდა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს და 2008 წლიდან დღემდე ეს პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს.
– მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი და შტატები წყვეტენ აქ აქტივობას და არ არის მათი გავლენა? ძალიან საინტერესო სურათია: სომხეთი, რომელიც რფ-ის უპირობო დასაყრდენი იყო, ამ როლს აღარ ასრულებს, ისევე, როგორც დასავლეთი აშშ-ის, ზოგადად, დასავლეთის უპირობო დასაყრდენის როლს რეგიონში. ეს ცვლილება შემთხვევითია თუ კანონზომიერი?
– ეს არ არის შემთხვევითი ცვლილება. ყარაბაღის ომის შედეგად რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ეს გამოიწვია იმან, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის დუეტმა განსაზღვრა ძალთა ბალანსი რეგიონში, რომლებსაც შემდეგ მათ სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. პაკისტანი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც არ ცნობს სომხეთის არსებობას; პაკისტანი ერთადერთი ისლამური ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს. შესაბამისად, მათი ჩართვა ყარაბაღის ომში იყო რეალური მონაწილეობა.
– რას უწოდებთ ყარაბაღის ომში პაკისტანის რეალურ მონაწილეობას?
– პაკისტანი ყარაბაღის ომში წარმოდგენილი იყო განცხადებების დონეზე, როგორც მინიმუმ. რუსეთის ფედერაციის ძალები უსაზღვრო არ არის, ამდენად, უკრაინასთან ომის ფონზე სამხრეთ ფლანგზე მისმა პოლიტიკამ ფერი იცვალა და, შესაბამისად, შესუსტდა მისი ზეგავლენა როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში და გაძლიერდა საქართველოში.
– რით გამოიხატება საქართველოში რუსეთის ზეგავლენის გაძლიერება?
– გამოიხატება იმით, რომ საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზები, მიმდინარეობს სამხედრო-საპორტო მშენებლობა ოჩამჩირეში და საქართველოს პოლიტიკური კურსი აშკარად შეიცვალა, იმიტომ რომ ანტიდასავლური რიტორიკის ზეგავლენა გაიზარდა და ეს არ არის მხოლოდ რუსეთის, არამედ აზერბაიჯანისა და თურქეთის დამსახურებაც.
– ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის არა, რომლებიც ცეკას ინსტრუქტორებს დაემსგავსნენ?
– ეს, ფაქტობრივად, კოსმეტიკაა. მათი საუბრებიდან ჩანს, რომ ვერ აცნობიერებენ, როგორი ვითარებაა კავკასიაში და ეს მათი დიპლომატიური კორპუსის დამსახურებაა. ისინი არაადეკვატურად მოქმედებდნენ და ნამდვილად შეასუსტეს თავიანთი გავლენა საქართველოზე. რაც შეეხება სომხეთს: სომხეთში კოლექტიური დასავლეთი წარმოდგენილი არ არის, იქ წარმოდგენილია საფრანგეთი და სომხეთში ჯერჯერობით ისევ არის რუსეთის ბაზა. არათუ რუსეთი, უკვე ირანიც ვერ ახერხებს ამ ძალთა ბალანსში აქტიურ მონაწილეობას, თუმცა აქტიურად თანამშრომლობს აზერბაიჯანთან. რადგან ვითარება შეიცვალა, ირანი სრულყოფილად ვეღარ ასრულებდა და ვერ ასრულებს ბალანსის ფუნქციას და ამ არეალში ბუნებრივად შემოდიან სხვა მოთამაშეები. ჩინეთი ცდილობს, შემოვიდეს ეკონომიკური ზეგავლენებით და, ამავე მხრივ, საინტერესოა ინდოეთი. მისი მონაწილეობა კავკასიურ პოლიტიკაში განსაზღვრულია იმით, რომ პაკისტანი მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და თურქეთს.
– ინდოეთი დაინტერესებულია იმ მარშრუტით, რომელმაც უნდა გაიაროს რუსეთიდან, აზერბაიჯანის გავლით, მუმბაიმდე?
– რა თქმა უნდა, ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან საინტერესოა ინდოეთისთვის და არა მარტო აზერბაიჯანის გავლით. ინდოეთი დიდი ხანია, სომხეთის პარტნიორია და იქ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა.
– სომხეთი ჩიხია და ინდოეთი სად გავა სომხეთიდან?
– სომხეთი ჩიხი არ არის, თუ საქართველოს ვიგულისხმებთ სატრანზიტო გამტარ ტერიტორიად. ინდოეთის შემოსვლა რეგიონში დაკავშირებულია არა ეკონომიკურ, არამედ სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსთან, იმიტომ რომ ინდოეთს აწუხებს პაკისტანის აქტივობა კავკასიაში და ინდოეთი რეგიონში წარმოდგენილია, როგორც პაკისტანის დამაბალანსებელი ძალა. ამას, ბუნებრივია, მოჰყვება ეკონომიკური პროექტები რუსეთთან. ინდოეთი საინტერესოა იმითაც, რომ მხოლოდ რუსეთზე არ არის მიბმული, ინდოეთში ძალიან ძლიერია ბრიტანეთის, შეერთებული შტატების ზეგავლენა და ის სულ მალე შეიძლება, ერთგვარ მედიატორადაც კი მოგვევლინოს. როგორც ჩინეთმა წარადგინა თავისი სამშვიდობო გეგმა, ვვარაუდობ, რომ ინდოეთმაც წარადგინოს თავისი ხედვა კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთსა და უკრაინას შორის. რუსეთის ერთ-ერთი ძალა ამ სამხედრო კამპანიაში არის ინდოეთი; რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობაზეა დამოკიდებული რუსეთის შემოსავლები: ენერგომატარებლებით დაწყებული და ბირთვული და კოსმოსური თანამშრომლობით დამთავრებული.
– გამოდის, რომ არარეგიონული ძალები უშვებენ რეგიონიდან, ასევე, არარეგიონულ დასავლეთს?
– ჩინეთი დაინტერესებულია დასავლეთის ზეგავლენის შემცირებით, ინდოეთთან კი კითხვის ნიშნებია, რადგან ინდოეთი, საკუთარი ინტერესების გარდა, შეიძლება, იყოს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ინტერესების გამტარებელი.
– ინდოეთის ჩართვა გეოპოლიტიკური დაფის კავკასიურ მონაკვეთზე შეიძლება, ნიშნავდეს, რომ მცდელობაა, მოინახოს შეხების წერტილები ანგლოსაქსებსა და რუსეთს შორის?
– დიახ, შეიძლება, მოინახოს, იმიტომ რომ, თუ გლობალური გეოპოლიტიკური ბალანსი ჩამოყალიბდა და მოხდა სტრატეგიული შეთანხმება რეგიონულსა და არარეგიონულ მოთამაშეებს შორის და ჩვენც მოგვცემენ საშუალებას, საკუთარი მომავალი გადავწყვიტოთ, ეს, რა თქმა უნდა, იქნება პოზიტიური, მაგრამ შეიძლება, ამ რეგიონის ბედი გადაწყვიტონ ამ რეგიონის მცირე ქვეყნების გარეშე ან მათი ინტერესების მინიმალური გათვალისწინებით. ჩვენი დიპლომატიის უნარზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა, ამ რთულ გეოპოლიტიკურ კვანძში ისე წარმოადგინოს თავისი ინტერესები, რომ საქართველო არ დაიჩაგროს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან