პოლიტიკა

რატომ მიაჩნია ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას, რომ ჩვენს საზოგადოებას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს

№26

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 03.07

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

NDI–მ მორიგი კვლევა ჩაატარა და მეტად საინტერესო მონაცემებიც გამოაქვეყნა ჩვენს საზოგადოებაში არსებული განწყობების შესახებ, რომლებიც უმეტესწილად ეწინააღმდეგება კიდეც ერთმანეთს. მაგალითად, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ნაკლებობის განყოფილებაში ვკითხულობთ, რომ გამოკითხულთა 54 პროცენტი მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, რაც წინა მონაცემზე 10– პროცენტით მეტია (დამეთანხმებით, ალოგიკურია, რატომაა ეს ნდობის ნაკლებობა). პოლიტიკური პარტიების რეიტინგები მოწმობს (ამ კვლევის მიხედვით), რომ ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით უფრო მაღალი ნდობა აქვს მმართველ პარტიას. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ აცხადებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც, ჯამში, გამოკითხულთა 15 პროცენტის სიმპათიებს აგროვებენ, რომ ქართველი ხალხის აზრს გამოხატავენ. კვლევის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვიმსჯელებთ.

რამაზ საყვარელიძე: არათუ პროცენტები, ფსიქოლოგიაში ცნობილი მოვლენაა და ხანდახან ადამიანი გეტყვის, რომ ეს ასე არ არის, მე, მაგალითად, და თავისი პიროვნული მაგალითი მოჰყავს. ვერც გააგებინებ, რომ შენ, ერთი პიროვნება, შეიძლება, სხვა პიროვნებისგან განსხვავებული ხარ და სტატისტიკური სურათი სულ სხვა იყოს, ვიდრე ინდივიდუალური. როგორც ჩანს, ადამიანებს ჰგონიათ, რომ, რაც მათ ახასიათებთ, ის ყველას ახასიათებს. ზალიკო ქიქოძე იყო ოქროსავით კაცი, გერმანელები ჰყავდა სტუმრად, ხევსურეთი მოატარა. სიცხეში წყალი მოსწყურდათ, ქოხი ნახეს, დაიძახეს, მაინძელოო, გამოიხედა ქალმა, წყალი გვინდაო. მასპინძელმა წყალიც გამოუტანა, ღვინოც, საჭმელიც და ჰკითხა ზალიკოს, საიდან არიანო. გერმანიიდანო. ქართული არ იციანო, არაო. საწყლებიო... ასეთი ადამიანური დამოკიდებულება სრულიად მოსალოდნელია, მაგრამ, იმავდროულად, სტერეოტიპები ვრცელდება და ის, რომ არც ერთ პარტიას არ ვენდობი, მოდაშია – სტერეოტიპიც, ფაქტობრივად, მოდაა. და მე ისიც მიკვირს, ხელისუფლების მოქმედებას რომ ამართლებს ამხელა პროცენტი.

– 19 პროცენტი საკმაოდ დიდია.

– დიახ, იმიტომ რომ ოპოზიცია სულ ცდილობს, დაამკვიდროს აზრი, რომ ხელისუფლება არ ვარგა. ამას ამბობენ ყოველ მეორე გამოსვლაში და ეს ახდენს გავლენას ადამიანებზე, კონფორმულობის საფუძველზე: ათი კაცი თუ იტყვის შავზე თეთრიაო, მეთერთმეტე დაფიქრდება, იქნებ ნაცრისფერიაო. ეს მექანიზმი მუშაობს. ძალიან ხმამაღალი რიტორიკა აქვს ოპოზიციურ პარტიებს, ვიდრე მმართველს და, ამდენად, მმართველი პარტიის მიმართ ეს პროცენტები გასაკვირი იყო. ასე რომ, ერთი მხრივ, თითოეული ადამიანი საკუთარი სამრეკლოდან უყურებს ყველაფერს და, მეორე მხრივ, თუკი მასში ფეხი მოიკიდა სხვების გავლენამ, სხვების აზრებმა, რომლებიც ხშირად ჩაესმის, თავის პოზიციას გვერდზე დებს და სხვის პოზიციას იმეორებს, თუმცა, ასეთი გამეორებული და სხვების კონფორმულად გახმოვანებული პოზიცია არ ნიშნავს, რომ ამავეს გააკეთებს საარჩევნო ყუთთან. როდესაც პრაქტიკული ნაბიჯია გადასადგმელი და ის პარტია უნდა აირჩიოს, ვისაც ხმას მისცემს – იქ კიდევ სხვა მექანიზმები ირთვება. ამიტომ, როგორც წესი, გამოკითხვებში მიცემული პასუხები სააფთიაქო სიზუსტით არ ემთხვევა სოციოლოგიურ გამოკვლევებს.

– ევროკავშირსა და „ნატოში“ გაწვერიანება კვლავ უნდა გამოკითხულთა უმრავლესობას, გააზრება არ ხდება, ხომ, მეორე მხარეს უნდა თუ არა და რომ შეიცვალა გეოპოლიტიკური რეალობა?

– როდესაც გეკითხებიან, ჯოჯოხეთში გინდა, მოხვდე თუ სამოთხეშიო, ბუნებრივია, პასუხია სამოთხე. მამაზეციერს რა უნდა, ეგ სხვა საკითხია. ანუ გააჩნია, როგორაა დალაგებული ალტერნატივებიც – კითხვა როგორაა დასმული. რესპონდენტი, ჩვეულებისამებრ, კითხვას პასუხობს. მაგალითად, რომელ ქვეყანასთან ურთიერთობაა პრიორიტეტულიო, ჩინეთი არის დასახელებული?! ჩინეთი რომ დაესახელებინათ, შეიძლება, სურათი სხვანაირი ყოფილიყო. ანუ კითხვა ისეა დასმული, რომ ხელს უწყობენ იმ პასუხს, რაც მიღებულია. მთელ დასავლეთს ხომ ეშინია ჩინეთის წინ წამოწევის და, მით უმეტეს, კავკასიაში ჩინეთის გამაგრების?! ამიტომ ცდილობენ, დაამკვიდრონ აზრი, რომ ორიენტაცია მხოლოდ ევროპისკენ უნდა იყოს მიმართული, არადა მთლიან საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც ხიდის პრინციპი აქვს: ევროპისკენაც აქვს ორიენტაცია და აზიისკენაც და რადგან ხიდი ვართ ევროპასა და აზიას შორის, ბუნებრივია, ორივეა ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

– ძალიან საინტერესოა ეს მონაცემიც: 33 პროცენტის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 27 პროცენტი არ ეთანხმება და 45 პროცენტი ოპტიმისტურადაა განწყობილი. საინტერესო იმიტომაა, რომ, თუ ოპტიმისტურადაა განწყობილი, ესე იგი, სწორი მიმართულებით ვითარდება, არა?

– მანდაც ერთმანეთს შეერია პირადი განცდა – ოპტიმიზმი და ხმამაღალი პროპაგანდის მიერ შემოთავაზებული ფორმულა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. თან, მთელი დასავლეთი დაგიდგა კრიტიკულ პოზაში, რომ საქართველომ გადაუხვია და არასწორი გზით მიდის. შეძახილმა ხე გაახმოო და, ცხადია, ჩვენი ამომრჩეველიც იტყვის, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება, მაგრამ თავად ოპტიმიზმის საფუძველი აქვს. ოპტიმიზმის განცდა მისი პირადი განცდებითაა წარმოშობილი და ის, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება, ეს მასში უკვე პოლიტიკური რიტორიკისა და პროპაგანდის შედეგადაა ჩამოყალიბებული.

– გამოკითხულთა 46 პროცენტი ამბობს, საქართველო დემოკრატიული ქვეყანააო და 2022 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 16 პროცენტითაა გაზრდილი; 69 პროცენტის აზრით, უსაფრთხო ქვეყანაა და მაშინ რეჟიმი და ერთი კაცის მმართველობა როგორაა? რატომაა ეს მონაცემები ასე წინააღმდეგობრივი?

– შეიძლება, ადამიანები არ შიფრავენ ოლიგარქიას იმ პარამეტრებით, როგორც მიღებულია. ოლიგარქია იშიფრება, როგორც ივანიშვილისკენ ხელის გაშვერა და არ იგულისხმება ოლიგარქიული ცხოვრების ის წესი, რაც გულისხმობს ხოლმე კანონებზე მაღლა დგომას. როგორც ჩანს, მოსახლეობას არ აქვს განცდა, რომ საქართველოში კანონებზე მაღლა დადგომის ტენდენციაა, რაც სასიამოვნოა.

– 83 პროცენტის აზრით, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაა და ამიტომ დაზღვევა უნდა ფარავდეს ფსიქიკურ გამოჯანსაღებასაცო. ვხვდებით, რომ მთლად ნორმალურები არ ვართ, თუ სხვები გვგონია ასეთები?

– „ფეისბუქიდან“ რომ ამოძვრები ადამიანი, გაქვს განცდა, რომ ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ფსიქიატრიული ხაზით რაღაცები შესასწორებელია. საქართველოში ადამიანებს ფსიქოლოგიური დისკომფორტის განცდა აქვთ. შეიძლება, სხვებს აბრალებს, მაგრამ ფაქტია, რომ მთლიანი საზოგადოების მიმართაა ეს დამოკიდებულება ჩამოყალიბებული, რომ საზოგადოება არასტაბილურია, ემოციურია, ზედმეტობის მოყვარულია და ასე შემდეგ. შესანიშნავი ფაქტია, რაც ფეხბურთში ხდება, მაგრამ ეს ხომ შეიძლება, გადაჭარბებულად მიიჩნიოს ზოგიერთმა?! ამ დროს, უბრალოდ, ძალიან ემოციური ხალხი ვართ: გვიხარია უსაშველოდ, გვწყინს უსაშველოდ. თავდავიწყება ვიცით სიხარულშიც და მწუხარებაშიც, რაც ხშირად ჩანს ჩვენს რიტუალებში: გინდ – ქორწილში და ღმერთმა ყველას აშოროს, გინდ – ადამიანის დაკარგვის დროს. ასეთი თავდავიწყება გვჩვევია და „ვეფხისტყაოსანი“ ამიტომაც დაწერა რუსთაველმა.

– რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას 25 პროცენტი ეთანხმება, 35 პროცენტი მიიჩნევს, რომ, როგორცაა, ისე უნდა დარჩეს. 25 პროცენტი ეწინააღმდეგება. რუსეთთანაც უნდა, ევროკავშირთანაც უნდა?

– ამიტომ ვთქვი, ჩინეთიც რომ ჩასმულიყო მაგ კონტექსტში, საკმაოდ დიდი პროცენტი ჩინეთის მომხრე აღმოჩნდებოდა, იმიტომ რომ არც ველოდი იმდენად პოზიტიური დამოკიდებულება გამოავლინა მთლიანად საზოგადოებამ. არ ველოდი, მაგრამ ლოგიკურია, იმიტომ, რომ დიდი ქვეყანაა ჩინეთი და ამ დიდი ქვეყნის გვერდით დადგომა მფარველის განცდას აჩენს, თუმცა შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ ყველაფრის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ექნება, ვინაიდან არ არის ადამიანი ისე მოწყობილი, რომ თავისი ერთი პასუხი მეორე პასუხთან ლოგიკურად დააკავშიროს. როგორი უშუალო განცდაც აქვს, ისე პასუხობს. გინდა რუსეთთან კარგი ურთიერთობა? უნდა. გინდა ამერიკასთან კარგი ურთიერთობა? უნდა. გინდა ჩინეთთან კარგი ურთიერთობა? უნდა. ეს რომ ერთმანეთს გამორიცხავს, ამაზე ფიქრი უკვე დისკოფორტია, ეს უკვე აიძულებს, ზედმეტი იფიქროს და არ სიამოვნებს ადამიანს. ამიტომ სოციოლოგიით მეტ-ნაკლებად ზუსტი პროგნოზი შეიძლება იმის შესახებ, ხვალ რომ რაღაც მოხდეს, რას გააკეთებ დღევანდელი გადასახედიდან: ხმას ვის მისცემ ან რა საქონელს იყიდი, კომერციული სოციოლოგიაც ხომ არსებობს?! მაგრამ იმის შესახებ, თუ რა აზრის ხარ ამა თუ იმ მოვლენაზე – კარგია, ცუდია, ენდობი თუ არა, ანუ ინტელექტუალურ კითხვებზე პასუხებში, სოციოლოგიისგან სანდო შედეგებს არ უნდა ველოდოთ. რესპონდენტი გპასუხობს ემოციურად და არა ინტელექტუალურად. ძალიან თავისებური რეჟიმია და ძალიან ფაქიზ მედია-პოლიტიკას მოითხოვს, რომ ადამიანები ინტელექტუალურ რეჟიმში გადაიყვანო. დასავლეთში ამდენი ინტელექტუალური შოუ მოწოდებულია, რომ ადამიანებს ასწავლოს ფიქრი. ეს ჩვენთან მიიღო თოქშოუმ ემოციური რეპლიკების სახე და არა ინტელექტუალური ანალიზის, თირემ თოქშოუს ფუნქცია სწორედ ინტელექტუალური მიდგომის გაძლიერება იყო საზოგადოებაში, ვინაიდან შეამჩნიეს, რომ საზოგადოებას ყველაფერზე ემოციური რეაქცია აქვს. პრეზიდენტს ირჩევენ იმის მიხედვით, მოსწონთ თუ არა მისი ჰალსტუხი, ამიტომაცაა პროგრამების წარმოდგენა, დებატები. ადამიანი არ არის მიდრეკილი დაფიქრებისკენ, ის მოწოდებულია, მისცეს რეაქცია ემოციური, განწყობისეული... ინტელექტუალად რომ აპასუხებინო, ამას კულტურის სტილი სჭირდება. ახლახან ვთქვით, რომ ქართული კულტურა რადიკალიზმისკენ უბიძგებს ადამიანს. პოეზია გვიყვარს და პოეზია, უპირველესად, ემოციების სამყაროა, ისევე, როგორც სიმღერა. ხელოვნებაზე ორიენტირებული კულტურა გვაქვს და არა მეცნიერებაზე ორიენტირებული. ეს არარაციონალურ პროცესებზე ორიენტირებული კულტურაა და თუკი გვინდა, რომ რაციონალიზმზე ორიენტირებული ვიყოთ, თვითონ კულტურა უნდა გახდეს ისეთი, რომ ადამიანს რაციონალურისკენ წასვლა უკარნახოს. ვიმეორებ, დასავლეთსაც იგივე პრობლემა ჰქონდა და ცდილობენ, შეცვალონ, თუმცა, მგონი, ჯერჯერობით უშედეგოდ, თორემ ამერიკა, ამხელა ქვეყანა, ტრამპისა და ბაიდენის ალტერნატივის წინაშე არ იდგებოდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული