პოლიტიკა

რატომ მიეკუთვნა დღევანდელ მსოფლიოში ზოგიერთ ეთნოსსა და ხალხს ტარაკნის როლი, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში განუსჯელად დახოცავენ

№30

ავტორი: ნინო ხაჩიძე 22:16 06.09

აკაკი ასათიანი
დაკოპირებულია

საინტერესო სქემა ყალიბდება ჩვენ თვალწინ: აშშ წამოაყენებს თავის მოთხოვნებს, შემდეგ ისრაელი ბომბავს რომელიმე ქვეყანას და აშშ არიგებს, ასე მოხდა ირანსა და სირიაში. ამ სქემის მიღმა იხოცებიან ადამიანები, ზოგი მეცნიერია, ზოგი – სამხედრო, ზოგი, უბრალოდ, ამა თუ იმ ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნის, რომელთა ბედი არც არავის აღელვებს და მხოლოდ იმ ტიპის ინფორმაცია ვრცელდება, რაც აუცილებელია საზოგადოების აზრის ასე ან ისე შესამზადებლად. რა პროცესია ეს? – ამ თემას აკაკი ასათიანთან ერთად განვიხილავთ:

- ამერიკა ცდილობს, დაიბრუნოს მსოფლიოს მბრძანებელის როლი, ამიტომ ჰყავს ისრაელი, რომელიც წმენდს წინააღმდეგობის ველებს და შემდეგ ამერიკა არიგებს, ანუ ამბობს გადამწყვეტ სიტყვას. ისრაელის არსებობა სწორედ ამაზეა დამოკიდებული. ერთადერთი ქვეყანაა, ვის გამოც ამერიკა პირდაპირ ერთვება სამხედრო მოქმედებებში. ვიეტნამსა და ავღანეთში სხვა ამოცანების გადასაჭრელად შევიდა. ვიეტნამში – ვითომ კომუნიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ რაღაც მომენტში, მგონი, მიხვდნენ, რომ ეროვნული ბრძოლა იყო. სხვათა შორის, მეც გვიან მივხვდი. ახალგაზრდობაში ამერიკელების მხარეს ვიყავი და შემდეგ გავაცნობიერე, რომ ვიეტნამელები თავიანთი ეროვნულობისთვის, სახელმწიფოსთვის, მთლიანობისთვის იბრძოდნენ.

– სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა არგენტინას და მაშინ მეც ბრიტანეთის მხარეს ვიყავი, მერეღა მივხვდი, ვის მხარეს უნდა ვყოფილიყავი.

– მე გამომაფხიზლა, ჩინეთი რომ დაესხა თავს ვიეტნამს და ისევ არ შეეპუა ვიეტნამი. რაც შეეხება ისრაელს: ვიმეორებ, ეს არის ერთადერთი სახელმწიფო სადღეისოდ, ვის გამოც შეერთებული შტატები ერთვება სამხედრო მოქმედებაში, რაც ვნახეთ ირანის შემთხვევაში. ანუ საფუძველი იყო საფრთხე მთელი კაცობრიობისთვის, ბირთვული იარაღის სახით, რომელიც შეიძლება, ირანს შეექმნა. სხვა საკითხია, რა თავში იხლის ირანი იმ ბირთვულ იარაღს.

– მაშინ ასე უპრაგონოდ ვერ დაბომბავს ვერავინ, მაგალითდ, როგორც ახლახან დაიბომბა ალ-შარაას დამასკო.

– მაინც დაბომბავენ. გარდა გაკეთებისა, იმ ბომბს სროლაც უნდა, თორემ ატომური ბომბის გაკეთება ფიზიკის ფაკულტეტის მესამეკურსელსაც შეუძლია. ირანმა, უბრალოდ, გადახედოს, იმ ყურიდან არც ისე შორია, როგორ გამოიყენეს თავიანთი რესურსი არაბულმა საამიროებმა და სამეფოებმა და მოახმარეს თავიანთი ხალხის კეთილდღეობას. ეს მეტყველებს, თუ რას უნდა ახმარდეს თავისი ქვეყნისა და ხალხის მოყვარული ხელისუფლება ბუნებრივ სიმდიდრეებს და არა მანიაკალურ იდეებსა და საკუთარ ხალხზე ექსპერიმენტებს. მგონია, რომ ირანში მალე სწორედ ამ ტიპის მმართველობა იქნება. რუსეთთან არ გამოუვიდა შტატებს, იმიტომ რომ პუტინს ახლა ფსიქიატრს არავინ გამოუძახებს, თორემ სჭირდება. ის, რომ არ ყვირის, არაფერს ნიშნავს. სიშლეგეს მშვიდი ფორმაც აქვს არ არის აუცილებელი, სააკაშვილივით დახტოდეს და იცინოდეს. პუტინი თავშეკავებულია, ასე გამოზარდეს „ჩეკაში“. დასავლელი ადამიანისთვის სრულიად წარმოუდგენელია, გქონდეს ამდენი სიმდიდრე და შენს ხალხს აწვალებდე, სხვის წვალებას ვინღა ჩივის.

– მაგრამ დასავლეთი ხომ იმიტომ არ დაპირისპირებია რუსეთს, რომ რუსმა ხალხმა მოიხმაროს თავისი სიმდიდრე და რუსეთი ააყვავოს და გააბედნიეროს? არამედ იმიტომ, რომ თავად გამოიყენოს რუსეთის რესიურსი.

– და რა პრობლემა ჰქონდა, ყიდდა რუსეთი თავის სიმდიდრეს და დასავლეთი ყიდულობდა. გერმანია მერკელის დროს ნარკომანივით სრულად რუსულ გაზზე „დაჯდა“. ვინ ესხმოდა თავს რუსეთს?! მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მთელი ნაციაა შეშლილი, ვინც ნორმალური იყო, გაიქცა. ვინმე ერჩოდა? ვინმე თავს დაესხა? ან ვინ რა თავში იხლის მათ ტერიტორიას?! ქვეყნის მეათედზე არ იცხოვრება, გამყინვარებაა.

– მე ტერიტორია არც მიგულისხმია, რესურსებზე ვთქვი.

– ჰოდა, ის რესურსები სწორედ იმ ტერიტორიაზეა, რასაც ივანე მრისხანეს უნდა უმადლოდნენ. მაშინ არავის ესმოდა, შემდეგ აღმოჩნდა იქ ყველანაირი საბადო, რაც კი დედამიწაზეა. მოკლედ, არავინ ერჩოდა, ყიდდა ნავთობსა და გაზს, ფასიც მატულობდა, არაფერს აწარმოებდნენ, იარაღსაც კი, ახლა მოჰკიდეს ამ საქმეს ხელი. შემოსავლებით კი ყიდულობდნენ ფუფუნების საგნებს, საპონით და ასანთით დაწყებული და „მაიბახით“ დამთავრებული. საშუალო ფენაც კი გაჩნდა, სული მოითქვა ხალხმა, მაგრამ მობეზრდათ ეს კაცი. მას შეეშინდა. სხვათა შორის, რუსებს ყოველთვის კრეტინი პოლიტიკოსები ჰყავდა და მათი ოპოზიცია ძალიან ჰგავს ჩვენსას. ხელისუფლებას ხომ უკიჟინებენ, რუსული მეთოდებით მოქმედებთო და მართლაც რუსული მეთოდები იქნებოდა, ის არხები რომ არ არსებობდეს, რომლებზეც ამას ლაპარაკობენ, მაგრამ კომიკური ის არის, ჩვენი ოპოზიცია იმეორებს ყველა იმ იდიოტიზმს, რასაც კი რუსეთის ოპოზიცია აკეთებს. ხომ გახსოვთ, ნავალნი როგორ ზეიმობდა ყირიმის შეერთებას?! პუტინზე აწყვეტილი იყო. მსგავსი იყო იავლინსკიც, ნემცოვიც. დღეს რუსეთი ჩინეთის ვასალია, აი, ამას მიაღწია პუტინმა. და მიაღწია იმას, რასაც ამბობდა შესანიშნავი პოეტების, ანა ახმატოვასა და ნიკოლაი გუმილიოვის შვილი, ლევ გუმილიოვი. სულ „ლაგერებში“ იჯდა, მაგრამ ჩვენ ვძულდით, რატომღაც, სტალინის ბრალია, რაც გვჭირსო. მან პირველმა წამოაყენა ბოდვითი იდეა, რომ მონღოლობა უღელი კი არ იყო, არამედ ბედნიერება. ამ ზომამდე მიდიოდნენ ხოლმე. თუმცა უგანათლებულესი კაცი იყო, ფანტასტიკური ერუდიციისა და ნიჭიერების კაცი რომ ამას იტყვის, რა უნდა გამიკვირდეს პუტინისგან.

– ჩვენ ძალიან გამორჩეული და ღრმა კულტურა გვაქვს, მაგრამ კი ვხედავთ, რაც ხდება. შოთა რუსთაველის იქით რაღა უნდა იყოს დედამიწაზე, ოღონდ ეს არ შველის მის შთამომავლებს.

– ჩვენ მაინც მცირერიცხოვნება გვეხმარება, რომ უფრო გავრცელებული იყოს კულტურა. არა ათვისებული, არამედ გავრცელებული. ნებისმიერ ჩვენს თანამემამულეს აქვს თავის კულტურაზე რაღაც წარმოდგენა. ერთხელ რაღაცას ბოდავდნენ რუსეთის ტელევიზიაში, ჩვენი კულტურა შევიტანეთ დაპყრობილ ქვეყნებშიო და მაინც გვერჩიანო. იქ იჯდა ერთი დიდი კაცი, კარგი მწერალი და გაეცინა. რა გაცინებთო, ჰკითხეს. საქართველოში თუ ყოფილხართ რომელიმეო, დიახო, უთხრეს. ყოველ დილით თითოეული ქართველი, თბილისიდან დასავლეთში მიმავალი და მერე იქიდან დაბრუნებული, ხედავს მეექვსე საუკუნის ტაძარს მთაზე, გამორიცხულია, რომ არ დაინახოს; ხედავს მეთერთმეტე საუკუნის ფანტასტიკურ, გრანდიოზულ სვეტიცხოველს და სადაც უნდა გაიაროს, შეუხვიოს გადაუხვიოს, ამას ხედავს. რომც არ შევიდეს, ფრესკები არ ნახოს, არ წაიკითხოს არაფერი, თქვენ გინდათ, ის კაცი დააჯეროთ, რომ კულტურა თქვენ შეუტანეთო?! დაადუმა ყველა. ჩვენ ეს მაინც გვაქვს, იქ კი ქვეყნის უდიდესი ნაწილია, სადაც ხელმოსაჭიდი რამე კულტურული მემკვიდრეობის ნატამალი არ არის. ამით სარგებლობს ის ხროვა, რომლებიც ახლა რუსეთს თავზე ასხედან. პრობლემა, ვიმეორებ, სხვა რამაა: ისინი სარგებლობენ, რომ ის ხალხი მათზე უარესია. სანამ მეფე იყო და ის მართავდა, სხვა ვითარება იყო. სხვათა შორის, რევოლუციამდე ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყო ეკონომიკით, კულტურითა და ძალიან ბევრი რამით. აი, ეს დაამთავრეს და გადააქციეს სამხედრო ბანაკად. სხვანაირად ცხოვრება აღარ შეუძლიათ. ერთმა შედარებით ჭკვიანმა რუსმა თქვა, საბჭოთა კავშირი იყო სამხედრო მანქანა, რომელიც, თუ იომებდა, არ დაიშლებოდაო. ეს პუტინმა ისე გაიგო, რომ უნდა გვეომოს ჩვენ, უკრაინას, მაგრამ მეოთხე წელია, ომობს და მტკიცდება, რომ არარაობაა მათი არმია. სტალინისა და ბერიას გაკეთებული ბომბი რომ არ ედოთ იმ შახტებში, საიდანაც ან ამოფრინდება, ან არ ამოფრინდება, სხვანაირი სურათი იქნებოდა. უკრაინას ეომებიან ოთხი წელია, სტალინმა კი, იმ ოხერმა, მოსკოვს მიმდგარი მსოფლიოს უძლიერესი არმია უკუაგდო და დაამარცხა. მან ეს მოახერხა თავისი ნებისყოფით და არანაირად რუსების გმირობით.

– გამოდის, რომ მსოფლიოში არის ხალხი, რომლებიც ითვლებიან მეასეხარისხოვნებად, რომლებიც რწყილებისა თუ ტარაკნების მსგავსად, შეგიძლია, დახოცო, როდესაც გადაწყვეტ და ამისთვის პასუხს არავინ მოგთხოვს.

– ასეა იმიტომ, რომ ის ხალხი ტარაკნებივით იქცევა.

– ქურთები ტარაკნებივით იქცეოდნენ, სახალიფოს რომ შეალეწეს? ალავიტებისა და დრუზების დახოცვა შეიძლება, იმიტომ რომ ალ-ჯულანი ახლა ალ-შარაა?

– თუ ვინმე იყენებდა ქურთებს, ეს საბჭოთა კავშირი იყო. აბა, ბაშარ ასადი იყო ნორმალური, აფხაზეთი და ცხინვალი რომ ცნო?! მას ყველა ერჩივნათ. უძველესი რკინის კანონია ცხოვრებისაც და პოლიტიკისაც: ტარაკანივით თუ იქცევი, გექცევიან, როგორც ტარაკანს. თუ ისლამზე მიდგა საქმე, ისლამია თურქეთის სარწმუნოება, მაგრამ ვინმე გაუბედავს ამას?! ვერა, იმიტომ რომ სერიოზული სახელმწიფოა, რაც გინდა ევროპასთან, შეერთებულ შტატებთან ჰქონდეს წინააღმდეგობები, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აირჩიეს, მათ საფეხბურთო გუნდს აღარ ათამაშებდა აზიაში, თუმცა იქ უცვლელი ჩემპიონები იქნებოდნენ. ამჯობინეს ევროპის ტურნირები. იმიტომ რომ ევროპა პროგრესის საშუალებაა. ამდენი ესმოდა ათა თურქსაც და ესმით დღესაც. პალესტინელი ბავშვები მეცოდებიან, თორემ ხვალვე რომ დაუტოვონ ებრაელებმა ის ტერიტორია, ხვალვე იმავეს გააკეთებენ. ამას ვამბობ მათ გასაგონად, პალესტინელების დროშებს რომ აფრიალებენ და აქაც გამოჩნდა ფეხის ხმას აყოლილი ხალხი.

– ფეხის ხმას აყოლილების ნაკლებობას არც არასდროს ვუჩიოდით.

– სამწუხაროდ, კი და წამხედურობა ჰქვია ამას, სინამდვილეში კი პროვინციალიზმია, სხვა არაფერი. ესაა რა: ვინც როგორ იქცევა და რასაც იმსახურებს, ისე ექცევიან და იმას იღებს. ჩვენთან სწორედ წინა ხელისუფლებებმა შეაჩვიეს დასავლეთი, ახლა რომ ბევრს ვაგინებთ, რომ მათ ერთ დაცემინებაზე სმენაზე ვიდექით. მე ვარ ამის მომსწრე. 90-იანებში, შევარდნაძე რომ ჩამოვიდა, ამერიკის საელჩოს ყარაულს რომ გამოევლო, დაიზაფრებოდნენ. სააკაშვილიც ასე იყო. დღეს რომ ამბობენ, 2012-ში ხელისუფლება დათმოო. ბევრმა ხომ იცის, რომ ეს საელჩოში დაუბრახუნეს ხელი, უნდა წახვიდე, თორემ ეს ხალხი, ბოლოს და ბოლოს, აჯანყდება, რუსი შემოვა და ჩვენ არც კი შეგიფარებთ საელჩოშიო. აი, ეს იყო მთელი მისი დათმობა.

– მგონი, საარჩევნო კლასიკად დარჩება, ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა საარჩევნო ყუთი რომ გაიტაცეს.

– მაგრამ ხომ მაშინვე დათმეს?! ერთი ადეიშვილი მიხვდა ყველაზე ადრე და დილის 4 საათზე გაშპა საქართველოდან... მე, უბრალოდ, მგონია, რომ ახლა ტარაკნებივით არ ვიქცევით. მეც ისეთი კაცის გვერდით ვიყავი, როდესაც ჩემი ერი ტარაკანი არ იყო. გამსახურდიას ვგულისხმობ. ახლა განსხვავებული ტიპის მმართველია, რეალურ მმართველს ვგულისხმობ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ახლა ტარაკნები არა ვართ და ეს გამოგიტყდები, მომწონს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა