პოლიტიკა

რატომ მიგვიყვანს აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება, ადრე თუ გვიან, ორი დიდი რელიგიის ინტერესთა დაჯახებამდე

№41

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

ზაალ კასრელიშვილი
დაკოპირებულია

დედამიწაზე ვითარება არათუ განმუხტვისკენ მიდის, არამედ უფრო და უფრო იძაბება: რუსეთ-უკრაინის ომი არ წყდება (პირიქით – ფართოვდება), რუსეთმა ვენესუელაში თავისი სამხედრო ფლოტიც გადასხა, რასაც აუცილებლად მოჰყვება საპასუხო რეაქცია აშშ-ის მხრიდან, ისევე, როგორც ისრაელის პასუხი მოჰყვება დასავლეთის რიგი სახელმწიფოების მიერ პალესტინის აღიარებას. ცალკე მსჯელობის თემაა აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირების ერთმანეთთან და რუსეთთან ურთიერთობა: ალიევმა პუტინს დაურეკა და ეთნიკური აზერბაიჯანელებისადმი დამოკიდებულების შერბილება სთხოვა, ხოლო ფაშინიანი, მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და ალიევს შეხვდა, მოსკოვში პუტინს ეწვია. ძალთა როგორი კონფიგურაციაა ამჟამად მიმდინარე გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში და ისევ ვრჩებით თუ არა ჩვენ და, ზოგადად, სამხრეთ კავკასია ამ დაპირისპირების ეპიცენტრში – ამ თემებს ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.

ზაალ კასრელიშვილი: არაფერი განსაკუთრებული, ახალი და მნიშვნელოვანი არ ხდება მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დასავლეთს იგივე პოზიცია აქვს, რაც ჰქონდა. შეერთებულმა შტატებმა დასავლეთისგან კიდევ ცალკე გამოკვეთა თავისი პოზიცია. ფიზიკურად არსად ერევა, ამით საშუალებას აძლევს ყველა კონფლიქტურ მხარეს, თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია მოახდინონ, თუნდაც, ნეგატიურ კონტექსტში. იარაღს ყიდის, მაგრამ მარტო ის არ ყიდის იარაღს. იარაღს ყიდის თურქეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა; იარაღს ყიდიდა ირანიც, მაგრამ ახლა ვეღარ გაყიდის იმიტომ, რომ წარმოებები გაუნადგურდა. პარალელურ რეჟიმში ევროპამ თავისი სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრია განავითარა. და როგორც კი იგრძნო, რომ რუსეთის მხრიდან მათ ტერიტორიებს შეიძლებოდა, საფრთხე შექმნოდა, მაშინვე ცოცხალი ძალითაც და ტექნიკითაც მობილიზაცია მოახდინეს რუსეთისა და ევროპის საზღვარზე. სანამ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ დამთავრდება, ან ისე და ან ასე, მანამ მთელ მსოფლიოში ეს პროცესები განვითარდება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა ეხება ჩვენს რეგიონსაც. რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს და შედეგსაც აღწევს, რომ საქართველოში გავლენა გააძლიეროს, მაგრამ დასავლეთისთვის დღესავით ნათელია, რომ, თუ რუსეთი საქართველოში თავის შესაძლებლობებს გააძლიერებს, ის ამას საქართველოს სასარგებლოდ არ გამოიყენებს, ის ამ თავის ახალ არეალს გამოიყენებს სავაჭროდ დასავლეთთანაც და აღმოსავლეთთანაც,

– ისევე, როგორც დასავლეთიც და აღმოსავლეთიც იმ არეალებს, რომლებიც აქვთ და უნდათ, რომ ჰქონდეთ, გამოიყენებენ სავაჭროდ. ეს ჩვენ გვგონია, რომ რომელიღაც მხარე კეთილია და ჩვენზე დარდობს და მეორე ბოროტია და მხოლოდ ვნება უნდა თავის სასარგებლოდ.

- ზუსტად მაგას ვამბობ. ყველა მხარე ცდილობს, რომ ამ დაპირისპირებაში სტრატეგიული სიმაღლეები აიღოს. კავკასიაში სტრატეგიული სიმაღლე საქართველოა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ფიზიკურ თუ იდეოლოგიურ დაპირისპირებაში კი სტრატეგიული სიმაღლე არის კავკასია. ასე რომ, ჩვენ ვერ ვხედავთ რამე განსაკუთრებულ ცვლილებებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპაში, რუსეთის საზღვართან წყალქვეშა ნავები და ავიაცია გამოაგზავნა და „ტომაჰავკებს“ დამატებით აძლევს უკრაინას, რუსეთმა, საპირისპიროდ, ვენესულაში დამატებითი სამხედრო ძალა და ტექნიკა გადაისროლა. ჯერჯერობით შეიძლება, ითქვას, რომ კავკასიაში ფიზიკური დაპირისპირების დრო და საშუალება არცერთ მხარეს არ აქვს, მაგრამ, როგორც კი საქმე ყირიმის ნახევარკუნძულამდე მივა, ამას ადრეც ვამბობდით და გავიმეორებთ, დღის წესრიგში კავკასია პირველ ადგილზე წამოიწევს, ხოლო კავკასიაში კი – საქართველო.

– იმიტომ, რომ ზურგია ეს ჩრდილოკავკასია ყირიმისთვის და პირიქითაც.

– რა თქმა უნდა და შემთხვევითი არ იყო, როდესაც უკრაინულმა სადაზვერვო დრონებმა ფსოუს საზღვარზე გადაიფრინეს და ცხინვალის თავზე გადმოიფრინეს.

– ყირიმის საკითხი გადაწყვეტილი არ არის? თუ ოდესის გამო იქნება ჭიდილი? ყირიმში უკრაინის შეიარაღებული ძალები შეიჭრებიან თუ დასავლეთის სამხედრო ძალები?

– თუ გავითვალისწინებთ დაბომბვების იმ ინტენსივობას, რომლითაც უკრაინის შეიარაღებული ძალები შორი მანძილიდან ყირიმში სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავენ, თამამად შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ყირიმის საკითხი გადაწყვეტილი არ არის. თუ ყირიმს დათმობენ, ოდესის შენარჩუნებაც ძალიან გაუჭირდებათ, ამიტომ ყირიმისთვისაც ბოლომდე იბრძოლებენ და ოდესისთვისაც. თქვენ ხედავთ, როგორ უნადგურებენ რუსეთს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს და რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა იმ კონდიციამდე მიიყვანეს, რომ რუსეთი ნედლ ნავთობს კაპიკებად აძლევს ჩინეთს და ჩინეთიდან კი გადამუშავებულ ბენზინსა და დიზელს ძალიან ძვირად ყიდულობს. როგორც ადრე ვამბობდით, ისევ იგივე ფორმულა მუშაობს: რუსეთს გაუზარდეს ხარჯები და უმცირებენ შემოსავლებს. ჩვენ თქვენთან ერთხელ იმაზეც ვისაუბრეთ, ინგლისში სამეფო კარზე რომ მიიწვიეს ტრამპი. ჩვენ მანამდე ვამბობდით, რომ ჩავლენ და იქ გადაწყდება მიმდინარე პროცესების შემდგომი ბედი. როგორც ჩანს, ასეა: 2026-2027-2028 წლებში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების მიმართ როგორც ეკონომიკური ზეწოლა, ისე ფიზიკური წინააღმდეგობა არ შემცირდება. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს: ახლო აღმოსავლეთში ევროპისა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი ისრაელი ჯერჯერობით თავის საქმეს წარმატებით ართმევს თავს და რაღაც განსაკუთრებული შესაძლებლობები მისი სამხედრო ინტერესების შესაჩერებლად ვერავინ გამოიჩინა.

– რა საჭირო იყო მაშინ პალესტინის აღიარება? რაც კანადამ, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა გააკეთეს, როგორ იხსნება? მაშინ რა ფასი აქვს ასეთ სახელმწიფოებთან სტრატეგიულ პარტნიორობას ან შენ როგორ გამოდიხარ მათი სტრატეგიული პარტნიორი?

– ბრიტანეთის მიერ პალესტინის აღიარება მოსალოდნელი იყო და ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით. ბრიტანეთი, როდესაც ისრაელი შეიქმნა, იმთავითვე მუშაობდა პალესტინის შექმნისათვისაც. შემდეგ, წლების განმავლობაში, ყოველთვის იყო პალესტინის აღიარების მომხრე. მათთვის ეს ფორპოსტია, მაგრამ, რომელი ეთნიკური ჯგუფი იცხოვრებს პალესტინაში და რომელი იქნება უმრავლესობა, ამაზე არაა ლაპარაკი.

– ისევე, როგორც არ ლაპარაკობენ საზღვრებზე.

– დიახ. პირველი ეტაპი ჯერ არ დამთავრებულა და ეს არის ღაზის სექტორი. როდესაც „ჰამასი“ თავს დაესხა ისრაელს და ომი დაიწყო, ჩვენ ვთქვით, რომ აღარ იქნება ღაზის სექტორი და ამის შემდეგ დაიწყება საუბარი პალესტინაზე. და სწორედ ამიტომ, თავის დასაცავად, ევროპულმა ქვეყნებმა პალესტინა აღიარეს, მაგრამ თქვენ მართალს ბრძანებთ, არც საზღვრებშია ის აღიარებული და არც მათი ეთნიკური შემადგენლობაა განსაზღვრული. პალესტინაში ცხოვრობენ არაბებიც, ქურთებიც, ებრაელებიც... ასე რომ, ძალთა ბალანსი მხოლოდ აღიარებით არ დამყარდება.

– შეიძლება, ასეთი გაცვლა იყოს, რომ ღაზის სექტორიდან ყველა განიდევნება, ვინც ცხოვრობს და, სამაგიეროდ, რაღაც ტერიტორიას მისცემენ?

– ვერ გეტყვით. ამ თემაზე საერთოდ არ ლაპარაკობენ ჯერჯერობით და არც შემდგომში მგონია, ილაპარაკონ, იმ მარტივი მიზეზით, რომ ლაპარაკია ყველა იმ ტერიტორიის განადგურებასა და გაწმენდაზე, სადაც „ჰამასია“ და სადაც თავის დროზე ირანიდან დაფინანსებული აგრესიული მუსლიმური სამხედრო დაჯგუფებები მოქმედებს: არა მარტო პალესტინასა და ღაზაში, არამედ მიმდებარე ქვეყნებშიც.

– აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირების პოლიტიკა როგორ შეიძლება, გავიგოთ?

– რა თქმა უნდა, რუსეთი თავისას ცდილობს. ყოველ შემთხვევაში, ამ მოლაპარაკებებით დრო მაინც მოიგოს. იმიტომ რომ კიდევ ახალი კონფლიქტი, თან კავკასიაში არანაირად ხელს არ აძლევს რუსეთს. ამდენად, ბუნებრივია, ალბათ, ორივე მხარეს რაღაცას სთავაზობს. ერთი წუთით თავი დავანებოთ პოლიტიკას და გავაანალიზოთ სიტუაცია ლოგიკურად: რა შანსი აქვს: რომ სომხეთს დაუბრუნებს ყარაბაღს და სომეხი არ გადავა ამერიკელის მხარეზე?! გამორიცხულია. ერთადერთი, რაც შეუძლია რუსეთს, არის ის, რომ გადასხას ჯარი ყარაბაღში და ის ტერიტორია ცალკე რესპუბლიკად გამოაცხადოს. ანუ აზერბაიჯანში შექმნას დე-ფაქტო აფხაზეთი ან ცხინვალი?! ამისთვის ჯერ ძალა არ ეყოფა. გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებელია ყარაბაღში მკვიდრი სომეხი მოსახლეობის დაბრუნება. ეს არის მესიჯი რუსეთისთვის, რომ ერთადერთი, რასაც შეიძლება, დათანხმდეს დასავლეთი, არის სომეხი დევნილების დაბრუნება. არასერიოზულად გვეჩვენება, რომ სომხეთს ვინმე დაუბრუნებს ყარაბაღს.

– მე კი არ მგონია, რომ სომხეთს შეიძლება, ამის იმედი ჰქონდეს.

– დიახ, რადგან სომხეთს ამის იმედი არ აქვს, ისინი შეეცდებიან, კარგი ურთიერთობა შეინარჩუნონ ამერიკასთან და დასავლეთთან. ეს ხომ ლოგიკურია?! მოლაპარაკებებს წინ არაფერი უდგას. არის მოლაპარაკება ფაშინიანსა და პუტინს შორის, მაგრამ შედეგი რა არის?!

– ტრამპსა და ფაშინიანს შორის მოლაპარაკების შედეგი რა არის?

– ამერიკასა და ფაშინიანს, ამერიკასა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების შედეგი ის იყო, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს და ზანგეზურის დერეფნის ერთობლივ მართვაზე შეთანხმდნენ. რუსეთს ამ ეტაპზე ერთადერთი ის შეუძლია სომხეთისგან რეალურად მიიღოს, რომ გიუმრის ბაზა რამდენიმე წლით დაუტოვონ და ამისთვის თანხა გადაახდევინონ. აუცილებლად მინდა, შევეხო ერთ თემას, უფრო ზუსტად, კითხვა დავსვა: როდესაც თურქეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ აია სოფია მეჩეთად უნდა გადაეკეთებინათ, არავინ დაუპირისპირდა, არადა რამდენიმე მართლმადიდებლური სახელმწიფოა, რომლებსაც საამისო ძალაც ჰქონდათ და უნარიც. რატომ არ გაუწიეს ამას წინააღმდეგობა და, უპირველესად, ვგულისხმობ რუსეთს?!

– ეს ჩემთვისაც გამაოგნებელი იყო. ისევე, როგორც ვატიკანის პასიურობა.

– დიახ, ამას ვამბობ მეც. თუ ვინმე მეტყვის, რომ თურქეთის კონსტიტუციით ამის უფლება ჰქონდათ, ძალიან გამეცინება. არ ჰქონდათ. საბოლოო გადაწყვეტილება ამაზე იყო დამოკიდებული და, საბოლოოდ, მაინც აქამდე მივა პროცესები. ეს ყველაფერი გადაივლის 2030 წლამდე და, ბოლოს, მაინც ორი დიდი რელიგიის: ქრისტიანობისა და ისლამის ინტერესთა კონფლიქტამდე მივა საქმე. ამდენად, გაუგებარია, რატომ არავინ დაიჭირა წინასწარ თადარიგი, უპირველესად, მართლმადიდებლებმა?! მით უფრო, საბოლოოდ, ცხვირში მოგვხვდება სწორედ მართლმადიდებლებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა