პოლიტიკა

რატომ ითრევს ფეხს დასავლეთი რუსეთის დაშლისგან და როგორ იქცევა საქართველოსთვის ჩრდილო კავკასიის გამოყოფა დიდ პრობლემად

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 18.09

აკაკი ასათიანი
დაკოპირებულია

მართალია, მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებები შეწყდა და უკრაინის მმართველებს არც არასდროს დაუმალავთ, რომ წაადგებოდათ, თუკი საქართველოც გაიღებდა მსხვერპლს და უკრაინას, ამ მხრივ, შეეშველებოდა, განსხვავებით, ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომლებიც რუსეთისადმი მეტ სიხისტეს მოითხოვენ, რის ქვეტექსტიც იგივეა, რასაც უკრაინის მმართველი რგოლის წარმომადგენლები ამბობენ. აკაკი ასათიანთან ერთად, ობიექტურად განვიხილავთ, მიმდინარე გეოპოლიტიკური ჯახისას რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ რუსეთს სამხრეთ კავკასიიდანაც შეექმნას პრობლემები, ანუ სამხრეთის საზღვრებთანაც, გამომდინარე, იქ არსებული მყიფე სოციალურ–პოლიტიკური ვითარებიდან.

– განვიხილოთ, გეოპოლიტიკური დაპირისპირებისას რატომ იქნებოდა კარგი რუსეთის შესავიწროებლად სამხრეთ კავკასიიდან მისთვის პრობლემების შექმნა? ის კიდევ სხვა თემაა, რა ბედი ეწევა, მას ვისაც ეს არეულობა შეეხება.

– ვის რა ბედი ეწევა, არავის აინტერესებს. თუ ვინმეს ჭკუა არ ეყოფა, როგორც 2008-ში მოგვივიდა ჩახტომა უადგილო ადგილას, მისი პრობლემაა. თუ გახსოვთ „შესანიშნავ შვიდეულში“ მოხუცი მექსიკელი ესაუბრება ვინსა და კრისს და ვინს ეუბნება, შენ რა გრჯიდა ამ ამბავში ჩართვასო, ის პასუხობს, ერთ ბიჭს ვიცნობდი, გაიხადა ტანზე და გადახტა ეკალბარდებში. რომ ამოიყვანეს დასისხლიანებული და ჰკითხეს, რატომ ქენი ესო. თავიდან ეს იდეა ძალიან მომხიბვლელი მეჩვენაო. თავად გაეცით, მგონი, პასუხი თქვენს შეკითხვას. მყიფე ვითარებაა კავკასიის იქით-აქეთ. რუსეთსაც, გვახსოვს, სანამ ჩვენ არ მიგვიერთა, ნახევარი საუკუნე დასჭირდა, რომ ჩრდილო კავკასია დაემხო. ზოგადად, დასავლელ პოლიტიკოსებს ცინიზმი ახასიათებთ. თუმცა, მაგალითად, ტრამპი საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ცინიკოსი ნამდვილად არ არის, განსხვავებით მისი ოპონენტებისგან, რომლებიც გადაგვარების გზას დაადგნენ და რატომაც არა კავკასიის არევა?! ჯერ ერთი, სომხეთი მიცოცავს დასავლეთისკენ, აზერებმა ბრიქსში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს, მაგრამ „ოდეკაბეში“ არ არიან, ანუ თავისას თამაშობენ. ზურგს უმაგრებს თურქეთი და მთელი შუა აზია, შეიძლება, ითქვას, მუსლიმური სამყარო. ნავთობი და გაზი აქვთ. ოღონდ ერთი მინუსია, ზღვაზე ვერ გადიან და ჩვენ ვართ აზერბაიჯანის პარტნიორი ამ საქმეში. ყველამ ვიცით, რომ კასპიის ზღვა ტბა არის და გარშემო ვინცაა, ყველას ნავთობი აქვს, ერთმანეთს ვერ მიჰყიდიან, სადღაც უნდა წაიღონ. რუსეთი ძვირია და რისკია, დამოკიდებულს გაგხდის. ამდენად, ჩვენზე გადის ერთადერთი ნორმალური გზა მათი ნავთობისა და გაზისთვის. დიახ, ეს სამი სამხრეთ კავკასიური ქვეყანა თუ აიჭრა, ეს ნიშნავს ჩრდილო კავკასიის აჭრას, რომელიც ისედაც წკიპზეა და წამდაუწუმ ხან დაღესტანში, ხან ჩეჩნეთში სულ რაღაც ხდება. ჯერჯერობით ლოკალური ინციდენტები იფეთქებს ხოლმე, მაგრამ როდის გადაიზრდება საყოველთაო წინააღმდეგობაში, არავინ იცის. უფრო სწორად, ყველამ იცის, რომ ერთხელაც ეს მოხდება. ყველაზე ნიშანდობლივია, რომ ვითომ ყურმოჭრილი მონა რომ ჰყავს, კადიროვი, გამუდმებით იმეორებს, ვლადიმირ პუტინის კაცი ვარო, ანუ პუტინი თუ არ იქნება, ვის დაჰკარგვიხართო, პირდაპირ ეუბნება რუსებს. იქ პირდაპირი ვასალიტეტია. ფეოდალიზმში ხომ პიროვნული ურთიერთობები იყო?! ამბობენ, რომ ჩვენთან ფეოდალიზმია, მაგრამ ასე არ არის. სამწუხაროდ, უფრო მაფიოზური ვითარებაა. მართვაა უშუალოდ თანამდებობის გარეშე და სხვები არიან ყურმოჭრილი ყმები, ოღონდ სულ სხვა ნიშნით, ფინანსურად. კიდევ კარგი, ბიძინას მაინც ჭკუა ჰყოფნის, რომ არ გადაზარდა აღვირახსნილ მმართველობაში. რამდენიც უნდა იძახონ, ბელორუსიააო, არც ბელორუსიაა და არც რუსეთი. რომ ამბობენ, რუსეთისკენ მივდივართო. თუ არ გაჰყვები გზას რუსეთისკენ, არც მოხვდები რუსეთში. ერთი სიტყვით, ჩვენთან გაცილებით ნორმალური ვითარებაა, ვიდრე, ბალტიელების გამოკლებით, მთელ ყოფილ საბჭოთა სივრცეში, რომლის აღდგენაც, ალბათ, არ უნდა პუტინს.

– მაგრამ რაღაც უნდა.

– რაღაც იმის მსგავსი უნდა, როდესაც ირლანდია გაუშვეს, მაგრამ ჩრდილოეთ ირლანდია მოაკბიჩეს ინგლისელებმა. ანუ იმპერია მოითხოვს საზღაურებს. იგივე მოხდა ინდოეთშიც. ყველა იმპერია მოითხოვს საზღაურს: თუ არ ისვენებ და მიდიხარ, მაშინ უნდა გადაიხადო. რაც ჩვენთან მოხდა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ვგულისხმობ, ისიც ამ სქემაში ჯდება. სხვათა შორის, მიუხედავად სომხების ცოტა ხნის წინანდელი ფეხქვეშგადებულობისა, მოსკოვი მათზე არ ჩამოდიოდა ფსონს. ასე რომ, ერთია, დასავლეთში ვიღაცას რომ არ აინტერესებს, ჩვენ რა დაგვემართება. კიდევ კარგი, ეს გადამწყვეტი ძალა არ არის იქ, მაგრამ, მეორე მხრივ, გასაკვირი არ არის, ეს უნდოდეთ, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო საქართველოს აჭრა. ეს არის სამხრეთი კავკასიის და ჩრდილო კავკასიის გარანტირებული აჭრა. მახსოვს, ჩეჩნებს რომ ვესაუბრებოდით ზვიადი და მე, ზვიადმა უთხრა, კი მაგრამ თქვენ რას იზამთო, ეს მანამდე ხდებოდა, სანამ დუდაევი მოვიდოდა, ზვიადის ხელშეწყობით მოვიდა დუდაევი და ესეც არ აპატიეს რუსებმა, ყველაფერთან ერთად. მთავარია, მატრიოშკიდან ამოვხტეთო, უპასუხეს მათ. მკითხველმა, ალბათ, იცის მატრიოშკის პრინციპი. მაშინ ჩრდილო კავკასია საზღვარზე ვერ გადიოდა, ახლა გადიან, რაც არ აქვთ, მაგალითად, თათარსტანსა და ბაშკირისტანს. თორემ ხორბალიც აქვთ, ნავთობიც, გაზიც, დიდი ტერიტორიაც, ტრადიციაც. თავის დროზე მათ ემორჩილებოდნენ რუსები, ოქროს ურდო იქ მდებარეობდა, მაგრამ საზღვრის პრობლემა აქვთ. ჩრდილო კავკასიას კი ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ აღარ აქვს, პირდაპირ საზღვარზე გავიდნენ. მათ შეუძლიათ, გარე სამყაროსთან უშუალოდ დაამყარონ ურთიერთობა. ამას ყველა ხედავს რუკაზე, უბრალოდ, დასავლეთი ფეხს ითრევს. გვესმის და ვხედავთ, რომ დასავლეთს არ უნდა, ახლავე დაიშალოს რუსეთი. ამას ჩვენც გვეუბნებოდნენ თავის დროზე, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ 15 მოკავშირე რესპუბლიკას უკვე სახელმწიფოებრიობის ჩანასახები ჰქონდა, ჩვენ, ფაქტობრივად, სრული. ყველას ესმის, რომ ჩრდილო კავკასია წკიპზე კიდია. მუხრუჭს აჭერს დასავლეთი, მაგრამ, თუ გართულდება მდგომარეობა და ყურადღების, თუნდაც, მცირე ნაწილი აქეთ წამოვიდოდა, იქნებოდა კარგი.

– კურსკის ოპერაცია მეორე ფრონტის გახსნას ჰგავს.

– თუმცა კურსკში უკრაინის შეჭრა, იმ იმედით, რომ რუსები მოხსნიდნენ უკრაინის ფრონტიდან ნაწილებს და გადაისროდნენ კურსკში, არ გამართლდა. ეს გადარეული სახელმწიფოა. მე სულ მიკვირს, ამდენი სოვეტოლოგი იყო და გამაოცა, რომ არც ამერიკის და არც საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას ერთმანეთზე წარმოდგენა არ ჰქონდა, ორივენი მითებში იყვნენ და მაშინ კაცობრიობა გადაურჩა დაღუპვას, გორბაჩოვის დამსახურებით, უნებლიეთ გამოუვიდა, თუ ასე უნდოდა, სხვა თემაა. თუმცა მათი მხრიდან კოსოვოს აღიარება და პუტინის მხრიდან მიქარვა და აღიარება აფხაზეთისა და ცხინვალის, იმას ჰგავს, ჭადრაკში რომ პარტიას გადადებ ან ბანქოს მოთამაშეს რომ ჯოკერი უჭირავს ხელში და ინახავს. იქნება მარტივი ლაპარაკი: პრეცედენტი არის, ჩვენ აფხაზეთი და ცხინვალი, შენ – კოსოვო; აგერ ახლა დაღესტანი, ახლა – ჩეჩნეთი, ახლა – ყაბარდო-ბალყარეთი. რუსებს მაინც იმედი აქვთ, რაკი ისე შექმნეს ყაბარდო-ბალყარეთისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიები, რომ ერთგვაროვანი ხალხები კი არ გააერთიანეს, არამედ დააწყვილეს, რომ მუდმივი წინააღმდეგობა ყოფილიყო მათ შორის, მაგრამ ერთხელაც ეს არ იმუშავებს. და მე ვფიქრობ, თუ რამისთვის უნდა ვიყოთ მზად, სწორედ ამისთვის, იმიტომ რომ ეს შეიძლება, მოხდეს ყოველგვარი წაქეზებისა და ძალდატანების გარეშე. ნახე, რა ქნეს კადიროველებმა, ვითომ დიდმა ლომგულებმა – ისინი უმამაცესები იყვნენ, მართლა სამშობლოს რომ იცავდნენ – გაატარეს უკრაინელები, ავცდითო. როგორ უნდა მოახერხო?!

– ჩვენი ჯარიც გაატარეს 2008-ში რუსმა სამშვიდობოებმა და შემდეგ ალყაში მოგვაქციეს. კურსკშიც იგივე მოხდა, ალყაში აღმოჩნდნენ უკრაინელები.

– სულ სხვადასხვა რამაა. აქ ეგონათ, რომ 50 000 დოლარს მისცემდნენ სარდალს, ის მოსკოვს არ დაეკითხებოდა და ჩვენ მოგვაგებინებდა. ეს გააკეთეს გალში 1998 წელს შევარდნაძემ და ჟვანიამ. სხვათა შორის, მე ვაფრთხილებდი სააკაშვილის ხელისუფლებას, სანამ იანუკოვიჩს აირჩევდნენ, ვაფრთხილდებდი, ნუ უპირისპირდებით, გაიმარჯვებს-მეთქი. არა – დონბასი უკვე გაუკრაინულდაო. ორ წელიწადში როგორ უნდა გაუკრანელებულიყო 12 მილიონი კაცი?! კიდევ კარგი, მან თავი შეიკავა ჩვენ მიმართ გამოხდომებისგან, განსხვავებით ზელენსკის მთავრობისგან. მაინც ვიკავებ თავს, ომობენ, თორემ ბელორუსიას კოჭებს უგორებენ და ჩვენ გვებრიქებიან. ბელორუსიიდან ბომბავენ რუსები, ჯარი ჰყავს მიყენებული ლუკაშენკოს, ბირთვული იარაღი განალაგებინა რუსებს და არის მოფერება და ამბავი, აქ კი – ზღვის გადმოღმა გვედავებიან, თუმცა მოვა დრო და ყველაფერი გაირკვევა. რაც თქვით, ისაა, მყიფე ვითარებაა ჩრდილო კავკასიაში და ამით უფრო აშანტაჟებენ რუსებს, ვიდრე ვინმეს უნდა, რომ გამოეყოს ჩრდილო კავკასია, თუმცა ეს უსათუოდ მოხდება.

– კურსკის ოპერაციას ხელმძღვანელობს ჩეჩენი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი აპტი ალაუდინოვი. ვიდეოებს დებს ხოლმე, რამდენიმეწუთიანს, ფონად აქვს რუსეთისა და ჩეჩნეთის დროშები და ჩეჩნეთის დროშაზე კადიროვის გამოსახულებაა. ჩეჩნების დანაყოფ „აჰმადის“ აქტიურობა არ მომწონს კურსკის ოპერაციაში.

– ჩეჩნები არაფერს აქტიურობენ, ალაუდინოვი სარდალია. ყველგან გაურბიან ბრძოლას, როგორც პრიგოჟინს გაეცალნენ, ისევე გაეცალნენ, იქ შესულ უკრაინელებს. გიჟები კი არ არიან, რუსებისთვის თავი გაწირონ?! ისინი ახლა ემზადებიან ყველანაირად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, რომ მომენტი მოვა და განაცხადებენ პრეტენზიას დამოუკიდებლობაზე.

– ამიტომ დავსვი ეს კითხვა ალაუდინოვზე.

– კადიროვის მამა გამჭრიახი კაცი იყო და მისი გადაწყვეტილებაც, რომ რუსებთან რაღაცნაირად დაზავებულიყო, ვფიქრობ, სწორი იყო და ვუთხარი კიდეც მანამდე, ამოწყვეტის გზაზე ხართ, მსოფლიოს აჩვენეთ უკვე თქვენი თავი, ახლა დაუზავდით ამას, ისე სჭირდება პუტინს ეს ამბავი, რომ სიტყვას შეასრულებს, განსხვავებით ელცინისგან-მეთქი. იმიტომ რომ ძველბიჭურს თამაშობს. ჯერ ხომ ჩეკისტი იყო და პეტერბურგში ვითომ მაგარ ბიჭად ჩამოყალიბდა. მისთვის ურთიერთობათა ყველაზე სწორი სისტემა არის კრიმინალური სამყაროს ურთიერთობები. ლავროვი, დიდ დიპლომატად რომ მოაქვს თავი, პუტინზე ამბობს, „პაცან ზა ბაზარ ატვეჩაეტ“. აღარაფერი აკავშირებთ ბუნინთან, ტოლსტოისთან, დოსტოევსკისთან, სულ გაველურდნენ. ვინც ჰყავდათ საშუალო ფენის ყლორტები, აგერ არიან თბილისში: სუფთად ჩაცმულები, მშვიდები, თავაზიანები, მუშაობენ. ესენი იყვნენ რუსეთის შანსი, მაგრამ არა პუტინის. იმიტომ რომ ეგეთ ხალხს პუტინი არ უნდა, იმიტომაც გამოიქცნენ. მოკლედ, ასეთი თამაშია, გადადებული პარტიაა, უფრო სწორად, ნელად მიმდინარე პარტია, სადაც საათი, ჭადრაკისგან განსხვავებით, არ ჩერდება. პოლიტიკა ზოგჯერ ჰგავს სპორტს, მაგრამ სპორტისგან განსხვავებით, მას არც სტარტი აქვს და არც ფინიში, სულ პროცესია და ერთი ეტაპი უსიკვდილოდ იქნება ჩრდილო კავკასია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა