პოლიტიკა

რატომ ითვლება ქართულ კულტურაში აფექტის მდგომარეობა ნორმალურად

№30

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 03.08, 2022 წელი

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

სამი ათეული წელი გავიდა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და თუმცა აქტიურად ვაკაკუნებთ „ნატოსა“ და ევროკავშირის კარზე, ქცევის არათუ დასავლური მანერები შევიძინეთ, არამედ საკუთრივ ქართულიც დავკარგეთ. არ გაგვაჩნია არც პოლიტიკოსის, არც ჩინოვნიკის და არც საზოგადოების წევრის ქცევის ნორმები. შესაბამისად, ადამიანებმა დავკარგეთ ერთმანეთთან ურთიერთობის უნარიც კი ყოფით ურთიერთობაშიც; თითოეულს თავისი ნორმები აქვს და არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში, სატელევიზიო ეთერებშიც ვხედავთ, თუ როგორ იქცევიან საზოგადოების „ცნობადად“ წოდებული სახეები: კივილი, ისტერიკა, ყვირილი, გინება, გაწევ-გამოწევა ლამის ნორმად იქცა და კარგი ტონის ერთგვარ მაჩვენებლადაც კი. შესაბამისად, გამოდის, რომ ნორმაა ის, რაც არანორმალურია და, რაც ყველაზე სავალალოა ამ ნორმად ქცეულ არანორმალურობაზე იზრდება მომავალი თაობები. არის თუ არა შეუქცევადი ეს პროცესი? – ამ თემაზე თავის აზრს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გაგვიზიარებს.

– რატომ არ არსებობს ქცევის ნორმები, უნდა შეგვექმნა თუ უბრალოდ ვამკვიდრებთ ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი ქალაქი-სახელმწიფოს წესს, როდესაც ორი ჯგუფი ერთმანეთის პირისპირ დგებოდა და ყვიროდა, ხოლო, ვინც „გადააყვირებდა“, ის იყო მართალი. რატომ იქცა პოპულარობის საწინდრად უკადრისი ქცევა-მეტყველება?

– ჩვეულებისამებრ, ძალიან რთულ კითხვებს სვამთ ხოლმე და ამჯერადაც მარტივი არ არის ამ კითხვაზე პასუხი. რამდენიმე სირთულეს ვხედავ: უპირველესი სირთულე ის არის, რომ ჩვენ რეალურად არ ვიცით, ვინ ვიყავით.

– ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობაო.

– ამის თქმა რომ მოუწია ადამიანს, ესე იგი, იმ საზოგადოებას უზრდელობისკენ უფრო ჰქონდა მიდრეკილება. როგორც წესი, ამ ტიპის მოწოდებები ჩნდება იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებას პრობლემები აქვს გადასაწყვეტი. რა ამის პასუხია და, იოგა სიმშვიდის კულტივირებაა, საერთოდაც, ინდური რელიგიები სიმშვიდის კულტივირებას ემსახურებიან, მაგრამ, თუ დავაკვირდებით, რამდენად ემოციურები არიან ინდოელები ახლაც და, ალბათ, კიდევ უფრო ემოციურები იყვნენ ადრე, შეიძლება, ვიფიქროთ, სიმშვიდის კულტი იმიტომ ითვლება ასეთ დიდ საჭიროებად, რომ სიმშვიდე დიდი დეფიციტი იყო მათთვის. ანალოგიურად, როდესაც დიდი ქართველი ამბობს, ათი ათასად ზრდილობა დაფასდაო, შეიძლება, ეს იმასაც მიუთითებს, რომ ზრდილობის პრობლემა იდგა და, სხვათა შორის, არა იმიტომ, რომ უზრდელები ვიყავით. მე იმ აზრისგანაც შორს ვარ, რომ დღევანდელი პრობლემა უზრდელობის შედეგია. უზრდელობას აჩენს ზედმეტი ემოციურობა. ყველა ქვეყანაში და ჩვენთანაც ძალიან საინტერესოა დანაშაულის ქრონიკა. კერძოდ, რა ტიპის დანაშაული ხდება. აი, ამ დანაშაულებს რომ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ საქართველოში, ძირითადად, დანაშაულები შელაპარაკების საფუძველზე ხდება, თან, ახლობლებს შორის. ახლობლის მოკვდინებაზე მიდის ადამიანი და არა იმიტომ, რომ ბოროტია ან ვერ არჩევს კარგსა და ცუდს, არამედ იმიტომ, რომ ემოციურ ტალღას მიჰყვება. გავიხსენოთ ივანე მრისხანეს ცნობილი ფაქტი, რაც შემდეგ რეპინმა უკვდავყო: კამათისას შვილს კვერთხი ჩაარტყა და როდესაც მოკლა შვილი, მხოლოდ მის შემდეგ მიხვდა, რა გააკეთა. მგონია, რომ ანალოგიური რამ ხდება, როდესაც ერთი ქართველი მეორეს გაწირავს ხოლმე, ეს უცოდინარობის კი არა, ემოციურობის პრობლემაა და ეს მართლაც პრობლემაა, იმიტომ რომ აფექტური მდგომარეობაა. აფექტი კი ნორმალური მდგომარეობა არ არის. აფექტი გამამართლებელი გარემოებაა რიგ შემთხვევებში.

– და ასე ხშირდ რატომ ვცვივდებით აფექტში?

– მაგას კიდევ უფრო შორს მივყავართ. მაგალითად, როდესაც სტუდენტებს ვუკითხავ ლექციებს და ვაცნობ მიმდინარეობებს, ხშირად ვეუბნები, რომ აი, აღმოსავლეთში ემოციების შეკავება, მათგან თავის დაზღვევა არის კულტივირებული და სტუდენტები აღშფოთებულები არიან, აბა, რობოტი ხომ არ ვიქნებიო და მათი ეს აღშფოთება მართებულია, ქართული კულტურის თვალსაზრისით. სავარაუდოა, რომ ქართული კულტურისთვის მიუღებელია ადამიანი, რომელსაც ემოციები არ აქვს და სავარაუდოა, რომ ქართულ კულტურაში წახალისებულია ემოციების სიჭარბე. გავიხსენოთ, რა ხდება, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება: ქირაობენ დამტირებელს.

– ახლაც ქირაობენ?

– მგონი, ახლა იკლო ასეთმა შემთხვევებმა, მაგრამ ადრე კომიკურობამდე იყო აყვანილი, იმიტომ რომ ქალაქელები თვლიდნენ, რომ ასეთი დატირებები რეგიონის მცხოვრებლებს ახასიათებთ. შეიძლება, რეგიონის მცხოვრებლებს ახასიათებთ, მაგრამ, ზოგადად, ეს ემოციურობის მიმართ დამოკიდებულება მთელ ქართულ კულტურას ერთიანი აქვს და ამდენად, პრობლემა ისაა, რომ ემოციურობისკენ ვართ მიდრეკილები, თუმცა, რასაკვირველია, ქალაქელებში ასეთი იმპულსური მოქმედება უფრო იშვიათია და, შესაბამისად, რაიონის მცხოვრებლებში უფრო ხშირია კონფლიქტი შელაპარაკების გამო.

– მე ხშირად მიწოდებენ შინაურები უგულოს, იმიტომ, რომ ემოციებს ნაკლებად გამოვხატავ, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ კულტურულად ვიქცევი და სხვას თავს არ ვახვევ ჩემს მდგომარეობას. მოთქმა რომ დავიწყო, გულიანი ვიქნები?

– დიახ. საქართველოში ეს საკრიტიკოა, რაც უკვე ნიშნავს, რომ შენი კულტურა ითხოვს...

– თავის მოგიჟიანებას?

– მე ასე ვიტყვი: ჰიპერემოციურობას. პარლამენტში ჩხუბებს რომ ვუყურებთ, ვისმენთ შეფასებებსაც: ისეთი რამ უთხრა, ვერ მოითმენდა და სწორია, იმიტომ რომ ასეთ რეაქციას ქართველი კაციც ამართლებს და ბევრი სხვაც. არ მინდა, რომ ქართველები, ამ მხრივ, გამონაკლისად წარმოვადგინო და ამიტომ გავიხსენებ სხვა მაგალითსაც. უდიდესი ფეხბურთელი იყო ზიდანი და შუა სტადიონზე თავი დაარტყა მუცელში მოწინააღმდეგეს. რატომ? იმიტომ რომ ადამიანია. ანუ ადამიანს ემოციურობა ახასიათებს, ის ამართლებს ამ ემოციურობას, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ემოციურობა ღირსებას უკავშირდება: ემოციური თუ არ ვიქნები, ესე იგი, შეიძლება, უარი ვთქვა ღირსებაზე.

– მე ვერ ვიგებ, ღირსების დაცვას რატომ ნიშნავს, თუ შეგინებაზე შენც უარესად შეაგინებ ან დაარტყამ. ამით ჩემი ღირსება როგორ ხდება დაცული?

– თქვენ რომ ვერ იგებთ, იმის ნიშანია, რომ თქვენთვის ემოციურობა სხვანაირად გამოიყურება და არ უკავშირდება იმავე მოვლენებს, რაც ამ შემთხვევაში იწევს ხოლმე წინა პლანზე, ანუ თქვენ სხვა ხართ, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ თქვენნაირია დანარჩენი საქართველოც?!

– რა თქმა უნდა, არა და არც იმას ნიშნავს, რომ მე მართალი ვარ და ისინი არა ან პირიქით.

– დიახ, მაგრამ სად არის სიმართლე და სად შეცდომა, რთული სათქმელია. ფაქტი ერთია, არსებობს აფექტი; არსებობს აფექტის გამართლება და ვხედავთ, რომ, თუკი ერთმა ადამიანმა მეორე აფექტში მოკლა, მას გაამართლებენ, ანუ ის დაცულია. მაგრამ გვაქვს ყოველთვის იმის გარანტია, რომ აფექტი რეალურია?!

– რა თქმა უნდა, არ გვაქვს.

– და ამან შეიძლება, წაახალისა აფექტებისადმი მიდრეკილება. გავიხსენოთ რუსთაველის გმირები, ამდენს რომ განიცდიან და ტირიან.

– ტირილი ქალის გამო მიღებული იყო დასავლეთის რაინდულ ეპოქაშიც და აღმოსავლეთშიც.

– დიახ, ხარვეზი არ იყო და ჩვენ აღმოსავლეთის ნაწილი უფრო ვართ. ასე რომ, შეიძლება, აქედანაც იღებს სათავეს ეს დამოკიდებულება ემოციურობისადმი და ჩვენს კულტურაშიც არაფერმა შეუშალა ხელი, რომ არ ვყოფილიყავით ემოციურები. ინგლისი და, მეორე მხრივ, იაპონია დაეყრდნო იმას, რომ მათ კულტურაში უარყოფით მოვლენად აღიქმება ემოციურობა. ინგლისელისთვის უარყოფითი მოვლენა შეიძლება, იყოს ემოციურობა, იმიტომ რომ უამრავ სირთულეს უქმნის ადამიანს. ანალოგიურად, იაპონელისთვისაც ემოციურობა შეიძლება, იყოს უარყოფითი მოვლენა, მაგრამ აი, ჩვენთან ქმნიდა თუ არა ზედმეტ სირთულეებს ზედმეტი ემოციურობა, ძნელი სათქმელია. ინგლისსა და იაპონიაში კულტურის მთელი პლასტებია, რომლებიც ხელს უშლის ემოციურობას. მაგალითად, ძენ ბუდისტი ვერ იქნები, თუ ჰიპერემოციური ხარ, ამ დროს კი იაპონელი ძენს მისდევდა, შენ კი იყავი მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვისთვისაც ტანჯვა ხაზგასმით პოზიტიური მოვლენაა.

– მართლმადიდებლური გაგებით, წუთისოფელი ტანჯვის ადგილია, რომელიც შეიქმნა სამოთხის დაკარგვის შემდეგ, რადგან პირველი გრძნობა, რაც ღმერთს მოწყვეტილ ადამს გაუჩნდა, სირცხვილი და შფოთია და ყველაფერი მიდის სწორედ ამ შფოთის გაქრობისკენ.

– ვერსია ლოგიკურია. მეორე მხრივ, თვითონ მორწმუნე ადამიანებში მონანიება უარყოფითი ემოციების ნაკადია და ეს უარყოფითი ემოციები გამართლებულია. ანუ მან უნდა მოინანიოს და ამ ტანჯვას რელიგიური ფუნქცია აქვს. აღმოსავლეთში კი მიჩნეულია, რომ სამყაროს შემქმნელმა სამყარო შექმნა სიმშვიდით და ისინიც, აგრეთვე, მშვიდები უნდა იყვნენ, რომ შეერწყან აბსოლუტს. გვესმის თუ არა, კულტურას აქვს თავისი ტენდენციები და ჩვენი აღმოსავლური მართლმადიდებლური კულტურა გვიბიძგებს, რომ ვიყოთ ემოციურები. შესაბამისად, ყველაფერში ემოციურები ვართ: ამიტომაცაა, რომ ხელოვნება კარგად მოგვყვება – ლექსი, მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, მაგრამ ხელოვნების გარდა ემოციურობა იმაშიც ერთვება, რაც არ არის ჩვენთვის ხელსაყრელი, იმიტომ რომ ურთიერთობებში ემოციურობა პრობლემებს აჩენს.

– ემოციურობა გასაგებია, მაგრამ კივილი, ისტერიკა, გინება, მგონი, სცილდება ყველა ზღვარს.

– გინება ახსენეთ და მე ძალიან მიკვირს, თუ რამდენს იგინებიან ქართველი ქალები სოციალურ ქსელებში. რა იწვევს ამას?! რატომ აძლევენ საკუთარ თავს ამის უფლებას?! იმიტომ რომ ემოცია აქვთ და ითვლება, რომ ემოციურობა ამართლებს გინებას. ჩვენს კულტურაში ემოციას აქვს ასეთი ფუნქცია: ის ბევრ რამეს ამართლებს.

– შორს წავალთ ამის ნორმად დამკვიდრებით?

– გამორიცხულია, შორს წავიდეთ, იმიტომ რომ ვიცით, რას მიაღწიეს ინგლისმა და იაპონიამ თანამედროვე მსოფლიოში; თანამედროვე ევროპა არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის, ინგლისი რომ არ ყოფილიყო. ინგლისმა შექმნა ევროპული რაციონალიზმი, ურთიერთობების რაციონალიზმი და ასე შემდეგ. შენ თუ ევროპელობა გაქვს განზრახული, ევროპელები არარაციონალურობით ვერ გავხდებით, ემოცია კი არარაციონალობაა. კაპიტალისტური ურთიერთობა, დათვლის აუცილებლობა გვაიძულებს, რომ ვიყოთ უფრო რაციონალურები და ნაკლებად ემოციურები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი