პოლიტიკა

რატომ ხარჯავენ ქართველები საქართველოში მოგზაურობაში ორჯერ მეტ თანხას, ვიდრე უცხოეთში მოგზაურობისთვის

№10

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 13.03, 2024 წელი

სოსო არჩვაძე
დაკოპირებულია

გაირკვა, რომ 2023 წელს საქართველოს მოქალაქეებმა მოგზაურობაში ორი მილიარდი ლარი დახარჯეს და თუმცა ჩემთვის უცნობია, ამ გეოპოლიტიკური ჯახის მიმდინარეობისას რატომ მიუწევთ ჩვენს თანამემამულებს გული სამოგზაუროდ, მაგრამ ფაქტი სასიხარულოა, თუ სამოგზაუროდაც გვყოფნის ფული. ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ, როგორია ეს მაჩვენებელი და როგორ ახასიათებს ჩვენი საზოგადოების ფინანსურ მდგომარეობას.

– როგორ ითვლება ეს მაჩვენებელი და სამოგზაუროდ დახარჯული ამ 2 მილიარდი ლარით როგორ გამოვიყურებით დანარჩენი ქვეყნების ფონზე? და რეალური ხარჯის რა პროცენტს აჩვენებს ეს 2 მილიარდი?

– საერთოდ, ადამიანებს აქვთ ინტერესი და ამბიცია. ეს ადამიანური თვისებები პროგრესის მამომძრავებელია, ამიტომ, რომ არ გვაინტერესებდეს სიახლეების მოძიება, განცდა, ახალი შთაბეჭდილებების მიღება, საზოგადოება, ალბათ, ქვის ხანის დონეზე დარჩებოდა. ამდენად, ეს სავსებით ბუნებრივია, მაგრამ არსებობს მატერიალური საფუძველი, რომელიც კრისტალიზებულია ქართულ ანდაზაში, ჭამა ქონებაზე კიდიაო, ამიტომ, თუ ამის შესაძლებლობა არ აქვს საზოგადოებას ან მის ცალკეულ წევრს, ეს, რა თქმა უნდა, გადაინაცვლებს გვიანდელ პერიოდში, მასლოუს ცნობილი პირამიდით თუ ვიხელმძღვანელებთ. ადამიანი ჯერ პირველად მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს და შემდეგ – უფრო მაღალი კატეგორიის მოთხოვნილებებს. თუმცა 2023 წლის მონაცემს აქვს თავისი ახსნა. საქართველოს რეზიდენტები, რომლებიც მოგზაურობენ, უნდა დავყოთ რამდენიმე კატეგორიად. ერთი ნაწილი მოგზაურობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მეორე ნაწილი – ქვეყნის ფარგლებს შიგნით და შეგვიძლია, ვთქვათ, არ ვიცი, იქნება თუ არა მოულოდნელი ინფორმაცია, ადგილობრივ ტურიზმში, კახელები რომ გელათის სანახავად ჩადიან და სამეგრელოს წარმომადგენლები – ნიკორწმინდის, თითქმის ორჯერ მეტს ხარჯავენ საქართველოს მოქალაქეები.

– კარგი ამბავია.

– დიახ. იმიტომ რომ ჩვენ ჩვენთვის უნდა აღმოვაჩინოთ საქართველოს ძალიან ბევრი კუთხე–კუნჭული, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები, ყოფითი ელემენტები. ადგილობრივი ტურიზმი ამის საშუალებას იძლევა და წლიდან წლამდე იზრდება ეს ტენდენცია. კიდევ ერთი დადებითი მომენტი, რაც ზოგადად ახასიათებს ტურიზმს: ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, 2016 წლის შემდეგი პერიოდი რომ ავიღოთ, მანამდე ინფორმაცია არ გვქონდა ადგილობრივი ტურიზმის შესახებ, მოსახლეობის ზრდის ყოველ ერთ პროცენტზე შიდა ტურიზმსა და მოგზაურობაზე ხარჯები იზრდებოდა, დაახლოებით, 1.5 პროცენტით. ანუ წინმსწრები ტემპი ახასიათებს ტურიზმის მიმართულებით ხარჯების ზრდას. ესეც დადებით მოვლენად უნდა შევაფასოთ. მნიშვნელოვანი ვარდნა გვქონდა 2020 წელს ცნობილი კოვიდპანდემიის გამო, თუმცა მთელი მსოფლიო დაპაუზდა, მოსახლეობა საკუთარ სახლებსა და რეგიონებში ჩაიკეტა, ამ დროს საქართველოს ეკონომიკა თუ 6.3 პროცენტით შემცირდა, ტურისტულ სექტორში ვარდნა იყო სამჯერადი. ხომ არის ცნობილი გამონათქვამი, როდესაც ზარბაზნები ისვრიან, მუზები დუმანო და პანდემიისას მოგზაურობის ხალისი და განწყობა არ არის. გაგახსენებთ, თბილისში 2020 წლის 17-27 აპრილს ტრანსპორტით მგზავრობა ფუფუნების საგანი და ვიპპერსონების უპირატესობა გახდა. მაშინ გარკვეული კატეგორიის ადამიანებს ტრანსპორტით გადაადგილების საშუალებაც კი არ ჰქონდა და მოგზაურობას ვინღა ჩიოდა?!

– ამ 2 მილიარდში თუ შიდა მოგზაურობა არ შედის, ესე იგი, უფრო მეტი დაუხარჯავთ საქართველოს მოქალაქეებს მოგზაურობაში.

– დიახ, უფრო მეტი დავხარჯეთ. ეს ბევრია თუ ცოტა? შევადაროთ და კარგია, თუ შევადარებთ შემოსული ტურისტების ხარჯებს. ისინი საკმაოდ მეტს ხარჯავენ: თუ შემოსული ვიზიტორების მიერ საქართველოში გაღებულ ხარჯებს 100 პროცენტად ავიღებთ, ჩვენი მოქალაქეების უცხოეთში გაღებული ხარჯების მოცულობა მხოლოდ 12.2 პროცენტია.

– ჩვენთანაა მაღალი ფასები და ამიტომ შემოსული ტურისტები მეტს ხარჯავენ, თუ შემოსული ტურისტია უფრო მეტი, ვიდრე საქართველოდან უცხოეთში მოგზაური?

– ჩვენთან უფრო მეტი ტურისტი შემოდის, ვიდრე გადის. 100 უცხოელ შემოსულზე აქედან გასული 27 ადამიანია. ერთ ვიზიტორზე გაანგარიშებით ხარჯებითაც საკმაოდ ჩამოვრჩებით, დაახლოებით, 2.5-ჯერ. ესე იგი, ჩვენი ვიზიტორი უცხოეთში ხარჯავს 2.5-ჯერ ნაკლებ თანხას, ვიდრე უცხოელი ვიზიტორი საქართველოში. მაგრამ აქ კიდევ ერთი მომენტია: ვიზიტის ხანგრძლიობაზეცაა დამოკიდებული. რაც უფრო დიდხანს იმყოფება ვიზიტორი ქვეყანაში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მას მეტი ხარჯის გაღება უწევს სხვა თანაბარ პირობებში. თუ უცხოელი ტურისტი საქართველოში, დაახლოებით, 6 დღის განმავლობაში იმყოფება, ჩვენი ვიზიტორი ცოტა უფრო ფეხს ითრევს უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებაზე და 7 დღეზე მეტ ხანს რჩება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი მეტს ხარჯავენ ნაკლებ დროში და ჩვენები უფრო ნაკლებს – მეტ დროში. რაც შეეხება დღეში ხარჯების მოცულობას: უცხოელი ტურისტი საქართველოში, საშუალოდ, დაახლოებით, 140 აშშ დოლარს ხარჯავს, ხოლო ჩვენი ვიზიტორი უცხოეთში – დაახლოებით, 49 აშშ დოლარს, მესამედიც არ გამოდის. ასევე, გააჩნია ვიზიტების მიზანს და, ამ მხრივ, სურათი რამდენადმე განსხვავდება: უცხოელებისთვის მთავარია, დასვენება, გართობა, რეკრეაცია, ჩვენთვის კი მთავარია, მერიდება თქმა, მაგრამ შოპინგი. საქართველოში უცხოელის შოპინგის წილი მხოლოდ 3.8 პროცენტია, ჩვენების ხარჯებში უცხოეთში კი შოპინგზე მოდის დახარჯული თანხის მესამედზე მეტი. თუმცა მთლად შოპინგზეც არ ვართ გადაყოლილები: თუ საქართველოში შემოსული უცხოელების ხარჯებში 17 პროცენტი უჭირავს მეგობრების, ნათესავების, თავიანთი წინაპრების ადგილების მონახულებას, როდესაც ჩვენები მიდიან, მეგობრებსა და ნათესავებზე გაღებულ ხარჯს საკმაოდ დიდი წილი უჭირავს, დაახლოებით, 32 პროცენტი. ანუ ეს ორი მუხლი, შეძენა და ნათესავების მონახულება, საკმაოდ სოლიდურადაა წარმოდგენილი ჩვენების უცხოეთში გასვლის დროს. სამაგიეროდ, ჩვენები შედარებით ნაკლებ თანხას ხარჯავენ ჯანმრთელობაზე, ყოფითსა და მატერიალურ საკითხებზე გვაქვს აქცენტი გადატანილი და, თუკი შემომავალი ტურისტები თანხის 60 პროცენტს ხარჯავენ დასვენება–გართობა–რეკრეაციაზე, უცხოეთში გასული ჩვენი მოქალაქეები ამისთვის – მხოლოდ 16 პროცენტს.

– სხვა ქვეყნებშიც ასეა: შიდა ტურიზმი უფრო პოპულარულია და თავიანთ ქვეყანაში მოგზაურობაზე უფრო მეტ თანხას ხარჯავენ, ვიდრე ქვეყნის გარეთ მოგზაურობაში?

– საქართველოში შიდა ტურიზმის შემთხვევაში ხარჯებში საკმაოდ მაღალი წილი უჭირავს ისეთ ხარჯებს, როგორიცაა მეგობრებისა და ნათესავების მონახულება, ხომ არის ქართული ანდაზა: მამიდასაც ვინახულებ და ცხენსაც გავხედნიო, დაახლოებით, ასეთი ვარიანტია, ხარჯების 44 პროცენტს ხარჯავენ ნათესავ–მეგობრების მოსანახულებლად. ასევე, თანხას ხარჯავენ სხვა რეგიონში არსებული სახლის, აგარაკის, კოტეჯის მოსანახულებლად, ხარჯების 10 პროცენტი სწორედ ამაზე მოდის და არც შოპინგზე ამბობენ უარს, ხარჯების 17 პროცენტი ადგილობრივი ტურიზმის დროს სწორედ შოპინგზე მოდის.

– რას ყიდულობენ, ნეტავ? სუვენირებს?

– ალბათ. ხარჯების ზრდის ტემპიც საკმაოდ შთამბეჭდავია. 2023 წლის სამი კვარტალის მონაცემებით, თითქმის 22-პროცენტიანი ზრდა გვაქვს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და ეს პატარა ზრდა არაა.

– ტურისტული ნაკადის ზრდის გამო?

– ნაკადებიც იზრდება, მაგრამ ტურისტების მიერ გაღებული ხარჯებიც იზრდება. საქართველოს ეკონომიკას ყველაზე მეტად ეს მეორე ფაქტორი აინტერესებს და თითქმის თანაბრად იზრდება როგორც შემოსული ტურისტების, ისე ჩვენების მიერ უცხოეთში და ადგილობრივი მოგზაურობისას გაღებული ხარჯების მოცულობა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ უცხოელები მეტს ხარჯავენ საქართველოში, შემოსავლების აბსოლუტური მატება, რა თქმა უნდა, საქართველოში უცხოელი ტურისტებისგან გაცილებით მეტია, ვიდრე უცხოეთში ჩვენი მოქალაქეების ხარჯების ზრდის ტენდენცია. ამიტომ, ფაქტობრივად, ჩვენ, მომსახურების ხაზით, დადებითი სალდო გვაქვს, ანუ მეტ მომსახურებას ვუწევთ უცხოელ ტურისტებს, რაც აქტივში გვეთვლება, თანხა შემოდის საქართველოში და გაცილებით ნაკლები თანხა გადის საქართველოდან უცხოეთში. დადებითი სალდო, ამ შემთხვევაში, საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. თვეზე გაანგარიშებით, მომსახურების დადებითი სალდო 70 მილიონ დოლარს აღემატება და ეს ტენდენცია შენარჩუნდება. მთავარია, შევძლოთ, რომ საქართველოში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და მეტი დახარჯოს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურისტები გაცილებით მეტ თანხას ხარჯავენ, ვიდრე საქართველოში. თუ, მაგალითად, ჩვენთან ერთი ტურისტი ხარჯავს, დაახლოებით, 800 დოლარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს რიცხვი, 1 700 დოლარს აღემატება.

– რით არის გამოწვეული, ამერიკის შეერთებულ შტატებში მომსახურებაა ძვირი?

– მომსახურება იმდენად არ აძვირებს, რამდენადაც მომსახურების სხვადასხვა ფორმის შეთავაზება. მთელ მსოფლიოში ყალიბდება ტრენდი, რომ სასაქონლო დატვირთვა, კაპიტალიზაცია ხდება არა ადრინდელი საქონლისა და მომსახურების, არამედ მომსახურების შემდეგი ეტაპის და ეს არის ემოციების, შთაბეჭდილებების კაპიტალიზაცია. ესე იგი, ადამიანი იხდის არა იმდენად მომსახურებაში, არამედ აი, ამ მომსახურების შედეგად მიღებულ განცდებში, შთაბეჭდილებებში. მთავარია, პირობითად, არა მარტო უნიკალური ღვინის დაგემოვნება, არამედ ის გარემო, მომსახურების ფორმა, რითაც ხდება ამ ღვინის მირთმევა და დაგემოვნება. ქართველებს შეგვიძლია, ამ მიმართულებითაც სერიოზული წინსვლა გვქონდეს. თავისთავად, მნიშვნელოვანია ტურისტული ნაკადის რაოდენობრივი ზრდა, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზება, რომ მეტი შთაბეჭდილება მიიღოს ჩამოსულმა ტურისტმა. ამით ჩვენ, ჯერ ერთი, მეტ სამუშაო ადგილს შევქმნით საქართველოში, მეტი სამუშაო ადგილი ნიშნავს მეტ კეთილდღეობას და, შესაბამისად, შემდეგ ჩვენს უფრო მეტ მოქალაქეს ექნება მიღებული შემოსავლებით უცხოეთში დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

19–25 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა