პოლიტიკა

რატომ მიანიშნებს საკუთარი თავისადმი უკრიტიკობა და სხვების კრიტიკა მძიმე ბავშვობასა და არაჰუმანურ აღზრდაზე

№38

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 28.09

დიმიტრი ნადირაშვილი
დაკოპირებულია

რაკი ადრეც შეიმჩნეოდა, რომ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც წარმატებას აღწევდნენ ამა თუ იმ სფეროში, გამოუჩნდებოდათ ხოლმე მოქილიკეები და მლანძღველები, შეიძლება, ითქვას, რომ ტრადიცია გაგრძელდა და ხვიჩა კვარაცხელიასაც გამოუჩდნენ ოპონენტები, რომლებიც აკნინებენ მის წარმატებას, ნაცვლად იმისა, რომ თავადაც გაიხარონ და ბედნიერების ჰორმონი გამოიმუშაონ, რაც მათვე გაუუმჯობესებდა ცხოვრების ხარისხს, იმიტომ რომ უარყოფითი ემოციები ანგრევს ადამიანის ფსიქიკისაც და ჯანმრთელობასაც. შესაბამისად, ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად ვიმსჯელებთ თემაზე, თუ რატომ აქვთ ადამიანებს მიდრეკილება, ჩაუსაფრდნენ სხვებს, როდესაც თავად დიდი ვერაფრის მაქნისები არიან.

– ეს მხოლოდ ჩვენი საზოგადოების პრობლემა არ არის, მაგრამ ადამიანები რატომ იკლებენ საერთო სიხარულით დატკბობის სიამოვნებას და რატომ ურჩევნიათ სხვების დამცირება და მათი მიღწევების დაკნინება?

– ეს პრობლემა ხშირად დგას ხოლმე საზოგადოებაში და გარკვეულწილად მასობრივიც არის. ამასთან, შეიძლება, ეს მოვლენა არ ახასიათებდეს მთელ საზოგადოებას, მაგრამ ის ნაწილი, რომელსაც აქვს მიდრეილება, ნეგატიურად დაინახოს პიროვნება, მოვლენა, საზოგადოებაც და მუქ ფერებში წარმოაჩინოს, ანუ გალანძღოს, ხშირად უფრო თვალსაჩინოა და თუმცა შეიძლება, უმრავლესობა არ არიან, მაგრამ ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ. რაც შეეხება იმას, თუ საიდან მოდის სხვების ლანძღვისა და დამცირების სურვილი: ფსიქოლოგიაში ეს მიჩნეულია, როგორც დაცვითი მექანიზმი – პროექცია. ეს არის საკუთარი ნაკლის, უსუსურობის, სისუსტის, წარუმატებლობის არა საკუთარ თავში დანახვა, არამედ სხვისი პიროვნების ეკრანზე დანახვა, ანუ პროექცია. მისი წარმოშობა ადრეულ ბავშვობას უკავშირდება: პატარა, უსუსური ბავშვი ცდილობს, თავისი ნაკლი, დანაშაული უარყოს, გადააბრალოს სხვას და ასე გადაურჩეს დასჯას. ეს მექანიზმი მოდის უსუსურობიდან და სისუსტიდან, როდესაც ადამიანს უჭირს საკუთარი ნაკლი, მინუსი, წარუმატებლობა კრიტიკულად დაინახოს. ჩვეულებრივ, ამის დანახვა სიძლიერეა, ხოლო ამისი დამალვა და სხვაზე მიწერა იოლია, სისუსტეა. ეს დაცვითი მექანიზმი ჩვეულებისამებრ ყალიბდება არაჰუმანური აღზრდისას, როდესაც ბავშვი ხშირად ისჯება მორალურად და ფიზიკურად და უნდა, რომ თავი დაიძვრინოს. შედეგად, ის მალავს იმ უარყოფითს, რაც მასშია და სხვებს მიაწერს. ასეთი დაცვის მექანიზმის ტიპური სიმპტომია სხვისი ლანძღვა, დამცირება, განკითხვა, ნეგატიურად წარმოჩენა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი მან იგრძნო საკუთარ თავში და ერთგვარად თავისუფლდება, როდესაც მისთვის დამახასიათებელ უაყოფითს სხვას მიაწერს. ყოველ შემთხვევაში, მას უჩნდება განცდა, რომ გარედან ასეთად ვერ დაინახავენ და, თუ გარედან ვერ დაინახავენ, ესე იგი, ასეთი არც არის. თუმცა რეალურად ეს ასე არ არის, იმიტომ რომ მასში დამალული კიდევ უფრო ძლიერდება, კიდევ უფრო ნეგატიურად მოქმედებს მასზე და მის ცხოვრებაზე. ამ მდგომარეობისთვის, ასევე, დამახასიათებელია გაუთავებელი წუწუნი, რომ სამყარო ცუდია, სხვები ცუდები არიან, მაშინ, როდესაც, რეალურად ის თვისებები, რაც არ მოსწონს და სხვებს მიაწერს, თავად ახასიათებს; ასევე, ტიპურია ასეთი ადამიანისთვის ყველაფრის გადაბრალება ბედისწერაზე, სოციუმზე. ეს განტვირთვის საშუალებას აძლევს, მაგრამ ეს განტვირთვა დროებითი, მოჩვენებითი და სიტუაციურია, ანუ პრობლემას არ აგვარებს. შესაბამისად, ასეთი ადამიანი განწირულია, ქრონიკულად გაიმეოროს ეს ქცევა.

– გასაგებია, რომ თავისი უარყოფითი თვისებები გააქვს გარეთ და აბრალებს სხვებს, ასეთ ადამიანს, ზოგადად, არ აქვს უნარი, გაიხაროს? გარშემო რაც ბევრი ადამიანი იქნება ბედნიერი, ეს ხომ ნიშნავს, რომ გარემო იქნება უფრო მშვიდი, უფრო ჰარმონიული, ბედნიერი და შენც კარგად იქნები?

– დიახ, ასეა, მაგრამ ასეთი ადამიანი იმის გამო, რომ არ ასწორებს საკუთარ ნაკლს, არ აღიარებს მას, არ ცდილობს, მის გადალახვას აღიარებით, ყოველთვის დამარცხებულია; განწირულია იმისთვის, რომ ვერ აღმოაჩინოს და ვერ მოაგვაროს ეს პრობლემა. მისი ენერგია იხარჯება გადაბრალებაზე, ამიტომ ასეთი ადამიანი სიხარულსაა მოკლებული, რადგან ნამდვილი სიხარული დაკავშირებულია შეგრძნებასთან, რომ ადამიანმა თვითონ მიაღწია რამეს, შეიგნო და გაიაზრა. სწორედ ამის შედეგია სიხარული და კმაყოფილება, რომელიც მოსდევს ამ ყველაფერს. რადგან ეს არ ხდება, ასეთი ადამიანი ქრონიკულად უკმაყოფილოა და სიხარული მისგან შორსაა.

– როგორ შეიძლება, მოვექცეთ ასეთ ადამიანებს, რომ დავეხმაროთ, გათავისუფლდნენ ამდენი ნეგატივისგან?

– დაცვის ეს მექანიზმი ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე რთულად იკურნება როგორც თერაპიაში, ისე სოციალურ გარემოში. ვინაიდან ასეთი ადამიანი არ აღიარებს თავის ამ ნაკლს და ამის გამოაშკარავებას განიცდის, როგორც მარცხს. ეს რომ უთხრას მეგობარმა, ოჯახის წევრმა ან გამვლელმა, ისე შეურაცხყოფილი დარჩება, იუარებს, მაბრალებთო. მით უმეტეს, რთულია ამის განკურნება, როდესაც ასეთი კატეგორიის ადამიანები ერთად არიან თავმოყრილნი. ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვების ლანძღვის, განკითხვისა და შეურაცხყოფის მიდრეკილება ხშირად პარტიულ ფორმატში იყრიან თავს. მაგალითად, „ფეისბუქზეც“ არიან ასეთი პარტიული ხედვების მქონე ჯგუფები. მათ ვხედავთ პარტიულ ტელევიზიებშიც, როდესაც ისმის გაუთავებელი ბრალდებები სხვების მისამართით ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. ხშირად ისეთ რამეს ამბობენ, რაც მოწყვეტილია რეალობას. ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან ტიპურია ასეთი პარტიული ხედვები და ამ პარტიული შეხედულებების პროეცირება ერთმანეთზე. როდესაც ერთი მხარე და, პირიქით, ყველა ნაკლს ხედავს მეორე მხარეში და არა საკუთარ თავში, შესაბამისად, კრიტიკული ხარ მისადმი და არა საკუთარი თავისადმი. იგივე მექანიზმი დევს ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღვაშიც, რაც სრულიად უსაფუძვლოა. ის ქართული ფეხბურთის ერთადერთი კაშკაშა ვარსკვლავია, მაგრამ ჩვენს რეალობაში მის ლანძღვასაც პარტიული საფუძველი აქვს. რადგან ზოგიერთი პარტია იმის გამო, რომ გარკვეული სტერეოტიპები არსებობდა, მაგალითად, თამაშობდა რუსეთში; რუსეთი ცუდია, ამიტომ რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელი უნდა იყოს ცუდი.

– დიახ, ძალიან უცნაური ამბავია, ის, ვინც რუსეთში სწავლობდა და დღემდე რუსეთიდან ერიცხება ფული, ფიქრობს, რომ რუსულ გუნდში თამაში ცუდია.

– დიახ. რუსეთში რომ თამაშობდა, ცუდი მოთამაშე უნდა იყოს, დიდი არგუმენტია ასეთი ლოგიკის მქონე ადამიანისთვის. რა თქმა უნდა, ეს პროეცირებაა, რა თქმა უნდა, ეს გადაბრალებაა და რა თქმა უნდა, ეს არ არის ობიექტურად ხედვა, თუნდაც, ხვიჩა კვარაცხელიას ფეხბურთელობის, ნიჭისა და უნარების.

– პარტიულ მუშაკებთან და პარტაქტივისტებთან, ალბათ, ვერაფერს გავაწყობთ, მაგრამ ყოფაში როგორ არ მივცეთ ასეთ ადამიანებს საშუალება, დაგვამძიმონ თავიანთი გაუთავებელი ლანძღვით?

– თავიდან რომ არ გამოვიგონოთ ველოსიპედი, ვნახოთ, როგორ გადაწყდა ეს პრობლემა სხვა საზოგადოებებში. მაგალითად, გერმანული საზოგადოების სენი იყო პოპულისტური ნაცისტური იდეები, როდესაც ებრაელებს მიაწერეს ყველა უბედურება, ყველა თავიანთი სისუსტე, უძლურება და წარუმატებლობა და ესეც იყო პროექცია. გერმანელებმა დამოუკიდებლად ვერ მოახერხეს ამის დაძლევა და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც რაიხსტაგი გაასწორეს მიწასთან, დადგა ამ ნაკლის გამოსწორების პერიოდი. ალბათ, იგივე ითქმის რუსეთზეც: რუსეთიც ასეთი გამოსასწორებელია. როდესაც შიგნიდან ვერ ხერხდება ამ ნაკლის გასწორება. ეს შესაძლებელია მხოლოდ დიდი მარცხის შემდეგ – როდესაც დიდი იმპერია ინგრევა, პროცესები ახლიდან იწყება. თუმცა, შედარებით ჯანსაღ საზოგადოებებში ასეთი სენი შინაგანად იკურნება, მაგალითად, ბრიტანეთი გადაურჩა ისეთ ნაკლს, როგორიც იყო ფაშიზმი, კომუნიზმი. იმიტომ რომ ბრიტანეთის მმართველმა, წამყვანმა პოლიტიკურმა და ინტელექტუალურმა ელიტამ ჩაატარა ეს თერაპია. პოპულიზმი პოპულიზმად მოინათლა, დაინახეს, დიაგნოზი დაისვა და მოინახა წამალი: დემოკრატიული საშუალებებით ამოიცნეს ეს პროეცირება. ჩვენ დღეს უფრო გერმანელებსა და რუსებს ვგავართ, ვიდრე ბრიტანეთს ან საფრანგეთს.

– იაპონიამაც გაიარა ეს პროცესი.

– დიახ, სანამ იაპონია არ დამარცხდა და ნულიდან არ ამოიზარდა, ვერ მოაგვარა ეს პრობლემა. სანამ, ეგრეთ წოდებული, მასწავლებლები არ მოვიდნენ ამერიკიდან, დამოუკიდებლად ვერ მოახერხა იაპონურმა საზოგადოებამ ამ ნაკლის გამოსწორება. მაგრამ, მეორე მხრივ, დღეს ასეთ პრობლემებს უკვე საკუთარი ძალებით ერევიან გერმანიაც და იაპონიაც, მაგრამ, გამოუცდელობით, ჩვენ ვგავართ იმ საზოგადოებებს, რომლებიც ძნელად ახერხებენ საკუთარი თავის თერაპიას, საკუთარი თავის ობიექტურად კრიტიკას, საკუთარ თავში წარუმატებლობების დანახვას და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. გადავხედოთ ჩვენს ისტორიას: სავსეა ჩვენი ლიდერების უკრიტიკო გაღმერთებებით და მუდმივად გარე ძალის დადანაშაულებით: რუსეთის იმპერიის, ამერიკის, ევროპის და ასე შემდეგ. ყველა და ყველაფერია მიზეზი, ოღონდ არა საკუთარი თავი, საკუთარი უპასუხისმგებლობა. არ ჩანს საკუთარი თავის კრიტიკა, რაც ყველაზე რთულია. როგორია ადამიანი, რომელიც თავის ნაკლს ხედავს? ის კრიტიკულია თავისი თავის მიმართ და არ ახასიათებს გაქცევა პასუხისმგებლობისგან. არ ახასიათებს გადაბრალება, პრობლემის სხვაზე მიწერა, არამედ საკუთარ თავში ხარშავს და იცვლება, რითაც წყვეტს პრობლემას. მთავარი ის არის, რომ ის, ვინც საკუთარ წარუმატებლობას სხვას არ აბრალებს, საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, ამ აქტით თავად იცვლება. ასეთი ადამიანი პიროვნულად იზრდება; ასეთი საზოგადოება სოციალურ ცვლილებებს ახორციელებს და მათი წარმატებები განვითარებისა და პროგრესის შედეგია.

– ჩვენ გვაქვს, ამ მხრივ, განვითარების პერსპექტივა?

– წარსულს რომ გადავხედოთ, უკრიტიკობა ბევრი გვახასიათებს, თუმცა კრიტიკის ელემენტებიც შემოდის ჩვენს სოციალურ ცხოვრებაში, ეს ეხება პიროვნებებსაც, ჯგუფებსაც და დიდ სოციუმსაც, მაგრამ, პარტიული კუთხით, კრიტიკა რომ ნულზეა, ეს ყველაზე ნათლად ჩანს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №49

5–11 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 7 – 13 ნოემბერი