რატომ ჯობია ფასების შემცირებას სამუშაო ადგილების შექმნა და ხელფასების ზრდა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 14.01
წლების განმავლობაში არაერთხელ უთქვამთ სპეციალისტებს, რომ საქართველოს ბაზარზე პროდუქციის ფასები საგრძნობლად უსწრებდა წინ ამერიკულსა და ევროპულ ფასებს. ახლახან პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ არაადეკვატურ ფასნამატებს საზღვრიდან დახლამდე სახელმწიფო გააკონტროლებს. შეუძლია თუ არა სახელმწიფოს ამის კონტროლი იმ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, რაც ჩვენთანაა და, თუ გავითვალისწინებთ, რომ სემეკმა ელექტროენერგიაზე ფასების მომატება დააანონსა, არ მგონია, ამ ამბავმა ხელი შეუწყოს ფასების კლებას. ამ თემაზე ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე გვესაუბრება.
იოსებ არჩვაძე: ზოგადად, სახელმწიფო, ხელისუფლება ვალდებულია, შექმნას ბიზნესისა და მოსახლეობისათვის კომფორტული პირობები იმისთვის, რომ ერთმაც და მეორემაც შეძლოს თავისი სოციალური და ეკონომიკური ფუნქციის სრულმასშტაბიანი რეალიზაცია, მაგრამ ეს არის ძალიან ზოგადი. ისევე, როგორც ზოგადია გამონათქვამი, რომ ჯობია, იყო ჯანმრთელი და მდიდარი, ამას ყველა ეთანხმება, მაგრამ აი, გზები, თუ როგორ გავხდეთ აბსოლუტურად ჯანმრთელი და როგორ მივაღწიოთ აბსოლუტურ სიმდიდრეს, განსხვავდება. ამიტომ ხშირად ეს სურვილი კონსენსუსისკენ მიმავალ გზებზე წინაღობებს აწყდება. ჩვენი ქვეყანა, ერთი მხრივ, არის სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო. ეს კონსტიტუციურ ნორმას წარმოადგენს, მაგრამ, მეორე მხრივ, ვამჩნევთ, რომ საზოგადოებაში აშკარად არის მაღალი სოციალურ-ეკონომიკური დიფერენციაცია; საგრძნობლად უფრო მაღალი, ვიდრე ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და ეს ქმნის როგორც ეკონომიკურ, ისე ფსიქოლოგიურ დისკომფორტს. არის ტერმინი დეპრივაცია: როდესაც ადამიანს შეიძლება, გარკვეული რაოდენობის დოვლათი აქვს, მოხმარების მხრივაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ, როდესაც ის თავის მდგომარეობას ადარებს სხვების და, მით უმეტეს, მოწინავე ქვეყნების მოსახლეების მაჩვენებლებს, უჩნდება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და ეს კიდევ უფრო ამწვავებს მის შეფასებებსა და დამოკიდებულებას რეალობისადმი. ასეთ პირობებში ხელისუფლებას უწევს გარკვეული ზომების მიღება იმისთვის, რომ ბიზნესსაც შეუქმნას პირობები და საზოგადოების წევრთა რეალური მდგომარეობაც არსებითად გაუმჯობესდეს. რა არის მთავარი კრიტერიუმი?! ის, რომ ხდება მოსახლეობის კეთილდღეობაზე კონვერტაცია იმ ეკონომიკური ზრდისა, რაც ქვეყანაში არის მაკროეკონომიკის დონეზე. მარტივ მაგალითს დავასახელებ: საქართველოში, დაახლოებით, მილიონ 200 000-მდე ოჯახი შინამეურნეობას ეწევა, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი მხოლოდ გასული წლის ოქტომბერში გადასცდა მილიონიან ზღვარს.
– ბოლო წლებში გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, წლების განმავლობაში 600 000 იყო.
– დიახ, მილიონზე გავედით. მაგრამ ჯერჯერობით იჯახების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა. შეგნებულად არ ვრთავ ამ რიცხვში იმ კონტინგენტს, რომლებიც დასაქმებულები არიან და საკუთარი რისკისა და ძალისხმევის ფასად უზრუნველყოფენ თავიანთ ეკონომიკურ კეთილდღეობას. რამდენად წარმატებით, სხვა საკითხია. თანაც, ამ მილიონიდან ერთი ოჯახიდან შეიძლება, ორი-სამი ან მეტი დაქირავებით დასაქმებული იყოს, ამიტომ ეს კიდევ უფრო ზრდის იმ ოჯახების რაოდენობას, სადაც შეიძლება, არც ერთი დაქირავებით დასაქმებული არ იყოს. სიტუაცია რომ გავამძაფროთ და რეალური სურათი დავდოთ, უნდა ითქვას, რომ ეკონომიკა საკმაოდ მასშტაბურად იზრდება, მეზობლების ფონზეც, მაგრამ ეკონომიკა ყველა დარგში თანაბრად არ იზრდება. არის დარგები, რომლებიც ზრდის ნაცვლად შემცირებას აჩვენებენ. ამდენად, თუ წარმოება არ იზრდება, როგორ უნდა მოვახერხოთ იმ სფეროებში დასაქმებული ადამიანების კეთილდღეობის ზრდა?! ასეა თუ ისე, უხეშად რომ ვთქვათ, მოსახლეობის, დაახლოებით, ერთი მესამედი ვერ გრძნობს იმ რეალურ ზრდას, რაც ეკონომიკაშია. რა თქმა უნდა, ისინი არ რჩებიან სახელმწიფოს ზრუნვისა და ყურადღების მიღმა: არსებობს საპენსიო სისტემა, დახმარების სისტემა და სხვა სოციალური ქოლგები, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ, როდესაც ადამიანი მუშაობს, ამაში იღებს გასამრჯელოს და ამ გასამრჯელოს სიდიდე ჯერადად მეტია, ვიდრე ის დახმარება, რომელიც შეიძლება, მან მიიღოს სახელმწიფოსაგან. შედარებისათვის: თუ ხელფასი 2 000 ლარს გადასცდა, საბაზისო პენსია 370 ლარია. ამდენად, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების ყველაზე რეალური გზა ჯერჯერობით არის შრომითი გასამრჯელოს მიღება: დაქირავებისა თუ თვითდასაქმების ხარჯზე.
– თუ სწორად მივხვდი, დასაქმება და მაღალი ანაზღაურება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროდუქციის გაიაფება.
– რა თქმა უნდა. ადამიანს აწუხებს არა იმდენად ფასების დონე, არამედ თავისი ხელფასის მსყიდველობითუნარიანობა, ანუ რა რაოდენობის საქონლის შეძენა შეუძლია მას თავისი ერთეული შემოსავლით, ანუ საშუალო თვიური ხელფასით. სტრატეგია უნდა იყოს მიმართული არა ხელოვნურად ფასების შემცირებისკენ, არამედ ხელფასებისა და, საერთოდ, შემოსავლის ზრდის ტემპმა არსებითად უნდა გადაუსწროს ფასების ზრდას. ანუ მივიღოთ სურათი, როდესაც რეალურ შემოსავლებს ექნება დადებითი აღმავალი ტენდენცია. აი, ეს არის განმსაზღვრელი.
– სახელმწიფოს შეუძლია, გააკონტროლოს ფასები? პრემიერმა თქვა, რომ ფასნამატი დიდია და ნამდვილად დიდია და შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ამ ფაქტით. შესაბამის სტრუქტურებს შეუძლია, შეამციროს ფასები? როგორ შეუძლია სახელმწიფოს ამ პროცესში ჩარევა?
– დამოუკიდებლობის მესამე ათწლეულის განმავლობაში ჩვენ უკვე საკმაოდ მოვქსოვეთ სამართლებელი ბადე საიმისოდ, რომ შევძლოთ, სამართლებრივი ნორმებით მივუდგეთ ყველა ასეთ შემთხვევას. ესე იგი, თუ კარტელური გარიგება, ხელოვნური შეთანხმებაა მსხვილ მიმწოდებლებს, სადისტრიბუციო კომპანიებს შორის და ასე შემდეგ, მაშინ აქ უნდა იმოქმედოს კანონმა და კანონის საფუძველზე უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები. მაგრამ მთლიანობაში გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს ეკონომიკურ მეთოდებს. ადმინისტრაციული და ეკონომიკური მეთოდები ერთმანეთს რომ შევუდაროთ, ეს ჰგავს ერთჯერად ტკივილგამაყუჩებელსა და თერაპიულ ზომებს, როდესაც გვინდა, რომ ორგანიზმი გამოჯანმრთელდეს. მეორე მეთოდი გაცილებით გრძელვადიანია, კომპლექსურ ზომებსა და ძალისხმევას საჭიროებს, მაგრამ შედეგი გაცილებით პოზიტიურია. ამდენად, როგორც ეკონომისტი, ყოველთვის წინა პლანზე ვაყენებ ეკონომიკურ მეთოდებს, თუმცა არც ადმინისტრაციულ მეთოდებზე უნდა ითქვას უარი. ამიტომ კანონი უნდა აღსრულდეს, იმისდა მიხედვით, თუ რომელიმე ქმედება გადის ამ კანონის მოთხოვნების მიღმა. ეს უნდა ხდებოდეს ავტომატურ რეჟიმში: თავის წინადადებებს უნდა აყენებდეს ეკონომიკის სამინისტრო, კონკურენციის სააგენტო, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით.
– როგორია ფასებისადმი თერაპიული მიდგომა? მე როგორც მივხვდი, რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, ამას უფრო ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი შეიძლება, ჰქონდეს.
– არ გვჭირდება ველოსიპედის გამოგონება. თერაპიულ მეთოდებში იგულისხმება იმ დარგების სტიმულირება, რომელთა პროდუქციის დეფიციტი იგრძნობა საქართველოში. ითქვა, რომ საზღვრის გადმოკვეთიდან დახლებამდე მისვლამდე ფასები ორმაგდება. დავსვათ საპირისპირო შეკითხვა: გვაქვს თუ არა იმის რესურსი, გამოცდილება, წარმოების კულტურა, რომ ის იმპორტი, რაც საქართველოში შემოდის, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ჩავანაცვლოთ ადგილობრივი წარმოებით და მოვახდინოთ ამა თუ იმ წარმოების მოტივაცია: საგადასახადო სისტემით, კრედიტების გაცემით, სხვადასხვა შეღავათისა და პრეფერენციების დაწესებით. ყველაზე მარტივსა და ტრივიალურ მაგალითს მოვიტან: საქართველოში რეალიზებული ხორცის ნახევარი შემოდის უცხოეთიდან და ჯამში უცხოური და ადგილობრივი წარმოება მოსახლეობის მოთხოვნილებებს, დაახლოებით, 60 პროცენტის დონეზე აკმაყოფილებს. ჩვენ უნდა გავზარდოთ წარმოება, რომ გავიდეთ 100 პროცენტზე ან იმპორტი გავასამმაგოთ, რომ შევძლოთ ამის ხარჯზე მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება.
– და ეს გამოიწვევს გაიაფებასაც.
– რა თქმა უნდა, სანამ გაიაფდება, ამ პროდუქციის სიუხვე უნდა შევქმნათ. რის ხარჯზე?! ადგილობრივი წარმოების სტიმულაციით, მეცხოველეობის განვითარებით; ხელი უნდა შევუწყოთ იმ ფერმერებსა და ინდმეწარმეებს, რომლებიც ამ სფეროში არიან აქტიურად ჩართულნი და ამის საფუძველზე შევძლებთ შედეგების მიღებას. ყველა ქვეყანა გადასახადებით ცხოვრობს. ეს ბიუჯეტის შემოსავლების ძირითადი წყაროა, მაგრამ ვერც ერთი ქვეყანა ვერ იტყვის იმას, რომ მხოლოდ ერთი სახეობის გადასახადითაა შესაძლებელი ფისკალური პოლიტიკის მოწესრიგება. თერაპიული საშუალება რომ ვახსენეთ, ეს არ მიიღწევა ერთი ზომის გატარებით, ეს მიიღწევა კომპლექსური ზომებით, რაც, საბოლოოდ, სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს.
– მაგრამ იმპორტირებული პროდუქცია, როგორც წესი, უფრო იაფი ღირს, ვიდრე ადგილობრივი. ეს პრობლემა როგორ შეიძლება, მოგვარდეს?
– იმპორტირებული პროდუქცია ზოგჯერ უფრო იაფია და სწორედ ეს სიიაფე განაპირობებს იმას, რომ ჩვენ იმპორტისკენ ვიცქირებით და ადგილობრივ პროდუქციას ხელს არ ვკიდებთ. მაგალითად, მეცხოველეობის ბევრი პროდუქციის იმპორტი გაცილებით იაფი ჯდება. ან რატომ ღირს უცხოეთიდან შემოტანილი ხახვი უფრო იაფი, ვიდრე ადგილობრივად წარმოებული, ისევე, როგორც ნიორი?! რატომ უნდა შემოგვქონდეს ჩინეთიდან ნიგოზი და კანადიდან – ლობიო?! აშკარად სირცხვილია. ბოლო მეოთხედ საუკუნეში, დაახლოებით, 27 მილიარდი დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია შემოვიტანეთ უცხოეთიდან, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ჩვენი მოსახლეობა და კვების მრეწველობა მთლიანადაა დაკმაყოფილებული და დეფიციტი არ იგრძნობა. ამიტომ მეტი მუშაობაა საჭირო, რომ იმპორტი ჩავანაცვლოთ ადგილობრივი პროდუქციით.
– ელექტროენერგიის გაძვირება კიდევ უფრო უარყოფითად არ იმოქმედებს ადგილობრივი პროდუქციის ფასზე?
– დროთა განმავლობაში იზრდება როგორც მუდმივი, ისე ცვალებადი ხარჯები და ეს იწვევს პროდუქციისა და მომსახურების ტარიფის გაზრდას. შევადარე ჩვენი, ამერიკისა და გერმანიის ტარიფები. ჩვენთან ელექტროენერგია, დაახლოებით, 6-7 ცენტის ფარგლებშია, ამერიკაში – 15-20 ცენტის ფარგლებში, თუმცა ჰავაისა და ალასკაში გაცილებით ძვირი; გერმანიაში, საშუალოდ, 44 ცენტი. გაზის ფასიც საინტერესოა: ჩვენთან, დაახლოებით, 50 თეთრის ფარგლებშია ერთი კუბური მეტრი, ამერიკაში – 87 ცენტის, ხოლო გერმანიაში – 18 ევროცენტი. ანუ გერმანიაში, დაახლოებით, შვიდჯერ უფრო მაღალია გაზის საფასური ჩვენთან შედარებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





